მერი პოპინსი თუ ფრეკენ ბოკი ანუ როგორ შევარჩიოთ ძიძა
გააზიარე:
ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ანდობ შვილის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, განვითარებას, რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. გვინდა, მოგაწოდოთ პრაქტიკული რჩევები იმის თაობაზე, როგორ უნდა მოვიქცეთ ძიძის შერჩევისას, რა უნდა ვიცოდეთ და რისთვის უნდა ვიყოთ მზად.
სად ვეძებოთ?
დღესდღეობით სირთულეს აღარ წარმოადგენს შუამავალი დაწესებულების პოვნა, რომელიც საჭირო ადამიანებთან დაგაკავშირებთ და უამრავ დროსაც დაგაზოგვინებთ. ვიდრე ძიძის შერჩევას სპეციალისტებს ანდობდეთ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ თვით სააგენტოს რეპუტაციით, გაარკვიოთ, რამდენი წელია არსებობს, რა პრინციპით არჩევს პერსონალს, ითხოვს თუ არა განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ჯანმრთელობის ცნობას ან სარეკომენდაციო წერილებს.
რა უპირატესობა და ნაკლი აქვს სააგენტოს მომსახურებით სარგებლობას?
პირველი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დროისა და ენერგიის დაზოგვაა. მიდიხართ, აცნობთ თქვენს მოთხოვნებს ასაკის, განათლების, გამოცდილების, ეროვნების, განსაკუთრებული უნარ-ჩვევების თაობაზე და იღებთ რამდენიმე კანდიდატის საკონტაქტო ინფორმაციას. მომდევნო ეტაპი მათთან პირადი გასაუბრებაა.
“სააგენტოსთან ურთიერთობა კომფორტულია, რადგან ჩვენ გვაქვს ამ სფეროში მომუშავე ადამიანების ბაზა, რომელშიც ათასამდე პირია რეგისტრირებული. კანდიდატებს სკრუპულოზულად და გამოწვლილვით ვარჩევთ, შევისწავლით მათ განათლებას, ოჯახურ მდგომარეობას, თითოეულ მათგანს ვთხოვთ ნარკოლოგიურ და ნასამართლეობის ცნობას, ასევე – ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (აუცილებლად ვამოწმებთ ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებზე, ისეთზე, როგორებიცაა ტუბერკულოზი, ჰეპატიტები). სპეციალური ტესტების საშუალებით მოწმდება მათი ფსიქიკური ჯანმრთელობაც. გვაქვს სარეკომენდაციო წერილებიც – მსურველს შეუძლია, დაუკავშირდეს ოჯახს, ვისთანაც უმუშავია სასურველ კანდიდატს და ნებისმიერ კითხვაზე მიიღოს პასუხი. ჩვენ პასუხს ვაგებთ ჩვენი კანდიდატების საიმედოობასა და პროფესიონალიზმზე. ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ დრო და ენერგია, თავიდან აიცილოთ ზედმეტი პრობლემები”, – აცხადებს ერთ-ერთი სააგენტოს წარმომადგენელი.
რაც შეეხება ნაკლს – სააგენტოების მომსახურება ფასიანია. ძიძის მომსახურების საფასურიც სააგენტოსთან შეთანხმების შემთხვევაში შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე პირადი მოლაპარაკებისას.
განცხადებები
გაზეთებში გამოქვეყნებული და საინფორმაციო დაფებზე გამოკრული განცხადებები ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა საჭირო ცნობების მისაღებად, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ პროცესი შესაძლოა საკმაოდ შრომატევადი და ხანგრძლივი აღმოჩნდეს. სასურველ კანდიდატებს თავად უკავშირდებით და იბარებთ გასაუბრებაზე. შეიძლება კრიტერიუმების წინასწარ ჩამოწერა და განცხადების განთავსებაც. არჩევანის გასაკეთებლად უამრავ მსურველთან მოგიწევთ შეხვედრა. მზად უნდა იყოთ იმედგაცრუებისთვისაც.
ნაცნობ-მეგობრები
მარტივი და აპრობირებული საშუალებაა და, წესისამებრ, სწორედ ასე არჩევენ ძიძას ყველაზე ხშირად – კანდიდატს რეკომენდაციას უწევს თქვენთვის სანდო ადამიანი. ხშირად სასურველ კადრს წინასწარ “დაჯავშნიან” ხოლმე – თუ იცით, რომ თქვენი ახლობელი რამდენიმე ხნის შემდეგ მასთან მომუშავე ძიძის დათხოვნას აპირებს, წინასწარ მოელაპარაკებით მას, შეათანხმებთ პირობებს და გულდამშვიდებული ელოდებით.
რა უნდა ვიცოდეთ გასაუბრებისას
ერთია ადამიანის ანკეტური მონაცემები, მშრალი ცნობები მისი განათლების, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების შესახებ და სულ სხვა – პირადი ურთიერთობა მასთან. ფსიქოლოგები გვირჩევენ, ძიძასთან გასაუბრებამდე დაწვრილებით ჩამოვწეროთ ყველაფერი, რაც გვაინტერესებს. სატელეფონო საუბრისას შეიძლება ფინანსური საკითხის შეთანხმება, ასევე – გამოცდილების, ოჯახური მდგომარეობისა და განათლების შესახებ ცნობების მიღება. სხვა დეტალებზე უმჯობესია პირისპირ, ოჯახურ გარემოში გასაუბრება. თუ სრულიად უცხო ადამიანთან აპირებთ ინტერვიუს, შეიძლება ნეიტრალურ ტერიტორიაზე შეხვედრაც, მაგალითად, სკვერში, სადაც ბავშვთან ერთად სეირნობთ, კაფეში და ა.შ. გასაუბრებისას ყურადღება უნდა მიაქციოთ კანდიდატის პუნქტუალობას (დროზე გამოცხადდა თუ დააგვიანა), გარეგნულ მხარეს (რამდენად მოწესრიგებულია და სუფთა), მეტყველებას, თავდაჭერას, მანერებს, განწყობას. სავარაუდო კითხვები ასეთი იქნება: რა ასაკის ბავშვებთან ჰქონია ურთიერთობა აქამდე; ემოციურია თუ არა; ექსტრემალურ სიტუაციებში იპყრობს თუ არა შიში, ეუფლება თუ არა პანიკა; ჰყავს თუ არა საკუთარი შვილები; რატომ აირჩია ეს სამუშაო; რომელი განმავითარებელი თამაშები იცის; ხომ არ იბნევა უცნობ სიტუაციაში; როგორ მოიქცევა, თუ პატარამ რამეს დაიშავა ან სიცხემ აუწია. სთხოვეთ იმ ოჯახის ტელეფონი, სადაც აქამდე მუშაობდა. თუ პრეტენდენტი უარს ამბობს ტელეფონის ნომრის მოცემაზე, ეს საკმაო საბაბია იმისთვის, რომ დაფიქრდეთ და გარკვეული დასკვნა გამოიტანოთ. შეიძლება, თქვენი შვილის თავისებურებებიდან გამომდინარე, სიტუაციური ამოცანების მოფიქრება და ძიძის პოზიციის გაგებაც. მაგალითად, როგორ მოიქცევა, თუ ბავშვმა ხელი დაარტყა ან მისი მომზადებული კერძი არ შეჭამა... გასაუბრებისთვის ნახევარი საათი, ორმოცი წუთი უნდა გამოყოთ. თუ დამაკმაყოფილებელი პასუხები მიიღეთ, გადადით იმ დეტალების შეთანხმებაზე, რაც მის მომავალ სამუშაოს შეეხება.
ასაკობრივი თავისებურებები
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სხვადასხვა ასაკის ბავშვისთვის ძიძის შერჩევისას? ჩვენი რეკომენდაცია ასეთია: ერთ წლამდე ასაკის პატარას მოსავლელად, რეკომენდებულია, კანდიდატს ჰქონდეს სამედიცინო განათლება ან ჩვილებთან მუშაობის გამოცდილება, იცნობდეს ბავშვის განვითარების თავისებურებებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის მიზანშეწონილია ისეთი ძიძის შერჩევა, ვინც სწავლაშიც შეძლებს დახმარებას და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაშიც შეუწყობს ხელს აღსაზრდელს.
წინასწარ შეთანხმებული ურთიერთობა
ყველა წვრილმანის წინასწარ შეთანხმება მომავალში ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან. ცხადია, უპირველესად ათანხმებთ ანაზღაურებას. რაც შეეხება მოვალეობებს: ძიძის უშუალო მოვალეობაა ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობის ზედმიწევნით შესრულება – კვება (საკვების მომზადება), დაბანა, დაძინება, ჰიგიენასა და დღის რეჟიმზე ზრუნვა, ბავშვის ოთახის დასუფთავება, პირადი ნივთების გარეცხვა-დაუთოება და სათამაშოების მოწესრიგება, ბავშვის გასეირნება მშობლის მიერ შერჩეულ ადგილას, მის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა, საბავშვო ლიტერატურის გაცნობა, სურვილისა და აუცილებლობის შემთხვევაში – მის პირად პედიატრთან კონტაქტიც. აუცილებელია წინასწარ შეთანხმება ყველა იმ საქმიანობის თაობაზე, რომლებიც ბავშვთან არ არის დაკავშირებული. თუ ბავშვი მცირეწლოვანია და დღეში რამდენიმე საათი სძინავს, შესაძლოა, დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ ძიძამ შეითავსოს საოჯახო საქმიანობაში დამხმარის ფუნქციებიც: სახლის დალაგება, სადილის მომზადება, ჭურჭლის დარეცხვა...
გამოსაცდელი ვადა
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია დააწესოთ მინიმუმ ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადა. ამ ხნის განმავლობაში თქვენ საშუალება გექნებათ, თავად დააკვირდეთ ბავშვისა და ძიძის ურთიერთობას. ბავშვს უცხო ადამიანთან შეჩვევა რომ გაუადვილდეს, ითამაშეთ მათთან ერთად, გამოხატეთ კეთილგანწყობა ძიძის მიმართ, ერთად ასეირნეთ პატარა.
ფინანსური საკითხი
დღესდღეობით ძიძების თვიური ანაზღაურება საშუალოდ 400 ლარია. პირადი მოლაპარაკებისას შეიძლება თქვენთვის სასურველი პირობების მიხედვით შეთანხმებაც. არსებობს საათობრივი ანაზღაურების სისტემაც. ამ შემთხვევაში ძიძა მუდმივად კი არ არის დატვირთული, არამედ მხოლოდ მაშინ, როცა ოჯახს დამხმარე ხელი სჭირდება.
რამდენიმე პრაქტიკული რჩევა
. ეცადეთ, შინ შეთანხმებულ დროზე ნახევარი ან ერთი საათით ადრე დაბრუნდეთ - გაიგებთ, რა ხდება თქვენი შინ არყოფნისას, როდესაც არ გელიან.
. გაესაუბრეთ მეზობლებს, სხვა ბავშვების მშობლებს ან ძიძებს მაშინ, როცა თავად გაგყავთ ბავშვი სასეირნოდ ჩვეულ ადგილას.
. სთხოვეთ ნათესავს, გაუფრთხილებლად გესტუმროთ, როცა თავად შინ არ იქნებით.
. შეიძლება სპეციალური სათვალთვალო კამერის დამონტაჟებაც. წინასწარ გააფრთხილეთ ძიძა ამის შესახებ და აკონტროლეთ ბავშვის ყოველდღიური ცხოვრება ამ გზით.