მეშვიდე გაკვეთილი

გააზიარე:

ინსულინთერაპია 
როდესაც ტაბლეტირებული თერაპიით გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა ვერ ხერხდება, რეკომენდებულია პაციენტის ინსულინთერაპიაზე გადაყვანა.
შეგახსენებთ, რომ ინსულინთერაპიის დაწყებისადმი მიდგომა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა. თუ წინათ ის ინიშნებოდა შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მძიმე ქრონიკული გართულებების განვითარების შემდეგ, დღესდღეობით სწორედ მათი პრევენციისთვის გამოიყენება. უნდა ვიცოდეთ, რომ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ისა და ტიპი 2-ის შემთხვევაში ინსულინთერაპიის პრინციპები სხვადასხვანაირია.
რატომ ინსულინი 
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 არ არის ინსულინდამოკიდებული დაავადება – ორგანიზმს ძალუძს საკუთარი ინსულინის გამომუშავება, განსაკუთრებით – დაავადების საწყის სტადიებში, მაგრამ მერე და მერე ტაბლეტირებული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, რომელთა უმრავლესობა პანკრეასის β უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს, იწვევს ამ უჯრედების გამოფიტვას. ამას ერთვის შაქარის გლუკოზატოქსიკური მოქმედება – სისხლში მისი მაღალი დონე ვნებს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელ უჯრედებს. შესაბამისად, მოუწესრიგებელი გლიკემიის მქონე პაციენტებთან β უჯრედების გამოფიტვის პროცესი განსაკუთრებით სწრაფად პროგრესირებს, ხოლო მოწესრიგებული გლიკემიის მქონეებთან –ნელა.
საბოლოოდ, დაავადების მანიფესტირებიდან 10-15 წლის შემდეგ, შემთხვევათა უმრავლესობაში ორგანიზმი ვეღარ გამოიმუშავებს საჭირო რაოდენობის ინსულინს და მის გარედან მიწოდებას მოითხოვს. ეს საჭიროა მაშინ, როდესაც ორი ეფექტური შაქარდამწევი მედიკამენტის თერაპიული დოზებით ვეღარ ვაღწევთ გლუკოზისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლებს. 
კომბინირებული სქემა
ვიდრე პაცინეტს სრულ ინსულინთერაპიაზე გადავიყვანთ, ჯერ კომბინირებულ სქემას ვიყენებთ – ტაბლეტებს, რომლებსაც ის იღებს, ხანგრძლივი მოქმედების ინსულინს ვამატებთ. კომბინირებული სქემა პაციენტს ადაპტაციაში, ინსულინისა და მისი ინექციის შიშის დაძლევაში ეხმარება და ახანგრძლივებს პერიოდს ინსულინის მრავალჯერადი ინექციების დანიშვნამდე. 
მრავალჯერადი ინექციები
როდესაც დაავადების ბუნებრივი პროგრესირების გამო კომბინირებული სქემაც უეფექტო ხდება (მისი დაწყებიდან დაახლოებით 2-5 წლის შემდეგ), პაციენტი  გადაგვყავს ბაზის-ბოლუსურ ინსულინთერაპიაზე, ანუ ხანგრძლივი და ხანმოკლე ინსულინების კომბინაციაზე. 
ბაზის-ბოლუსური თერაპია
თუ ადამიანი არც ისე ხანდაზმულია, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა მაღალია, ვნიშნავთ ხანმოკლე მოქმედების ინსულინის სამჯერად ინექციას და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინს, რომელიც 12 ან 24 საათში ერთხელ კეთდება. ამ პერიოდში პაციენტი, რა თქმა უნდა, არ იღებს ტაბლეტებს, გარდა მეტფორმინისა, რომელიც ზრდის როგორც საკუთარი, ისე წამლის სახით შეყვანილი ინსულინის ბიოლოგიურ აქტივობას, უჯრედებში მის შეღწევადობას. მეტფორმინი იზღუდება 72-75 წელს გადაცილებულ პაციენტებთან, ასევე – ღვიძლის, თირკმელების ფუნქციის დარღვევისა და სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს. 
როდის 
ვიცით, რომ ორგანიზმს შაქრის ორი მარაგი აქვს – ღვიძლი და საკვები. ღვიძლისმიერი გლუკოზის კორექცია ხდება 12- ან 24-საათიანი ინსულინით – 12-საათიანი დღეში ორჯერ კეთდება, 24-სათიანი კი ერთხელ. საკვებით მიღებულ გლუკოზას კი ხანმოკლე მოქმედების ინსულინით ვარეგულირებთ. ხანმოკლე ინსულინის ორი ვარიანტი არსებობს – ხანმოკლე და ულტრახანმოკლე. 
ხანმოკლე მოქმედების ინსულინი კეთდება საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე, ულტრახანმოკლე კი უშუალოდ საკვების მიღების წინ. ამ უკანასკნელით მკურნალობისას უფრო დაბალია ჰიპოგლიკემიის განვითარების რისკი. მაგრამ თუ სქემა სწორად არის შერჩეული, როგორც ხანმოკლე, ისე ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინით შესაძლებელია გლიკემიის ადეკვატური მართვა.
ხანმოკლე`ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინის გაკეთება მიზანშეწონილია საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ. 
სად
ხანგრძლივი მოქმედების ინსულინი კეთდება მხრის ან ბარძაყის გვერდით ზედაპირზე კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში, ხანმოკლე მოქმედებისა კი – მუცლის წინა კედელზე, ასევე კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში.
ტრადიციული ინსულინთერაპია
თუ პაციენტი ხანდაზმულია, აქვს მძიმე თანმხლები პათოლოგიები და უჭირს ინსულინთერაპიასთან ადაპტირება, შეიძლება გამოვიყენოთ ტრადიციული ინსულინთერაპია - ხანგრძლივი და ხანმოკლე ინსულინის კომბინაცია მხოლოდ დილა-საღამოს, ანუ ორჯერადად, თუმცა ეს სქემა ნაკლებეფექტურია, რადგან საუზმის წინ გაკეთებული ხანმოკლე მოქმედების ინსულინი პაციენტს სადილამდე რეალურად არ ჰყოფნის. ამის საკომპენსაციოდ საუზმის წინ ინსულინის დიდი დოზის შეყვანა ზრდის ჰიპოგლიკემიის განვითარების ალბათობას, სადილის შემდეგ გლიკემიის სამიზნე მაჩვენებლებს კი მაინც ვერ უზრუნველყოფს. 
მაინც დიეტა
ტიპი 2-ის დროს პაციენტს, დიაბეტთან ერთად, ხშირად აქვს სიმსუქნის, მაღალი ქოლესტეროლის ანუ დისლიპიდემიის პრობლემა, თანაც მხოლოდ ინსულინთერაპია ვერ აწესრიგებს შაქარს. პაციენტმა ინსულინთერაპიის დროსაც ისეთივე ძალისხმევა უნდა გამოიჩინოს დიეტის დასაცავად, როგორიც მანამდე, აბებით მკურნალობისას. დიეტა სწორად უნდა განისაზღვროს წონასა და ქოლესტეროლთან მიმართებით და, რაც მთავარია, შაქარზე მოქმედი პროდუქტები თანაბრად უნდა გადანაწილდეს საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერ- თუ ჰიპოგლიკემიის განვითარება. 
კონტროლი
ინსულინთერაპიის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება გლიკემიის თვითკონტროლს. ინსულინთერაპიის დოზების შერჩევის პროცესში საჭიროა გლუკოზის კონტროლი დღეში მინიმუმ ოთხჯერ. უკვე დადგენილი მკურნალობის დროს კი უმჯობესია პაციენტმა შაქარი დღეში სამჯერ გაიზომოს. მაგალითად, საუზმის, სადილისა და ვახშმის წინ ან საუზმის, სადილისა და ძილის წინ. ასევე არ უნდა დაავიწყდეს სამ თვეში ერთხელ გლიკოზირებული ჰემოგლობინის კონტროლი. 
უპირატესობები
მართალია, პაციენტისთვის ინექციის პროცედურა არცთუ სასიამოვნოა, მაგრამ ეს დისკომფორტი კომპენსირდება იმ კომფორტით, რაც ნორმირებულ, დარეგულირებულ გლიკემიას მოაქვს. ის კი ამაღლებს შრომისუნარიანობას, თავიდან გვაცილებს დიაბეტის ქრონიკულ გართულებებს და, რაც მთავარია, ახანგრძლივებს სიცოცხლეს.
გვესაუბრა „ავერსის კლინიკის“ ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი 

გააზიარე: