საშვილოსნოს ყელის დაავადებები

გააზიარე:

უკანასკნელ ხანს მთელ მსოფლიოში შეინიშნება ონკოდაავადებების გახშირება. განსაკუთრებით საყურადღებოა საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა მატება ახალგაზრდა ქალებთან. ყოველივე ამის გამო ძალზე აქტუალური გახდა საშვილოსნოს ყელის კიბოს დროული დიაგნოსტიკისა და პრეკლინიკური ფორმების მკურნალობის საკითხები.
სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმი გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაია პარკაული.
– იმისთვის, რომ საშვილოსნოს ყელის დაავადებებში გავერკვიოთ, თავდაპირველად განვსაზღვროთ, რა არის საშვილოსნოს ყელი. თავად საშვილოსნო ქალის რეპროდუქციული სისტემის უმთავრესი ორგანოა, რომელიც მუცლის ქვედა ნაწილში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის მდებარეობს და ტანისა და საშოსთან დაკავშირებული ყელისგან შედგება. საშვილოსნოს ყელი ერთგვარი ბარიერია საშვილოსნოსა და გარემოს შორის. ნორმალური საშვილოსნოს ყელის სიგრძე 3-4 სმ-ია, დიამეტრი – 2-3 სმ, ხოლო სისქე 1 სმ. ის შედგება:
• კუნთოვანი შრისგან, რომელიც მშობიარობის აქტში მონაწილეობს;
• ყელის არხისგან – მისი ამომფენი უჯრედები, ეპითელიუმი, გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც საშოსა და საშვილოსნოს შორის ბარიერის როლს ასრულებს: ხელს უშლის საშვილოსნოს ღრუში ბაქტერიების შეღწევას.
საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილი გარემოსთან ურთიერთობის ძირითად კარიბჭეს წარმოადგენს. ალბათ ამიტომ არის, რომ პათოლოგიური პროცესები ყველაზე ხშირად სწორედ აქ ვითარდება.
– რამ შეიძლება დააზიანოს საშვილოსნოს ყელი?
– საშვილოსნოს ყელის დაავადებები შეგვიძლია სამ ჯგუფად დავყოთ: 
1. ფონურ დაავადებებად (პროცესებად); 
2. საშვილოსნოს ყელის დისპლაზიად, ანუ კიბოსწინარე დაავადებებად;
3. საშვილოსნოს ყელის კიბოდ.
მათ განვითარებას ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორი: 
•    სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
•    აბორტი და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
•    ხშირი აბორტი და მშობიარობა;
•    სქესობრივი პარტნიორების სიმრავლე;
•    ხშირი (კვირაში 5-ჯერ და მეტად) სქესობრივი ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორთან;
•    ნებაზე მიშვებული (არანამკურნალები) სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები;
•    თამბაქოს წევა;
•    მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
•    ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი მიღება.
საყურადღებოა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის კვლევა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაიწყო. მაგალითად, მე-19 საუკუნის იტალიელმა და კანადელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს დაავადება თითქმის არ ემართებოდათ ქალიშვილებსა და მონაზვნებს.
– რომელ დაავადებებს უწდებენ ფონურს?
– საშვილოსნოს ყელის ერთ-ერთი გავრცელებული ფონური პროცესია ეროზია (წყლული), რომელიც გინეკოლოგიური დაავადებების შემთხვევათა საერთო რიცხვის 10-15%-ს შეადგენს. ის ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებაა, რომელიც უმეტესად არხის მიმდებარე მიდამოში ვითარდება.
ეროზიას სხვადასხვა ბუნების ფაქტორები იწვევს:
•    მექანიკური – ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა ხშირი აბორტის, მშობიარობის, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად;
•    ჰორმონული – საერთო ჰორმონული ფონის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი გამოყენება;
•    ნებაზე მიშვებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, განსაკუთრებით – ვირუსული წარმოშობისა.
საშვილოსნოს ყელის ეროზია შესაძლოა გამოვლინდეს მცირედი სისხლიანი გამონადენით საშოდან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ, ტკივილით სქესობრივი კონტაქტის დროს, მენსტრუაციის დარღვევით (გახანგრძლივებით, ჭარბი გამონადენით), საშოდან ჩირქოვანი გამონადენით (თანმხლები ინფექციის დროს).
ასევე გვხვდება ლეიკოპლაკია – მოთეთრო ლაქები საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, რასაც ეპითელიური უჯრედების გასქელება და გარქოვანება იწვევს. მისი მიზეზებიდან აღსანიშნავია ჰორმონული დარღვევები, საშვილოსნოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ნივთიერებებით (სამკურნალო საშუალებებით) ზემოქმედება, ნებაზე მიშვებული სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. ლეიკოპლაკია, წესისამებრ, უსიმპტომოდ მიმდინარეობს და გინეკოლოგიური გასინჯვის დროს შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე.
საშვილოსნოს ყელის ფონურ პროცესებს მიეკუთვნება ასევე პოლიპები – მომრგვალო ფორმის, სხვადასხვა ზომის, გლუვკონტურებიანი წანაზარდები საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, უმეტესად – ყელის არხში, რომლის წარმოშობის მიზეზი მეტწილად უცნობია, კონდილომები – საშვილოსნოს ყელის ვირუსული წარმოშობის (ადამიანის პაპილომავირუსით განპირობებული) მეჭეჭები, ეროზირებული ექტროპიონი, რომელიც მშობიარობის ან აბორტის დროს საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედეგად ვითარდება – ლორწოვანი გარსის მთლიანობა ირღვევა და ყელის არხი საშოსკენ ამობრუნდება.
– რა მეთოდებით იკვლევენ საშვილოსნოს ყელის მდგომარეობას?
– საშვილოსნოს ყელის გამოკვლევას იწყებენ მისი სარკეებით დათვალიერებით, ატარებენ ეპითელიუმის ციტოლოგიურ გამოკვლევას (რისთვისაც იღებენ ნაცხს), კოლპოსკოპიას და საჭიროების შემთხვევაში – ბიოფსიას შემდგომი ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევით.
– რას წარმოადგენს კოლპოსკოპია და რისი გათვალისწინება მოუწევს გამოკვლევამდე ქალს?
– კოლპოსკოპია საშვილოსნოს ყელის მდგომარეობის შეფასების ძალზე მარტივი და ამავე დროს საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ამ დროს ხდება საშვილოსნოს ყელის საშოსმიერი ნაწილის, ვულვისა და საშოს ლორწოვანის დათვალიერება სპეციალური ხელსაწყოთი – კოლპოსკოპით, რომლის ოპტიკურ სისტემასაც 7-35-ჯერ გადიდებული გამოსახულების მიღება შეუძლია. ის ციტოლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევების პარალელური პათოლოგიური პროცესის არსის უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლის საშუალებას გვაძლევს.
კოლპოსკოპია აუცილებლად უნდა ჩატარდეს ყოველთვის, როცა კი ციტოლოგიურად გამოვლინდება უჯრედული ატიპია და კლინიკურად – საშვილოსნოს ყელის პათოლოგია.
კოლპოსკოპიის საშუალებით შესაძლებელია საშვილოსნოს ყელისა და საშოს ეპითელიუმის შეფასება, დაზიანებული უბნის გამოვლენა, კეთილთვისებიანი და ავთვისებიანობაზე საეჭვო ცვლილებების დიფერენციაცია, ნაცხისა და ბიოფსიის მიზნობრივი აღება.
რაც შეეხება თავად გამოკვლევას, ის ტარდება მენსტრუალური ციკლის შუა პერიოდში, ბოლო მენსტრუაციის დასრულებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ. მანამდე ორი დღით ადრე უნდა შეზღუდოთ ყოელგვარი სამკურნალო ჩარევა საშოზე და გამოკვლევის წინა ღამეს მოერიდოთ სქესობრივ კონტაქტს.
– როგორ მკურნალობენ ფონურ პროცესებს?
– საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ადვილად იკურნება. ტარდება როგორც ზოგადი მკურნალობა (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა, ჰორმონული ფონის მოწესრიგება, თანმხლები დაავადებების – შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლისა და შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებების – მკურნალობა), ისე ადგილობრივი (საშოსმხრივი) გინეკოლოგიური პროცედურები: დაზიანებული უბნის მოწვა ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია), დაზიანებულ არეზე დაბალი ტემპერატურით ზემოქმედება, თხევადი აზოტით დამუშავება (კრიოდესტრუქცია), დაზიანებული უბნის დამუშავება ლაზერული სხივით (ლაზეროდესტრუქცია).
არანამკურნალებ, შორს წასულ შემთხვევებში დაზიანების ადგილი შესაძლოა სიმსივნურად გადაგვარდეს.
– რას გულისხმობს ცნებები – საშვილოსნოს ყელის დისპლაზია და კიბო?
– დისპლაზია საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების გადაგვარებას – არანორმალურ ცვლილებას და გამრავლებას ეწოდება. მიჩნეულია, რომ ეს საწყისია იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო), ამიტომ ასეთ ცვლილებებს კიბოსწინარე პროცესებსაც უწოდებენ. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ – –ეს მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული დროულ დიაგნოზსა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე.
კიბოსწინარე პროცესი (დისპლაზია) შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი (საშუალო) და მძიმე.
საშვილოსნოს ყელის კიბო კი დაავადებაა, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის უჯრედების გადაგვარებისა და უწესრიგო, უკონტროლო გამრავლების შედეგად.
საშვილოსნოს ყელის კიბო დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა.
– რა უწყობს ხელს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას?
– დღესდღეობით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ძირითად ფაქტორებად და, გარკვეულწილად, მიზეზებადაც მიიჩნევენ:
•    ადამიანის პაპილომავირუსის (HPV) ზოგიერთ სახეობას (გენოტიპს) 
•    ჰერპესის ვირუსს;
•    არანამკურნალებ ფონურ დაავადებებს;
•    ქალის სქესობრივი ცხოვრების თავისებურებებს, კერძოდ, მის ნაადრევ, 16 წლამდე, დაწყებას, აბორტებსა და მშობიარობას ადრეულ ასაკში, ხშირ აბორტსა და მშობიარობას, უწესრიგო სქესობრივ ცხოვრებას (მრავალი სქესობრივი პარტნიორის ყოლას, პროსტიტუციას), დაუცველ სექსს;
•    არანამკურნალებ ანთებად და ვენერიულ დაავადებებს
•    55 წელზე უფროს ასაკს;
•    ცუდ საყოფაცხოვრებო პირობებს;
•    თამბაქოს წევას.
– რა ნიშნებით შეიძლება იეჭვოს ქალმა ეს პათოლოგია?
– საშვილოსნოს ყელის კიბო სხვადსხვა სტადიაზე შეიძლება შემდეგი ნიშნებით გამოვლინდეს:
• ხორცის ნარეცხისფერი გამონადენით საშოდან მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში;
•    სისხლიანი გამონადენით საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ;
•    ჩვეულთან შედარებით საგრძნობლად გახანგრძლივებული (7 დღეზე ხანგრძლივი) მენსტრუაციით;
•    ზოგადი ინტოქსიკაციის (მოწამვლის) ნიშნებით: საერთო სისუსტით, უმადობით, წონის კლებით, ტემპერატურის მატებით და სხვა;
•    ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში.
ერთი ან თუნდაც რამდენიმე ამ ნიშნის არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ კიბო გაქვთ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. გახსოვდეთ, ნებისმიერი დაავადების (მათ შორის – კიბოსიც) ადრეულ სტადიაზე მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორს წასულ შემთხვევებში. ამით ქალს საგრძნობლად უხანგრძლივდება სიცოცხლე, შეუძლია შეინარჩუნოს ნორმალური ცხოვრების წესი, შრომის და ზოგ შემთხვევაში შვილოსნობის უნარიც.
– როგორ შეიძლება საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკა და რა ასაკიდან ტარდება სკრინინგი?
– საშვილოსნოს ყელის კიბოს პროფილაქტიკისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება. სასურველია ერთი სქესობრივი პარტნიორის ყოლა და მისი სქესობრივი ჯანმრთელობის კონტროლი, სქესობრივი კონტაქტის სიხშირე კვირაში არ უნდა აღემატებოდეს 5-ს, შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტის დროს აუცილებლად გამოვიყენოთ პრეზერვატივი, რეგულარულად ვეწვიოთ გინეკოლოგს. 
საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა განვითარებულ ქვეყნებში საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც დაინერგა ქალების საყოველთაო გინეკოლოგიური გასინჯვა (სკრინინგი) და მასობრივი სპეციალური გამოკვლევები:
•    ქალის პირველი გასინჯვა და გამოკვლევა ხდება პირველი სქესობრივი აქტიდან 1-2 წლის შემდეგ, სასურველია, 18-20 წლის ასაკში;
•    მომდევნო გასინჯვები 2 წელიწადში ერთხელ მეორდება (მაშინაც კი, როცა ქალი არაფერს უჩივის);
•    გამოკვლევები წყდება 70 წლის ასაკში, თუ ბოლო ორი გამოკვლევით პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლენილა.
სპეციალურ გამოკვლევებს მიეკუთვნება PAP-ტესტი, საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა სპეციალური წესით, და კოლპოსკოპია – საშვილოსნოს ყელის დათვალიერების ინსტრუმენტული მეთოდი. ამ გამოკვლევებით შესაძლებელია უჯრედების გადაგვარების (დისპლაზიის) ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რაც საგრძნობლად ამცირებს კიბოს ჩამოყალიბების რისკს და შესაძლებელს ხდის ადრეულ სტადიაში მისი დიაგნოზის დასმას.
პროფილაქტიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია:
•    სქესობრივად გადამდები დაავადებების დროული მკურნალობა;
•    საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების და დისპლაზიის ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
•    აქტიური ცხოვრების წესი;
•    ჯანსაღი კვება (მაგალითად, ბეტა-კაროტინის შემცველი პროდუქტები: მწვანილი, სტაფილო, ციტრუსები,  – ამცირებს კიბოს განვითარების რისკს).
გახსოვდეთ, საშვილოსნოს ყელის ყველა ავთვისებიანი სიმსივნე მოუწესრიგებელ სქესობრივ ცხოვრებას არ უკავშირდება – კიბო შეიძლება განუვითარდეს იმ ქალსაც, რომელსაც მოწესრიგებული სქესობრივი ცხოვრება აქვს, ამიტომ ყველა დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო გზა ექიმის რეგულარული მეთვალყურეობაა.

ეს საინტერესოა
* პირველად 1925 წელს გერმანელ ჰანს ჰაინზელმანს დაებადა შესანიშნავი იდეა, ათჯერადი გამადიდებელი შუშით ინტენსიური განათების ფონზე დაეთვალიერებინა საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსი. შემდგომი დაკვირვების საფუძველზე მანვე შეიმუშავა საშვილოსნოს ყელის კიბოს პრეკლინიკური სტადიისა და კეთილთვისებიანი ცვლილებების კრიტერიუმები. მას შემდეგ კოლპოსკოპიამ ფართოდ მოიკიდა ფეხი ევროპაში, ხოლო ამერიკაში მისი დანერგვა დაიწყო 1963 წლიდან, ვინაიდან მანამდე საშვილოსნოს ყელის დაავადებათა სკრინინგმეთოდად იქ აღიარებულ იქნა ციტოლოგიური კვლევის მეთოდი – პაპ ტესტირება.

* საშვილოსნოს კიბო ყველაზე მეტად 40 წლის შემდგომ ასაკშია გავრცელებული, თუმცა არის მისი შემთხვევები 20-30 წლის ქალებშიც.
* 20 წლამდე საშვილოსნოს ყელის კიბო თითქმის არ გვხვდება.
* საშვილოსნოს ყელის კიბო უიშვიათესია ქალიშვილებში.
* საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დაწყებიდან კიბოს განვითარებამდე საშუალოდ 10-12 წელი გადის.
• მოსახლეობის მასობრივმა პროფილაქტიკურმა გასინჯვებმა საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა საგრძნობლად შეამცირა.

მარი აშუღაშვილი 

გააზიარე: