რა იწვევს კუჭის წყლულს

გააზიარე:

თანამედროვე ცხოვრების სტრესული ტემპი მხოლოდ მოზრდილი ადამიანების ჯანმრთელობასა და განწყობაზე კი არ აისახება, ბავშვებზეც დიდ გავლენას ახდენს. ფსიქოლოგიური დაძაბულობა, აგრესია, რამდენიმე მასწავლებელთან სიარული, გაკვეთილების მომზადება და სხვა ბავშვებისგან დიდ ენერგიას მოითხოვს. სწორედ სტრესი და კვების რეჟიმის დარღვევა გახლავთ კუჭის წყლულისა თუ ეროზიის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორი. საბედნიეროდ, ის არც ისე ხშირია, როგორც ბანალური ვირუსული ინფექცია, მაგრამ პრობლემა მაინც არსებობს. მის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს აბდომინალური დეპარტამენტის ზოგადი პედიატრიის მიმართულების ხელმძღვანელი, პედიატრ-გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე გვესაუბრება:
– ეს დაავადებები ნებისმიერ ასაკში გვხვდება, თუმცა უმეტესად – 8-10 წლის შემდეგ. გვქონია შემთხვევები, წლინახევრის-ორი წლის ბავშვები კლინიკაში პირდაპირ სისხლმდენი წყლულით მოუყვანიათ: უეცრად დასწყებიათ მელენა (შავი ფერის განავალი) ან ყავისფერი მასებით ღებინება, თუმცა მანამდე წყლულისთვის დამახასიათებელი არავითარი სიმპტომი არ ჰქონიათ და კუჭის (თორმეტგოჯას) წყლული ან ეროზია უკვე სისხლდენის გამო ჩატარებული გამოკვლევისას აღმოგვიჩენია.
– ხშირად აწყდებით ბავშვებთან ამ დაავადებებს?
– პედიატრიულ პრაქტიკაში ეს დაავადებები, თვით გასტრიტიც კი, იშვიათია. ეს უკანასკნელი მორფოლოგიური დიაგნოზია. გასტრიტის დასადგენად გასტროსკოპია უნდა ჩატარდეს, ბიოფსია გაკეთდეს და აღებული მასალა მორფოლოგიურად შეისწავლონ. ჩვენ კი ხშირად კუჭის ტკივილსაც გასტრიტს ვეძახით. ბავშვებში კუჭის ტკივილი მეტწილად დისპეფსიით არის განპირობებული. დისპეფსია ფუნქციური მდგომარეობაა და არა დაავადება, შესაძლოა, მკურნალობაც არ დასჭირდეს, ან სიმპტომურმა მკურნალობამ იკმაროს. 
– რა განაპირობებს ბავშვთა ასაკში კუჭის დაავადებებს? 
– უმთავრესად – არასწორი კვება, კვების რეჟიმის დარღვევა, ცხოვრების რიტმის დარღვევა, სტრესი, რომელსაც გადატვირთული რეჟიმი, მოუწესრიგებელი ძილი იწვევს.
როგორც გასტრიტის, ისე წყლულოვანი დაავადების მთავარი გამომწვევია ჰელიკობაქტერია (Helicobacter pyroli), თუმცა ორგანიზმში მისი არსებობა იმას არ ნიშნავს, რომ წყლული აუცილებლად ჩამოყალიბდება.
სხვა მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ წამლები, განსაკუთრებით – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები, რომელთა მიღება ბავშვს სხვადასხვა დაავადების გამო უწევს. ამ ჯგუფის მედიკამენტები ხშირად იწვევს გასტრიტს, ეროზიასა თუ წყლულს, ამიტომ როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს და გაკონტროლდეს. 
– უწყობს თუ არა ხელს რეფლუქსი (კუჭის შიგთავსის საყლაპავში უკუგადასროლა) წყლულისა და ეროზიის ჩამოყალიბებას? 
– ადრეულ ასაკში რეფლუქი სფინქტერების, კუჭის სარქვლის მომჭერი კუნთების, ფუნქციური მოუმწიფებლობის შედეგია. როგორც კი სფინქტერები მომწიფდება (შესაძლოა, ეს გარდატეხის ასაკში მოხდეს), რეფლუქსიც უკუგანვითარდება, მაგრამ ეროზიასა და წყლულს ის არ იწვევს. რეფლუქსი სხვა პრობლემებს წარმოშობს – საყლაპავის ანთებას, ზოგჯერ ბრონქიტსაც კი. თუ დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარია ჩამოყალიბებული და დეფექტი დიდია, ხშირად ოპერაციული მკურნალობის საკითხი დაისმის. ის განსაკუთრებით ხშირად უკეთდებათ წლამდე ასაკის ბავშვებს. რეფლუქსი კვების რეჟიმითა და მედიკამენტებით რეგულირდება.
– უკვე ახსენეთ წყლულისა და ეროზიის დროს განვითარებული სისხლდენის ნიშნები – მელენა და ყავისფერი მასებით ღებინება, მაგრამ თუ დაავადება კლასიკურად მიმდინარეობს, რა სიმპტომები გვაეჭვებინებს მას?
– მელენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენის ნიშანია. როდესაც სისხლი ქვედა ნაწილებიდან დის, განავალი არ შავდება – ამ დროს მასში უფრო ალისფერი ან შინდისფერი სისხლია შერეული.
კუჭის დაავადების ძირითადი ნიშნებია: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, ჭიპის ზემოთ, გულძმარვა, ბოყინი, გულისრევის შეგრძენება, საკვების მიღებასთან დაკავშირებული ტკივილი (მშიერზე ან ჭამის შემდეგ). 
– როგორ ხდება დიაგნოსტიკა, როდის არის აუცილებელი ენდოსკოპიური გამოკვლევა ან რამდენად რთულია ბავშვისთვის მისი ჩატარება?
– უპირველეს ყოვლისა, ვითვალისწინებთ ბავშვის ჩივილებს, ვსინჯავთ მას და პირველ რეკომენდაციებს ვაძლევთ. ესენია კვების რეჟიმის მოწესრიგება, დიეტის დაცვა. ენდოსკოპიური გამოკვლევის პირდაპირი ჩვენებაა სისხლიანი გამ
ონაყოფი. ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევის შეგრძნება და ამგვარი სიმპტომები გასტროსკოპიის პირდაპირ ჩვენებად არ მიიჩნევა, თუ არ არსებობს მისი ჩატარების დამატებითი მიზეზი. ერთ-ერთი ასეთი მიზეზია მემკვიდრეობა (როდესაც ბავშვის მშობლებს ან უახლოეს ნათესავებს წყლულოვანი დაავადება აქვთ). გასტორსკოპიის ჩვენებად მიიჩნევა დისპეფსიური სიმპტომებიც – ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვა, ბოყინი და სხვა, თუ ისინი რამდენიმე თვეა გრძელდება, შემაწუხებელია და დიეტა და სიმპტომური საშუალებები ვერ შველის. გამოკვლევა უმტკივნეულოა, მაგრამ მაინც ინვაზიურია და, შესაბამისად, უსიამოვნოც, მცირე ასაკში კი ის ზოგადი ნარკოზის თანხლებით ტარდება, ამიტომ ჩვენების გარეშე მისი ჩატარება არ არის სასურველი და მშობლებიც ხშირად ამბობენ მასზე უარს. აუცილებლად ვატარებთ გამოკვლევას ჰელიკობაქტერიის არსებობის დასადგენად. მისი განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე მგრძნობიარე მეთოდია ჰელიკობაქტერიის ანტიგენის პოვნა განავალში. არსებობს წყალბადის სუნთქვითი ტესტიც. შესაძლებელია სისხლში ჰელიკობაქტერიის ანტისხეულის აღმოჩენაც. თუ ეს დაავადების პირველი შემთხვევაა და ადამიანი არ არის ნამკურნალები, შესაძლოა, გადაწყვეტილების მისაღებად ანტისხეულების ტიტრის განსაზღვრაც საკმარისი აღმოჩნდეს. დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო მკურნალობა ენდოსკოპიური კვლევის გარეშეც დავნიშნოთ. 
– როგორ მკურნალობთ წყლულსა და ეროზიას?
– ჰელიკობატერიის ერადიკაციის (აღმოფხვრის) კურსი 3-4 პრეპარატის გამოყენებას ითვალისწინებს და ასიდან 95 შემთხვევაში შედეგიანია, თუმცა ჰელიკობაქტერიოზი არ გახლავთ სახადი, რომელსაც გადაიტან და აღარასოდეს დაგემართება – ეს ბაქტერია საკმაოდ გავრცელებულია და ყოფით პირობებში ვრცელდება, განსაკუთრებით – ოჯახის წევრებს შორის. 
ვნიშნავთ ანტაციდებს (მჟავიანობის დამთრგუნველ საშუალებებს), პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს და სხვა პრეპარატებს. როგორც აღვნიშნე, უმეტესად მკურნალობა შედეგიანია.
– ყველამ იცის, რაოდენ მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმი ამ დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის. სახელდობერ, რას გულისხმობს ეს? 
– დიეტა არ არის მეტისმეტად მკაცრი, მაგრამ ბავშვი უნდა მოვარიდოთ მწარე, ცხარე მჟავე საკვებს და ვეცადოთ, ნატურალური და ჯანსაღი სურსათით გავუმასპინძლდეთ. თუმცა დღეს საკვების ხარისხი ძნელი დასადგენია. როდესაც ბავშვი რეჟიმულად იკვებება, ალბათობა, დისპეფსიური სინდრომი ქრონიკულ დავადებაში გადაიზარდოს, უფრო ნაკლებია.
არც რეჟიმი გულისხმობს წუთობრივ კვებას, მაგრამ დღეში ოთხჯერ ჭამა აუცილებელია. ბავშვი სკოლაში მშიერი არ უნდა წავიდეს. ერთ ჯერზე ნაირ-ნაირი კერძის ჭამა არ ვარგა – ერთი ან ორი სახის საკვებს დავჯერდეთ. ხილის მიღება კი შუალედებში ჯობს. 
– გამიგონია, რომ კუჭის პრობლემების მქონე ბავშვებს უკრძალავენ ნიორს, შემწვარ კვერცხს, საკვებს სიმინდის ზეთით უმზადებენ და სხვა..
– თუ ენდოსკოპიურმა კონტროლმა დაგვარწმუნა, რომ ყველაფერი რიგზეა – და, წესისამებრ, შემთხვევათა 95%-ში ასეცაა, – განსაკუთრებული შეზღუდვები არ არის საჭირო. წინათ მიაჩნდათ, რომ წყლულის, ეროზიის მქონე ადამიანი მთელი სიცოცხლე მკაცრ დიეტაზე უნდა ყოფილიყო. ეს უსაფუძვლო მოსაზრებაა. ამ დაავადებების მქონე ბავშვები ჩვეულებრივ, სხვების მსგავსად უნდა იკვებონ. ნიორი ბუნებრივი ფიტონციდია და ამიტომ – ძალიან სასარგებლოც. სიჭარბე კი არაფრისა ვარგა. თუ ბავშვს ნიორი არ სწყენს, რატომ უნდა აეკრძალოს მისი ჭამა? ზოგს, მაგალითად, სრულიად უვნებელი პროდუქტი სწყენს, ასე რომ, მიდგომა ინდივიდუალურია. რა თქმა უნდა, არ არის სასურველი სწრაფი კვების პროდუქტები, ტკბილი გაზიანი სასმელები, ბევრი შოკოლადი, მაგრამ ათასში ერთხელ, სტუმრად, დაბადების დღეზე გამონაკლისების დაშვებაც შეიძლება. მთავარია, ყველაფერი, რასაც ბავშვს ვაჭმევთ, ხარისხიანი იყოს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: