ერთი საათი რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის

გააზიარე:


 – რა მშვენიერია ცხოვრება! როგორც იქნა, შევხვდი ჩემი ოცნების მამაკაცს, ყველა დაბრკოლება გადალახულია, ყველა სირთულე – დაძლეული და უკვე ერთად ვართ, ჩვენს ბედნიერებას აღარაფერი ემუქრება. ვიცხოვრებთ ტკბილად და ბედნიერად, გავზრდით შვილებს, მერე – შვილიშვილებს და დიდი, ლამაზი, მხიარული ოჯახი გვექნება! – მოგწონთ, არა? მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება, შვილის გაჩენა მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე როდია დამოკიდებული. ზოგს ის ადვილად ეძლევა, ზოგს – დიდი ბრძოლის შედეგად, ზოგს კი, ყოველგვარი მცდელობის მიუხედავად, არ უჩნდება. დამეთანხმებით, ამასთან შეგუება ძნელია. თუმცა ეს არც არის აუცილებელი. მთავარია, აღმოვაჩინოთ სტრესის რეალური მიზეზი, ვისწავლოთ მასთან გამკლავება და შესაძლოა, სიმართლისთვის თვალის გასწორების შემდეგ უნაყოფობის პრობლემაც მოგვარდეს. ყოველ შემთხვევაში, სტრესის დონე ნამდვილად დაიკლებს.
იმის შესახებ, რა საჭიროა უნაყოფობასთან შეჭიდებული ქალებისთვის ფსიქოლოგის კონსულტაცია, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ფსიქოლოგი ლიკა ბარაბაძე გვესაუბრება.
– გარდატეხის ასაკის შემდეგ მორალურ დილემებთან დასაბრუნებლად, როგორც წესი, ვეღარ ვიცლით. დანამდვილებით აღარც კი ვიცით, რისი გვჯერა ან როგორ ვრეაგირებთ სხვადასხვა სიტუაციაზე. მხოლოდ ძალიან დიდი მოვლენები თუ გვიბიძგებს სერიოზული ფიქრისკენ, ეს კი არცთუ ისე კარგია – თუ ადამიანი ბოლოს მხოლოდ ათი წლის წინ განმარტოვდა საკუთარ თავთან, თუ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს სტრესს, შიშს, სიხარულს, გაურკვევლობას, ასეთი მოვლენები კი არ გააძლიებს ან გააკაჟებს, არამედ დათრგუნავს. ამ დროს ის სულიერ კომფორტს რაიმე ნაცნობში, ჩვეულში, მიღებულში ეძებს, ხოლო უცხო, უჩვეულო და მიუღებელი აშინებს.
ასეთი “მიღებული” წარმოდგენა კი საზოგადოებაში საკმაოდ ბევრია: ბაღი, სკოლა, უნივერსიტეტი, გათხოვება-ცოლის მოყვანა, ბავშვი, სამსახური, ბავშვის წაყვანა ბაღში, სკოლაში და ა.შ. თუ ადამიანი ფიქრისა და განსჯისკენ არ არის მიდრეკილი ან პროფესია არ უბიძგებს ამისკენ, მას უკრიტიკოდ სჯერა ამ წარმოდგენების. არადა, როგორც ერთ თარგზე შეკერილი სამოსი ყველას ვერ მოერგება, რაც არ უნდა ჯიუტად ეგონოს ვინმეს, რომ ჩვეულებრივი ადამიანია და მის ცხოვრებაში ყველა მიღებული მოვლენა უნდა ხდებოდეს, ეს შეუძლებელია. ყველა ადამიანი ინდივიდია, რომელსაც ცხოვრების საკუთარი, უნიკალური მოდელი აქვს.
ერთ-ერთი ასეთი, რეალურ საფუძველს მოკლებული წარმოდგენის მიხედვით, ქორწინების შემდეგ ყველა წყვილს უნდა უჩნდებოდეს შვილი. არადა, სტატისტიკური მონაცემებით, წყვილების 15-16% ამ თარგში ვერ ჯდება, ხოლო თუ ადამიანს გაუცნობიერებლად სჯერა ასეთი წარმოდგენების, – თუნდაც იმიტომ, რომ განსხვავებული მოვლენა მის გამოცდილებაში არ ყოფილა (პირადად არ იცნობს წყვილს, რომელიც რეპროდუქციულ გამოწვევებს ეჭიდება), – ამ მხრივ ხელის მოცარვა შესაძლოა დიდი და დაუძლეველი სტრესის წყაროდ იქცეს.
– მაინც რა ემოციებს იწვევს უნაყოფობა?
– უნაყოფობამ შესაძლოა გამოიწვიოს:
* უსუსურობა – თუ მანამდე ადამიანს სჯეროდა, რომ თავად მართავდა საკუთარ სხეულს, ქცევას, ოჯახს, უცებ ხვდება, რომ ბავშვის გაჩენის პროცესი მის კონტროლს არ ექვემდებარება, აქ ის უძლურია.
* ეგზისტენციური კრიზისი (ანუ ვინ ვარ მე) – შესაძლოა, ქალს ბავშვობიდანვე  ეგონა, რომ მშობელი იქნებოდა, ახლა კი ეს საკითხი საეჭვო გახდა. მაშ, ვინ არის ის, თუ არა მშობელი? როგორი ადამიანია?
* ოჯახის წინაშე დანაშაულის გრძნობა –  მის ოჯახში ყველას ეგონა, რომ ბავშვი ეყოლებოდა, ამას ამბობდნენ მილოცვებში, სადღეგრძელოებსა თუ საუბრებში, ის კი შესაძლოა მშობელი ვერ გახდეს. ამის გამო მეუღლეს დაკარგავს? ოჯახი გაკიცხავს?
* გაბრაზება – ქურდებს და ყაჩაღებსაც კი უჩნდებათ შვილები, აი, მეზობელ ქალს ორი აბორტის შემდეგ ეყოლა ბავშვი, მას კი ასეთი რა ბედი აქვს?
* სხეულთან გაუცხოება – ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ მისი სხეული თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, ავადმყოფია.
ეს ფიქრები და განცდები საკმაოდ ძლიერი და ყოვლისმომცველია. მათთან დამოუკიდებლად გამკვლავება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია, ადამიანმა სოციალური საყრდენი იპოვოს ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი დარდი ოჯახსა და ახლობლებს გაუზიაროს.
– როგორ უნდა გაუმკლავდეს ქალი ან მამაკაცი ასეთ სტრესს?
– არსებობს ამ სტრესთან გამკლავების ორი შესაძლო ვარიანტი – წარმატებული და წარუმატებელი.
იმისთვის, რომ ადამიანმა დიდი სტრესი წარმატებით დაძლიოს, რამდენიმე წინაპირობა უნდა დაკმაყოფილდეს:
1. ადამიანმა უნდა შეძლოს მრავალი ემოციიდან მთავარის გამოცალკევება, მისი დასახელება, საკუთარ განცდებზე დაკვირვება, საკუთარი სხეულის მოსმენა, საკუთარი აზრების დაჭერა.
2. მან უნდა შეძლოს ამ ყველაფრის მოყოლა, იყოს გახსნილი, გულახდილი, სჯეროდეს, რომ გახსნილობა დადებით შედეგს მოიტანს.
3. ჰყავდეს კარგი მსმენელი, რომელიც სიტყვას არ გააწყვეტინებს და კომენტარების გარეშე მოუსმენს.
5. ეს კარგი მსმენელი მხარში ამოუდგეს და მხარდაჭერა აგრძნობინოს.
რა თქმა უნდა, ახლობელთან საუბრისას ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს. შესაძლოა, ადამიანი სულაც ვერ ხვდებოდეს, რატომ სურს კონკრეტულ  მეგობართან საუბარი, ან მასთან უკეთ რატომ გრძნობს თავს, მაგრამ ზემოხსენებული წინაპირობების არსებობის გამო სტრესს მისი დახმარებით სძლიოს.
თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უშვილობასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევა დამატებითი ჩარევის გარეშე თითქმის შეუძლებელია. ასეა მაშინ, როდესაც:
1. ადამიანი გადაჩვეულია ემოციებსა და აზრებზე დაკვირვებას, მათ გარჩევას. გრძნობს, რომ ცუდადაა, მაგრამ არ იცის, რატომ. შფოთავს, მაგრამ ამ გრძნობას სახელს ვერ არქმევს. ასეთ ემოციებს ხშირად თან სდევს სხეულისმხრივი სიმპტომებიც: თავბრუხვევა, თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება. რაკი ადამიანი ამ სიმპტომების გამომწვევ ემოციებს ვერ ამოიცნობს, მხოლოდ სხეულებრივ გამოვლინებებზე კონცენტრირდება, განცდები კი შეუცნობელი და გამოუვლენელი რჩება.
2. ადამიანმა იცის, რას გრძნობს, მაგრამ ვერ ჰყვება. უჭირს იმის აღიარება, რომ თავს უსუსურად, განადგურებულად, გაბრაზებულად და დამნაშავედ გრძნობს.
3. რამდენჯერაც საუბარს წამოიწყებს, ახლობლები უსარგებლო რჩევებით, ჭკუის სწავლებითა და კეთილი, მაგრამ დამთრგუნველი მოსაზრებებით უშლიან ხელს, არ აცდიან აზრის გამოთქმას.
4. გულის გადაშლის შემდეგ ახლობლები მას ადანაშაულებენ, ტვირთს უმძიმებენ.
– ალბათ, ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ქალმა ფსიქოლოგს უნდა მიმართოს...
– დიახ, ასეთ გამოწვევებთან  გასამკლავებლად ერთი ისეთი მსმენელი მაინც უნდა არსებობდეს, რომელსაც მოსმენა და მხარდაჭერა შეუძლია. თუმცა ადამიანი ვერც ამ პირობებში გაუმკლავდება სტრესს, თუ ემოციების დაკვირვება-დასახელებაში გაწაფული არ არის, თუ ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დიდ, სასიცოცხლო სტრესებთან გამკლავების სხვადასსხვა სცენარი არ შესთავაზა. ამ შემთხვევაში შინაგანი ზრდისთვის და სტრესის დასაძლევად უმჯობესია ფსიქოლოგს მიაკითხოს. ფსიქოლოგი მას:
* დაეხმარება გაურკვევლობის დაძლევაში, კონკრეტული ემოციის, აზრის, კონკრეტული დაკვეთის ფორმირებაში;
* მხარს დაუჭერს, არ განსჯის და არ შეარცხვენს;
* ყურადღებით მოუსმენს. კონსულტაციის დროს ის მხოლოდ კლიენტისთვის არსებობს;
* მხარში ამოუდგება, დაეხმარება ცვლილებებთან გამკლავებასა და საკუთარი თავის შეცნობაში.
ფსიქოლოგი ერთგვარი სარკეა, რომელიც კლიენტის აზრებსა და ემოციებს ირეკლავს, სხვადასხვა მეთოდით იკვლევს სიღრმისეულ პროცესებს და კლიენტს საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება. ფსიქოლოგი იარაღია, რომელიც კლიენტს აჩვენებს: აი, ასეთი ხარ და ასეთი წყლის ნაპირას დგახარ, მაგრამ თუ კლიენტი წყალში ჩახტა, ცურვა მისი პასუხიმგებლობაა.
ფსიქოლოგიის ზოგიერთი მიმართულება მიიჩნევს, რომ უმეტეს სამუშაოს კლიენტი თავად ასრულებს, ფსიქოლოგი კი უბრალოდ უბიძგებს ამისკენ. საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვა, უპირველესად, თავად ევალება ადამიანს, ხოლო ფსიქოლოგი მასთან ერთად იკვლევს ფსიქიკის რთულ და დაფარულ გზებს.
– რა თავისებურებებით გამოირჩევა ფსიქოლოგის კონსულტაცია  უნაყოფობის პრობლემის დროს?
– რეპროდუქციული ბარიერების არსებობისას ფსიქოლოგი კლიენტს დაკვეთისამებრ მუშაობს. თუ კლენტისთვის წამყვანი შფოთვა, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვისა და უსუსურობის განცდაა, ფსიქოლოგი მის გასაძლიერებლად, პასუხისმგებლობის დასაბრუნებლად ზრუნავს. თუ კლიენტი უშვილობას საკუთარ თავს აბრალებს ან სხეულთან გაუცხოებას გრძნობს, ფსიქოლოგი სხვადასხვა მეთოდით ცდილობს დაანახვოს, რომ ეს არც მისი ბრალია და არც მისი სხეულისა. საბოლოო ჯამში, ფსიქოლოგი  კლიენტს  საშუალებას აძლევს, უშვილობასთან დაკავშირებული სტრესის დაძლევის ძალა საკუთარ თავშივე გამონახოს. 
თუმცა ფსიქოლოგის კონსულტაცია ამით არ შემოიფარგლება. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ  რეპროდუქციული გამოწვევების წინაშე მდგარი პაციენტები, რომლებიც ფსიქოლოგიურ კონსულტაციას გადიან, უკეთესს შედეგებს აღწევენ, ვიდრე პაციენტები, რომლებიც ასეთ კონსულტაციას არ მიმართავენ.
საქმე ის არის, რომ, მრავალი მონაცემის მიხედვით, ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა დიდ გავლენას ახდენს მის სხეულზე. ამ კავშირს ფსიქოსომატიკის დარგი იკვლევს.
სტრესის გავლენით სისხლში სტრეს-ჰორმონები გამოიყოფა, რომლებიც ნეგატიურად მოქმედებს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის (იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული სისტემების) მუშაობაზე. რაც უფრო ქრონიკულია სტრესი, მით უფრო დამანგრეველია მისი ზემოქმედება ორგანიზმზე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ უშვილობასთან დაკავშირებული სტრესი პირდაპირ უშლის ხელს ეფექტურ და წარმატებულ მკურნალობას. შესაბამისად, რეპროდუქციული გამოწვევების დროს ფსიქოლოგის კონსულტაცია დასავლეთის კლინიკებში მიღებული პრაქტიკაა. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც დროული ექოსკოპიური  გამოკვლევა, ექიმის მიერ გამოწერილი წამლების მიღება და სხვა სამედიცინო აქტივობები.
ფსიქოლოგი კლიენტს სხვადასხვა სიტუაციაში (უშვილობის მკურნალობისას, შიშთან, შფოთვასთან, სტრესსა და დაღლილობასთან ბრძოლისას) საკუთარ თავში ძალების პოვნასა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პიროვნების შინაგან ზრდასა და გაძლიერებაში ეხმარება. ადამიანები, რომლებიც წარმატებით მართავენ სტრესს, ფიზიკურ გამოწვევებსაც უფრო ადვილად უმკლავდებიან. უშვილობა სტრესის ძლიერი წყაროა – ადამიანს გამუდმებით უწევს საზოგადოების, ოჯახისა და საკუთარი თავის წინაშე თავის მართლება, ნეგატიურ ემოციებთან ბრძოლა. ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ამ სტრესის დაძლევისა და რეპროდუქციული დაბრკოლებების გადალახვის ნაცადი გზაა, ხოლო ფსიქოლოგის კონსულტაცია ის ერთი საათია, რომელსაც ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას უთმობს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: