ყველაფერი ანემიის შესახებ

გააზიარე:

ანემიის შესახებ ლამის ბავშვმაც კი იცის. საკმარისია, პაწაწინას ლოყები გაუფერმკრთალდეს, რომ დედიკო შეშფოთებული შესძახებს: ”რა ანემიური ფერი გაქვს?!” საზოგადოდ, ანემიას სისხლნაკლებობად მიიჩნევენ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, ჩვენს ძარღვებში მჩქეფარე სისხლის მოცულობა შემცირდეს, რომ ექიმმა ანემიის დიაგნოზი დაგვისვას.
ანემიის სხვადასხვა ფორმასა და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება ”ავერსის კლინიკის” თერაპევტი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში მარიკა დვალი.

. ანემია სისხლის დეფიციტთან, მის ნაკლოვანებასთან ასოცირდება. რეალურად რა ხდება ამ დროს ორგანიზმში?
– ანემია სისხლში ჰემოგლობინისა და`ან ერითროციტების რაოდენობის შემცირებაა. ამის გამო ორგანოებსა და ქსოვილებს სათანადო რაოდენობის ჟანგბადი ვეღარ მიეწოდება, რაც, თავისთავად ცხადია, ნეგატიურად აისახება მათ მუშაობაზე.
. რამდენი სახეობის ანემია არსებობს და რომელი მათგანია გავრცელებული ყველაზე მეტად?
– განასხვავებენ რკინადეფიციტურ, ვიტამინ B12-დეფიციტურ, ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეულ, ჰემოლიზურ, აპლაზიურ ანემიებს. კლინიკურ 
პრაქტიკაში ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემია გვხვდება, რომელიც უმეტესად ქალებს ემართებათ. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, რკინის დეფიციტი ყოველ მეხუთე ქალსა და ორსულთა ნახევარს აღენიშნება. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ბოლო ხანს რკინადეფიციტური ანემიით ავადობამ საქართველოშიც მოიმატა. ძალზე გავრცელებული დაავადებაა ვიტამინ B12-დეფიციტური ანემიაც.
. რა იწვევს რკინადეფიციტურ ანემიას?
– ანემიის ეს სახეობა ორგანიზმში რკინის შემცველობის დაქვეითებას უკავშირდება. მიზეზი შეიძლება იყოს:
. ქრონიკული სისხლდენა გინეკოლოგიური, ონკოლოგიური პათოლოგიების, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ბუასილის დროს;
. საკვების მეშვეობით რკინის არასაკმარისი მიღება;
. რკინის მომატებული ხარჯვა აქტიური ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ასევე ორსულობის, ლაქტაციის, სპორტით და ფიზიკური შრომით ჭარბი დატვირთვის დროს;  . ბავშვის დაბადებისას რკინის არასაკმარისი მარაგი ან ლაქტაციისას (ძუძუს წოვებისას) მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღება; 
. რკინის შეწოვის დარღვევა კუჭის ოპერაციის ან ნაწლავთა დაავადებების შედეგად; 
. რკინის ტრანსპორტირების (გადატანის) დარღვევა ამ პროცესში მონაწილე ფერმენტების დეფიციტის შედეგად.
შესაძლოა რამდენიმე ფაქტორის თანაარსებობაც.
. როგორ ვლინდება კლინიკურად რკინადეფიციტური ანემია? რა ნიშნების საფუძველზე ვარაუდობს ექიმი მის არსებობას?
– რკინადეფიციტური ანემია, სხვა ანემიების მსგავსად, კლინიკურად შესაძლოა ეგრეთ წოდებული არასპეციფიკური სიმპტომებით გამოვლინდეს, რომლებიც, თავისთავად, სისხლში ჰემოგლობინისა და ერითროციტების შემცველობის დაქვეითებას უკავშირდება. ეს სიმპტომებია: კანისა და ლორწოვანი გარსების სიფითრე, საერთო სისუსტე, თავბრუხვევა, თავის ტკივილი, ყურების შუილი, გულისცემის გახშირება, ჰაერის უკმარისობა, ქოშინი, ძილიანობა, გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარის დაქვეითება, მჩხვლეტი ტკივილი გულის არეში. ხშირად დაავადება ნელა ვითარდება, ამიტომ ადამიანი მდგომარეობას ეგუება და მხოლოდ ღრმა ანემიის შემთხვევაში თუ მიმართავს ექიმს.
 გარდა ამისა, ყურადღებას იპყრობს უშუალოდ რკინის დეფიციტთან დაკავშირებული სიმპტომები – კანის სიმშრალე, პირის კუთხეების დახეთქვა, თმის ბოლოების გაყოფა, ფრჩხილების გათხელება, განშრევება, მტვრევადობა და კოვზისებრი ჩადრეკა, მადის დაქვეითება, ყლაპვის გაძნელება, შეკრულობა ან დიარეა, გლოსიტი – წითელი ფერის, შეშუპებული, მტკივნეული ენა, ენის წვა. დამახასიათებელია გაუკუღმართებული გემოვნება – ადამიანს ცარცის, მიწის, უმი ხორცის ფარშის ჭამის სურვილი უჩნდება. ხშირია აცეტონის, ბენზინის და სხვა მსგავსი სუნების მიმართ უჩვეულო მიდრეკილებაც.  
ანემიისთვის ტიპობრივია ლორწოვანისა და კანის სიფითრე, ზოგჯერ მომწვანო ელფერით, რასაც ქლოროზის სახელით ვიხსენიებთ. ამ პათოლოგიის დროს ადამიანი შესაძლოა უჩიოდეს შარდის შეუკავებლობას სიცილის, ხველის დროს, ზოგჯერ – ღამის შეუკავებლობასაც.
. რომელი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე სვამენ რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოზს? 
უპირველეს ყოვლისა, ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, რომელიც სისხლში ჰემოგლობინისა და  ერითროციტების შემცველობის დაქვეითებას ავლენს. უნდა ითქვას, რომ უპირატესად მაინც ჰემოგლობინის შემცირება აღინიშნება. ხშირად ყურადღებას იპყრობს ერითროციტების შემცირებული ზომაც – ისინი უფრო ბაცად იღებება. თანამედროვე აპარატურის წყალობით სისხლის საერთო ანალიზი გვაწვდის რკინადეფიციტური ანემიისათვის დამახასიათებელ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასაც, თუმცა მისი დეტალური განხილვა ამჯერად შორს წაგვიყვანს.
გარდა ამისა, განისაზღვრება შრატში რკინის, ფერიტინის (ორგანიზმში რკინის მარაგის მთავარი მაჩვენებლის) შემცველობა და სხვა მნიშვნელოვანი მაჩვენებლები. საზოგადოდ, ფერიტინის ოდენობის დაქვეითება რკინადეფიციტური ანემიის ტიპური ნიშანია.
თავად რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკა რთული არ არის, თუმცა ეს მხოლოდ სინდრომია, რომლითაც სხვადასხვა პათოლოგია რთულდება. მათგან დიდი ნაწილი განკურნებადია, რის გათვალისწინებითაც რკინადეფიციტური ანემიის მიზეზის დადგენა მეტად მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოსტიკის პროცესი ძლიერ შრომატევადია. 
. ძნელია იმ პათოლოგიების ამოცნობა, რომლებიც ანემიას იწვევს?
– ხანდახან სისხლის კარგვა იმდენად თვალსაჩინოა, რომ პაციენტი ამჩნევს შარდის ფერის ცვლილებას ან განავალში სისხლის არსებობას. სისხლდენის შედეგად ზოგჯერ განავალს კუპრისმაგვარი შესახედაობა აქვს. მსგავს შემთხვევებში ექიმი იღებს განსაზღვრულ ორიენტირს, რომელიც უჩვენებს, რა მიმართულებით უნდა ჩატარდეს კვლევა. თუმცა სისხლის კარგვის მიზეზი ყოველთვის აშკარა არ არის. ასეთ დროს ტარდება განავლის გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე. სისხლდენის დადასტურება ნიშნავს, რომ ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან იკარგება. საბოლოო მიზეზის დასადგენად ხშირად აუცილებელი ხდება:
. გასტროსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დათვალიერება. ამგვარად შესაძლოა აღმოვაჩინოთ სისხლმდენი წყლული, საყლაპავის დიაფრაგმული ხვრელის თიაქარი;
. კოლონოსკოპია – სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით მსხვილი ნაწლავის დათვალიერება. ამგვარად მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის მიზეზს ვადგენთ.
. რამდენად ეფექტურია რკინის პრეპარატების მიღება ამ ტიპის ანემიის დროს? რა სახით უნდა მოხდეს პრეპარატის მიღება? რამდენად ეფექტურია რკინადეფიციტური ანემიის დროს რკინით მდიდარი საკვების მიღება?
– რკინადეფიციტური ანემიის სამკურნალოდ რკინის პრეპარატები ინიშნება. უპირატესობა ენიჭება პერორალურ (ტაბლეტირებულ) ფორმას, ვინაიდან ეს არის რკინის მიღების ფიზიოლოგიური ანუ ბუნებრივი გზა. ამასთანავე, დადგენილია, რომ ინექციების (ნემსების) მეშვეობით რკინის მიწოდებისას მისი შემცველობის საგრძნობლად სწრაფი რეგულირება არ ხდება. რკინის პრეპარატების საინექციო ფორმების დანიშვნა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში – კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების დროს – არის მიზანშეწონილი.
რკინით მდიდარი საკვების მიღება სასარგებლოა რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისთვის, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ როცა ანემია ჩამოყალიბებულია, დეფიციტის მხოლოდ და მხოლოდ საკვებით შევსება, რა მდიდარიც უნდა იყოს ის რკინით, შეუძლებელია. ასეთ დროს აუცილებელია რკინის პრეპარატების სათანადო დოზით და  ხანგრძლივობით დანიშვნა.
– როდის აღმოცენდება ვიტამინ B12-დეფიციტური და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიები და როგორ ხდება მათი დიაგნოსტიკა?
. ჩვენს ორგანიზმს სისხლის ნორმალური წარმოქმნისთვის რკინასთან ერთად ვიტამინი B12 და ფოლიუმის მჟავაც სჭირდება. ანემიას ზოგჯერ საკვებში მათი  დეფიციტი იწვევს, ზოგიერთს კი B12-ისა და ფოლიუმის მჟავას შეწოვა ნაწლავთა დაავადების ან კუჭში არსებული ცვლილებების გამო აქვს დარღვეული. ამ პრობლემების შედეგად ვითარდება ანემია, რომელსაც ექიმები მეგალობლასტურს უწოდებენ. ეს სახელწოდება აღნიშნავს, რომ ძვლის ტვინი ანომალიურად დიდი ზომის ერითროციტებს წარმოქმნის. გარდა ანემიისა, ვიტამინ  B12-ის დეფიციტი იწვევს ცხიმოვანი მჟავების ცვლის დარღვევას და ამის შედეგად ზურგის ტვინის უკანა და გვერდითი სვეტების დაზიანებას. ამ ტიპის ანემიის დროს ადამიანს უცივდება კიდურები, უჩნდება კიდურებზე ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ისეთი შეგრძნება, თითქოს სიარულისას ბამბას ან რაიმე რბილ სუბსტანციას აბიჯებენ. შესაძლოა, შარდის შეუკავებლობაც განუვითარდეთ. ამგვარი ჩივილები ვიტამინ B12-დეფიციტური ანემიის მქონე თითქმის ყველა ადამიანს აღენიშნება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს ეს სიმპტომები არ ვითარდება. სხვა სიმპტომებიდან აღსანიშნავია: ენის წვერის წვა, აფთოზური სტომატიტი, ლაკირებული ენა, ფაღარათი, ყაბზობა.
ვიტამინ B12-დეფიციტური და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების დიაგნოსტიკისთვის ტარდება სისხლის საერთო ანალიზი, ძვლის ტვინის მორფოლოგიური გამოკვლევა, სისხლის ბიოქიმიური ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, ხდება სისხლში ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობის განსაზღვრა. ისევე როგორც რკინადეფიციტური ანემიის დროს, ამ შემთხვევაშიც ვატარებთ კვლევებს, რომლებიც  მიზეზის დადგენაში გვეხმარება. რეკომენდებულია მუცლის ღრუს ორგანოებისა და თირკმელების ექოსკოპიური გამოკვლევა, გასტროდუოდენოსკოპია, კოლონოსკოპია, განავლის გამოკვლევა ჰელმინთებზე (ჭიებზე).
. როგორ ტარდება და რამდენად ეფექტურია ვიტამინ B12-დეფიციტური და ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიების მკურნალობა?
– B12-დეფიციტური ანემიის სამკურნალოდ ვიყენებთ ვიტამინ B12-ის საინექციო ფორმას. ამგვარი მკურნალობა სწრაფად იძლევა კარგ შედეგს. ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს ერითროციტების რაოდენობის დარეგულირებამდე პერორალურად ინიშნება ფოლიუმის მჟავა.
. რა თავისებურებები ახასიათებს ჰემოლიზურ და აპლაზიურ ანემიებს?
– ჰემოლიზური ანემია მაშინ ვითარდება, როცა ერითროციტები ამა თუ იმ მიზეზით ისე ინტენსიურად იშლებიან, რომ ძვლის ტვინი მათი მარაგის შევსებას ვეღარ ასწრებს. ერითროციტების ასეთი დაშლის ანუ ჰემოლიზის მიზეზი შეიძლება იყოს თავად ერითროციტების მემბრანის ან ჰემოგლობინის რომელიმე პათოლოგია, აუტოიმუნური დაავადება, ზოგიერთი მედიკამენტი. ჰემოლიზურ ანემიას ხშირად თან სდევს სიყვითლე და ელენთის გადიდება. 
აპლაზიური ანემიის დროს დაქვეითებულია ძვლის ტვინში არა მარტო ერითროციტების, არამედ ლეიკოციტებისა და თრომბოციტების წარმოქმნაც, რაც ძვლის ტვინის ცხიმოვანი გადაგვარების ფონზე უჯრედთა პროდუქციის შემცირებას უკავშირდება. ამ ტიპის ანემიის მიზეზი ხშირად უცნობია, თუმცა არცთუ იშვიათად ის აუტოიმუნური პროცესების, სხივური თერაპიის ან ქიმიოთერაპიის, ტოქსინების ზემოქმედების შედეგია.
. რას ურჩევდით პაციენტებს, რომელთაც ანემია აქვთ?
– დადგენილია, რომ ანემიის ალბათობას რამდენიმე ფაქტორი ზრდის. მათგან აღსანიშნავია ერთფეროვანი, ვეგეტარიანული კვება, ძლიერი ფაღარათით მიმდინარე ნაწლავთა დაავადებები, უხვი მენსტრუაცია, ორსულობა, ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ანემიის ოჯახური ისტორია ანუ ამ პათოლოგიის შემთხვევები სისხლით ნათესავებში. თუ გაქვთ ანემიის სიმპტომები ან მისი აღმოცენების რისკი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა დიაგნოზი დროულად დაისვას და სათანადო მკურნალობა დაინიშნოს. გახსოვდეთ, თუ მიზეზი დადგინდა, ანემიათა უმრავლესობა იკურნება.

ანემიური ასაკი

ანემიას სწორედ ბავშვობაში ვეცნობით. უფრო სწორად, ვაშლისა და რკინის გაპიარების პირველი მცდელობა მშობლებს მაშინ აქვთ, როცა მათი საყვარელი  პაწიები ბაღში დარბიან. ამოცანა, რამდენი ვაშლია საჭირო სისხლნაკლებობის დასამარცხებლად, უკვე არაერთხელ ამოვხსენით: რამდენი ვაშლიც არ უნდა მიირთვას პატარა მსუნაგმა, ანემიას ვერაფერს მოუხერხებს, თუ მასთან ერთად ჩიჩიაც არ სანსლა და მედიკამენტებიც არ მიაშველა.
რკინადეფიციტური ანემია სისხლნაკლებობის მართლაც ყველაზე გავრცელებული ფორმაა, განსაკუთრებით – ბავშვებში, თუმცა პატარებს არც მისი სხვა ფორმები ინდობს.

დაშლილი სისხლი
ჰემოლიზური ანემია მცირე ასაკში იჩენს თავს. ამ პათოლოგიის დროს ერითროციტები დანიშნულ დროზე ადრე იშლება, ხოლო ძვლის ტვინი (სწორედ აქ სინთეზდება სისხლის უჯრედები) მარაგის დროულად შევსებას ვერ ასწრებს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთი მედიკამენტი, ინფექცია, თუმცა პათოლოგიის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი ხშირად იმუნურ სისტემასაც შეაქვს. ანემიის უკვე განხილული ფორმები: ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, თალასემია, სფეროციტოზი, გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტით განპირობებული სისხლნაკლებობა, – სწორედ აუტოიმუნურია.
მსგავსი, მაგრამ გაცილებით მძიმე პათოლოგიური მდგომარეობაა ჰემოლიზური დაავადება, რომელიც ახალშობილებს გამოაჩნდებათ ხოლმე. ამ დროს ერითროციტების დაშლის მიზეზი დედისა და ნაყოფის სისხლის უჯრედებს შორის მიმდინარე ბრძოლაა. უფრო ზუსტად, ჰემოლიზს ორსულისა და ნაყოფის რეზუს-კონფლიქტი (იშვიათად – სისხლის ჯგუფების შეუთავსებლობა) იწვევს.
ჰემოლიზური დაავადება მუცლადყოფნის პერიოდშივე ყალიბდება. ნაყოფის ერითროციტებს მოჭიდებული რეზუს-ფაქტორი დედის სისხლში ხვდება, სადაც იმუნური სისტემა მის როგორც ანტიგენის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ეს ანტირეზუს-ანტისხეულები კი რევანშისთვის ნაყოფის სისხლში იჭრებიან და ერითროციტებს ანადგურებს.
ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადება სამი ძირითადი ნიშნით ვლინდება: წყალმანკით (შეშუპებით), ძლიერი სიყვითლითა და ანემიით. ანემიური ფორმა ყველაზე მსუბუქია.
თუ ძვლის ტვინი საჭიროზე ნაკლები ოდენობის ერითროციტს გამოიმუშავებს, ვითარდება აპლაზიური ანემია. სისხლის წითელი უჯრედების სინთეზში ძვლის ტვინს ხელს უშლის ინფექცია, ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერება, რადიაცია.

ბუნებრივად ცოტ-ცოტა
საშვილოსნოში პაწიას ჟანგბადი უხვად მიეწოდება, განვითარებისთვის რომ ეყოს. ეს მარაგი დაბადებისთანავე არ იწურება – დედიკოს მუცელში დაგროვილი ჟანგბადის მოლეკულები პაწიას 1-2 თვე კიდევ ჰყოფნის. ამ ხნის განმავლობაში არც ჰემოგლობინის წარმოქმნის აუცილებლობა არსებობს, ასე რომ, ახალშობილის სისხლის ანალიზმა შესაძლოა ანემია აჩვენოს. ეს დეფიციტი დროებითია და მალე თავისთავად გამოსწორდება.

თუ პაწია ბუნებრივ კვებაზეა და პირს დედიკოს რძით იტკბარუნებს, 6 თვემდე რკინის მარაგი არ უნდა შემოაკლდეს, ამის შემდეგ კი ამ ელემენტით მდიდარი საკვების მირთმევა მოუწევს. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, იმ ბავშვებს, რომლებიც წლამდე იწყებენ ძროხის რძის სმას, უფრო ხშირად უვლინდებათ რკინადეფიციტური ანემია, ვიდრე იმ პაწიებს, რომლებიც ძროხის რძეს პირველად ერთი წლის შემდეგ უსინჯავენ გემოს. რა მექანიზმით აფერხებს რძე რკინის შეწოვას, უცნობია, მაგრამ შედეგი ეჭვს არ იწვევს.

თინეიჯერული დეფიციტი
რკინადეფიციტური ანემია ყველაზე ხშირად ორგანიზმის აქტიური ზრდის პერიოდში ვითარდება. რატომ, იოლი მისახვედრია: ელემენტის ბალანსი უფრო ნელა ივსება, ვიდრე იხარჯება. უმთავრესად სწორედ ამიტომ ემართება მოზარდთა უმრავლესობას რკინადეფიციტური ანემია, თანაც გოგონებს – 10-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე ვაჟებს. როგორც ჩანს, მენსტრუალური სისხლდენის შედეგად ორგანიზმი ბევრ რკინას კარგავს. ამერიკელებმა ისიც კი გამოთვალეს,  რომ თინეიჯერი გოგონების 75% სათანადოდ არ იკვებება, მაშინ როცა ვაჟების მხოლოდ 17% “შიმშილობს”.
რკინადეფიციტური ანემიის განვითარების ალბათობა იზრდება, როდესაც მოზარდი:
. ხორცს იშვიათად ჭამს ან საერთოდ არ მიირთმევს;
. დიეტას იცავს და მკვეთრად იკლებს წონას;
. არ საუზმობს, არ სადილობს ან არ ვახშმობს;
. უჩივის უხვ მენსტრუაციას;
. ძალიან სწრაფად იზრდება;
. მისდევს სპორტს და ფიზიკურად მეტისმეტად იტვირთება.

რკინის დღიური ნორმა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის

 ასაკი (წლები)  რკინა (მგ)
 4-8  10
 9-13  8
 14-18 11 (ვაჟებისთვის)
15 (გოგონებისთვის).

 

ამერიკაში შეამჩნიეს, რომ ბავშვები, რომლებსაც დაბალი აკადემიური მაჩვენებლები ჰქონდათ (უჭირდათ მასალის ათვისება-დამახსოვრება, მათემატიკური ამოცანების ამოხსნა...), უმეტესად რკინადეფიციტური ანემიის მსხვერპლნი იყვნენ.
  
წლებით მოტანილი პრობლემა
და ისევ კვლევის შედეგები: ასაკთან ერთად ანემიის სიხშირე იზრდება. სისხლნაკლებობას უჩივის 65 წელს გადაცილებულ ამერიკელთა 10-12% და მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადართა ნახევარი.
ასეთ სტატისტიკას რამდენიმე მიზეზი აქვს:
. ასაკთან ერთად ორგანიზმში ქსოვილების რკინით მომარაგება იკლებს. ერთი მხრივ, დაბალი არტერიული წნევის გამო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ხანდაზმულ და მოხუცებულ ასაკში ხშირია დაავადებები, რომლებიც სისხლის კარგვას უკავშირდება, მაგალითად, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სწორი ნაწლავის სიმსივნე, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები. რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას ამ ელემენტით ღარიბი საკვების მიღებაც უწყობს ხელს.
. ქრონიკული ანთებითი დაავადებები, რომლებიც მოხუცებულ ასაკში ხშირდება, მათ შორის – თირკმლის ქრონიკული დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ასევე – სიმსივნე.
რიგ შემთხვევაში (20-35%-ში) მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ დროს ექიმი ასაკოვანთა იდიოპათიური ანემიის დიაგნოზს სვამს.
თითქოს რა უნდა ავნოს ანემიამ მოხუცს იმაზე მეტი, ვიდრე წლები უზამს, მაგრამ რეალურად ასე არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ასაკთან დაკავშირებული პრობლემები სისხლნაკლებობით დაავადებულებში უფრო მძაფრად იჩენს თავს. იმ მოხუცთა 40%-ს, რომლებსაც ჯანმრთელობა საგრძნობლად აქვთ შერყეული, თურმე ანემია აწუხებს. სისხლნაკლებობის ბრალი ყოფილა მოხუცებულთა სიძაბუნეც, დიაბეტის, თირკმლის, გულის პათოლოგიების სიხშირეც.
ასე რომ, გირჩევთ, ასაკის მატებასთან ერთად ანემიის ნიშნებისადმი მეტი ყურადღება გამოიჩინოთ. ნუ იფიქრებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები უთუოდ წლებს მოაქვს. შესაძლოა, ნაწილობრივ ასეც იყოს, მაგრამ წლებთან ერთად თავის შავბნელ საქმეს სისხლნაკლებობაც აკეთებს.


რა შუაშია გენები
დიდი ხანია, სამედიცინო საზოგადოება თავდაჯერებულად აპიარებს მოსაზრებას, რომ ყველა სენი მემკვიდრეობით გადაეცემა. მათ რომ ჰკითხოთ, ბანალური ყურის ტკივილის მიზეზიც კი გენებშია ჩაბუდებული... ასე რომ, ნუ გაიკვირვებთ, თუ ანემიის ფესვებსაც წინაპრებში დავუწყეთ ძებნა.
რეალურად საქმე ასეა: ანემიის ზოგიერთი ფორმა მართლაც გენებში მომხდარი ტრანსფორმაციის შედეგია, რომელიც მშობლისგან შვილს, შვილისგან კი  მომდევნო თაობებს გადაეცემა. შეცვლილი გენების ბრალია, ერითროციტების არასწორი შენება რომ ხდება, სისხლის წითელი უჯრედები საჭიროზე ნაკლები რაოდენობით რომ წარმოიქმნება, ხოლო ახალწარმოქმნილებს დიდი ხნის სიცოცხლე რომ არ უწერიათ.
ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ისეთი პათოლოგიაა, რომლის დროსაც ერითროციტები არა შეზნექილ ბურთს, არამედ მოღუნულ რკინას, ნახევარმთვარეს, ბუმერანგს ან ნამგალს ემსგავსებიან. თუ ჯანმრთელი ერითროციტები 120 დღე ცოცხლობენ, ნამგალა უჯრედები 10-20 დღე თუ ინარჩუნებენ სიცოცხლის უნარს. ამერიკელებმა დაითვალეს და აღმოაჩინეს, რომ ანემიის ეს ფორმა მათ ქვეყანაში 72 000 კაცს ჰქონია.
თალასემიის განვითარებაშიც გენებს ადანაშაულებენ, რომელთა წყალობითაც ჰემოგლობინის ასაშენებლად დეფექტური ცილა სინთეზდება. ამ პრობლემისგან თავის დასაღწევად ექიმები სისხლის გადასხმას ან ძვლის ტვინის გადანერგვას გვირჩევენ.
არსებობს სხვა გენეტიკური ანემიებიც: ფანკონისა, დაიმონდ ბლეკფანისა, შვაცმან დაიმონდისა (ამ უკანასკნელის დროს ძვლის ტვინის სიზარმაცის გამო იზღუდება ერითროციტების წარმოქმნა). ასევე აღსანიშნავია მემკვიდრეობითი სფეროციტოზი, რომლის დროსაც სფერული ფორმის ერითროციტები წარმოიქმნება.
ჰემატოლოგები ვარაუდობენ, ანემიის რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ფორმებიც კი გენურ მუტაციებს უკავშირდებაო. საქმე ის არის, რომ ანემიის ეს ფორმები ხშირად კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებების ფონზე იჩენს თავს – დაზიანებული გასტროინტესტინური ტრაქტიდან ამ ნივთიერებების შეწოვა ჯეროვნად ვერ ხერხდება, კუჭ-ნაწლავის ეს პათოლოგიები კი უმთავრესად გენეტიკური ბუნებისაა.


რაში გვჭირდება რკინა
რკინა არა მარტო ბუნებაში, არამედ ჩვენს ორგანიზმშიც მოიპოვება. არ იფიქროთ, გვამძიმებდეს. პირიქით, როდესაც ეს ელემენტი გვაკლია, სწორედ მაშინ ვგრძნობთ თავს ცუდად. ლოგიკურია: მისი დეფიციტი ორგანიზმს ზიანს რომ არ აყენებდეს, მედიცინის წარმომადგენლები იმის ძიებაში არ იქნებოდნენ, როგორ შეევსოთ ნაკლოვანება.
რკინის დეფიციტი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად მიიჩნევა. თქვენ წარმოიდგინეთ, შეძლებულ სოციალურ ფენაშიც საკმაოდ არის გავრცელებული და თითქმის ყველა ასაკში გვხვდება.
რაც შეეხება საქართველოს, რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა გამოკვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: თუ 1985-90 წლებში რკინადეფიციტური ანემიის ხვედრითი წილი მოზრდილებში მხოლოდ 1,6% იყო, 2000 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 25%-ს მიაღწია. კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა ბავშვებში – 90-იან წლებში ანემიის ეს ფორმა დაუდგინეს ბავშვთა 5,4%-ს, ათი წლის შემდეგ კი რკინადეფიციტური ანემიის წილად 21, 5% მოდის, ესე იგი ყოველი 100 ბავშვიდან 21-ს რკინა აკლია.

სად იმალება
რკინა მხოლოდ ჰემოგლობინში როდია; ეს ელემენტი ორგანიზმში სამ უბანზეა გადანაწილებული: დეპო ორგანოებში ანუ იქ, სადაც მარაგად ინახება (ძვლის ტვინი, ღვიძლი...), სხვა ქსოვილებში და ერითროციტებში. რკინის დეფიციტის დროს ამ ელემენტს პირველად დეპო ორგანოები კარგავს. ამ მდგომარეობას სამედიცინო ლექსიკონში პრელატენტური დეფიციტის სახელით იპოვით. ამის შემდეგ ვითარდება ლატენტური დეფიციტი – რკინის გაცემას იწყებს ქსოვილები: ცენტრალური ნერვული სისტემა, კუნთები, ფერმენტები, თმა, ფრჩხილები, კანი. თუ ამ დროისთვის  ორგანიზმს რკინა ეგზოგენურად (გარედან, საკვებისა და რკინის პრეპარატების მეშვეობით) არ მივაწოდეთ, ყალიბდება რკინის აშკარა დეფიციტი ანუ რკინადეფიციტური ანემია.
ცნება რკინადეფიციტური მდგომარეობა რკინის ლატენტური დეფიციტისა და რკინადეფიციტური ანემიის ერთობლიობას გულისხმობს. რკინის ლატენტურ დეფიციტზე მაშინ ვსაუბრობთ, როცა ჰემოგლობინისა და ერითროციტების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია, მაგრამ რკინის ქსოვილოვანი დეფიციტის მოვლენები უკვე აშკარაა.


არის თუ არა ვაშლში რკინა
ნამდვილად არის, თანაც ასგრამიანი ვაშლი 2,5 მგ რკინას შეიცავს. ცუდი ის არის, რომ ორგანიზმი აქედან მხოლოდ 3%-ს ითვისებს, რაც, თავისთავად ცხადია, დეფიციტს ვერ შეავსებს, ამიტომ ანემიისგან განსაკურნებლად მიზნით ბავშვებს რამდენი ვაშლის, ჭარხლისა თუ ბროწეულის წვენიც არ უნდა ვასვათ, ჩვენი ძალისხმევა ამაო იქნება. თუმცა მცენარეული საკვები მაინც სასარგებლოა: იგი ორგანიზმს აწვდის ვიტამინებს, რომლებიც რკინის შეწოვას აუმჯობესებს.


ვერკინებით პრობლემას
რკინადეფიციტური ანემიის დროს უწინარესად ანემიის მიზეზი უნდა დავადგინოთ. ამის შემდეგ ექიმი დაგვინიშნავს რკინის პრეპარატებსა და ვიტამინებს.
დაიხსომეთ:
. რკინადეფიციტური ანემიის დროს დაუშვებელია B12 ვიტამინის მიღება, რადგან იგი საგრძნობლად აფერხებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას. 
. მართალია, მკურნალობის შემთხვევაში ჰემოგლობინის დონე მალევე უბრუნდება ნორმას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანემია განკურნებულია. თერაპია კიდევ რამდენიმე (დაახლოებით 4-5) თვე უნდა გაგრძელდეს. სხვაგვარად ანემია ისევ განვითარდება.
. მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აუცილებელია კვების კორექცია. ბავშვის მენიუ რკინით მდიდარი და ამავდროულად იოლად ასათვისებელი უნდა იყოს.
გაითვალისწინეთ, რომ:
. რკინის შეწოვას აქვეითებს: ანტაციდები, ენტეროსორბენტები, კარბონატები,  ლევომიცეტინი, ფიტინი, ტეტრაციკლინი, ოქსალატები, რძე, უჯრედისი, ცხიმები, კალციუმის მარილები, ჩაის ტანინი, კვერცხის ცილა.
. ხელს უწყობს: ფრუქტოზა, სორბიტი, ქარვის მჟავა, C ვიტამინი,  ალკოჰოლი, ღვინისა და ვაშლის ძმარი, ლიმონმჟავა, ამინომჟავები ჰისტიდინი, ლიზინი და ცისტეინი, ფორთოხლის წვენი.

გაპარული ვიტამინები

სასიცოცხლო ამინების დეფიციტი ჯანმრთელობისთვის მთლად სასარგებლო რომ არ არის, ყველამ ვიცით, მაგრამ ზოგიერთი ვიტამინის ნაკლოვანება რომ ანემიას იწვევს, ნაკლებად ცნობილი ფაქტია. ნაკლებად ცნობილი, თუმცა საკმაოდ ჯიუტი! სისხლნაკლებობის მიზეზი ყველაზე ხშირად ფოლიუმის მჟავა და ვიტამინი B12-ია, უფრო იშვიათად – C ვიტამინი.

სად ქრება B9
ფოლიუმის მჟავას მედიცინის სფეროს წარმომადგენლები კოდური სახელწოდებით “B9” იცნობენ. ეს ის ვიტამინია, რომლის დეფიციტიც ანემიას და სხვა პათოლოგიურ პროცესებს იწვევს. როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, ფოლიუმის მჟავა ჰაერივით სჭირდება ორსულს, რადგან უჯრედების, ყველაზე აქტიურად კი ნერვული ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. მისი წყალობით წარმოიქმნება პლაცენტა, ივსება ცილოვანი ბალანსი... ფოლიუმის მჟავა ქალს ყველაზე მეტად ორსულობის დასაწყისში სჭირდება, თუმცა პირველ კვირებში უმრავლესობამ არც კი იცის, რომ მალე დედა გახდება. საზოგადოდ კი სასურველია, ვიტამინის მარაგი, რომლის ხარჯვასაც პაწაწინა მალე აქტიურად დაიწყებს, დაორსულებამდე შეივსოს. “ფოლიუმის მჟავას მიღება აუცილებელია ყველა ქალისთვის, ვინც ორსულობას გეგმავს!” – ასეთი მოწოდებებით არის აჭრელებული აშშ-ისა და ევროპის ყველა ულტრათანამედროვე დონის კლინიკის კედლები. ამერიკელ დიაცებს ნურც თქვენ ჩამორჩებით – თუ დაორსულებას აპირებთ, გირჩევთ, B9-ს მიღება წინასწარ დაიწყოთ. თუ ვერ მოასწარით, ორსულობის პირველი სამი თვის მანძილზე მაინც აუცილებლად სვით.
პრეპარატის დოზას ექიმი ინდივიდუალურად არჩევს. საშუალო ოდენობა 400 მკგ-ია. თუ დაორსულებამდე დიდხანს სვამდით ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, შესაძლოა, ფოლიუმის მჟავას უფრო დიდი დოზით მიღება მოგიხდეთ.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფოლიუმის მჟავის ათვისებას ხელს უშლის: ნაწლავური პრობლემები, ალკოჰოლი, ანტიეპილეფსიური მოქმედების პრეპარატები.
რაც მთავარია, დოზის გადაჭარბებისა ნუ შეგეშინდებათ – უმჯობესია, ცოტა მეტი მიიღოთ, ვიდრე დაგაკლდეთ.
ფოლიუმის მჟავას უხვად შეიცავს მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული (ამიტომაც უწოდებენ B9-ს “მწვანე ვიტამინს”). ამ ვიტამინით ასევე მდიდარია ქათმისა და საქონლის ღვიძლი, პარკოსნები და დაცეხვილი ხორბლის პური.

რატომ მიჰყვება B12?
B12-ის დეფიციტიც ანემიის წინაპირობაა. ამ ნივთიერებას კობალტის შემცველობის გამო კობალამინს უწოდებენ, ხოლო მისი დეფიციტით განპირობებულ ანემიას – პერნიციოზულს (ეს სიტყვა “მომაკვდინებელს” ნიშნავს. როგორც ჩანს, ამ სახის ანემიასთან გამკლავება წინათ შეუძლებლად მიაჩნდათ).
B12-დეფიციტურ ანემიას მიზეზი მრავლად აქვს, ამიტომ კონკრეტული დამნაშავის მიგნება ძნელია, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ პრობლემებს, სახელდობრ, წვრილ ნაწლავში მისი შეწოვის შეფერხებას ადანაშაულებენ. ამაში, თავის მხრივ, ბრალი მიუძღვის ნაწლავურ  დაავადებებს (ცელიაკიას, კრონის დაავადებას), ნაწლავის სანათურში ჩაბუდებულ სოლიტერს, რომელიც საკვებთან ერთად ვიტამინებსაც შთანთქავს. გარდა ამისა, ნაწლავებში არის ცილოვანი ნივთიერება, ე. წ. შინაგანი ფაქტორი, რომელიც ნაწლავთა სანათურიდან სისხლში B12-ის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. პერნიციოზულ ანემიას ამ ცილის დეფიციტიც განაპირობებს.
B12 ვიტამინდეფიციტური ანემიის მსხვერპლნი არიან მალაბსორბციით (ქრონიკული პათოლოგიით გამოწვეული კვების დეფიციტი), ატროფიული გასტრიტით დაავადებულები, კუჭ-ნაწლავის ოპერაციაგადატანილები, ვეგეტარიანელები (B12 ცხოველურ საკვებშია), ორსულები და მეძუძურები, რომლებიც იშვიათად იღებენ კობალამინის შემცველ საკვებს.
B12 ვიტამინი ყველაზე მეტია საქონლის ხორცში, თევზში, კვერცხში, რძესა და რძის ნაწარმში. ზოგიერთ პროდუქტს, მაგალითად, შვრიის ბურბუშელას, ამ ვიტამინით საგანგებოდ ამდიდრებენ.
ამ ვიტამინის დღიური ნორმა 2,4 მკგ-ია. დეფიციტის შემთხვევაში კეთდება კობალამინის ინექციები.

ამბობენ, C-ს ბრალიც არისო
სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებაში ასკორბინის მჟავა მონაწილეობს. გარდა ამისა, ის ორგანიზმს რკინას ათვისებაშიც ეხმარება. ამდენად, C ვიტამინის დეფიციტიც შეიძლება ანემიის ერთ-ერთ მიზეზად მივიჩნიოთ.
ასკორბინის მჟავის დეფიციტი უმთავრესად მაშინ იჩენს თავს, როდესაც ადამიანი C ვიტამინით ღარიბ საკვებს მიირთმევს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სიგარეტის მოწევა ამ ვიტამინის შეწოვას საგრძნობლად აქვეითებს.
ასე რომ, შეიმუშავეთ სტრატეგია: მიიღეთ დღის განმავლობაში 75-დან 90-მდე მილიგრამი C ვიტამინი, მიირთვით ასკორბინის მჟავათი მდიდარი საკვები (ციტრუსი, პომიდორი, წიწაკა, ბროკოლი) და თავი დაანებეთ მოწევას.

გააზიარე: