რატომ გვტკივა კუნთები

გააზიარე:

ერთი უხერხული მოძრაობაც საკმარისია, რომ კუნთი დაგეჭიმოს და ტკივილმა რამდენიმე დღე გაწვალოს, შემდეგ ვინმე ნაცნობის რჩევით რომელიმე “კარგად ნაცად” მალამოს შეიზელ. თუ გაგიმართლა, ტკივილი გაგივლის, მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ იმ ერთი უხერხული მოძრაობის შედეგი კარგა ხანს გახსენებს თავს. ეს ბანალური ისტორია რა მოსატანია მათთან, ვინც ლამის ყველა კუნთის ტკივილით იტანჯება, თანაც ისე, რომ მიზეზისთვის ვერ მიუგნია. 
მაინც რა იწვევს კუნთების ტკივილს? ამის გარკვევაში “ავერსის კლინიკის” ექიმი, რევმატოლოგი მარიკა ბაქრაძე დაგვეხმარება:
– მიალგია ანუ კუნთების ტკივილი ფუნქციური ხასიათის მსუბუქი კუნთოვანი პათოლოგიაა, რომელსაც არამყარი, ზომიერი ინტენსივობის ტკივილი ახასიათებს. იგი საკმაოდ გავრცელებული სიმპტომია. მიალგიის ყველაზე ხშირი მიზეზი გაციება, სიმძიმეების აწევა, მძიმე ფიზიკური შრომა და უხერხული მოძრაობაა. გარდა ამისა, კუნთოვანი ტკივილი უამრავი დაავადების თანმხლები სიმპტომია. მათ შორის არის როგორც კუნთოვანი, ისე არაკუნთოვანი პათოლოგიები. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი მიოზიტია. 
– მიოზიტი ჩონჩხის კუნთების ანთებას ეწოდება. დაავადება თანაბარი სიხშირით გვხვდება ქალებსა და მამაკაცებში. მიალგიისგან განსხვავებით, მიოზიტი კუნთების ორგანული პათოლოგიაა, რომლის დროსაც პათოლოგიური ცვლილებები კუნთოვან ქსოვილში მიმდინარეობს. მიოზიტი შეიძლება განვითარდეს პირველადად, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, და მეორეულად, განსაზღვრული მდგომარეობების ფონზე. ამრიგად, მისი მიზეზის ნუსხა ვრცელი და მრავალფეროვანია:

  • ინფექციური დაავადებები (ანგინა, გრიპი, რევმატიზმი);
  • ჩირქოვანი ინფექციური დაავადებები (ოსტეომიელიტი, სეფსისი), გამოწვეული სტრეპტოკოკებით, სტაფილოკოკებით, ანაერობული მიკრობებით;
  • პარაზიტული დაავადებები (ტრიქინელოზი, ტოქსოპლაზმოზი, ექინოკოკოზი);
  • აუტოიმუნური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, სისტემური სკლეროდერმია);
  • ინტოქსიკაცია (ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტოკების მოხმარება);
  • მედიკამენტები (აგფ-ის ინჰიბიტორები, სტატინები, პენიცილამინი, ციმეტიდინი).

აღსანიშნავია, რომ მიოზიტი ხშირად ემართებათ განსაზღვრული პროფესიის ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სტერეოტიპულ მოძრაობებთან – პიანისტებს, მევიოლინეებს, ოპერატორებს, მძღოლებს.
– როგორი მიმდინარეობა ახასიათებს მიოზიტს? როგორ გავარჩიოთ იგი ნერვის ანთებისგან?
– მიოზიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე მიოზიტი უეცრად ვითარდება ტრავმის, სტრესის, გაციების შედეგად, უპირატესად – კისრის, წელის, მხრის სარტყლის კუნთებში. მისთვის დამახასიათებელია კუნთების ინტენსიური ტკივილი, რომელიც აქვეითებს დაზიანებული კუნთების შესაბამის მოძრაობას. პალპაციით კუნთები გამკვრივებული და მტკივნეულია, განსაკუთრებით – ძვალთან მათი მიერთების ადგილას. დასვენებისა და სათანადო მკურნალობის შედეგად მწვავე მიოზიტი უკვალოდ ქრება. ქრონიკული მიოზიტი უმეტესად არასწორად ნამკურნალევი მწვავე მიოზიტის შედეგია. დაავადების ამ ფორმის დროს ავადმყოფს აწუხებს მცირე ინტენსივობის მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ამინდის ცვლილების, გაციებისა და გადაღლის დროს. დაავადების ხანგრძლივი მიმდინარეობის შემთხვევაში კუნთების ატროფია (განლევა) ვითარდება. კუნთისა და ნერვის ანთების დიფერენცირება პაციენტის სათანადო გასინჯვისა და შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლიათ. მიოზიტის დროს, როგორც გითხარით, აღინიშნება კუნთის ლოკალური ტკივილი, მტკივნეული კუნთი პალპაციით გამკვრივებული და დაჭიმულია, შესაძლოა, ჰიპერემიულიც (გაწითლებული) იყოს. ამასთან, მიოზიტისთვის ტკივილის პოზიციურობაა (მოძრაობის დროს გაძლიერება) დამახასიათებელი. ნერვის ანთების დროს კი ტკივილი დაზიანებული ნერვის საპროექციო მიდამოში ირადირებს (ვრცელდება), არ შეინიშნება კუნთების ცვლილებები. ტკივილს შესაძლოა თან ახლდეს მგრძნობელობის მოშლა დაზიანებული ნერვის საინერვაციო არეში.
– დერმატომიოზიტისა და პოლიმიოზიტის შესახებ რა გვეტყვით?
– პოლიმიოზიტიც და დერმატომიოზიტიც იდიოპათიური ანთებითი მიოპათიების ჯგუფს მიეკუთვნება. ეს დაავადებები მამაკაცებზე ხშირად ქალებს ემართებათ. მათ დაავადების განვითარების ორი პიკი ახასიათებთ – 5- დან 15 და 40-დან 60 წლამდე ასაკში. 
პოლიმიოზიტის დროს, როგორც სახელწოდებაც მიუთითებს, კუნთების დაზიანება მრავლობითია (მხრისა და მენჯის სარტყლის, კისრის, ხახის, სასუნთქი კუნთები). დაავადების დასაწყისში ყურადღებას იქცევს ქვედა კიდურების განსაზღვრული ჯგუფის კუნთების სისუსტე, რაც ხელს უშლის პაციენტს სკამიდან წამოდგომასა და კიბეზე ასვლაში (“ავტობუსის სიმპტომი”). ზედა კიდურების კუნთების სისუსტე ვლინდება ხელის აწევის, თმის დავარცხნის, ტანსაცმლის ჩაცმის გაძნელებით (“პერანგის სიმპტომი”). დაავადების პროგრესირებისას კისრის მომხრელი კუნთები ზიანდება, რის გამოც ავადმყოფი უძრავად წევს საწოლში და თავის წამოწევასაც კი ვერ ახერხებს. ხახის კუნთების დაზიანება იწვევს დისფონიას (მეტყველების დარღვევა) და ყლაპვის გაძნელებას. სასუნთქი კუნთების დაზიანებას თან ახლავს სუნთქვის დარღვევა და მეორეული ბრონქოპნევმონიის (ფილტვების ანთება) განვითარება, ხოლო ისეთი საშიში გართულება, როგორიცაა ასპირაციული პნევმონია, უმეტესად ლეტალურად სრულდება.
დერმატომიოზიტის დროს პოლიმიოზიტისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს ერთვის კანისმხრივი გამოვლინებები, რომლებმაც შესაძლოა კუნთოვან სისუსტეზე გაცილებით ადრე იჩინოს თავი.
კანის დაზიანება მრავალფეროვანია: ჭარბობს ერითემა, შეშუპება და დერმატიტის მოვლენები, უპირატესად – სხეულის ღია ნაწილებზე, ინსოლაციის შედეგად. აღსანიშნავია ჰელიოტროპული (ლილისფერი) ერითემა ქუთუთოებზე, რომელიც ხშირად ასოცირებულია პერიორბიტულ შეშუპებასთან (“სათვალის სიმპტომი”), ერითემა მხრებისა და კისრის უკანა ზედაპირზე (“მოსასხამის სიმპტომი“) ან კისრისა და გულმკერდის ზედა ნაწილის წინა ზედაპირზე (“V სიმპტომი“) ამასთანავე, დამახასიათებელია ნუნების დისტროფია, ფრჩხილებისა და საფრჩხილე არეების ცვლილებები.
აღსანიშნავია, რომ დერმატომიოზიტი ხშირად, განსაკუთრებით – ახალგაზრდა ასაკში, სიმსივნურ პროცესებთანაა დაკავშირებული, ამიტომ დერმატომიოზიტის მქონე ყველა პაციენტს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება ონკოლოგიური დაავადებგტის გამოსავლენად. იდიოპათიური ანთებითი მიოპათიები დაავადებათა დიდი ჯგუფია. მასში დერმატომიოზიტსა და პოლიმიოზიტთან ერთად კიდევ რამდენიმე პათოლოგია შედის. მათი საერთო ნიშანი კონკრეტული ჯგუფის კუნთების მზარდი სისუსტე და პროგრესირებადი მიმდინარეობაა, რასაც მძიმე ინვალიდობამდე, ზოგჯერ – სრულ უმოძრაობამდეც კი, მივყავართ. ესენია:
იუვენილური დერმატომიოზიტი – ვლინდება 5-დან 15 წლამდე. მისთვის დერმატომიოზიტის კლინიკაა დამახასიათებელი;

  • მიოზიტი, რომელიც ასოცირდება შემაერთებელი ქსოვილის სისტემურ დაავადებასთან – კუნთოვანი სისუსტე შესაძლოა თან ახლდეს შემაერთებელი ქსოვილის სხვა სისტემურ დაავადებებს, ძირითადად – სისტემურ სკლეროდერმიას, სისტემურ წითელ მგლურას, შემაერთებელქსოვილოვან შერეულ დაავადებას და შოგრენის სინდრომს, შედარებით იშვიათად – რევმატოიდულ ართრიტს, კვანძოვან პოლიარტერიიტს და ზრდასრულთა სტილის სინდრომს;
  • პარანეოპლასტური მიოზიტი – კუნთოვანი სისუსტე ხშირად სიმსივნური პროცესების ფონზე ვითარდება. იგი ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება, შედარებით იშვიათია ბავშვებში. კუნთოვანმა სისუსტემ შესაძლოა დაასწროს სიმსივნის დიაგნო
  • სტირებას ან აღმოცენდეს გაშლილი კლინიკური სურათის ფონზე. უმეტესად ვითარდება დერმატომიოზიტისათვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა;
  • მიოზიტი უჯრედშიდა ჩანართებით – ძირითადად 50 წელს გადაცილებულ პირებთან გვხვდება, ორჯერ მეტად – მამაკაცებთან. მისთვის დამახასიათებელია ოთხთავა, თითების გრძელი მომხრელი და წვივის წინა კუნთების სისუსტე. კუნთოვანი სისუსტისა და მუხლის სახსრების მოხრის გამო პაციენტები ხშირად ეცემიან, უჭირთ ხელის ჩაჭიდება, საგნების აღება და თვითმომსახურება. სისუსტესთან ერთად ვითარდება კუნთოვანი ატროფია.

– როგორ სვამენ დიაგნოზს, როგორ ადგენენ კუნთოვანი ტკივილის მიზეზს?
– ცხადია, მნიშვნელოვანია კლინიკური სურათი, პაციენტის მონათხრობი, გასინჯვა, თუმცა დიდ დახმარებას გვიწევს კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევებიც. ლაბორატორიული კვლევებიდან ჩონჩხის კუნთების დაზიანების განმსაზღვრელი ყველაზე მგრძნობიარე ტესტია ფერმენტ კრეატინკინაზის განსაზღვრა. შრატში ამ ფერმენტის დონის აწევა კარგად კორელირებს დაავადების აქტივობასთან. თუმცა დაავადების ადრეულ სტადიაზე, შორს წასულ შემთხვევებში ან გამოხატული კუნთოვანი ატროფიის დროს მისი მაჩვენებლები ხშირად ნორმას არც კი აღემატება. 
იდიოპათიური ანთებითი მიოპათიების სადიაგნოსტიკოდ საჭიროა მიოზიტსპეციფიკური ანტისხეულების (Jo-1,ანტი PL-7, ანტი PL-12, ანტი-EJ და ა.შ) არსებობის დადგენა – მათზე ხშირად არის დამოკიდებული დაავადების მიმდინარეობა და პროგნოზი. ელექტრომიოგრაფია პათოლოგიური პროცესის გავრცელებისა და სიმწვავის განსაზღვრის მნიშვნელოვანი მეთოდია. საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და დაავადების ტიპის დასადგენად (პოლიმიოზიტი, დერმატომიოზიტი, ჩანართებით მიმდინარე მიოზიტი) კი კუნთების ბიოფსიას მივმართავთ. ზოგჯერ ინფორმაციულია ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული კვლევაც.

– როგორ მკურნალობენ მიოზიტს?
– მწვავე, ბანალური მიოზიტის მკურნალობა გულისხმობს წოლით რეჟიმს, სითბოს და ფიზიკური აქტივობის მაქსიმალურ შეზღუდვას. ეფექტურია ადგილობრივად წასასმელი ანთების საწინააღმდეგო მალამოები. მედიკამენტური მკურნალობა მოიცავს პათოგენეზურ და სიმპტომურ თერაპიას. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მიოზიტის მიზეზის დადგენა და მასზე ზემოქმედება. მაგალითად, ინფექციური დაავადებების ფონზე განვითარებული მიოზიტის სამკურნალოდ ანტიბაქტერიული პრეპარატები გამოიყენება, პარაზიტული მიოზიტის დროს კი ანტიჰელმინთური. ჩირქოვანი მიოზიტის დროს აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა. ტკივილის გასაყუჩებლად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – როგორც ზოგადი მოქმედებისა (აბი), ისე ადგილობრივი (მალამო). კარგია კომპლექსურ თერაპიაში მიორელაქსანტების ჩართვა. შედეგიანია, განსაკუთრებით – ქრონიკული მიოზიტის დროს, ფიზიოთერაპიული პროცედურები, აკუპუნქტურა, სამკურნალო მასაჟი და ვარჯიში (გარდა ჩირქოვანი მიოზიტისა).
პოლიმიოზიტისა და დერმატომიოზიტის დროს ინიშნება ჰორმონული პრეპარატები და იმუნოსუპრესორები აუტოიმუნური პროცესის დათრგუნვის მიზნით. მკურნალობისადმი რეზისტენტული ფორმების დროს იყენებენ პლაზმაფერეზს გლუკოკორტიკოსტეროიდებსა და იმუნოსუპრესანტებთან ერთად. ბოლო დროს დერმატომიოზიტს და პოლიმიოზიტს წარმატებით მკურნალობენ ინტრავენური იმუნოგლობულინით. როგორც მედიკამენტური მკურნალობა, ისე სხვა სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროცედურები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს თითოეული პაციენტისთვის. 
– ბოლო დროს სულ უფრო გახშირდა ფიბრომიალგია, ამ პათოლოგიის შესახებ რას გვეტყვით?
– როდესაც კუნთოვანი ტკივილი სამ თვეზე მეტხანს გრძელდება და სხეულის დიდ ნაწილს მოიცავს, ეჭვი ფიბრომიალგიაზე მიგვაქვს. ფიბრომიალგია რევმატული დაავადებაა, რომელიც სახსრის ირგვლივ მდებარე ქსოვილებს აზიანებს. იგი ვლინდება ყველა კუნთისა და რბილი ქსოვილის ქრონიკული გავრცობილი ტკივილით, ავადმყოფი უჩივის ადვილად დაღლას, სისუსტეს, დიფუზური ხასიათის ტკივილს კუნთებსა და მყესების მიმაგრების ადგილას, ასევე – თავის ტკივილს, უძილობას, გაღიზიანებადობას, შებოჭილობას, ხშირად – სახსრების და მტევნების შესივების შეგრძნებას, თუმცა ობიექტურად შესივება არ აღინიშნება, მოძრაობა სახსრებში თავისუფალია და სრული მოცულობისა.
დაავადება უმეტესად ახალგაზრდა და შუა ხნის ქალებთან გვხვდება. მიზეზი უცნობია, ხელშემწყობ ფაქტორებად კი მიიჩნევენ ქრონიკულ სტრესს, ჰორმონულ, ნევროლოგიურ, იმუნური სისტემის დარღვევებს და ფიზიკურ დატვირთვას. აღსანიშნავია, რომ, სხვა რევმატული დაავადებებისგან განსხვავებით, ფიბრომიალგიის დროს კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები ნორმის ფარგლებშია.
ფიბრომიალგიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც გამოირიცხება სხვა რევმატული დაავადებები, უპირველესად კი რევმატული პოლიმიალგია, რომლის კლინიკაც ძალიან ჰგავს ფიბრომიალგიისას.
რევმატული პოლიმიალგიისთვის დამახასიათებელია სიმეტრიული ხასიათის ტკივილი და შებოჭილობით კისრის, მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთებში. ავადდებიან უპირატესად 50 წელს გადაცილებული ქალები. რევმატული პოლიმიალგიის დროს, ფიბრომიალგიისგან განსხვავებით, სისხლში აღინიშნება ანთებისთვის დამახასიათებელი სურათი.
ფიბრომიალგიის მკურნალობა კომპლექსურია, მოიცავს არამედიკამენტურ და მედიკამენტურ თერაპიას. არამედიკამენტური თერაპია გულისხმობს პაციენტის განათლებასა და ფსიქოთერაპიას, აერობიკას, ფიზიოთერაპიულ პროცედურების (ელექტრო- და ბალნეოთერაპიას), მედიკამენტური თერაპია – სიმპტომური ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების, ანდიდეპრესანტების, ანტიკონვულსანტებისა და მიორელაქსანტების გამოყენებას.


თამარ არქანია

გააზიარე: