სიცივე და ალერგია
გააზიარე:
ჩემს მეგობარს ზამთარი არ უყვარს. არ გეგონოთ, მცივანა იყოს; სულაც არა – მთელი ბავშვობა საგუნდაოდ პირველი ის გარბოდა, უხელთათმანებოდ დგამდა თოვლის კაცს... ერთ ზამთარს კი ხელები სულ მთლად გაუწითლდა, შეუსივდა და ჭინჭრის ნასუსხივით გამონაყარმა დაუფარა. კარგა ხანს ვერავინ მიხვდა, რა სჭირდა. ბოლოს სიცივის ალერგია დაუდგინეს. მას შემდეგ, უკვე რამდენი წელია, ამ დაავადებას ებრძვის.
აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი გამონაკლისი არ ყოფილა – ალერგოლოგებს ზამთრობით თურმე ხშირად მიმართავენ ამ პრობლემით. ჩვენი რესპონდენტისგან, მედიცინის აკადემიური დოქტორისგან, ექიმ ალერგოლოგ მურმან კიკვიძისგან შევიტყვე, რომ სიცივის ალერგიას მრავალფეროვანი კლინიკური სურათი ჰქონია. ურტიკარია მისი ყველაზე გავრცელებული გამოვლინებაა:
– სიცივეზე ორგანიზმის უჩვეულო რეაქცია დღემდე ვერ აუხსნიათ ჯეროვნად. კარგა ხანს მედიკოსებს არც კი უნდოდათ ტერმინ “სიცივის ალერგიის” დამკვიდრება, რადგან ამ დროს ალერგენი, როგორც ასეთი, არ არსებობს. არის მხოლოდ ფიზიკური ფაქტორი – სიცივე, რომელიც პროვოცირებას უწევს იმუნურ რეაქციას. ამის გამო ალერგიის ამ ფორმას ფსევდოალერგიას უწოდებენ. სიცივე არ არის ალერგენი; შესაბამისად, ორგანიზმი მის მიმართ ანტისხეულებს არ გამოიმუშავებს, როგორც, მაგალითად, მტვრის ნაწილაკებთან კონტაქტის შემდეგ, თუმცა იგი ალერგიული რეაქციის გამშვებ ფაქტორად გვევლინება.
- საინტერესოა, რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში...
– მკვლევართა დიდი ნაწილი ამტკიცებს, რომ სიცივის მიმართ ორგანიზმის რეაქცია ე.წ. სიცივის ცილების, კრიოგლობულინების, გამომუშავებით ვლინდება. ადამიანის იმუნური სისტემა მათ უცხოდ აღიქვამს და ებრძვის. სხეულზე სითბოს მოქმედებისას ეს ცილები საწყის დონეს უბრუნდება და ალერგიის სიმპტომებიც ქრება. სიცივის უშუალო ზემოქმედება აზიანებს ორგანიზმის სამიზნე უჯრედებს და იწვევს მათგან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების – აცეტილქოლინის, სეროტონინის, ჰისტამინის გამოყოფას. ამ დროს განვითარებულ პროცესებში ჰისტამინი წამყვან როლს ასრულებს. ეს ნივთიერება სისხლში მოხვედრის შემდეგ იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, კანის შეწითლებას, წვრილი სისხლძარღვებიდან სითხის გადაადგილებას. ამ პროცესების შედეგია ცემინება, შეშუპება და სურდო.
- ხშირია სიცივის მიმართ ალერგია? როგორ გამოიხატება იგი?
– სიცივის ალერგია საკმაოდაა გავრცელებული. ასიდან სამოცდაათი პაციენტი ქალია. დაავადება პირველად, წესისამებრ, 25-30 წლის ასაკში იჩენს თავს. რეაქციას იწვევს უარყოფითი ტემპერატურა, ასევე – ცივი ჰაერი, ყინულიანი წყალი, ზოგჯერ – +10 გრადუსი ტემპერატურის წყალიც კი, ცივი სასმელი, ცივი საწოლი.
ცივ და ქარიან ამინდში სახეზე, ხელებსა და სხეულის სხვა ღია ნაწილებზე ჩნდება სიწითლე, გამონაყარი და ქავილი. სახე სიცივის მიმართ ყველაზე მგრძნობიარე ადგილია, მეტადრე – ბავშვებში. ქავილმა ნაზი კანი შესაძლოა დააზიანოს, დაზიანებული ადგილი კი ინფექციის კარიბჭედ იქცეს.
გარეგნულად სიცივის ალერგია რამდენიმე სიმპტომით ვლინდება. ესენია:
- მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ურტიკარია. ჭინჭრის ნასუსხისმაგვარ გამონაყარს და კანის ქავილს შესაძლოა შეშუპებაც დაერთოს. გამონაყარის ელემენტები სიცივით დაზიანებულ უბნებზეა განლაგებული. გადაცივებამ (ცივ წყალში ბანაობამ ან ცურვამ) შესაძლოა გამოიწვიოს გენერალიზებული ურტიკარია წნევის დაცემით და ფატალური დასასრულითაც კი.
- სიცივის ერითემა. ამ დროს წარმოიშობა სიწითლე და ტკივილის შეგრძნება კანის იმ უბნებზე, რომლებზეც სიცივე მოქმედებს.
- სიცივით გამოწვეული დერმატიტი – ვლინდება კანის ქავილითა და შეშუპებით. შესაძლოა, მთელი სხეულიც კი შეშუპდეს.
- სიცივით გამოწვეული კონიუნქტივიტი – თვალების წვა და ცრემლდენა სიცივეში მოხვედრისას.
- სიცივის ალერგიას სხვა ნიშნებიც აქვს, მათ შორის:
- რინიტი – სურდო, ცხვირის გაჭედვა, რომელიც სითბოში გაივლის;
- თავის ტკივილი, შაკიკი – შესაძლოა განვითარდეს სიცივეში უქუდოდ სეირნობისას, ნაყინის ან ცივი სასმლის მიღების შემდეგ;
- რადიკულიტი – სიცივეში სეირნობა ხშირად ბიძგს აძლევს იმუნური კომპლექსების წარმოქმნას, რომლებიც ნერვული ფესვების ანთებას უწევს პროვოცირებას;
- სუნთქვის გაძნელება – სიცივეში ვითარდება ბრონქოსპაზმი, სასუნთქი გზები მკვეთრად ვიწროვდება და იწყება ხველა. ამას ექიმები ბრონქოსპასტიკურ სინდრომს ვუწოდებთ. სპაზმი თბილ ოთახში დაბრუნებისთანავე გაივლის.
- სიცივის ალერგიის ხელშემწყობ ფაქტორებზე რას გვეტყვით?
– იშვიათად სიცივის ალერგია ისეთ ადამიანსაც ემართება, რომელიც მანამდე არავითარ ალერგიულ რეაქციას არ შეუწუხებია, თუმცა უმეტესად ის მაინც ალერგიული ფონის მქონე პირებს აწუხებთ. მის განვითარებას ხელს უწყობს ზოგიერთი დაავადებაც. ხელშემწყობი ფაქტორების მოკლე ჩამონათვალი ასეთია:
ალერგია კვებითი, მცენარეული, საყოფაცხოვრებო, მედიკამენტური ალერგენების მიმართ;
- ზოგიერთი ინფექციური დაავადება – ყბაყურა, წითელა, წითურა, მიკოპლაზმური პნევმონია (ფილტვების ანთება);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სისტემური წითელი მგლურა, ონკოლოგიური დაავადებები (სიცივის ალერგიის გამოვლენა მოსალოდნელია ლიმფოლეიკოზების დროსაც);
- ქრონიკული დაავადებები – სინუსიტი, ჰაიმორიტი, დისბაქტერიოზი, ჰელმინთოზები;
- კანის დაავადებები – ეგზემა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი;
- მემკვიდრეობითი დაავადებები.
- როგორ სვამენ სიცივის ალერგიის დიაგნოზს?
– დიაგნოსტირება ძნელი არ არის. გამონაყარის ტიპის, სიმპტომებისა და პაციენტის მონათხრობის მიხედვით იოლად ვხვდებით, რასთან გვაქვს საქმე. არსებობს კანის სპეციალური სინჯიც – მას სიცივითი სინჯი ჰქვია: ოთხი წუთის განმავლობაში ყინულის ნაჭერს წინამხრის არეში ვათავსებთ და კანის რეაქციას ვაკვირდებით. ალერგიის დროს კანი წითლდება და სპეციფიკური გამონაყარი უჩნდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეს სინჯი სიცივის ალერგიის ყველა შემთხვევაში არ არის დადებითი.
- როგორ ხდება სიცივის ალერგიის მკურნალობა და პრევენცია?
– მოგეხსენებათ, ალერგიული დაავადებების მკურნალობა ალერგენთან კონტაქტის შეწყვეტით იწყება. იგივე პრინციპი მოქმედებს სიცივის ალერგიის მკურნალობის დროსაც. ჩვენ წარმატებით ვებრძვით მის სიმპტომებს და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში წელიწადის ცივ პერიოდში დაავადების თავიდან აცილებასაც ვახერხებთ. უპირველეს ყოვლისა, პაციენტის საფუძვლიანი გამოკვლევაა საჭირო – როგორც უკვე გითხარით, სიცივის ალერგია ხშირად ზოგიერთ სხვა ალერგიულ თუ არაალერგიულ დაავადებას უკავშირდება, ამიტომ ფონური დაავადებების გამოვლენა და მკურნალობა აუცილებელია. ხშირად ძირითადი დაავადების მკურნალობაც საკმარისია ალერგიული რეაქციებისგან თავის დასაღწევად.
მას, ვისაც სიცივეზე ალერგიული რეაქცია აქვს, წლის ცივ პერიოდში ეკრძალება იმ პროდუქტების მიღება, რომლებიც თავისთავად იწვევს ალერგიას. ესენია: ციტრუსები, შოკოლადი, ხიზილალა, თევზი, თაფლი, თხილი, ნიგოზი. უმჯობესია, მიირთვან შემჟავებული რძის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმის მიკროფლორას აწესრიგებს და იმუნურ სისტემას დაავადების დაძლევაში ეხმარება. ტანთ ამინდის შესაფერისად უნდა ეცვათ. მოგეხსენებათ, შალი კანს აღიზიანებს, ამიტომ ამ ქსოვილის სამოსი რეკომენდებული არ არის. არ უნდა გვეცვას მეტისმეტად მჭიდრო ფეხსაცმელი; მუხლები უნდა დავიცვათ სპეციალური სამუხლეებით. როდესაც ვიცით, რომ სიცივეში დიდი ხნის გატარება მოგვიწევს, თერმოსით წავიყოლოთ ჩაი ან სხვა თბილი სითხე. არსებობს დამცავი და დამატენიანებელი კრემებიც კანის ღია ნაწილებისთვის. ისინი კანს სიცივისგანაც იცავენ და გამოშრობისგანაც.
დავიხსომოთ ისიც, რომ გადაცივების შემდეგ თბილი სათბურის მიდება და ცხელი წყლის აბაზანა რეკომენდებული არ არის – ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება მავნებელია, სხეული ნელ-ნელა უნდა გავითბოთ. ვისაც ცურვის დროს ემართება სიცივის ალერგია, ვურჩევთ, შხაპის მიღება 40-გრადუსიანი წყლით დაიწყონ, მერე და მერე კი თანდათან შეამცირონ ტემპერატურა, რათა ორგანიზმი შეეგუოს უფრო დაბალი ტემპერატურის წყალს. დიაგნოსტირებული სიცივის ალერგიის შემთხვევაში შინიდან გასვლის წინ უნდა მივიღოთ ანტიჰისტამინური პრეპარატი, ცხადია, ექიმის დანიშნულების შესაბამისად.
სიცივით გამოწვეული კონიუქტივიტისგან თავის დასაცავად შეიძლება გასეირნების წინ თვალებში ანტიალერგიული საშუალების ჩაწვეთება. ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ არის კონტაქტური ლინზების გამოყენება – ისინი უფრო მეტად აღიზიანებენ თვალს. სუსხში სათვალის ტარებაც არ არის ურიგო ხერხი. რინიტის თავიდან ასაცილებლად კი შინიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე ცხვირში ანტიალერგიული პრეპარატის ჩაწვეთებას გირჩევთ. სისხლძარღვთა შემავიწროებელ საშუალებებს – მაგალითად, ნაფტიზინს – ნუ იხმართ, რადგან სამ-ოთხდღიანი უკეთესობის შემდეგ სიმპტომებმა შესაძლოა უფრო მწვავედ იჩინოს თავი. ბრონქოსპაზმისგან თავის დასაზღვევად შინიდან გასვლის წინ რამდენიმე წუთი ღია სარკმელთან გაჩერდით ან სადარბაზოში შეყოვნდით, რომ ტემპერატურის ცვლილება მეტისმეტად მკვეთრი არ იყოს. თუ ბრონქოსპაზმი ხშირი, ძლიერი და შემაწუხებელია, ექიმი გირჩევთ ბრონქების გამაფართოებელ ინჰალატორს, რომელიც ეფექტურად ხსნის ბრონქოსპაზმს.
- როგორია დაავადების გამოსავალი?
– თუ სიცივის ალერგია მემკვიდრეობითი არ არის, ის რამდენიმე წელიწადში თავისით გაივლის. მემკვიდრეობითი სიცივის ალერგია, იგივე ოჯახური სიცივის ურტიკარია, შედარებით იშვიათია. იგი მემკვიდრეობის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით გადაეცემა თაობიდან თაობას. ამ დაავადებას ახასიათებს ლაქოვან-პაპულური გამონაყარი და წვა, რომელიც სიცივის მოქმედებიდან 0,5-3 საათში ვითარდება. შესაძლოა, თან ახლდეს ცრემლდენა, შემცივნება, ართრალგია (სახსრების ტკივილი), ლეიკოციტოზიც. ყინულის სინჯი ამ დროს უარყოფითია. საბედნიეროდ, როგორც უკვე გითხარით, ეს პათოლოგია იშვიათია, უმეტესად ბანალურ სიცივის ალერგიასთან გვაქვს საქმე.
თამარ არქანია