XXL პრობლემა

გააზიარე:

ჭარბი წონა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ არის. ის ჯანმრთელობის დარღვევაა, რომელიც ისევე მოითხოვს მკურნალობას, როგორც ნებისმიერი სხვა დაავადება. მით უმეტეს, რომ ჭარბი წონის მქონე ორგანიზმში მრავალი პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს და მრავალი ორგანო ზიანდება. სიმსუქნე, როგორც სოციალური პრობლემა, ბრიტანელებს ყოველწლიურად 13 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უჯდებათ, ამერიკელებს – 70 მილიარდი დოლარი. განვითარებულ ქვეყნებში ყოველი მესამე ადამიანის წონა აღემატება დასაშვებ ზღვარს. ქართველები ამ მაჩვენებლით მოწინავე ქვეყნებს ნამდვილად არ ჩამოვუვარდებით.


საქმე მხოლოდ გარეგნობას და სილამაზის სტანდარტებს როდი ეხება – ექიმებმა უამრავი საბუთი მოიპოვეს და უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ, რომ ჭარბი წონა საშიშ სნეულებებს უკავშირდება: არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, ნაღველკენჭოვან დაავადებას, ონკოლოგიურ პათოლოგიებს… ციფრები გაინტერესებთ? გაცხიმოვნებით დაავადებულთა ნახევარს წნევა მომატებული აქვს, გამხდრებში კი ეს მაჩვენებელი ოდნავ თუ აჭარბებს 10%-ს; ჩათქვირებულთა 65%-ს ქოლესტერინის დონე საგრძნობლად აქვს მომატებული და, შესაბამისად, სისხლძარღვებიც – დაზიანებული. შედეგად მიოკარდიუმის ინფარქტიც 4-5-ჯერ უფრო ხშირად ემართებათ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ  ზოგიერთი კომპანია ყოველთვიურ შენატანს ჯანმრთელობის დაზღვევისთვის ცხიმის ინდექსის მიხედვით აწესებს. ვერც გავამტყუნებთ – ინფარქტებისა და ინსულტების ძვირად ღირებული მკურნალობის ასანაზღაურებლად ფულის ფანტვა, ბუნებრივია, არ სიამოვნებთ.


შაქრიანი დიაბეტი საშიში დაავადება, რომელიც მძიმე გართულებებს იწვევს: თირკმლის დაზიანებას მის სრულ უკმარისობამდე, მხედველობის დაკარგვას, ქვედა კიდურების განგრენას, იმავე ინფარქტებსა და ინსულტებს… და აი, თუ დიაბეტმა 35 წლის შემდეგ იჩინა თავი, ათიდან რვა შემთხვევაში მსხვერპლი სიმსუქნესაც უჩივის. მეტიც: მონაცემების მიხედვით, ნორმალური წონა რომ ჰქონოდა, დაავადება არც კი დაემართებოდა.
დიაბეტის შემთხვევათა 90% ტიპ 2-ს (ინსულინდამოუკიდებელ ფორმას) მიეკუთვნება და მათი განვითარების ძირითად მიზეზად ჭარბი წონა ან სიმსუქნეა მიჩნეული. წინათ ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 40-45 წლის შემდეგ დიაგნოსტირდებოდა, დღეს კი დიაგნოზს უკვე 11-19 წლის მოზარდებსაც უსვამენ. ამავე დროს, უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ფიზიკური აქტივობითა და დიეტით ამ ტიპის დიაბეტის თავიდან აცილება ან გადავადება შესაძლებელია.


ძალიან მსუქან ქალებს ხშირად გინეკოლოგიური პრობლემებიც აწუხებთ: ციკლის დარღვევა, სისხლდენა მენსტრუაციებს შორის, უნაყოფობა. ზოგჯერ ამას სახისა და სხეულის ჭარბთმიანობაც ემატება. ენდოკრინოლოგთა აზრით, მიზეზი სასქესო ჰორმონების ცვლაში ცხიმოვანი ქსოვილის ჩართვაა. ეს კი მამაკაცური ჰორმონების შედარებით სიჭარბეს იწვევს (შეგახსენებთ – მცირე რაოდენობით მათ ქალის ორგანიზმიც გამოიმუშავებს). მამაკაცებთან სიმსუქნე სხვა პრობლემებს უდებს სათავეს – მამაკაცური ჰორმონების რაოდენობა, პირიქით, მცირდება, ეს კი სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის დაქვეითებას, ზოგჯერ კი სარძევე ჯირკვლების გადიდებასაც იწვევს.


ტანსრული ადამიანების ხერხემალს უფრო დიდი ტვირთი აწევს. შედეგად მალათაშუა დისკები გადაგვარებას უფრო ხშირად განიცდის და ნერვთა მოჭყლეტის გამო აუტანელი ტკივილებიც უფრო ხშირია.
ჭარბწონიანებს ონკოლოგიური დაავადებებიც უფრო ხშირად ემართებათ. მსხვილი ნაწლავის, თირკმლის, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის კიბო ქალური ორგანოების სიმსივნეები გამხდრებთან გაცილებით იშვიათია.
სტატისტიკა მოწმობს, რომ მსუქნები უფრო ადრე ბერდებიან და ნაკლებს ცოცხლობენ. გამოთვლილია, რომ II ხარისხის სიმსუქნის დროს  სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 წლით ნაკლებია, ვიდრე ნორმალური წონის დროს, III ხარისხის სიმსუქნისას (როცა წონა ნორმას 50%-ზე მეტით აღემატება) კი – საშუალოდ 10-15 წლით.


ასე რომ, მედიცინის მუშაკთა აზრით, კარგი იქნება თუ იდეალურთან მიახლოებულ წონას შევინარჩუნებთ. მაშინ მეტსაც ვიცოცხლებთ, სისხლძარღვებიც წესრიგში გვექნება და აღარც მაღალი წნევა შეგვაწუხებს.
ვითვლით კილოგრამებს ნორმასთან წონის შესატყვისობის დასადგენი ყველაზე მოდური ფორმულა სხეულის მასის ინდექსის – Body Mass Index (BMI) – გამოსათვლელი ფორმულაა. ის არც ისე რთულია: სხეულის წონა, აღებული კილოგრამებში, იყოფა სანტიმეტრებში აღებული სიმაღლის კვადრატზე. აი, ნორმის განსაზღვრა ცოტა ძნელია, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რიცხვია მიღებული. უმეტესად ის 24,9-ს უდრის, თუმცა ფრანგი მიშელ მონტიაკი სილამაზეს, როგორც ჩანს, უფრო მკაცრად აფასებს – მიიჩნევს, რომ BMI არ უნდა აღემატებოდეს 23-ს. 24-დან 29-მდე ინდექსი ჭარბ წონაზე მეტყველებს, ხოლო თუ ის 30-ს ასცდა, მსუქანი ყოფილხართ. ამერიკელების დემოკრატიულობა კი BMI-ს ნორმებთან მიმართებითაც გამოჩნდა. მათი აზრით, თუ ეს რიცხვი 30-ზე მეტია, საკმარისია, დიეტა დაიცვათ და ივარჯიშოთ; 30-დან 40-მდე მკაცრი დიეტა არამცთუ სასურველი, აუცილებელიც კია, ხოლო თუ მაჩვენებელი 40-ს აჭარბებს, ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. ამერიკული სტანდარტები ტანსაცმლის შერჩევის დროსაც დაგაბნევთ: თუ ფრანგული M (Medium), ანუ საშუალო ზომა მშვენივრად გადგათ ტანზე, ამერიკულ M-ში შეიძლება “ჩაძვრეთ”.


ბარბარა ელდშტეინის აზრით
ცოტაოდენი არითმეტიკა და წონის გამოსათვლელი კიდევ ერთი ფორმულა, რომელსაც ბარბარა ედელშტეინი გვთავაზობს, ათვისებული გვექნება. თავდაპირველად ვიღებთ წონას, რომელიც ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პირობებში გვექნებოდა: 45 კგ+1 კგ 150 სმ-ს აცდენილ ყოველ სანტიმეტრზე+0,5 კგ 25 წელს გადაცილებულ ყოველ წელიწადზე, ოღონდ არა უმეტეს 7 კგ-ისა. თუმცა ეს ყველაფერი როდია: თუ თქვენი წონა 90-ს აჭარბებს, კიდევ 4-7 კგ-ის მიმატება მოგიწევთ, ხოლო თუ 100 კგ-ს ასცდით – კიდევ რამდენიმე კილოგრამისა.
მოდი, ყოველივე ეს ერთ მაგალითზე განვიხილოთ.
50 წლის და 158 სმ სიმაღლის ქალბატონისთვის, რომელიც 92 კგ-ს იწონის, ფორმულა ასე წარმოგვიდგება: 45 კგ+1 კგX(158 სმ-150 სმ)+7 კგ+7 კგ=67 კგ. შედეგად მივიღეთ ნორმალური წონა ხსენებული ასაკისა და სიმაღლის ქალისთვის, რომელსაც, როგორც ჩანს, ჭარბი წონა აწუხებს.

ცხიმის თვლაც საჭიროა
წონა ცხიმის ოდენობაზეც ყოფილა დამოკიდებული. ქალის ორგანიზმში ცხიმის პროცენტული შემცველობა უნდა იყოს არანაკლებ 18-ისა და არა უმეტეს 25-ისა. მამაკაცებს ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი აქვთ: 12-დან 18-მდე. სპეციალისტთა აზრით, იდეალური წონის მქონე ქალის ორგანიზმში ცხიმი სხეულის მასის 22%-ს შეადგენს.
ცხიმის შემცველობის განსაზღვრა შინაურ პირობებში შეუძლებელია, თუმცა მრავალ სამედიცინო ცენტრში თქვენთვის სასურველ სერვისს უთუოდ შემოგთავაზებენ და სულ მილიგრამებში აგიწონიან ავად სახსენებელ ცხიმოვან მასას.
თუ სპეციალურმა აპარატურამ დაადგინა, რომ ჭარბი ცხიმის მფლობელი ბრძანდებით, გულს ნუ გაიტეხთ. რაციონალურად შედგენილი დიეტის წყალობით (ცილები – 20%, ცხიმები – 30%, ნახშირწყლები – 50%) მაჩვენებელი მალე მიუახლოვდება სასურველ რიცხვს.

ცელულიტი, ლიპოსაქცია და ზედმეტი კილოგრამები
ბევრი ლიპოსაქციას წონის დაკლებისა და ცელულიტთან ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს. სინამდვილეში ლიპოსაქციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სხეულის ფორმის კორექციაა. ეს ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს სხეულის ყველა იმ უბანზე, სადაც ცხიმი გროვდება: ბარძაყზე, მუცელზე, ნიკაპზე, ზედა კიდურებზე, ზურგზე...  
თავად ცელულიტის ფენომენი სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი, თუმცა უდავოა, რომ მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგ ფაქტორებს: ჰორმონულ ცვლილებებს, მემკვიდრეობას, არასწორ კვებას, სქესს, ეთნიკურ თავისებურებებს, ცხოვრების წესს. მრავალი მკვლევარი ცელულიტს XXI საუკუნის ფენომენად მიიჩნევს და ფიზიკური აქტივობის მკვეთრ შეზღუდვას უკავშირებს. თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა ცელულიტის კავშირი არა მხოლოდ ჰიპოდინამიასთან და, საზოგადოდ, არაჯანსაღ ცხოვრების წესთან, არამედ სტრესთანაც, რომელიც ჰორმონული დისბალანსის ერთ-ერთი მიზეზია.
ცელულიტი პრაქტიკულად არ ემართებათ მოქმედ სპორტსმენებს. აქედან გამომდინარე, ძნელი მისახვედრი არ არის, რამდენად ეფექტურია აქტიური სპორტული ცხოვრება ცელულიტთან ბრძოლისას. ეს არ გულისხმობს მხოლოდ პროფესიულ სპორტს; სწორად შერჩეული ფიზიკური სავარჯიშოები, ფიზიოთერაპევტის, რეაბილიტოლოგის მიერ განსაზღვრული სხეულის სამიზნე ადგილების გააქტიურება მასაჟთან კომპლექსში ცელულიტის საწინააღმდეგო შეუცვლელი იარაღია.


ჰორმონების ბრალია?
ჰორმონული დისბალანსი ჭარბი წონის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, თავად დისბალანსის მიზეზი კი შესაძლოა საკვერცხეების პოლიკისტოზი იყოს. სტატისტიკა მოწმობს, რომ პოლიკისტოზის შემთხვევათა 40%-ს თან ახლავს სიმსუქნე, რომელიც სხვა პათოლოგიურ პროცესებთან არის შერწყმული.


რა დაასკვნეს შტეინმა და ლევენტალმა
საკვერცხეების პოლიკისტოზს შტეინ-ლევენტალის სინდრომი ეწოდება. 60 წლის წინ ამ ორმა მეცნიერმა აღწერა ტრიადა – სამი სიმპტომის ერთობლიობა, რომელიც ჭარბი წონით, ანდროგენული (მამაკაცური) ტიპის ჭარბთმიანობითა და უშვილობის გამომწვევი ამენორეით (ციკლის დარღვევით) გამოიხატებოდა. ეს ყველაფერი ერთვოდა დიდი ზომის საკვერცხეებს, რომლებიც სქელი გარსით იყო დაფარული და შიგნით მრავალი კისტა ჰქონდა. იმ დროს არ არსებობდა არც ექოსკოპია, არც დახვეწილი ლაბორატორიული კვლევები, ამიტომ დიაგნოზს სადიაგნოსტიკო მუცელკვეთის – ლაპაროტომიის – მეშვეობით სვამდნენ.დროთა განმავლობაში დიაგნოსტიკა დაიხვეწა, შტეინ-ლევენტალის სინდრომის კვლევაში ჩაერთო თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები და ექოსკოპია.
საკვერცხეების პოლიკისტოზის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით ყველა ჰიპოთეზად რჩება. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ პათოლოგია განპირობებულია არა ერთი ფაქტორით, არამედ ფაქტორთა ვარიაციული ნაკრებით. სხვადასხვაგვარია მისი სიმპტომების კომბინაციაც. იშვიათია კლასიკური შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე პაციენტს ყველა სიმპტომი აღენიშნება.
***
ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის საკვერცხე ჯეროვნად ემზადება: გამოზრდის კვერცხუჯრედებს, მოამწიფებს, მერე ფოლიკული გასკდება და მიკროსკოპული უჯრედი მზად არის მეორე ნახევართან შესახვედრად. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება. ამ პროცესს ხშირად უშლის ხელს შტეინ-ლევენტალის სინდრომი, მარტივად – პოლიკისტოზი, ზოგჯერ კი – საკვერცხის სხვა სახის კისტებიც.


მრავალსიმპტომურობა
დაავადების სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად (ათიდან შვიდ შემთხვევაში) ჭარბთმიანობა გვხვდება. დაავადებულთა დაახლოებით 40%-ს ჭარბი წონა აღენიშნება, 40-50%-ს კი – ციკლის დარღვევა და უშვილობა. ციკლის დარღვევა გულისხმობს სპანიომენორეას – ძალზე იშვიათ მენსტრუაციას, რომელიც ორ-სამ თვეში ერთხელ აღირიცხება – ან ამენორეას – მენსტრუაციის არარსებობას. ეს, ბუნებრივია, უშვილობას იწვევს, ვინაიდან საქმე გვაქვს ანოვულაციასთან – მდგომარეობასთან, როდესაც კვერცხუჯრედი საკვერცხის გარსიდან ვერ გამოდის. საინტერესოა, რომ ჭარბი წონის პრობლემები უკავშირდება შტეინ-ლევენტალის სინდრომის კიდევ ერთ სიმპტომს, რომელიც ლაბორატორიულად ვლინდება. ეს გახლავთ ინსულინრეზისტენტობა.


მიზეზის ძიებაში
შტეინ-ლევენტალის სინდრომის თანამედროვე დიაგნოსტიკა შემდეგნაირად ხდება: უპირველეს ყოვლისა, ექიმი მოისმენს პაციენტის ჩივილს, თვალით და გასინჯვით შეაფასებს მის მდგომარეობას; თუ სიმპტომების ანალიზმა ამ პათოლოგიის არსებობა აფიქრებინა, პაციენტს ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნის. ჰორმონული კვლევები შტეინ-ლევენტალის სინდრომის დიაგნოსტიკის საფუძველია. მათი მეშვეობით განისაზღვრება, როგორია საკვერცხეების დაზიანების დონე, რამდენად არის გამოხატული სინდრომი, აღინიშნება თუ არა ანდროგენიზაცია, ნამდვილად შტეინ-ლევენტალის სინდრომთან გვაქვს საქმე თუ სხვა, მსგავს პათოლოგიასთან, ხოლო მეორეული შტეინ-ლევენტალის სინდრომის შემთხვევაში ადგენენ მის პირველად მიზეზს. ეს შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევები, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემაში ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და საკვერცხის სიმსივნეები, რომლებიც ანდროგენების გამომუშავებას და პაციენტის ვირილიზაციას იწვევს. დიაგნოსტიკის მესამე საშუალებაა ექოსკოპია, რომელიც გვაჩვენებს საკვერცხეების სტრუქტურას, საშვილოსნოს მდგომარეობას და სხვ.
პოლიკისტოზი სხვა კისტებისგან ექოსკოპიურადაც განსხვავდება: ამ დროს საკვერცხეში არის მრავალი პატარა კისტა, რომელთა დიამეტრი ერთ სანტიმეტრს არ აღემატება; საკვერცხის პარენქიმის ნორმალური ქსოვილი ჩანაცვლებულია კისტების კრებულით, რომლებიც, თავის მხრივ, გაუმსკდარ ფოლიკულებს წარმოადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში კისტა ფუნქციურია. ასეთია ყვითელი სხეულის კისტა, ენდომეტრიომა, ცისტადენომა და მრავალი სხვა.
როდესაც კისტების დიფერენციაციაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ყურადსაღები. უპირველეს ყოვლისა, უნდა განვასხვაოთ ფუნქციური კისტა, რომელიც კეთილთვისებიანია და ოპერაციულ ჩარევას არ მოითხოვს. ის რამდენიმე ხანში თავისთავად ან ხანმოკლე მკურნალობის შედეგად განიწოვება. ასეთ კისტას აკვირდებიან, სამი თვის შემდეგ ექოსკოპიას იმეორებენ და ადგენენ, გაიწოვა თუ არა ის თავისთავად.
ზოგ შემთხვევაში კისტა მასში წარმოქმნილი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდის შედეგია, ამიტომ მომდევნო საკითხი წარმონაქმნის ბუნების დადგენაა – უნდა გაირკვეს, არის თუ არა იგი პოტენციურად ავთვისებიანი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა იგი პაციენტს, მისი დატოვება, რაღა თქმა უნდა, დაუშვებელია. დასასრულ, განისაზღვრება, ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხე – ხომ არ გამოიწვევს მისი დატოვება კისტის რეციდივს, მის მოთესვას და ა.შ.


დიეტა, ჰორმონები და...
პოლიკისტოზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. დიეტოლოგია შანსს აძლევს პაციენტს, ციკლიც მოუწესრიგდეს და შვილოსნობის უნარიც დაუბრუნდეს. დიეტა მიმართულია წონის კლებისკენ. პროგრამა-მინიმუმი სხეულის მასის 15%-ის მოცილებაა (ეს იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც შტეინ-ლევენტალის სინდრომი ჭარბი წონითაც არის გამოხატული). თუ პაციენტს ანდროგენები მომატებული არ აქვს, ჰორმონული ბალანსის აღსადგენად პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატს უნიშნავენ. ჰორმონული ბალანსის აღდგენა ციკლისა და ოვულაციის აღდგენასაც განაპირობებს. ანდროგენების სიჭარბისას, რაც ჭარბი, მამაკაცური ტიპის თმიანობითა და სხვა ნიშნებით ვლინდება, ინიშნება მათი დონის დამაქვეითებელი პრეპარატები. განსაკურნებლად ზოგჯერ დეზანდროგენიზაციაც საკმარისია. XX საუკუნის 90-იან წლებამდე მეტად პოპულარული იყო საკვერცხის სოლისებრი ამოკვეთა. სხვათა შორის, ეს მეთოდი შედეგიანიც გახლდათ – პაციენტთა 65-70% იკურნებოდა, ციკლი აღდგებოდა (მართალია, დროებით, მაგრამ მაინც) და ქალს შვილოსნობის უნარი უბრუნდებოდა. თუმცა ამ ოპერაციას ნაკლიც ჰქონდა: ჯერ ერთი, მუცელკვეთით ტარდებოდა, მეორე – იწვევდა საკვერცხესთან ნაწლავების ძლიერ შეხორცებას. როგორც ითქვა, შტეინ-ლევენტალის სინდრომის დროს გასქელებულია საკვერცხის გარსი და ამიტომ არის, რომ ფოლიკული ოვულაციას ვერ ახერხებს. ლაპაროსკოპიის დროს ტარდება ელექტროკაუტერიზაცია – საკვერცხის გარსს ელექტროდით ჩხვლეტენ (კეთდება ოცამდე ნაჩვრეტი). დარღვეული გარსი აღარ ხორცდება და საკვერცხეს მუშაობის, ოვულაციის აღდგენის საშუალებას აძლევს.


კალორიული ისტერიკა
ეს ყველაფერი XX საუკუნეში დაიწყო, თუმცა თავად ტერმინ “კალორიას” გაცილებით დიდი ხნის ისტორია აქვს – ასე აღნიშნავდნენ XIX საუკუნეში იმ სითბური ენერგიის ერთეულს, რომელიც ძრავებს ამუშავებდა. საკვებს ეს სიტყვა 1890 წელს დაუკავშირეს და პროდუქტის კვებითი ღირებულების დასახასიათებლადაც დაიწყეს მისი გამოყენება. საყოველთაოდ მიღებული განმარტებით, ერთი კალორია სითბური ენერგიის ის ნაწილია, რომელიც ერთი გრამი წყლის ერთი გრადუსით შეთბობის საშუალებას იძლევა. კონცეფციის თვალსაჩინოებისთვის მეცნიერებმა ცდა საკვებზე ჩაატარეს – სენდვიჩს ცეცხლი წაუკიდეს და დააკვირდნენ, რამდენად შეთბობდა წარმოქმნილი ალი წყალს. ამ უჩვეულო ცდას ძალზე ბანალური დასკვნა მოჰყვა: რაც მეტად ათბობს ალმოდებული საკვები წყალს, მით მეტ კალორიას შეიცავს იგი. ეტიკეტზე მითითებული კალორაჟი კი სითბოს ის ოდენობაა, რომელიც ერთი კილოგრამი წყლის ერთი გრადუსით გათბობისას იხარჯება.
დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ჩვენი სათუთი ორგანიზმისთვის ენერგიის ძირითადი წყარო ცხიმები, ცილები და ნახშირწყლებია, თუმცა მათ ათვისებას სხვადასხვაგვარი ძალისხმევა სჭირდება. მაგალითად, ნახშირწყლების 100 კალორიიდან საკვების ასათვისებლად მხოლოდ 5-10 იხარჯება, ცხიმები – კიდევ უფრო ნაკლები. აი, ცილები კი ამ შეჯიბრებაში ნამდვილი ჩემპიონები არიან: ყოველ 100-იდან ცილის მოსანელებლად იხარჯება 20-30 კალორია. ასე რომ, იმავე ბუკოვსკის რჩევით, თუ წონის დაკლება გადაწყვიტეთ, ჯობს, რაციონი ცილით გაიმდიდროთ. რამდენიც არ უნდა ვეცადოთ, მისაღები კალორიების გამოთვლა მაინც გაგვიჭირდება, რადგან, როგორც ითქვა, ორგანიზმი საკვებში შემავალ კალორიებს მთლიანად არ ითვისებს. ათვისების პროცესი უმთავრესად წვრილ ნაწლავში მიმდინარეობს, თუმცა საკვები ნივთიერებების დაახლოებით 10% ხელუხლებელი რჩება და აუთვისებლად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ცხიმები იოლად იწოვება ნაწლავის კედელში, ცილების ათვისება კი მათ სახეობაზეა დამოკიდებული: ცხოველური უფრო იოლად იწოვება, ვიდრე მცენარეული. კიდევ უფრო რთულად არის საქმე ნახშირწყლებთან: მარტივ შაქრებს, მაგალითად, გლუკოზას, ორგანიზმი მარტივად ითვისებს; მცენარეულ პროდუქტებში შემავალი ნახშირწყლები რთული შენებისაა და სხვა კალორიების ათვისების დაბლოკვის უნარიც შესწევს. მაგალითად, თუ დღის განმავლობაში 60 გ ბოჭკოს მიიღებთ, იოლად დაკარგავთ იმ 20 კალორიას, რომლებსაც სხვა, ბოჭკოთი ღარიბ დღეებში ითვისებდით.


ტრედმილზე რბენა სამართლიანად ასოცირდება კალორიების წვასთან, მაგრამ დღედაღამ მოვარჯიშე მამაკაცებისთვის ერთი ინფორმაცია გვაქვს: რამდენიც არ უნდა ივარჯიშოთ, დღიური კალორიების 30%-ზე მეტს ვერ დაწვავთ. ენერგიის მეტი წილი კი იმ პროცესებზე იხარჯება, აზრადაც რომ არ მოგივიდოდათ: ქსოვილთა რეგენერაციაზე (ძველის ახლით ჩანაცვლებაზე), ჟანგბადის ტრანსპორტირებაზე და ა.შ. ეს პროცესები თავისთავად მიმდინარეობს და უფრო მეტად აქტიურდება, მაგალითად, წვერის პარსვისას გაკაწრული კანის შეხორცების დროს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წონის დასაკლებად მამაკაცმა მთელი ტანი დაიდაღოს, მაგრამ ფაქტია – ერთი ციცქნა ჭრილობის შეხორცებისას სხეულის ყოველ ნახევარ კილოგრამზე 10 კალორია იწვება.


მამაკაცის ღირსების საქმე
ჭარბი წონა ყველას შეიძლება დაემუქროს. არავინ იცის, როდის ან რა ადგილას დაიწყებს ცხიმი ჩალაგებას, თუმცა გარშემო მყოფებზე დაკვირვება მეტ-ნაკლებად მაინც მიგვახვედრებს,  სად უნდა ველოდეთ ასეთი კერის გაჩენას. მამაკაცებისთვის “სიმსუქნის კერა” უმეტესად მუცელია. ჭამა-სმის მოყვარულ მამაკაცებს მოზრდილი ღიპი ლამის ღირსებადაც კი მიაჩნიათ. ზოგიერთ ქვეყანაში მას ლუდის მუცელს ეძახიან, თუმცა ვერ ვიტყვით, თითქოს მხოლოდ ლუდში იყოს საქმე – ნებისმიერ სპირტიან სასმელს ასეთივე ეფექტი აქვს. ცნობილია, რომ ალკოჰოლი საკმაოდ კალორიულია და მადასაც აღვიძებს. და მაინც, ექიმები ჯერაც ვერ მიმხვდარან, ბახუსის სიყვარული რატომ ზრდის მაინცდამაინც ღიპს.
სად მოიკალათებს ჭარბი ცხიმი, სასქესო ჰორმონებზეც ყოფილა დამოკიდებული. დიდ როლს ასრულებს მემკვიდრეობაც, მაგრამ ყველაფერს გენებს ვერ დავაბრალებთ – ზედმეტად გადმოკიდებული მუცლის ცხიმი ჭამა-სმის სიყვარულისა და ცხოვრების უმოძრაო წესის ბრალი უფრო იქნება, ვიდრე ბუნებისა. ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, როგორც კი ზედმეტ ცხიმს მოიხელთებს, ცდილობს, შავი დღისთვის გადაინახოს. დეპოს უჯრედები სისხლში ცხიმის მოლეკულებს უფრო დიდი სიხშირით გამოყოფენ, რაც მეტაბოლიზმის ნორმალურ მიმდინარეობას და ინსულინის გამოყენებას ცვლის, ყოველივე ეს კი ზარდის ისეთი დაავადებების წარმოშობის რისკს, როგორებიცაა:
* დიაბეტი;
* ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე;
* მაღალი წნევა;
* ძილის აპნოე;
* ლიპიდების ცლის დარღვევა – ტრიგლიცერიდებისა და ქოლესტერინის დონის მომატება, რაც, თავის მხრივ, ზრდის ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის საფრთხეს;
* ინსულინის მიმართ რეზისტენტობა;
* მეტაბოლური სინდრომი.
ადამიანები ყოველთვის მარტივ და საუკეთესო ხერხს ვეძებთ. გვსურს, ყველაფერს რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმევით მივაღწიოთ, ასეთი რამ კი იშვიათად ხერხდება. სამწუხაროდ, არც ღიპის გაქრობააა ადვილი.
ბევრი ღიპს პრესის ვარჯიშით ებრძვის. მათ გარჯას შედეგი თითქმის არ მოაქვს და ეს არც არის გასაკვირი – ვარჯიშის მთავარი მიზანი ხომ კუნთების განვითარებაა, კუნთი კი, რაც უნდა ძლიერი და გამოკვეთილი იყოს, თუ ცხიმის ფენაშია ჩამალული, ვერავინ დაინახავს. ასე რომ, ახალსა და ორიგინალურს ვერაფერს გეტყვით, ერთადერთი უტყუარი და გამოცდილი ღიპსაწინააღმდეგო მეთოდი ასეთია:
. შევამციროთ კალორიების ოდენობა ულუფის შემცირებით ან ნაკლებად კალორიულ საკვებზე გადასვლით;
. დავწვათ ცხიმი მეტი ფიზიკური აქტივობის მეშვეობით.
სული ნუ წაგძლევთ – აჯობებს, თანდათანობით განახორციელოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. ექიმების რჩევით, ყველაზე უსაფრთხო და გამოცდილი მეთოდები კვირაში მხოლოდ 700-1000 გრამის დაკლებას გულისხმობს. რაც მთავარია, ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. დიეტა მხოლოდ და მხოლოდ ცხოვრების წესის შეცვლას გულისხმობს. გახსოვდეთ: ჭარბი წონა ხანმოკლე ცხოვრებისეული უსიამოვნება როდია, რომელიც გახდომის შემდეგ უკვალოდ გაქრება; სამედიცინო თვალსაზრისით სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც პროგრესირების ტენდენცია და ხშირი რეციდივი ახასიათებს. თურმე ჩვენი პლანეტის ნებისმიერი მკვიდრი წელიწადში ერთხელ მაინც იწყებს ცხიმთან ბრძოლას. სამაგიეროდ, დიეტის შეწყვეტიდან რამდენიმე თვეში მოდიეტეთა 95% საწყის წონასაც აღიდგენს და ერთი-ორ ზედმეტ კილოგრამსაც მიაყოლებს. თუ თქვენი საყვარელი დიეტა არ გასწავლით, წონის დაკლების შემდეგ შედეგი როგორ შეინარჩუნოთ, მიზანს მხოლოდ მცირე ხნით თუ მიაღწევთ.


სად არის გამოსავალი?
არსებობს ვარჯიშები, რომლებიც ჭარბ ცხიმს ეფექტურად ადნობს.
ცხიმის დასაწვავად აერობული დატვირთვა გამოგადგებათ, კუნთებისთვის რელიეფის მისაცემად კი – ძალოსნური ვარჯიში. შეგახსენებთ: აერობული ვარჯიში კუნთებთან ერთად გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემასაც ამაგრებს. საზღვარგარეთ მას კარდიოვარჯიშსაც კი უწოდებენ, ვინაიდან დადგენილია, რომ ამცირებს მრავალი დაავადების რისკს. აერობულ რეჟიმში კუნთები ჟანგბადით მდიდარ გარემოში მუშაობენ. ნივთიერებათა ცვლის ეს ფორმა ბევრად უფრო ეკონომიურია – ასეთ პირობებში გლუკოზის ერთი მოლეკულა 19-ჯერ მეტ ენერგიას ათავისუფლებს. გლუკოზის წყაროდ ჯერ, რა თქმა უნდა, ნახშირწყლები გამოიყენება, მათი მარაგის ამოწურვის შემდეგ კი ორგანიზმი ცხიმის წვაზე გადადის.
სამწუხაროდ, ისეთი ინტენსივობის შერჩევა, რომ ორგანიზმმა ნახშირწყლების მარაგიც ამოწუროს და არც ჟანგბადი მოაკლდეს, არც ისე ადვილია. ყველაზე მარტივი გზაა, ეს გამოცდილ მეთოდისტს მიანდოთ, საუკეთესო გარემო კი ფიტნესცენტრია, სადაც საჭიროების შემთხვევაში ფიზიოლოგიური მაჩვენებლების მონიტორინგსაც გაგიწევენ და ველოტრენაჟორსა თუ ტრედმილზე სპეციალური დატვირთვის ტესტსაც ჩაგიტარებენ.


პუტკუნა და საყვარელი
წინათ ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 40-45 წლის შემდეგ იჩენდა თავს, დღეს კი უკვე 11-დან 19 წლამდე ასაკის მოზარდებსაც აქვთ. კიდევ ერთი შემაშფოთებელი ფაქტი: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ით დაავადებულ ბავშვთა სიცოცხლის ხანგრძლივობა საერთო პოპულაციაზე 20-27 წლით ნაკლებია. ეს მაშინ, როცა კვლევები მოწმობს, რომ ფიზიკური აქტივობით და დიეტით მისი და მასთან დაკავშირებული სიმსუქნის თავიდან აცილება ან გადავადება სავსებით შესაძლებელია.


დიეტა და ვარჯიში – წარმატების გასაღები
ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას დიეტოთერაპიით მკურნალობენ. დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის შერჩეული უნდა იყოს. არ შეიძლება მოზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან გამორიცხვა, თუმცა კარგი იქნება, თუ მოზარდი უარს იტყვის რაფინირებულ ნახშირწყლებზე – შაქარზე, საკონდიტრო ნაწარმზე, მურაბებზე... დიეტის ფონზე საჭიროა ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში – კალციუმის პრეპარატების მიღებაც. ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა, სამკურნალო ფიზკულტურა, წყლის პროცედურები. ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.
გაითვალისწინეთ, რომ ბავშვები მოზრდილებთან შედარებით ადვილად იკლებენ წონას, ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ ფსიქოლოგიურ მიდგომას, ბავშვის მოტივირებას. პუბერტატული ასაკის გოგონასთან შეიძლება გარეგნობის გაუმჯობესებაზე დავსვათ აქცენტი, ბიჭებთან კი მამაკაცურ თვისებებზე. თუ სწორი ფსიქოლოგიური გასაღები მოიძებნა, წონის კორექცია ძნელი არ იქნება.


პრევენცია ჯობია
თეზისი, რომ მკურნალობას პრევენცია სჯობს, ჭარბ წონასთან მიმართებითაც სწორია. თუ გსურთ, ბავშვის წონა ყველა ასაკში ნორმის ფარგლებში დარჩეს, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა ოჯახურ ტრადიციად აქციეთ. ქადაგებებს და ნოტაციებს სჯობია, შვილს თავად მისცეთ მაგალითი. დართეთ ნება, თავისი წვლილი შეიტანოს რაციონის დაგეგმვასა და მომზადებაში, მიეცით არჩევანი. ზოგიერთ ქვეყანაში არის საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვებს უფროსების დახმარებით მოჰყავთ ხილ-ბოსტნეული და თვითონვე ამზადებენ ჯანსაღ საკვებს.
ხშირად ბავშვებს მავნე ჩვევებს ჩვენ თვითონ ვუყალიბებთ, ამიტომ:

  • ნუ დააჯილდოებთ ბავშვს ტკბილეულით კარგი საქციელისთვის. ნუ ეცდებით, კანფეტებით აღკვეთოთ მისი ცელქობა.
  • ნუ აიძულებთ, კერძი ბოლომდე შეჭამოს. მიაჩვიეთ, ჭამოს მაშინ, როცა მოშივდება.
  • ბევრს ნუ ილაპარაკებთ “მავნე საკვებზე“. ნურც საყვარელ ტკბილეულს აუკრძალავთ – აკრძალული ხილი, ხომ იცით, გემრიელია, ბავშვებს კი აჯანყება სჩვევიათ.

და კიდევ...

  • თუ შესაძლებელია, ბავშვს აუცილებლად აწოვეთ ძუძუ. მრავალ სხვა სიკეთესთან ერთად ბუნებრივი კვება წონის ჭარბ მატებასაც უშლის ხელს.
  • რაც შეიძლება ადრე დაიწყეთ სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. მცირე ასაკიდანვე შეაჩვიეთ ბავშვი მრავალფეროვან და ჯანსაღ რაციონს. ზოგჯერ ათი ცდაც არ კმარა, ბავშვი ახალ გემოს რომ მიეჩვიოს. ასე რომ, მოთმინებით აღიჭურვეთ.
  • ყოველდღე ასაუზმეთ.
  • ეცადეთ, მთელმა ოჯახმა ერთად ისადილოთ. ყოველდღიურად მიირთვით სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული.
  • ნუ მისცემთ ბავშვს უფლებას, დიდხანს იჯდეს ტელევიზორთან ან კომპიუტერთან. გადაააჩვიეთ ტელევიზორის ყურებისას ჭამას.
  • ხელი შეუწყვეთ, რომ ფიზიკურად იაქტიუროს. აპოვნინეთ სპორტის სახეობა, რომელიც გაიტაცებს. ნუ აიძულებთ, მაინცდამაინც თქვენ მიერ შერჩეულ სექციაში იაროს.
  • თუ შეამჩნიეთ, რომ ბავშვმა მოკლე ხანში მკვეთრად მოიმატა წონა, კანზე გაუჩნდა პიგმენტური ლაქები, ნახეთქები, დაერღვა სქესობრივი მომწიფების ვადა, აუცილებლად მიმართეთ ბავშვთა ენდოკრინოლოგს.


საკვები როგორც ნარკოტიკი
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საკვებისადმი ისეთივე დამოკიდებულება აქვთ, როგორიც ნარკოტიკების მომხმარებლებს _ ნარკოტიკების და ალკოჰოლიკებს _ სპირტიანი სასმელების მიმართ. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დროდადრო ჭამის დაუძლეველი, მანიაკური სურვილი იპყრობთ.
ეს სხვა არაფერია, თუ არა პათოლოგიური დამოკიდებულება – ადიქცია. ჭამამანიაკი დღედაღამ იმაზე ფიქრობს, რამე არ დარჩეს გაუსინჯავი და დარწმუნებულია, რომ ჭამა ერთადერთი ნეტარებაა ამქვეყნად. მისი ძირითადი საკვები ტკბილეულია, რომელსაც მცირე კვებითი ღირებულება აქვს, მაგრამ გემრიელია და ღორმუცელებისთვის იდეალურ სატყუარას წარმოადგენს. და, რაღა თქმა უნდა, ჭამამანიაკები უმთავრესად ჭარბწონიანები არიან, თუმცა ჭარბი წონა ყოველთვის იმაზე როდი მიუთითებს, რომ ადამიანი საკვებდამოკიდებულია. ისევე როგორც ყოველგვარი პათოლოგიური დამოკიდებულება, ჭამამანიაც ვნებს ორგანიზმს. ჭარბი წონის გამო შესაძლოა ჩამოყალიბდეს II ტიპის დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, თირკმელების, სახსრების პათოლოგიები. არცთუ იშვიათია დეპრესია. მას, წესისამებრ, თვითშეფასების დაქვეითება იწვევს, რომელიც წონის კატასტროფულ მატებას მოჰყვება.
გასტრონომიული ადიქციის დაძლევა, სავარაუდოდ, შესაძლებელია, თუმცა აქაც უფრო ფსიქოლოგიური ჩარევაა საჭირო, ვიდრე მედიკამენტური მკურნალობა (თუმცა ხშირად ინიშნება ანტიდეპრესანტები). ამერიკის შეერთებულ შტატებში სპეციალური ჯგუფებიც კია შექმნილი, სადაც ჭამამანიით შეპყრობილები ერთმანეთს თავიანთ პრობლემებს უზიარებენ. არსებობს სოციალური საიტებიც, სადაც ონლაინ თავყრილობები იმართება.
ჭამისადმი მოჭარბებული ინტერესის დასაძლევად საუკეთესო გზაა კუჭის ბანდაჟირება  (რგოლის დადება) ან რეზექცია (კუჭის ნაწილის მოკვეთა). ამ დროს კუჭის მოცულობა საგრძნობლად მცირდება და თუ ადამიანი მანამდე თვალის დახამახამებაში სანსლავდა ათობით ხინკალს, ოპერაციის შემდეგ რამდენიმე ცალი ანაყრებს.
ყველაზე უარესი, რასაც ღორმუცელობა უქადის ორგანიზმს, ჭარბი წონაა. ჭარბი წონა კი, თავის მხრივ, როგორც ვთქვით, უფრო დიდ საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას. მისი შედეგია:

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ქოლესტეროლის მაღალი დონე, რაც საგრძნობლად სწევს მაღლა ათეროსკლეროზის ჩამოყალიბების რისკს;
  • ოსტეოართრიტი;
  • II ტიპის დიაბეტი;
  • ძილის აპნოე;
  • რესპირაციული პრობლემები, მაგალითად, სუნთქვის უკმარისობა;
  • ინსულტი;
  • ენდომეტრიუმის, ძუძუსა და ნაწლავის კიბოს დიდი ალბათობა.


ჩამოვიფერთხოთ კილოგრამები
ჭარბ წონასთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს: დიეტა, ვარჯიში, ქირურგიული ოპერაცია, “გასახდომი” მედიკამენტები... ამ უკანასკნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ არჩევანის გაკეთება ჭირს.
სიმსუქნის დროს კვებას განსაკუთრებული ყურადღება რომ ექცევა, არახალია. სწორედ კვების მოწესრიგებაა პირველი ნაბიჯი, რომელიც ჭარბწონიანმა ადამიანმა უნდა გადადგას. ოღონდ დიეტის დაწყებამდე კონსულტაციისთვის აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს.


ანბანური ჭეშმარიტება
სწორი კვება ჯანმრთელობის წინა პირობაა, თუმცა რას გულისხმობს ეს ცნება, მეცნიერები ჯერაც ვერ შეთანხმებულან.
მოზრდილი ადამიანი ყოველწლიურად 500 ლიტრამდე წყალს და 450 კგ მშრალ საკვებს (ხორცს, ხილს, ბოსტნეულს...) მოიხმარს. პროდუქტების აბსოლუტური უმრავლესობა მცენარეული ან ცხოველური წარმოშობისაა. კონკრეტული პირის რაციონში მათი თანაფარდობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლება. გასათვალისწინებელია პოპულაციის გენეტიკური და რასობრივი თავისებურებებიც, რომლებიც, თავისთავად ცხადია, რაციონის სპეციფიკაზეც აისახება. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ჩამოვაყალიბოთ რამდენიმე ზოგადი დებულება სწორი კვების შესახებ:

  • საკვები, შეძლებისამებრ, მივიღოთ ხშირად – დღეში 5-6-ჯერ – და მცირე ულუფებად.
  • უმჯობესია, უკანასკნელი ულუფა დაძინებამდე სამი საათით ადრე მივირთვათ. შეცდომაა, როდესაც საღამოს 18 საათის შემდეგ აღარ ჭამენ, მაშინ როდესაც ღამის 2-3 საათამდე არ იძინებენ.
  • ვეცადოთ, რაციონი იყოს დაბალანსებული, ანუ შეიცავდეს საჭირო რაოდენობის ცილებს, ცხიმებსა და მინერალებს, რა თქმა უნდა, თუ მათი მიღება რაიმე მიზეზით არ გვეკრძალება (მაგალითად, ნახშირწყლები და ცხოველური ცხიმი იზღუდება დიაბეტის დროს).

რა არის არასწორი
არასწორი კვება ფართო ცნებაა. არ შეიძლება, ყველას ერთი და იმავე კრიტერიუმებით მივუდგეთ. თუ ზოგისთვის კალორიების შემცირება და წონის დაკლება სასიცოცხლოდ აუცილებელია, ზოგისთვის ეს არამცთუ მიზანშეუწონელი, სახიფათოც კია. რაც შეეხება რეჟიმს, უკიდურესობაში არც აქ უნდა გადავეშვათ: შეუძლებელია, მუდამ განწერილი რეჟიმით იცხოვრო; აქ საუბარია ზოგად პრინციპებზე, იმაზე, რომ ადამიანი ზომიერად უნდა დაიტვირთოს, ფიზიკურად იაქტიუროს, თავი არიდოს ალკოჰოლის ჭარბ მიღებას. დამატებითი შეზღუდვები და წესები კი ექიმმა უნდა დაადგინოს და არა პაციენტმა თვითნებურად.
ეფექტურია თუ არა ერთგვაროვანი კვება? თანამედროვე დასავლურ მედიცინას ამის საკმაო მტკიცებულება არ მოეპოვება, ამიტომ ჯობს, აქაც პროფესიონალებს მივენდოთ.
ალკოჰოლზეც მოგახსენებთ: ამერიკის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის მონაცემებით, თუ უკუჩვენება არ არსებობს, მამაკაცებისთვის – დღეში 40 გრამამდე, ხოლო ქალებისთვის – 20 გრამამდე სუფთა სპირტი ნებადართულია.
ზოგიერთი კვებითი ჩვევა პათოლოგიის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მაგალითად, დადგენილია, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ხშირად სვამენ ცხელ ჩაის (და, მაშასადამე, რომელთა საყლაპავიც ხშირ თერმულ ზემოქმედებას განიცდის), რამდენადმე იმატებს საყლაპავის სიმსივნის განვითარების რისკი. ცნობილია ისიც, რომ კოფეინი ხელს უწყობს საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნებას და კუჭის მჟავე შიგთავსის საყლაპავში ამოტყორცნას (რეფლუქსს), რაც, თავის მხრივ, ხშირ გულძმარვასა და ბარეტის საყლაპავის (საყლაპავის კიბოსწინარე მდგომარეობის) ჩამოყალიბებას განაპირობებს. უჯრედისით ღარიბი რაციონი ზრდის მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკს. არსებობს საკვების აუტანლობის ცნებაც. ინგლისურენოვან ლიტერატურაში მას Food Intolerance ეწოდება. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მიზეზთა (უპირატესად – სათანადო მომნელებელი ფერმენტის უკმარისობის) გამო ვერ ინელებს ამა თუ იმ საკვებს. მაგალითად, ხშირია რძის შაქრის – ლაქტოზის აუტანლობა. ამ დროს რძე და რძის ნაწარმი მონელების დარღვევას იწვევს.


როცა დიეტა აუცილებელია
არსებობს დაავადებები, როდესაც სპეციფიკური დიეტა აუცილებელია. ამ შემთხვევაში დიეტოთერაპია დაავადების სრულფასოვან მართვას ემსახურება. დასავლეთში შინაგანი მედიცინის დამოუკიდებელი მიმართულებაც კი ჩამოყალიბდა – დიეტოლოგია`ნუტრიციოლოგია, რომელიც პაციენტის კვებითი რაციონის დაგეგმვით და სწორი მენეჯმენტით არის დაკავებული.
თერაპიული დიეტები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა:
1. დიეტები, რომელთა დროსაც იცვლება საკვების ფორმა, მაგალითად, მყარი საკვები ხდება თხევადი ან ნახევრად თხევადი. დიეტის ეს ვარიანტი, წესისამებრ, ინიშნება ინტენსიური თერაპიის პერიოდში, როდესაც პაციენტი ვერ იღებს მყარ საკვებს.
2. დიეტები, რომლებიც ცალკეულ ნივთიერებათა შეზღუდვას ითვალისწინებს (მაგალითად, ნატრიუმის შემზღუდველი დიეტა ჰიპერტენზიისა და ციროზული ასციტის დროს, ცხიმების შეზღუდვა მალაბსორბციის დროს, ქოლესტეროლის შემცველი პროდუქტების შეზღუდვა ღვიძლის გაცხიმოვნებისა და ათეროსკლეროზის დროს, ცილების შეზღუდვა ღვიძლისა და თირკმლის ქრონიკული დაავადებების დროს, ნახშირწყლებისა და ცხიმების შეზღუდვა დიაბეტის დროს, საზოგადოდ, კალორიების შეზღუდვა სიმსუქნის დროს).
3. დიეტები, რომლებიც ითვალისწინებს კვებითი დანამატების ჩართვას (უჯრედისით მდიდარი საკვების მიღება შეკრულობის დროს, კალიუმის შემცველი ნივთიერებებისა შარდმდენების ფონზე ან კალციუმის პრეპარატებისა პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად).
გარდა ამისა, არსებობს დაავადებები, – მაგალითად, კვებითი ალერგიები, – როდესაც ესა თუ ის პროდუქტი სრულიად უნდა ამოვიღოთ კვებითი რაციონიდან.


ცხიმი, ცხიმი, ცხიმი
სიმსუქნეს თან ახლავს ერთი პრობლემაც – სისხლში ქოლესტერინის სიჭარბე. თუმცა ქოლესტერინს ახლა ქოლესტეროლს უწოდებენ... ასეა თუ ისე, ეს ცხიმოვანი ნივთიერება ნამდვილად არსებობს და ორგანიზმსაც ნამდვილად სჭირდება: უიმისოდ უჯრედები – გარსის, ორგანიზმი კი ნაღვლის მარილების, D ვიტამინის, თირკმელზედა ჯირკვლისა და სასქესო ჰორმონების გარეშე დარჩება.
ზედმეტი ქოლესტეროლი კი ზედმეტ პრობლემებს აჩენს: არტერიების კედლებზე წარმოშობს ცხიმოვან ფოლაქებს და სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს, თრომბმა კი, შესაძლოა, სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბანი დაახშოს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი.
ორგანიზმი ქოლესტეროლს ორი წყაროდან იღებს: ნაწილი საკვებში (კვერცხში, რძის ნაწარმში, ხორცში) მოიპოვება, ნაწილს კი ჩვენივე ღვიძლი წარმოქმნის.
ქოლესტეროლის დონე სასურველია 150 მგ/დლ (3.9 მმოლ/ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ/დლ (5.2 მმოლ/ლ) უკვე საშიშია, შემდგომი მატება – მით უფრო. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ ქოლესტეროლის დონის 50 მგ/დლ (1.3 მმოლ/ლ)-ით აწევისას ინფარქტის განვითარების საფრთხე ორჯერ იმატებს. თუმცა ქოლესტეროლიც არის და ქოლესტეროლიც. ზემოთ მოყვანილი მაჩვენებელი საერთო სურათს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.
ქოლესტეროლის კლასიფიკაციას მისი სიმკვრივე უდევს საფუძვლად. ამის კვალობაზე, გამოყოფენ ლიპოპროტეინების სამ კლასს: დაბალი სიმკვრივისას (LDL), მაღალი სიმკვრივისას (HDL) და ძალიან დაბალი სიმკვრივისას (VLDL). დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტეროლია, ამიტომაც არ ენანებათ და უხვად ფანტავენ. რომელიმე უჯრედს თუ დასჭირდა, უარს ნამდვილად არ ეტყვიან, ანომალიურ ვითარებაში კი ქოლესტეროლის მარაგს არტერიებში გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ ქოლესტეროლს “ცუდი” უწოდეს.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ნახევარი ცილაა, ქოლესტეროლის წილად კი სულ 13% მოდის. ეს ის შემთხვევაა, როცა რიცხვი 13 ცუდს არაფერს მოასწავებს. ლიპოპროტეინებს ზედმეტი ქოლესტეროლი უჯრედებიდან გამოაქვთ და ღვიძლში მიაქვთ. ასეთ ქოლესტეროლს სამართლიანად უწოდებენ “კარგს”.


სიფრთხილეს თავი არ სტკივა
ისეთი ხალხიც არსებობს, რომელსაც ჯადოსნური დიეტის მიგნება და მისი დაცვა ცხოვრების მიზნად უქცევია. ისე ჯიუტად იბრძვიან საკუთარ წონას, მათი მონდომება რომ მოგვცა, მთებს გადავდგამდით... და აზრადაც არ მოსდით, შეამოწმონ, რამდენად შეესაბამება იდეა-ფიქსად ქცეული მაჩვენებელი მათ სიმაღლეს, ასაკს და მემკვიდრეობით-კონსტიტუციურ ტიპს. საერთო წონასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ცხიმის რაოდენობას (სპეციალური ფორმულებითა თუ ხელსაწყოებით დღეს ამის გამოთვლაც შესაძლებელია). ცნობილია, რომ ქალის ორგანიზმში ცხიმის შემცველობა 20-22% უნდა იყოს, მამაკაცის ორგანიზმში – 12-15%. ამაზე მეტი სასურველი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ამაზე ნაკლები ვარგა: იწვევს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას, კანის ნაადრევ დაბერებას, თმის გაძლიერებულ ცვენას, იმუნიტეტის დაქვეითებას...
ჭარბი წონის დაკლება, რაღა თქმა უნდა, აუცილებელია, ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს მეთოდს და მიდგომას.
მკაცრი დიეტის ეფექტურობა წმინდა წყლის მითია. ასეთი დიეტები ნახშირწყლების გამორიცხვის ხარჯზე წყალს გვაკარგვინებენ, წონას სწრაფად ვიკლებთ და თავს ბედნიერად ვგრძნობთ – გვგონია, საზიზღარი ცხიმისგან გავთავისუფლდით. ცხიმი კი ძალიან ნელა იწვება. სამაგიეროდ, დიეტის შემდეგ კიდევ უფრო სწრაფად გროვდება და წონაც იმაზე მეტი ხდება, ვიდრე დიეტის დაწყებამდე იყო. საქმე ის არის, რომ შიმშილობისას ორგანიზმი ხარჯვის ეკონომიურ რეჟიმზე გადადის, ნივთიერებათა ცვლა 10-30%-ით ნელდება და კალორიებიც უფრო ნელა იწვება. გავა ხანი და კვების ადრინდელ რეჟიმს დავუბრუნდებით, ორგანიზმს კი ასე სწრაფი გადაწყობა არ შეუძლია, კალორიებს ისევ ნელა წვავს და მორიგი დიეტისთვის მარაგს წინასწარ ამზადებს.


ვისაც წონის დასაკლებად არაერთხელ უცდია დიეტის დაცვა, აუცილებლად შეამჩნევდა, რომ წონის დაკლება ყოველ ჯერზე უფრო და უფრო ჭირს. ორგანიზმი დიეტას, როგორც ექსტრემალურ შემთხვევას, ისე იმახსოვრებს და უფრო და უფრო მეტად ეწინააღმდეგება. ეს კიდევ არაფერი – ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა ექიმებმა დაამტკიცეს, რომ ცხიმი, რომელიც დიეტისთვის თავის დანებების შემდეგ გროვდება, პირვანდელზე გაცილებით საშიშია. წონის კლება-მატების მონაცვლეობა ცხიმის განლაგებას ცვლის. ახალდაგროვილი ფენა ისევ თეძოებსა და ბარძაყებს კი არ მიაკითხავს, არამედ მუცლის ღრუში, შინაგან ორგანოებთან ახლოს დისლოცირდება, რაც ძალზე სახიფათოა – შესაძლოა, ცხიმმა ღვიძლსა და სისხლის ნაკადში გაჟონოს და უფრო მეტად ასწიოს ქოლესტერინის დონე, მაშასადამე, ინსულტის განვითარების საფრთხეც, ქოლესტერინის ნაწილი კი ნაღვლის ბუშტში დაკრისტალდეს და ქვების წარმოქმნას შეუწყოს ხელი.


ქირურგია ჭარბი წონის წინააღმდეგ
ოპერაციები გახდომის მიზნით – ასე განიმარტება ტერმინი “ბარიატრიული ქირურგია”. ამ ოპერაციათა ისტორია გასულ საუკუნეში დაიწყო. მედიცინამ პათოლოგიური (მორბიდული) სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ქირურგიულ ჩარევათა მთელი გამა შეიმუშავა. დღეს მსოფლიოში მიღებული ერთ-ერთი ბარიატრიული ოპერაციაა კუჭის ვერტიკალური (გრძივი) რეზექცია – ე.წ. სლივ გასტრექტომია. ამ ოპერაციას კახაბერ ხაჭაპურიძე “ავერსის კლინიკაში” 2011 წლიდან ატარებს.
– პათოლოგიურ სიმსუქნესთან საბრძოლველად ბოლო ოცი წელია აქტიურად ტარდება ორი ტიპის – რესტრიქციული და მალაბსორბციული – ოპერაციები, რომლებიც უფრო მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა. პირველის შედეგად კუჭის მოცულობა მცირდება და პაციენტი იძულებული ხდება, მცირე რაოდენობის საკვებს დასჯერდეს, რასაც მისი კუჭი სრულყოფილად შეიწოვს და გადაამუშავებს, მალაბსორბციული ოპერაციების დროს კი ნაწლავის ნაწილი ეთიშება საჭმლის მომნელებელ ტრაქტს, ნაღველი და პანკრეასის წვენი საკვებს უერთდება არა თორმეტგოჯა, არამედ წვრილი ნაწალავის ქვედა ნაწილში. შესაბამისად, მიღებული საკვები სრულად ვერ გადამუშავდება და ვერ შეიწოვება.
– რომელი ოპერაცია მიიჩნევა უფრო ეფექტურად?
– შედეგის მიხედვით ორივე ტიპის ოპერაციას სხვადასხვა უპირატესობა აქვს.
მალაბსორბციული ოპერაციების შედეგი უფრო ხანგრძლივია (5-10 წელი), მაგრამ ორგანიზმი საკვები ნივთიერებების (რკინის, კალციუმის, ვიტამინების) დეფიციტს განიცდის, ამიტომ ასეთ პაციენტებს მთელი სიცოცხლე სჭირდებათ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, გამოკვლევები, შესაბამისი პრეპარატების მიღება (უმეტესად – გადასხმის სახით).
რესტრიქციული ოპერაციის შემდეგ, რაკი კუჭის ელასტიკურობის გამო მისი მოცულობა კვლავ იზრდება, პაციენტები 3-5 წლის განმავლობაში უკან იბრუნებენ დაკარგული წონის 15%-ს.
– რა არის სლივ გასტრექტომია?
– ეს გახლავთ რესტრიქციული ოპერაცია, რომელიც კუჭის დაპატარავებას გულისხმობს. ოპერაციის შემდეგ კუჭი მილის, ბანანის ფორმას იღებს. მისი მოცულობა 1500-დან 150-200 მლ-მდე მცირდება. ამ მეთოდს ბილიოპანკრეატული შუნტირების ნაწილად გასულ საუკუნეშიც ფართოდ იყენებდნენ, მერე კი სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ რეზექცია ანუ კუჭის სიგრძივი ამოკვეთა, როგორც დამოუკიდებელი ოპერაცია, ასევე ძალზე ეფექტიანია.
ოპერაცია ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება და, შესაბამისად, მეტ სიზუსტეს მოითხოვს. ის 1.5-2 საათი გრძელდება. ამ მეთოდის უპირატესობათაგან აღსანიშნავვია კოსმეტიკური ეფექტი (მუცლის წინა კედელზე მხოლოდ მცირე ზომის ხუთი ნაწიბური რჩება). კიდევ ერთი ღირსება ის არის, რომ ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტკივილები ნაკლებად შემაწუხებელია და, რაც მთავარია, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს, პაციენტი ოპერაციის შემდგომ სისუსტეს ნაკლებად უჩივის, მედიკამენტებსაც ნაკლებს მოიხმარს, მეორე დღესვე დგება ფეხზე, აქტიურდება, რაც თრომბოებოლიური გართულებების რისკს ამცირებს, და 4-5 დღეში ეწერება სახლში.
– რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არ ღირს გახდომის მიზნით ოპერაციის გაკეთება?
– ბარიატრიული ოპერაცია ტარდება სამედიცინო და არა კოსმეტიკური ან პლასტიკური მიზნით. მნიშვნელოვნია სხეულის მასის ინდექსის (სმი) განსაზღვრა და თანმხლები დაავადებების არსებობა. თუ პაციენტს მორბიდული სიმსუქნის გამო აქვს თანმხლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, სახსრების დაავადებები (რომლებიც ვლინდება ტკივილით, გადაადგილების შეზღუდვით) და სხვა, – შეიძლება, ოპერაცია ჩატარდეს მაშინაც, როცა სხეულის მასის ინდექსი 35-ს უტოლდება, დანარჩენ შემთხვევებში (თანმხლები დაავადებების არასებობისას) კი სმი, სულ მცირე, 40-ის ტოლი უნდა იყოს.
სლივ გასტრექტომია საუკეთესო შედეგს იძლევა 40-45-ის ტოლი სმი-ს მქონე პაციენტებთან, სუპერმორბიდული პირებისთვის (როცა სმი 50-60-ზე მეტი) კი უფრო ეფექტიანია გასტროშუნტირება.
რაც შეეხება ქვედა ზღვარს, თუ 35-ის ტოლი სმი-ს მქონე პაციენტს თანმხლები დაავადებები არ აქვს და მისი ერთადერთი პრობლემა ჭარბი წონაა, უმჯობესია, ოპერაციისგან თავი შევიკავოთ, რამდენიმე წლის განმავლობაში დავაკვირდეთ და ოპერაციულ მკურნალობას დინამიკის გაურესების შემთხვევაში მივმართოთ.
ყოველივე ამასთან ერთად, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ კონკრეტული პაციენტისთვის ამაოა დიეტა და ცხოვრების რეჟიმის შეცვლა, მას გახდომის სხვა საშუალებები უკვე მოსინჯული უნდა ჰქონდეს და ოპერაცია უკანასკნელ გზადღა რჩებოდეს.
წესისამებრ, პაციენტებს, რომლებიც ოპერაციისთვის მოგვმართავენ, ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით დიეტა ხუთჯერ მაინც აქვთ დაცული. მათი წონა ემორჩილება დიეტას, მაგრამ შედეგს ვერ ინარჩუნებენ.
ჩვენთან მოსული პაციენტების უმეტესობას ალტერნატიული გზები მოსინჯული აქვს და იცის, რატომ იკეთებს ამ ოპერაციას.
– როგორ ემზადება პაციენტი ოპერაციისთვის?
– ბარიატრიული ოპერაციები ყოველთვის გეგმიურად ტარდება. ეს საშუალებას გვაძლევს პაციენტები კარგად მოვამზადოთ მისთვის. პირველ რიგში, აუცილებელია ისინი სრულად ფლობდნენ ინფორმაციას ოპერაციის, მისი რისკების, გართულებების შესახებ.
მოგეხსნებათ, ყოველგვარ ქირურგიულ ჩარევას ახლავს გართულების რისკი, განსაკუთრებით – მსუქან პაციენტებთნ, ამიტომ ოპერაციემდე 1-1.5 თვით ადრე პაციენტი ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით იწყებს დიეტას, ფიზიკურ აქტივობას, რათა რამდენიმე კილოგრამი დაიკლოს. დასაკლები კილოგრამების ოდენობა ინდივიდუალურად, პაციენტის წონის მიხედვით გამოითვლება და 5-დან 15-მდე მერყეობს. ეს მცირედიც კი საკმაოდ ამცირებს ოპერაციის თანმხლებ რისკს, ასტიმულირებს ორგანიზმს, აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციებს.
– მაინც რა რისკს შეიცავს ეს ოპერაცია?
– საქართველოში იმდენი ოპერაცია არ ტარდება, რომ საკუთარ სტატისტიკაზე ვისაუბროთ, ამიტომ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის გამოცდილებას მოვიშველიებ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სლივ გასტრექტომია საკმაოდ ახალგაზრდა ოპერაციაა, მისი დამოუკიდებლად ჩატარება მხოლოდ 2000 წლის შემდეგ დაიწყო. მაგრამ უკვე აჩვენა როგორც ეფექტები, ისე გართულებებიც.
სლივ გასტრექტომიის გართულებები სხვა ოპერაციების გართულებებისგან არ განსხვავდება. ესენია გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის პრობლემები. თავად ამ ოპერაციის დამახასიათებელი ქირურგიული გართულებაა ნაკერის უკმარისობა, სისხლდენა და კუჭის სტრიქტურა (შევიწროება), თუმცა მათი სიხშირე დასაშვებს არ აღემატება.
ოპერაციამდე პაციენტს ვატანთ ბუკლეტს, სადაც ყველაფერი წერია ოპერაციისა და მოსალოდნელი გართულებების შესახებ. პაციენტი ეცნობა ამ ინფორმაციას, ექიმთან არკვევს მისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და ხელმოწერით ადასტურებს, რომ ინფორმირებულია.
– რა ხდება ოპერაციის შემდეგ, როგორ იცვლება ნაოპერაციები პაციენტის რეჟიმი?
– ზოგადი მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება, მაგრამ ცხოვრების პრინციპები იცვლება, პაციენტი იძულებულია, გარკვეული წესები დაიცვას. მაგალითად, ოპერაციიდან პირველი 2-3 კვირის განმავლობაში ის იღებს მხოლოდ თხიერ საკვებს, რათა ნაოპერაციები კუჭი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. მისი რაციონი სპეციალური, პროტეინებითა და ცილებით მდიდარი ფაფებისგან შედგება.
სამი კვირის შემდეგ პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას. კვება უნდა გაგრძელდეს 30-45 წუთი. საკვები კარგად უნდა იყოს დამუშავებული, ამიტომ პაციენტმა ყოველ ლუკმაზე 20 ღეჭვითი მოძრაობა უნდა შეასრულოს, საკვები მიიღოს ჩაის კოვზით.
ჭარბი საკვების მიღება ღებინებას იწვევს, რაც ნაოპერაციებ კუჭს აზიანებს, ხოლო ხშირი ღებინება კუჭის გადიდებით მთავრდება.
წესისამებრ, ოპერაციიდან 2-3 კვირის აგნმავლობაში პაციენტებს უჭირთ ახალ რეჟიმზე გადასვლა, მერე კი უკვე თავადაც საზღვრავენ, რამდენი კოვზი საკვები ჰყოფნით, რა რაოდენობის სითხე უნდა მიიღონ.
ოპერაციის შემდეგ იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურის მიღება, რადგან ეს ზრდის წყლულების განვითარების რისკს. არც ჭამის დროს სითხის მიღება შეიძლება – ის უნდა მიიღონ ან ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, ან ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.
თუ პაციენტი ამ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ისეთ კარგ ეფექტს ვერ მიიღებს, მოსალოდნელის მხოლოდ ნახევარს დაიკლებს. მთლიანობაში კი სრული გამოჯანმრთელების პერსპექტივა კარგია, ოპერაციის შემდეგ წონა 40-70%-ით იკლებს. საბოლოო შედეგი 12-16 თვის შემდეგ ხდება თვალსაჩინო.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: