ღვიძლის ფუნქციური სინჯები

გააზიარე:

ამ გამოკვლევის პასუხში რომ ჩაიხედოთ, შესაძლოა ვერც კი მიხვდეთ, რომელ ორგანოს ეხება საქმე. ძნელად თუ მოიძებნება სხვა გამოკვლევა, ამდენ უცნობ და ერთი შეხედვით უცნაურ მაჩვენებელს რომ მოიცავდეს: ალანინამინოტრანსფერაზა, ტუტე ფოსფატაზა, გლუტამინამინოტრანსფერაზა...
მოკლედ, თუ ექიმმა ღვიძლის ფუნქციური სინჯების ჩატარება მოგთხოვათ, თქვენ კი გამოკვლევის შემდეგ იმაზე დიდ გაურკვევლობაში აღმოჩნდით, ვიდრე მანამდე იყავით და ახლა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუგებარი ტერმინების გამო უფრო ბუნდოვანი გეჩვენებათ, ჩვენ დაგეხმარებით. ერთად გავიგოთ, როდის ტარდება ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევა, რაზე მიუთითებს ამა თუ იმ მაჩვენებელის ცვლილება და რა წესები უნდა დავიცვათ სინჯის აღებისას. გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი ლაბორანტი ნანა ხასია.

  • – რა დანიშნულება აქვს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს, რას გვიჩვენებს ეს გამოკვლევა?

– ღვიძლი, მოგეხსენებათ, ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა. მას უამრავი სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქცია აკისრია – ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლურ პროცესებში მონაწილეობა, ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტების (მათ შორის – საჭმლის მომნელებელი ფერმენტების) წარმოქმნა და სხვა, ამიტომ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მთელ ორგანიზმში სერიოზულ ცვლილებებს იწვევს. სწორედ ამ ორგანოს ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად ტარდება ფუნქციური სინჯები. 

  • – რა წესები უნდა დავიცვათ სინჯის აღებისას?

– სასურველია, ეს მოხდეს დილით, უზმოზე. მანამდე, 24 საათის განმავლობაში, პაციენტმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი, ერიდოს ცხიმიან საკვებს, ფიზიკურ დატვირთვას. სისხლის აღება შესაძლებელია კლინიკაშიც და ბინაზეც. ანალიზის პასუხი იმავე დღეს ხდება ცნობილი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ექსპრესდიაგნოსტიკაც, რაც სულ ერთ საათს მოითხოვს.

  • – სახელდობრ, რომელ დაავადებებზე ეჭვის შემთხვევაში ტარდება ეს გამოკვლევა?

– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა მრავალ დაავადებას შეუძლია. ესენია ღვიძლის მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები (სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტები), ღვიძლის ციროზი, სიმსივნური დაავადებები, სანაღვლე გზების პათოლოგიები (სანაღვლე გზების დახშობა – მექანიკური სიყვითლე), ორგანიზმის ინტოქსიკაცია (ალკოჰოლით, სხვადასხვა მედიკამენტით, ტოქსინებით), ღვიძლის თანდაყოლილი დაავადებები და სხვა. ამ დაავადებებზე ეჭვი, ცხადია, განსაზღვრული სიმპტომების საფუძველზე მიგვაქვს. ყველაზე თვალსაჩინო სიმპტომი, რომლის დროსაც აუცილებლად მიიჩნევა ღვიძლის ფუნქციური სინჯების აღება, კანისა და ლორწოვანის სიყვითლეა. გარდა ამისა, ექიმის გონივრული ეჭვის შემთხვევაში, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით, ღვიძლის ბიოქიმიური გამოკვლევის ჩატარება შესაძლოა საჭირო გახდეს ღებინების, ქავილის, სისუსტის, დაღლილობის შეგრძნების, შრომის უნარისა და მადის დაქვეითების, შარდის გამუქების, განავლის ფერის შეცვლის (ე.წ. აქოლიური განავლის) დროს.

  • – პირველი მაჩვენებლები, რომლებსაც გამოკვლევის პასუხში ვხვდებით, ალანინამინოტრანსფერაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზაა. რა არის ეს და რაზე მიუთითებს მათი დონის მომატება ან დაქვეითება? 

– ალანინამინოტრანსფერაზა (ALT) და ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST) ღვიძლის ფერმენტებია, რომლებიც სხვადასხვა ამინმჟავას სინთეზში მონაწილეობს. დიდი რაოდენობით გვხვდება როგორც ღვიძლის უჯრედებში, ასევე გულისა და ჩონჩჩხის კუნთებშიც. ნორმაში სისხლში მათი მაჩვენებელი დაბალია. როდესაც პათოლოგიური პროცესი ღვიძლის, ჩონჩხის ან გულის კუნთის უჯრედებს აზიანებს, სისხლში ამ ფერმენტების რაოდენობა იმატებს. სახელდობრ, ასე ხდება სხვადასხვა ეტიოლოგიის ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, ღვიძლის პირველადი თუ მეტასტაზური სიმსივნეების, გამოხატული პანკრეატიტის, გულის უკმარისობის, მიოკარდიუმის გავრცობილი ინფარქტის, მიოკარდიტის, მიოზიტის, კუნთოვანი დისტროფიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმის, მძიმე დამწვრობისა და ტოქსინებით მოწამვლის დროს.
პათოლოგიის შემთხვევაში, როგორც ითქვა, სისხლში იმატებს ორივე ფერმენტის დონე, მაგრამ ღვიძლის დაავადებების დროს უპირატესად ALT-ს მატება შეინიშნება, ხოლო მოკარდიუმის ინფარქტისა და ჩონჩხის კუნთების დაზიანების დროს – AST-სი. ეს ფაქტორი, ერთი მხრივ, ღვიძლის, მეორე მხრივ კი გულისა და ჩონჩხის კუნთების დაავადებათა დიფერენცირებაში გვეხმარება.
ALT-სა და AST-ს დონის შემცირებას ვიტამინ B6-ის უკმარისობა იწვევს, რაც ხშირად გვხვდება ორსულობის, ჰიპოვიტამინოზისა და ღვიძლის უკმარისობის დროს. 

  • – რას გვეტყვით გამაგლუტამილტრანსფერაზაზე?

– გამაგლუტამილტრანსფერაზა ღვიძლის ყველაზე მაღალმგრძნობიარე ფერმენტია. ის საშუალებას გვაძლევს, ზოგიერთი დაავადება ადრეულ სტადიაზე გამოვავლინოთ, მაშინ, როდესაც ღვიძლის სხვა ფერმენტების დონე ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია. მისი გამოკვლევა რეკომენდებულია ღვიძლისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგიერთი დაავადების დროს. ამ ფერმენტის დონე იმატებს მწვავე ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, ღვიძლშიდა და ღვიძლგარეთა სანაღვლე სადინარების დახშობის, ღვიძლის პირველადი ან მეტასტაზური სიმსივნური პროცესების, ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების, შაქრიანი დიაბეტის, გულისა და პანკრეასის ზოგიერთი დაავადების შემთხვევაში. გამაგლუტამილტრანსფერაზას მომატება შესაძლოა გამოწვეული იყოს ზოგიერთი პრეპარატის (ესტროგენების, კონტრაცეპტივების) მიღებითაც, რაც, ბუნებრივია, უნდა გავითვალისწინოთ ანალიზის პასუხის ინტერპრეტირებისას. 

  • – ღვიძლის ფუნქციური სინჯებით ირკვევა ტუტე ფოსფატაზას რაოდენობაც. მას რა ფუნქცია აკისრია? 

– ტუტე ფოსფატაზა ფერმენტია, რომელიც თითქმის ყველა ქსოვილში გვხვდება, უმთავრესად კი ღვიძლისა და სანაღვლე გზების უჯრედებსა და ძვლებში იყრის თავს და იქ მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებში მონაწილეობს. ტუტე ფოსფატაზის კვლევა ტარდება ღვიძლისა და ძვლის დაავადებების სადიაგნოსტიკოდ. როდესაც მიზეზთა გამო ღვიძლი ზიანდება, სისხლში ტუტე ფოსფატაზის დონე იმატებს. მატება შეინიშნება სანაღვლე გზების დახშობის დროსაც. 
ტუტე ფოსფატაზა ძვლის ზრდაში მონაწილეობს, ამიტომ მისი აქტივობა ბავშვის სისხლის შრატში უფრო მაღალია. მისი ფიზიოლოგიური მატება შეინიშნება ორსულობის, მოტეხილი ძვლის შეხორცების დროსაც. რაც შეეხება დააავადებებს, რომლებიც ტუტე ფოსფატაზის მატებას იწვევს, მათ ნუსხაში შედის ძვლოვანი სისტემის ზოგიერთი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა, მედიკამენტებით გამოწვეული ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის სიმსივნური დაავადებები, ფარისებრი და პარათირეოიდული ჯირკვლის დაზიანება. ფერმენტის დონე იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთი დაავადების, მძიმე ანემიისა და კონტრაცეპტივების ხანგრძლივი გამოყენების დროს. 

  • – ღვიძლის ფუნქციური სინჯებით განისაზღვრება საერთო და პირდაპირი, ე.წ. კონიუგირებული ბილირუბინი. რა არის ბილირუბინი, რა განსხვავებაა მის საერთო და კონიუგირებულ მაჩვენებლებს შორის და რომელ დაავადებაზე მიუთითებს მათი ცვლილება?

– ბილირუბინი ყვითელი პიგმენტია, რომელიც ნაღვლის შემადგენლობაში შედის. იგი ჰემოგლობინის დაშლის პროდუქტია. სისხლში ბილირუბინი ორი – არაპირდაპირი და პირდაპირი ანუ კონიუგირებული ფორმით გვხვდება. საერთო ბილირუბინი სუფთა სახით ორგანიზმში არ მოიპოვება, ეს პირდაპირი და არაპირდაპირი ბილირუბინის საერთო ოდენობაა. ჰემოგლობინის დაშლის შედეგად წარმოიქმნება არაპირდაპირი ბილირუბინი, რომელიც განსაზღვრული ბიოქიმიური პროცესების შედეგად გლუკურონის მჟავასთან რეაქციაში შედის. ასე წარმოიშობა პირდაპირი ანუ კონიუგირებული ბილირუბინი, რომელიც ნაკლებად ტოქსიკური და მეტად ხსნადია. პირდაპირი ბილირუბინი კარგად იხსნება ნაღველში, საიდანაც საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ხვდება და ბუნებრივი გზით ტოვებს ორგანიზმს.
საერთო ბილირუბინი უმთავრესად არაპირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე იმატებს. ასე ხდება ჰემოლიზური და პერნიციოზული ანემიების, ტრანსფუზიული რეაქციის, ღვიძლის ციროზის, ჟილბერის სინდრომის დროს. პირდაპირი ბილირუბინის ხარჯზე საერთო ბილირუბინის მატება კი დამახასიათებელია ვირუსული ჰეპატიტებისთვის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანებისთვის, ციროზისთვის, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანებისთვის, სანაღვლე სადინარების დახშობისთვის. 
ახალშობილებთან ბილირუბინის დონის მატება ფიზიოლოგიურია და რამდენიმე დღეში, მაქსიმუმ ორ კვირაში, უბრუნდება ნორმას, მაგრამ თუ მისი დონე კრიტიკულ ზღვარზე მაღალია ან სწრაფად იმატებს, აუცილებელია მიზეზის დადგენა. მიზეზი შეიძლება იყოს რეზუსკონფლიქტი, თანდაყოლილი ინფექცია, ჰიპოქსია, ზოგიერთი გენეტიკური დაავადება, ღვიძლის პათოლოგია. ამ შემთხვევაში საერთო ბილირუბინი, წესისამებრ, არაპირდაპირის ხარჯზე იმატებს. პირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება იშვიათია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს სანაღვლე გზების ატრეზია და ნეონატალური ჰეპატიტი. 

  • – შესაძლოა თუ არა, ტესტმა ცრუ შედეგი აჩვენოს? 

– თანამედროვე ანალიზატორების მეშვეობით მარტივად განისაზღვრება სხვადასვა ფაქტორის გავლენა ტესტის შედეგზე. ცრუ შედეგი, პრაქტიკულად, გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით პაციენტის პრეანალიზურ მომზადებას.

  • – თუ ტესტმა დარღვევები გამოავლინა, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის სხვა მეთოდების გამოყენებაც. ყველაზე ხშირად რომელი გამოკვლევა მოსდევს ღვიძლის ფუნქციურ სინჯებს?

– ცხადია, ნებისმიერი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს სპეციალისტს, რომელიც სხვა სიმპტომებისა და ანამნეზის გათვალისწინებით შეურჩევს დამატებით გამოკვლევებს. შესაძლოა, საჭირო გახდეს A,B,C ჰეპატიტების, ღვიძლის აუტოიმუნური დაავადებების გამორიცხვა. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპიური გამოკვლევა, ფიბროსკანი, კომპიუტერული ტომოგრაფია და სხვა.

გვანცა გოგოლაძე 

გააზიარე: