ორსულობა – მძიმე გამოცდა ფსიქიკისთვის
გააზიარე:
ორსულობა, ქალის ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ხანა, ხშირად დაბნეულობის, შიშის, შფოთვის, უგუნებობისა და დეპრესიის პერიოდად იქცევა. ახალი სიცოცხლის ჩასახვა, დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაცაა და ეს საპასუხისმგებლო გამოცდა ქალის არა მარტო ფიზიკურ, არამედ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც ელის. მღელვარებისთვის მიზეზი მრავლადაა: პასუხისმგებლობის შიში, ჯანმრთელობის პრობლემები, მშობიარობის შიში, სხეულის ფორმების ცვლილება... ამ მდგომარეობას ექიმები შფოთვით აშლილობას უწოდებენ. იგი, მიუხედავად იმისა, რომ ორსულებში საკმაოდაა გავრცელებული, უმეტესად დიაგნოსტიკის გარეშე რჩება, ფსიქოლოგიური პრობლემების გამო ექიმთან მხოლოდ შორს წასულ შემთხვევებში მიდიან. არადა, როგორც გაირკვა, მრავალი ფიზიკური დაავადების მიზეზად შესაძლოა სწორედ ფსიქიკური დარღვევა იქცეს.
რამდენად საშიშია ორსულობისას თავჩენილი შფოთვითი აშლილობები, ვის უნდა მივმართოთ და როგორ ვიმკურნალოთ? ამ და სხვა საკითხებზე დ. გაგუას კლინიკის ექიმი მეან-გინეკოლოგი თინათინ გაგუა გვესაუბრება.
– შფოთვა შიშზე, გაღიზიანებაზე ფსიქიკის არარაციონალური პასუხია. საზოგადოდ, ჩვენი ფსიქიკა საფრთხეებს შერჩევითად, სელექტიურად ამუშავებს და საფრთხის შემცველ და უმნიშვნელო გამღიზიანებლებს ერთმანეთისგან მიჯნავს. როდესაც ინფორმაცია არასწორად მუშავდება, თავს იჩენს ფსიქოლოგიური ცვლილებები.
უნდა ითქვას, რომ შფოთვისა და ფსიქიკური სფეროს სხვა პრობლემების განხილვა მხოლოდ ფსიქოლოგიური კუთხით უმართებულო იქნება. თანამედროვე თვალთახედვით, ნებისმიერი ტიპის აშლილობა ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელს ეფუძნება. ეს მოდელი ურთიერთდაკავშირებულ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და გარემო ფაქტორებს აერთიანებს. დაავადება უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ ბიოსამედიცინო, ფიზიოლოგიური, არამედ ფსიქოლოგიური და სოციალური კუთხითაც. ამის კვალობაზე, შფოთვითი აშლილობის მიზეზად შესაძლოა იქცეს ამ ჯგუფებში შემავალი ნებისმიერი ფაქტორი ან ამგვარ ფაქტორთა კომბინაცია. ბიოლოგიური საკითხი, უწინარესად, მოიაზრებს ადამიანის გენეტიკურად განსაზღვრულ თავისებურებას – უპასუხოს სტრესს. როგორც გაირკვა, ადამიანის რეაქტიულობა, მგრძნობელობა შესაძლოა გენეტიკურად იყოს განპირობებული. სწორედ ეს თავისებურება განსაზღვრავს ჩვენს პერსონალურ, ხასიათობრივ ნიშნებს. ზოგი მეტად მგრძნობიარეა სტრესის მიმართ, ზოგი – ნაკლებად. რაც შეეხება სოციალურ კომპონენტს, აქ იგულისხმება ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ გარშემო ხდება: ცხოვრებისეული გამოცდილება, წინა ორსულობები, დამოკიდებულებები ოჯახში და სხვა.
შფოთვითი აშლილობა მაშინ ვითარდება, როდესაც არსებობს ბიოლოგიური ან`და ფსიქოსოციალური მოწყვლადობა, თუმცა ეს არ არის საკმარისი. თუ გენეტიკურ კომპონენტს სოციალურიც დაერთო, აშლილობის ალბათობაც იზრდება.
– ორსულობის რომელმა ფიზიოლოგიურმა თავისებურებებმა შეიძლება შეუწყოს ხელი ამ ფაქტორთა გავლენით განწყობის რეალიზებას?
– ცნობილია, რომ დეპრესია უმეტესად ქალებს ემართებათ რეპროდუქციულ პერიოდში, ამიტომ, ცხადია, ამის საფუძველი ჰორმონულ ცვლილებებში უნდა ვეძებოთ. საუბარია ესტროგენის როლზე, თუმცა ეს ცალკე თემაა და მისი განხილვა, ვფიქრობ, შორს წაგვიყვანს. გარკვეული როლი ენიჭება პროგესტერონსაც, რომლის გამოყოფა ასევე მომატებულია ორსულობის დროს. რაც შეეხება სოციალურ ფაქტორებს, ეს უმეტესად მომავალი პასუხისმგებლობისადმი შიშს, თავდაჯერების ნაკლებობას, ფინანსური დამოუკიდებლობის დაკარგვას (თუ დედა მუშაობდა და სამსახურს თავი დაანება), გარეგნულ ცვილილებებს, ცხოვრების ახალ წესზე გადასვლას ეხება. მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს ახლობლებისგან მეტი დახმარების სურვილი, პაციენტის მეტი მოთხოვნილება მხარდაჭერაზე და სხვა.
– ვი ემუქრება რისკი? როდის იმატებს გართულების ალბათობა?
– პრობლემა შესაძლოა ყველას შეხვდეს, მაგრამ ალბათობა განსაკუთრებით დიდია, როდესაც:
* ქალს მანამდე ჰქონდა დეპრესია;
* აქვს ორსულობასთან დაკავშირებული არასახარბიელო გამოცდილება;
* ორსულობა არასასურველია;
* ქალი მარტოხელა დედაა.
გამორიცხული არ არის, ქალს, თუნდაც ოჯახში პრობლემები არ ჰქონდეს, პირველი ორსულობისთანავე განუვითარდეს შფოთვითი აშლილობა. ამას არა მხოლოდ სოციალური, არამედ სამედიცინო მნიშვნელობაც აქვს.
აღმოჩნდა, რომ ქალებს, რომლებიც ორსულობისას შფოთვით პრობლემებს უჩიოდნენ, უფრო ხშირად აღენიშნებათ თვითნებითი აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, პრეეკლამფსია, ახალშობილთა დაბალი წონა.
– ხშირად შფოთვის მიზეზი ორსულობის შესახებ ყურმოკრული საფრთხეებია. ზოგიერთი ქალი ორსულობისას ჯანმრთელობას განსაკუთრებული ინტერესით ეკიდება...
– ჯანმრთელობისადმი ასეთი ინტერესი ნორმალურია. ინფორმაციის ქონა, თუ ეს ინფორმაცია სწორია, რა თქმა უნდა, კარგია. ინფორმირებული პაციენტი გინივრულად ეკიდება თავის ჯანმრთელობას და ეს ექიმისთვისაც უფრო კომფორტულია. არასწორი ინფორმაციის ქონას კი, ალბათ, სჯობია, სულ არ გვქონდეს. ამგვარი “კომპეტენტური კონსულტაციები” კითხვებზე მართლაც კვალიფიციური პასუხების მიღებით უნდა შეიცვალოს. ამიტომ ორსულებს ჩვენ თავად ვუწევთ რეკომენდაციას, მიიღონ ეს ინფორმაცია, რათა, მაგალითად, გარეგნული ნიშან-თვისებების შეცვლა სერიოზულ პრობლემად არ აღიქვან და სხვა. პოპულარულია მშობელთა სკოლები, ელექტრონული საიტები, სადაც იოლად მოიძიებთ საჭირო კითხვებზე პასუხს.
– ცხოვრების წესი თუ ახდენს გავლენას ქალის ფსიქიკაზე?
– რა თქმა უნდა. ნაყოფის სწორი განვითარებისთვის ცხოვრების წესი, ძილისა და კვების რეჟიმი, ძალზე მნიშვნელოვანია. ადინამიამ და ჰიპოდინამიამ (უძრაობამ და მცირე ფიზიკურმა აქტივობამ), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს გაცხიმოვნება, ყაბზობა, სამშობიარო მოქმედების სისუსტე და სხვა არასასურველი მოვლენები, გამორიცხული არ არის, ფსიქიკურ სფეროზეც მოახდინოს გავლენა, ამიტომ საჭიროა ფიზიკური აქტივობის დაახლოებით იმავე დოზით შენარჩუნება, როგორიც დაორსულებამდე გვქონდა. ორსულობისას ჟანგბადზე ფიზიოლოგიური მოთხოვნილება 25%-ით იზრდება, ამიტომ რეკომენეებულია საათის-საათნახევრის განმავლობაში სუფთა ჰაერზე სეირნობა, განსაკუთრებით – ძილის წინ. ძალიან მნიშვნელოვანია ძილი – ღამით მისი ხანგრძლივობა 9-10 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს. ალკოჰოლის, ნარკოტიკისა და თამბაქოს ბოროტად გამოყენება ნაყოფზე მავნე გავლენას რომ ახდენს, ვფიქრობ, უკვე ყველამ იცის.
– როგორ მართავთ ამგვარი პრობლემების მქონე პაციენტებს?
– შფოთვით აშლილობებთან ბრძოლა სამ ძირითად მიმართულებას ეფუძნება – პრევენციას, ადრეულ გამოვლენას და სწორ მართვას. ცხადია, უპირველესად დაავადების განვითარების აღკვეთას ვცდილობთ. ამ მხრივ საუკეთესო სტრატეგიაა რისკფაქტორების მოდიფიკაცია, შეცვლა (ცხადია, თუ ისინი ცვლილებას ექვემდებარება). პრევენციას ვახდენთ ორსულობის დროს პაციენტის განათლებით, ფსიქოლოგიური მხარდაჭერით, მშობელთა სკოლებში ჩართვით, ვარჯიშის, სუფთა ჰაერზე სეირნობის წახალისებით.
– ამაში, ალბათ, დიდი როლის შესრულება შეუძლია მეუღლეს...
– ცხადია. საზოგადოდ, ორსულობა ძალზე მნიშვნელოვანი სოციალური მოვლენაა, რომელიც, შესაძლოა, ასეთივე პასუხისმგებლობას და შფოთვას მამაკაცშიც იწვევდეს. მასაც სჭირდება დრო მეუღლის ხასიათისა თუ გარეგნობის ცვლილებებისადმი ადაპტაციისთვის. ზოგჯერ ყოველივე ეს ერთგვარ დისკომფორტს უქმნის წყვილს, მაგრამ თუ ცოლ-ქმარი ამას გაგებით მოეკიდება და ეცდება, გაუგოს ერთმანეთს, პრობლემა იოლად მოგვარდება. მუცლად ყოფნისას ნაყოფი გრძნობს როგორც სითბოსა და სიყვარულს, ისე სიძულვილსაც, ამიტომ ძალიან კარგია, როდესაც ბავშვის დაბადებას სიხარულით ელიან, როდესაც ის სასურველი და სანატრელია. დედამ ეს ნაყოფსაც უნდა აგრძნობინოს და შესანიშნავი იქნება, თუ ამ პროცესში მამაც აქტიურად ჩაერთვება. მამებს ვურჩევთ:
* დაესწრონ ულტრაბგერით კვლევას (მეტად სასიამოვნოა ნაყოფის დანახვა; ეს ბევრ მამაკაცში მამობრივ ინსტინქტს აღვიძებს);
* ექიმთან ვიზიტის დროს თან წაჰყვნენ მეუღლეს;
* ხელით შეიგრძნონ ნაყოფის მოძრაობა;
* ესაუბრონ ნაყოფს;
* დაეხმარონ მეუღლეს მშობიარობისთვის მომზადებაში, დაამშვიდონ და აგრძნობინონ, რომ ამ მძიმე და საპასუხისმგებლო წუთებში მის გვერდით არიან;
* დაესწრონ და დაეხმარონ მშობიარობისას. დადგენილია, რომ მშობიარობაზე მამის დასწრება აუმჯობესებს მის მიმდინარეობას და შედეგს.
განმეორებითი ორსულობისას კარგი იქნება, თუ უფროს შვილსაც ჩავრთავთ პატარას მოლოდინში, ავუხსნით, რა სიახლე ელის, რათა მთელი ოჯახი ერთად, სიხარულით შეხვდეს ახალ წევრს; ვასწავლით, მოეფეროს ნაყოფს – ეს მას სიყვარულსა და მზრუნველობის სურვილს გაუღვივებს და ნაყოფსაც დადებითი ემოციით აავსებს.
როგორც აღვნიშნეთ, მეორე მიმართულება პრობლემის დროულ იდენტიფიკაციას გულისხმობს. სამწუხაროდ, უმეტესად მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემებით ვინტერესდებით, ფსიქიკა კი უყურადღებოდ გვრჩება. არადა ფსიქიკური პრობლემები ხშირად თავად იქცევა ფიზიკურის მიზეზად. მათი დროული გამოვლენა შესაძლოა ამ გართულებათა პრევენციის ერთადერთი გზა იყოს. ფსიქიკურ პრობლემებს უმეტესად მაშინ აღმოვაჩენთ, როდესაც პაციენტი თავად იწყებს ამაზე ლაპარაკს ან მეუღლე გვიმხელს, რომ ცოლი გამუდმებით უგუნებოდაა, არ სძინავს, ეშინია და ა.შ. ამ დროს პროცესი შორს არის წასული და პრობლემა ძნელი მოსაგვარებელია. მის გამოსავლენად ქალს ვუსვამთ შემდეგ კითხვებს: ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერ იყავით მოწყენლი და არ გინდოდათ სხვებთან ურთიერთობა? რამდენჯერ ჩათვალეთ თავი ნერვულ ადამიანად? ხომ არ ფიქრობთ გგონიათ, რომ გაწუხებთ რამე ან ხომ არ გსურთ თქვენი ფსიქოლოგიური პრობლემის შესახებ საუბარი? – და ა.შ.
დაავადების დროული გამოვლენის შემდეგ, ცხადია, უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის სწორ მართვას. სტატისტიკური მონაცემებით, ათიდან 7-8 შემთხვევაში ორსულთა ფსიქიკური დარღვევები ადვილად იკურნება. ამ დროს, როგორც ითქვა, უნიშვნელოვანესია პარტნიორის, ოჯახის როლი, სათანადო განათლება, ფსიქოთერაპია. ზოგჯერ საჭირო ხდება სპეციალისტთან მისვლა და მედიკამენტების მიღებაც, მაგრამ მნიშვნელოვანია შეფასდეს რისკი და სარგებელი. გადაწყვეტილება ყოველთვის ინდივიდუალურად მიიღება.
გვანცა გოგოლაძე