ნუ იცხოვრებთ თავბრუდახვეული

გააზიარე:
 

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩემს სამ ახლობელს დაუსვეს მენიერის დაავადების დიაგნოზი. მის შესახებ ინფორმაციის ძიებისას აღმოვაჩინე, რომ არცთუ იშვიათი ყოფილა და კომპეტენტური რჩევების მისაღებად გამოცდილ ნევროლოგს, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექიმ ნეიროოტოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ ნანა თევზაძეს ვეწვიე.

მოხდა ისე, რომ საუბრისას გეგმა შემეცვალა: ქალბატონმა ნანამ აღნიშნა, რომ მენიერის დაავადება საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, მაგრამ თავბრუხვევის ყველაზე ხშირ მიზეზს მაინც კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევის სინდრომი (კპპთ) წარმოადგენს. გავოცდი, როდესაც შევიტყვე, რომ ამ სინდრომის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას არც ლაბორატორიული თუ აპარატურული კვლევები სჭირდება და არც წამლების მიღება. სამწუხაროდ, კპპთ-ის შესახებ დღეს ბევრი ექიმიც არ არის სათანადოდ ინფორმირებული. ასე რომ, უფრო სასარგებლოდ მივიჩნიე, ამჯერად ამ საინტერესო თავბრუხვევის შესახებ მესაუბრა თქვენთან, ხოლო მენიერის დაავადება სამომავლოდ გადამედო.

– თავბრუხვევა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჩივილია პაციენტებში და ყველაზე ხშირ ვესტიბულურ დარღვევას კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა წარმოადგენს. ჩვენი მონაცემებით, თავბრუხვევის მქონე 1700 პაციენტიდან 434-ს ანუ 25,5%-ს სწორედ ამ ტიპის თავბრუხვევა დაუდასტურდა. დასავლეთ ევროპაშიც ყოველ მეხუთე თავბრუხვევას კპპთ-ს მიაკუთვნებენ და ყველა კვალიფიციურ დაწესებულებაში თავბრუხვევის დროს დიაგნოსტიკა, გაიდლაინების თანახმად, ამ სინდრომის გამორიცხვით იწყება. ჩვენმა კვლევამ ისიც აჩვენა, რომ კპპთ-ის სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს. დაავადება იწყება საშუალოდ 30 წლიდან და ხანდაზმულებთან აღწევს პიკს. ის განსაკუთრებით ხშირია 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში და 70 წელს შემდეგ კი უკვე ყოველ მესამე ადამიანს უვითარდება კპპთ-ის თუნდაც ერთი შეტევა.

ქალებში კპპთ 2-2,5 ჯერ ხშირია, ვიდრე მამაკაცებში, თუ არ ჩავთვლით ტრავმის შედეგად განვითარებულ კპპთ-ს, რომელიც ორივე სქესის წარმომადგენლებთან თანაბრად გვხვდება. წესისამებრ, ტრავმასვე უკავშირდება ამ სინდრომის განვითარება ბავშვებში.

- რა იწვევს კეთილთვისებიან პაროქსიზმულ პოზიციურ თავბრუხვევას?

– კპპთ მექანიკური ლაბირინთული დარღვევაა, რომელიც შიგნითა ყურის ცვლილებებით არის გამოწვეული. ლაბირინთის რკალოვან არხებში, რომლებიც სითხით – ენდოლიმფით – არის სავსე, ხვდება ლაბირინთის კარიბჭიდან მოწყვეტილი ნაწილაკები – კრისტალები. ისინი ტივტივებენ ენდოლიმფაში (ან, პირიქით, მაგრდებიან კონკრეტულ ადგილზე), თავის მოძრაობის დროს აღიზიანებენ ვესტიბულურ აპარატს და თავბრუხვევას იწვევენ. ამ პროცესს უმეტესად ასაკთან დაკავშირებულ დეგენერაციულ ცვლილებებს უკავშირებენ. თუმცა კპპთ შესაძლოა განვითარდეს მეორეულადაც, მაგალითად, ქალა-ტვინის ტრავმის გამო, ვესტიბულური ნერვის ვირუსული ანთების – ვესტიბულური ნევრიტის – შედეგად. კპპთ-ის ერთ-ერთ გავრცელებულ მიზეზად მიიჩნევა მენიერის დაავადება. გარდა ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ მას შესაძლოა საფუძვლად დაედოს ყურის ნებისმიერი დაავადება, რომელიც არ იწვევს ლაბირინთის ტოტალურ დესტრუქციას. ხშირად ის ყურზე ქირურგიული ჩარევითაც არის განპირობებული. კპპთ-ის სინდრომი შესაძლოა განვითარდეს ხანგრძლივი წოლის, ნებისმიერი ოპერაციისა და ნარკოზის შედეგად; უკავშირდებოდეს შაკიკს, ჰიპერტენზიას, ჰიპერლიპიდემიას, ოსტეოპოროზს, ცერებროვასკულურ პათოლოგიებს. შემჩნეულია კპპთ-ის მაღალი სიხშირე დიაბეტიან პაციენტებში. ასე რომ, კპპთ-ს არაერთი მიზეზი აქვს და ამ დარღვევის ჯერ კიდევ მრავალი ასპექტია გაურკვეველი.

საინტერესოა, რომ მარჯვენა ლაბირინთის პათოლოგიით განპირობებული კპპთ უფრო ხშირია, ვიდრე მარცხენასი. კვლევების საფუძველზე გამოითქვა აზრი, რომ ამის მიზეზი ძილის დროს მარჯვენა გვერდზე წოლის ჩვევაა – ასაკოვან ადამიანებს ხშირად აქვთ გულის პათოლოგიები, რის გამოც მარჯვენა გვერდზე წოლა ურჩევნიათ, სავარაუდოდ, არაკომფორტული გულისცემის შეგრძნების თავიდან ასაცილებლად.

- როგორია თავბრუხვევის შეტევა? 

– კპპთ ვლინდება ხანმოკლე (წუთზე ნაკლები ხანგრძლივობის) ძლიერი შეტევითი თავბრუხვევის ეპიზოდებით, რომლებსაც თავის ან სხეულის პოზიციის შეცვლა უწევს პროვოცირებას. ამ პათოლოგიის დროს უეცრად ვითარდება ძალიან ძლიერი თავბრუხვევა, ადამიანს ეუფლება შეგრძნება, რომ უფსკრულში ვარდება, რომ მის გარშემო ყველაფერი იქცევა და ტრიალებს. შეტევას თან ახლავს გულისრევა, ღებინება და შიშის შეგრძნება. პაციენტები ზღუდავენ თავის მოძრაობას, განსაკუთრებით დაზიანებული ლაბირინთის მხარეს მიმართულ გადაადგილებას. კპპთ-ის პაროქსიზმის დროს თავბრუხვევის შეტევას თან ახლავს ნისტაგმი – თვალის კაკლების უჩვეულო, უნებლიე რიტმული მოძრაობა. ეს სიმპტომები პოზიციის შეცვლისთანავე გამოიხატება და 30-60 წამს გრძელდება. კპპთ-ის აღმოცენება დაკავშირებულია შემდეგ პოზიციებთან: მწოლიარე მდგომარეობიდან მჯდომარეში გადასვლა (განსაკუთრებით – დილით, გაღვიძებისას); დაწოლა; საწოლში გადატრიალება; ზევით ახედვა ან`და თავის დახრა, თავის მიბრუნება ან გადახრა. იგივე მოძრაობები შეტევის მომენტში თავბრუხვევასთან ერთად განაპირობებს წონასწორობის დარღვევას, რომელიც ხშირად გამოხატულია შეტევათა შორის პერიოდშიც. პაციენტები მას აღწერენ როგორც უწონადობის ან “ბალიშებზე სიარულის” შეგრძნებას.

ვინაიდან ვესტიბულური და მხედველობის სისტემები ერთმანეთთან არის დაკავშირებული, კპპთ-ის სინდრომს ხშირად ახლავს თან ოსცილოფსია – თავის მოძრაობისას პაციენტს ეჩვენება, რომ გარე სამყარო მოძრაობს, ციმციმებს. თავის გაჩერებისას ეს შეგრძნებები წყდება. მხედველობის არასტაბილურობის გამო ასეთი პაციენტები ხშირად ხვდებიან ოფთალმოლოგთან.

კპპთ ძლიერ შემაწუხებელია. პაციენტს უჩნდება დაცემის შიში, და მართლაც, მკვეთრი მოძრაობის დროს თავბრუხვევა ხშირად იქცევა დაცემის მიზეზად, განსაკუთრებით – ხანდაზმულებში (ეს ტენდენცია მათთან 78%-ს აღწევს), რაც, თავის მხრივ, ხშირად ბარძაყის ყელის მოტეხილობას იწვევს.

- კიდევ რა გართულებაა მოსალოდნელი?

– თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა და კპპთ-ს სინდრომი არ მოიხსნა, მოსალოდნელია ემოციური დაძაბულობა. კვლევების მიხედვით, ხანგრძლივი კპპთ ყოველ მესამე პაციენტში შფოთვასა და დეპრესიას იწვევს. პაციენტი ვერ წვება, ვერ დგება, ვერ იკუზება, ღამით დაძინების ნაცვლად ნახევრად მჯდომარე ელის თავბრუხვევის შეტევას, ეშინია გადაბრუნების, თავისუფლად ვერ ამოძრავებს თავს. კპპთ-ის დროს ადამიანი ამოვარდნილია ყოველდღიური ცხოვრების რიტმიდან, ეჩვენება, რომ თავში სერიოზული დაზიანება აქვს, გამოკვლევები კი არაფერს აჩვენებს, არც ექიმის მიერ დანიშნული წამალი შველის. 

კპპთ-ის პრობლემის მოგვარების შემდეგ ხშირად ემოციური სფეროს მოწესრიგებაც გვჭირდება. მახსენდება 40 წლის მამაკაცი, რომელსაც კპპთ სინდრომი ტრავმის შედეგად განუვითარდა. “გაურკვეველი” თავბრუხვევის გამო ამ კაცმა მიატოვა სამსახური და სახლში დაჯდა, ვერ ინძრეოდა, მიზეზს კი ვერ მიაკვლიეს. ვარაუდობდნენ თავის ტვინის შერყევას, კისრის მალების ოსტეოქონდროზს, სისხლის მიმოქცევის მოშლას. ექვსი თვის შემდეგ შემთხვევით, ლიტერატურის კითხვისას, მიაგნო ამ დაავადებას და ჩვენ მოგვმართა. ერთ კვირაში უწამლოდ, მანევრებით მოვუხსენით თავბრუხვევა, მაგრამ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას რამდენიმე თვის განმავლობაში ანტიდეპრესანტით მკურნალობა დასჭირდა.  

- რამდენ ხანს გრძელდება დაავადება?

 – კპპთ-ს სინდრომს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს და ხშირად თავისთავად გაივლის, მაგრამ ზოგჯერ თვეობით და წლობით გრძელდება. მყოლია პაციენტები 7-10-წლიანი ანამნეზით, რომლებიც იტარებდნენ უამრავ გამოკვლევას თავბრუხვევის მიზეზის დასადგენად, ხანგრძლივად მკურნალობდნენ სხვადასხვა მედიკამენტებით. მათ შეცდომით ურჩევდნენ, ზედმეტად არ განძრეულიყვნენ, ხსნიდნენ ამ მდგომარეობას ასაკთან დაკავშირებული ცვლილებით, რომლებსაც არაფერი ეშველება. ადეკვატური მკურნალობისა და რჩევა-დარიგების წყალობით კი ერთ კვირაში გამოჯანმრთელდნენ და დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. ამიტომ ძალიან მინდა, ყველამ იცოდეს ამ პათოლოგიის არსებობის შესახებ.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ამ დაავადების სადიაგნოზოდ ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები საჭირო არ არის. მაშ, როგორ ისმება დიაგნოზი?

– კპპთ-ის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტის წარმოადგენს დაავადების საგულდაგულო ანამნეზი, ანუ პაციენტისგან შეკრებილი ცნობები დაავადების შესახებ, და ობიექტური კლინიკური მონაცემები – დიაგნოსტიკური ცდები. სხვა, შრომატევადი და ძვირად ღირებული გამოკვლევები, წესისამებრ, არ არის აუცილებელი. ლიტერატურაში დღემდე არ აღუწერიათ არც ერთი ცენტრალური სტრუქტურის დაზიანების სინდრომი, კპპთ-ის კლინიკური მანიფესტაციის იმიტირებას რომ ახდენდეს, მაგრამ იშვიათად პაციენტებს სრულიად ატიპური ჩივილები და კლინიკური გამოხატულება აქვთ და საჭირო ხდება კპპთ-ის დიფერენცირება თავის ტვინის ცენტრალური პათოლოგიისგან. მხოლოდ ამ დროს ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია ან ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. 

- რას წარმოადგენს სადიაგნოზო ცდები?

– ექიმი ისეთ მოძრაობას აკეთებინებს პაციენტს, რომელიც კპპთ-ის არსებობის შემთხვევაში თავბრუხვევას გამოიწვევს. წარმატებით გამოიყენება დიქს-ჰოლპაიკის სადიაგნოზო ცდა. ექსპერიმენტულად გამოწვეული თავბრუხვევით ექიმი ადგენს პრობლემის მიზეზს, ცდის დროს გამოვლენილი კლინიკური ნიშნები კი მას საშუალებას აძლევს, კპპთ-ის დიაგნოზი დასვას. მინდა, პაციენტებმა იცოდნენ, რომ ეს ტესტები არავითარ საფრთხეს არ უქმნის მათ ჯანმრთელობას. მართალია, ცდას შესაძლოა თავბრუხვევა მოჰყვეს, მაგრამ პაციენტს არაფერი დაუშავდება. ამის არც ერთი შემთხვევა ლიტერატურაში აღწერილი არ არის.

პირველი სადიაგნოზო ტესტი, წესისამებრ, იწვევს სპონტანურზე ძლიერ თავბრუხვევის შეტევას და მკვეთრად გამოხატულ ნისტაგმს, ამიტომ პირველადი კპპთ-ის მქონე პაციენტის გასინჯვა დაზიანებული ლაბირინთის მხარიდან უნდა დავიწყოთ. ეს მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან განმეორებითი პოზიციური ცდის შესრულებისას სიმპტომები შესუსტებულია და კპპთ-ის დიაგნოსტიკა რთულდება ან გვიანდება. 

- წინასწარ რა იცით, რომელი მხარეა დაზიანებული?

– ამას გულდასმითი გამოკითხვის შედეგად ვარკვევთ. პაციენტი დაწვრილებით ჰყვება თავბრუხვევის განვითარების შესახებ, ასე რომ, დაზიანებული მხარის გამოცნობა ძნელი არ არის.
პროცედურის ჩატარებამდე პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ თავბრუხვევის დაწყებისთანავე არ დახუჭოს თვალები, არ შეშინდეს, იცოდეს, რომ თავბრუხვევა ყველაზე ძლიერია გადაწვენის მომენტში და ეს შეგრძნება არ გაგრძელდება ერთ წუთზე მეტ ხანს.  

სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს სამკურნალო დაწესებულებებში კპპთ-ის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჯერ კიდევ არასწორად ტარდება. ხშირია ზედმეტი გამოკვლევები, არამიზნობრივი სპეციალისტების კონსულტაციები და არაადეკვატური, უეფექტო მედიკამენტური მკურნალობა. 

- რა გადადევნის კრისტალს თავის ადგილზე, როგორ გვარდება ეს პრობლემა?

_ მრავალი კვლევით დადასტურებულია, რომ კპპთ-ის დროს მკურნალობის ერთადერთი ეფექტური საშუალება რეპოზიციური მანევრებია. მათი დანიშნულებაა კრისტალების განდევნა რკალოვანი არხიდან და ლაბირინთის კარიბჭეში დაბრუნება. რეპოზიციური მანევრის სხვადასხვა მოდიფიკაცია ფართოდ გამოიყენება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სპეციალიზებულ კლინიკებში და დადასტურებულია, რომ მკურნალობა ეფექტურია 30%-დან 100%- მდე შემთხვევაში.– რა არის რეპოზიციური მანევრი?

– მანევრის დროს თავისა და სხეულის მარტივი ფიზიოლოგიური მოძრაობებით ხდება პოზიციების ცვლა, რაც მექანიკურად აიძულებს კრისტალს, ლაბირინთის რკალიდან მის კარიბჭეში დაბრუნდეს. 

თუ კპპთ-ის პრობლემა ერთჯერადი მანევრით ვერ მოგვარდა, პაციენტს ვურჩევთ, შინ შეასრულოს გარკვეული ტიპის ვარჯიშები. ამ დროს ნაწილაკი იძვრება და მომდევნო ვიზიტის დროს ერთი მანევრიც საკმარისია მის უკან გადასაადგილებლად. ვარჯიშის დროს კპპთ-მ შესაძლოა განიცადოს სპონტანური უკუგანვითარება და თავბრუხვევის პრობლემა მოგვარდეს.

- რაიმე გართულება ხომ არ მოყვება აღნიშნულ მანევრს?

– სამკურნალო რეპოზიციური მანევრის გართულება ლიტერატურაში ჯერჯერობით არ არის აღწერილი. ეფექტური მკურნალობის შემდეგ პაციენტები ხშირად აღნიშნავენ წონასწორობის დარღვევას, რომელიც გარდამავალი ხასიათისაა და შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე საათს ან დღეს. ეს გახლავთ თავის ტვინის ნორმალური ფიზიოლოგიური რეაქცია, რაც ვესტიბულური აპარატის ადაპტაციის პროცესით არის განაპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, კპპთ-ს დროს ვესტიბულური აპარატი მუშაობს არასწორ რეჟიმში, მანევრით ჩვენ აღმოვფხვრით პრობლემას, მაგრამ თავის ტვინს გარკვეული ხანი სჭირდება ნორმალური ვესტიბულური იმპულსაციის აღქმისთვის და ეს რეაბილიტაციის პროცესი მეტად ინდივიდუალურია. 

- როგორია კპპთ-ის განმეორების რისკი?

– საკმაოდ მაღალი – დადასტურებულია რომ კპპთ-ის განმეორების ალბათობა ხუთი წლის განმავლობაში უდრის 50%-ს. რეციდივი უკავშირდება ძირითადი პათოლოგიის მდგომარეობას (მაგალითად, უკონტროლო არტერიულ ჰიპერტენზიას, შაქრიან დიაბეტს, ჰიპოკალციემიას), არაჯანსაღ ცხოვრების წესს – ალკოჰოლის ჭარბ მოხმარებას, თამბაქოს წევას, უმოძრაობას, დიეტის თავისებურებებს და სითხის ნაკლებობას. კპპთ-ს სეზონური გამწვავებაც ახასიათებს.

- სხვა რა გამოსავალი არსებობს, თუ რეპოზიციური მანევრი უეფექტო აღმოჩნდა?

– კპპთ-ის რეზისტენტულ შემთხვევებში იშვიათად ქირურგიულ მკურნალობასაც მიმართავენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე პაციენტს უნდა ჩაუტარდეს ნეირორადიოლოგიური გამოკვლევა ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიის გამოსარიცხად. ასეთი ჩარევა დასაშვებია, როდესაც ყველა შესაძლო რეპოზიციური სამკურნალო მანევრი ნაცადია და ეს რესურსი – ამოწურული. პაციენტი უნდა გავაფრთხილოთ, რომ ქირურგიული ჩარევის შედეგად შესაძლოა განუვითარდეს მყარი სმენის დაქვეითება.

-რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

– თავბრუხვევა არის სიმპტომი, რომელიც ცვლის ცხოვრების სტილსა და ხარისხს, აქვეითებს შრომისუნარიანობას და ხშირად ინვალიდობასაც კი იწვევს. ის განპირობებულია მრავალი მიზეზით და მიანიშნებს ამა თუ იმ ნევროლოგიურ, ოტოლოგიურ, გულ-სისხლძარღვთა, ოფთალმოლოგიურ თუ ფსიქოგენურ პრობლემაზე. ზოგჯერ თავბრუხვევა სიცოცხლისთვის საშიში დაავადების ერთ-ერთი პირველი ნიშანია. ამრიგად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პათოლოგიის დროულ დიაგნოზირებას და შემდგომ ტაქტიკას. ხშირად კი თავბრუხვევის მკურნალობა მარტივია, არ მოითხოვს მედიკამენტების გამოყენებას და მხოლოდ რეპოზიციული მანევრების საშუალებითაც ხერხდება. ასე რომ, ნუ იცხოვრებთ თავბრუხვევით, დროულად მიმართეთ ექიმს. კვალიფიციური მიდგომა ნებისმიერ ასაკში ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზაა.

მარი აშუღაშვილი 

გააზიარე: