ფარად აფარებული

გააზიარე:
 

რა უნდა ვიცოდეთ ფარისებრი ჯირკვლის შესახებ
ჯირკვლის სახელწოდების, glandula tireoidea-ს, ბერძნული ძირი, tireos, ფარს ნიშნავს. მართლაც, ეს უმნიშვნელოვანესი ენდოკრინული ორგანო, რომლის წონაც სულ რაღაც 25 გრამია, ფარივით აქვს აფარებული ხორხსა და ტრაქეას.
ჯირკვალი შედგება ორი წილისგან, რომლებიც ერთმანეთს წვრილი ხიდაკით უკავშირდება. ჯირკვლის ქსოვილი წარმოადგენს უწვრილესი ბუშტუკების ერთობლიობას, რომლებშიც უმნიშვნელოვანესი ელემენტი იოდი გროვდება. ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის ანუ თირეოიდული ჰორმონების სინთეზში მონაწილეობს.  
ქიმიურ-ბიოლოგიური ფორმულები 
ფარისებრი ჯირკვალი ორ უმნიშვნელოვანეს ჰორმონს – ტრიიოდთირონინსა და ტეტრაიოდთირონინს (იმავე თიროქსინს) გამოიმუშავებს. მათ მოკლედ ასე აღნიშნავენ: T3 და T4, – სადაც ციფრები იოდის ატომის რაოდენობას გამოხატავს.
ჰორმონები, რომლებიც იოდისა და ერთ-ერთი შეუცვლელი ამინმჟავასგან – თიროზინისგან სინთეზირდება, ჯირკვლიდან სისხლში ხვდება და თითქმის ყველა ორგანომდე მიდის.
სისხლში 95% თიროქსინია, ტრიიოდთირონინი კი სულ რაღაც 5%.
გარედან შემოსული და სისხლში დაგროვილი იოდის შებოჭვას, მისგან ჰორმონების სინთეზსა და სისხლში მათ გადასროლას აწესრიგებს ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონი, რომლის მუშაობასაც, თავის მხრივ,  ჰიპოთალამუსის ორი ჰორმონი – თირეოლიბერინი და თირეოსტატინი – განაგებს. ჰიპოფიზი და ჰიპოთალამუსი თავის ტვინში მდებარეობს და ნაწილობრივ ჯირკვლოვანი აგებულების ნერვული ქსოვილის წყალობით ორგანიზმში არსებული ჰორმონების სინთეზსა და მუშაობას არეგულირებს. ამრიგად, ეს ორი ორგანო ენდოკრინული სისტემის ერთგვარი დირიჟორია. საკმარისია, სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონემ დაიკლოს, რომ ჰიპოთალამუსში გამოიყოფა თირეოლიბერინი, რომელიც ჰიპოფიზის თირეოტროპული ჰორმონის  გამომუშავებას ააქტიურებს, ეს უკანასკნელი კი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას ასტიმულირებს.
სისხლში მოხვედრილი თირეოიდული ჰორმონები სისხლის პლაზმის სპეციალური სატრანსპორტო ცილების საშუალებით დანიშნულების ადგილამდე მიდის, სამიზნე უჯრედებში აღწევს და მათში მიმდინარე თითქმის ყოველგვარ ნივთიერებათა ცვლაში ერთვება.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ზემოქმედებით აქტიურდება ნახშირწყლოვანი ცვლა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში უფრო ინტენსიურად შეიწოვება გლუკოზა, იზრდება ინსულინის  (კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონის) მოქმედების ეფექტი.
ყოველივე ამასთან ერთად, T3-ისა და T4-ის გავლენით საგრძნობლად აქტიურდება ცხიმების სინთეზი და დაშლა. ამიტომაც არის, რომ როგორც კი ამ ჰორმონების დონე მოიმატებს, ადამიანი წონას იკლებს, მათი დეფიციტის დროს კი ზედმეტ კილოგრამებს კრეფს. თირეოიდული ჰორმონების სიჭარბის დროს ორგანიზმში ცილების დეფიციტი წარმოიშობა, რაც კუნთოვანი მასის შემცირებას იწვევს. გარდა ამისა,  T3-ისა და T4-ის დონის მატება ჟანგბადზე ქსოვილების მოთხოვნას ზრდის; ორგანიზმს ცხოველმყოფელობისთვის მეტი ვიტამინი სჭირდება. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები მხოლოდ ფიზიკური კი არა, ფსიქიკური განვითარებისთვისაც აუცილებელია. მათი ნაკლოვანების დროს ბავშვები თანატოლებს შესამჩნევად ჩამორჩებიან გონებრივად, ზრდასრულ ადამიანს კი თირეოიდული ჰორმონების დეფიციტის დროს მეხსიერების გაუარესება და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება აღენიშნება.
როგორ ვლინდება დაავადებები
ეს დაავადებები უმთავრესად ორი ტიპისაა. ერთნი ჰორმონების სინთეზის გაძლიერებით მიმდინარეობენ, მეორენი – შემცირებით. ჰორმონთა წარმოქმნის გაძლიერებას ჰიპერთირეოზს ან თირეოტოქსიკოზს უწოდებენ, ხოლო შემცირებას – ჰიპოთირეოზს.
გარდა ჯირკვლის ფუნქციისა, დაავადების დროს ყურადღება ექცევა ჯირკვლის ქსოვილის სტრუქტურასა და ზომას. ფარისებრი  ჯირკვლის გადიდებას ჩიყვი ეწოდება.
ტერმინი “ჩიყვი” კლინიკური ცნებაა. იგი აერთიანებს ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა ეტიოლოგიისა და პათოგენეზის დაავადებებს, რომლებსაც თან ახლავს ამ ორგანოს ზრდა (დიფუზური ჩიყვი) ან ფარისებრ ჯირკვალში მოცულობითი წარმონაქმნების გაჩენა (კვანძოვანი ჩიყვი). გამოკვლევის თანამედროვე მეთოდების დანერგვამ კვანძების გამოვლენა გააადვილა, განსაკუთრებით – ქალებში, და ცხადი გახადა, რომ მათი სიხშირე ასაკთან ერთად იმატებს.
არის შემთხვევები, როცა ჯირკვალი, ზომის პათოლოგიური ცვლილების მიუხედავად, ფუნქციას ინარჩუნებს. ასეთი რამ ხდება, მაგალითად, ეუთირეოიდული ჩიყვის დროს.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები კლინიკური ნიშნებით ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ სიმპტომები პირობითად შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დავყოთ.
თირეოტოქსიკოზის დროს, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი საჭიროზე მეტ ჰორმონს გამოიმუშავებს, შეინიშნება:
* წონის ერთი შეხედვით უმიზეზო კლება, ზოგჯერ – გაძლიერებული მადის ფონზეც კი;
* ძლიერი აღგზნებადობა, ემოციურობა, განწყობილების ცვალებადობა; 
* ჭარბი ოფლიანობა;
* გულის ფრიალი, რომელსაც საგულე საშუალებებიც კი არ ხსნის;
* ნაწლავთა გახშირებული მოქმედება;
* ხელის თითების კანკალი (ტრემორი) და სხვ.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური უკმარისობის დროს კი შეინიშნება:
* დეპრესია, მოდუნება, ადინამია;
* წონის აუხსნელი მატება;
* ყაბზობა;
* თმის ცვენა;
* კანის სიმშრალე.
ზოგჯერ ჩივილები მხოლოდ  ნევროლოგიური (ემოციური ლაბილურობა, დეპრესია და სხვ.) ან კარდიული (არითმიები, ექსტრასისტოლიები და სხვ.) ხასიათისაა, ამიტომ ხშირად საჭიროა, პაციენტს ერთობლივად უმკურნალოს რამდენიმე სპეციალობის ექიმმა.
გაითვალისწინეთ, რომ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე, ამიტომ მოზარდთა პროფილაქტიკური გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში – დროული მკურნალობა აუცილებელია. იგივე შეიძლება ითქვას ორსულებზეც.
ორსულობის დროს იოდდეფიციტურმა მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის არასრულფასოვანი განვითარება, თვითნებური აბორტი, მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა, თანდაყოლილი სიმახინჯეები და სხვა პათოლოგიები. მეორე მხრივ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები შესაძლოა უნაყოფობის მიზეზად იქცეს. საბედნიეროდ, სწორი და დროული მკურნალობა პრობლემის მოგვარების საშუალებას იძლევა. მცდარია გავრცელებული აზრი, რომ ორსულობისას მკურნალობა არ შეიძლება. რაც უფრო ადრე მოხდება ჩარევა, მით მეტია ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შანსი.
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. სტატისტიკის თანახმად, თირეოიდული ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა მსოფლიოს ზრდასრული მოსახლეობის 2%-ს აღენიშნება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო იოდის დეფიციტის ენდემურ კერად ითვლება, საერთო მაჩვენებელში ჩვენი წილი უმნიშვნელო არ უნდა იყოს.
რაზე მეტყველებენ ჰორმონები
თანამედროვე მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების არსებობის მიუხედავად, დიდ მნიშვნელობას ინარჩუნებს ტრადიციული მეთოდებიც, მათ შორის – ავადმყოფის გულდასმით გამოკითხვა და უშუალო სამედიცინო გასინჯვა, რაც მნიშვნ
ელოვან ინფორმაციას იძლევა ფარისებრი ჯირკვლის მოცულობის, მასში არსებული კვანძების, სტრუქტურული მდგომარეობის, მტკივნეულობის (არსებობს ფარისებრი ჯირკვლის ანთებითი დაავადებებიც), ფიქსაციისა და სიმკვრივის შესახებ, მაგრამ ასევე აუცილებელია ინსტრუმენტული თუ ჰორმონული გამოკვლევების ჩატარება.
ულტრასონოგრაფია საშუალებას იძლევა, დიდი სიზუსტით განისაზღვროს ფარისებრი ჯირკვლისა და მასში არსებული კვანძების ზომები, რაოდენობა, ექოგენურობა და დინამიკაში შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა, თუმცა მისი მეშვეობით შეუძლებელია ფუნქციის შეფასება და კვანძების ავთვისებიანობის დადგენა. გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს სისხლში ფარისებრი ჯირკვლისა და  ჰიპოფიზის ჰორმონების დონე და ანტისხეულების ტიტრი. ზოგჯერ ფარისებრი ჯირკვლის სკანირებასაც მიმართავენ – მისი მეშვეობით ზუსტად ფასდება ჯირკვლის ქსოვილის ფუნქციური აქტივობა, რასაც თირეოტროპული ჰორმონის დათრგუნვის შემთხვევაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს დიფერენციული დიაგნოზის გასატარებლად.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნების მკურნალობის ტაქტიკის შესამუშავებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ულტრასონოგრაფიული კონტროლის თანხლებით წვრილი ნემსით აღებული ასპირაციული ბიოფსიური მასალის ციტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, განსაკუთრებით – როცა კვლევა იმუნოციტოქიმიური მეთოდით ტარდება. ეს საშუალებას იძლევა, დროულად გადაწყდეს ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიული მკურნალობის საკითხი.
საზოგადოდ, მკურნალობის ტაქტიკა იმაზეა დამოკიდებული, რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. მაგალითად, ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ინიშნება ჩააცვლებითი თერაპია, რომლის დროსაც ადამიანი სათანადო დოზით იღებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონს. განსხვავებული მკურნალობაა საჭირო თირეოტოქსიკოზის შემთხვევაში. ამ დროს ჯირკვლის ფუნქციური აქტივობის დასათრგუნავად თირეოსტატიკებს, ბეტა-ბლოკატორებს, კორტიკოსტეროიდებს იყენებენ. სათანადო მკურნალობა ტარდება ანთებითი დაავადებების დროსაც. მკურნალობა უმეტესად ხანგრძლივია და ავადმყოფის მხრივ საკმაო მოთმინებას მოითხოვს. 
ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ ქირურგიულ ჩარევას მაშინ მიმართავენ, როცა დასტურდება ავთვისებიანი წარმონაქმნი, დიდი ზომის კეთილთვისებიანი ან მზარდი კვანძი, ზოგჯერ – გრეივსის დაავადების დროს, დიდი ზომის ჯირკვლის ან მორეციდივე ფორმის არსებობისას, მაგრამ აუცილებელია, ოპერაციულ ჩარევამდე მოიხსნას თირეოტოქსიკოზი ანუ მოწესრიგდეს ჰორმონული ფონი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ავადმყოფის გაფრთხილება ოპერაციის შემდგომი კონტროლისა და მკურნალობის შესახებ.
ქირურგიული ჩარევის ერთ-ერთ ალტერნატივას რადიაქტიური იოდით მკურნალობა წარმოადგენს.
თვითაგრესიის ფარი
მსოფლიოს მოსახლეობის 2-3%-ს ჰიპოთირეოზი აქვს. ჰიპოთირეოზი სინდრომია, რომელიც ამ ორგანოს ფუნქციური უკმარისობითა და ამით გამოწვეული სიმპტომებით გამოიხატება.
ჰიპოთირეოზი უმეტესად იოდის ენდემური დეფიციტისა და ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის შედეგია. მიჩნეულია, რომ ევროპისა  და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი აქვს. ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები, სამწუხაროდ, არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ ის საკმაოდ არის გავრცელებული. ქალები მამაკაცებზე ოთხჯერ მეტად ავადობენ. განსაკუთრებით იზრდება ალბათობა 40-50 წლიდან. ბავშვებსა და მოზარდებში ეს დაავადება შედარებით იშვიათია.
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი პირველად 1912 წელს იაპონელმა ქირურგმა ჰაკარუ ჰაშიმოტომ აღწერა, ამიტომ მას ჰაშიმოტოს თირეოიდიტსაც უწოდებენ, ამ ავადმყოფობის აუტოიმუნური ბუნება კი პირველად დენიჩმა და როუტმა დაადგინეს 1956 წელს. 
რა გვიბიძგებს აუტოაგრესიისკენ
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ორგანიზმში ისეთი იმუნოგლობულინები (ანტისხეულები) გამომუშავდება, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის ამა თუ იმ კომპონენტის წინააღმდეგ არის მიმართული და აზიანებს მას. ეს არანორმალური მოვლენაა. იმუნური სისტემა ჯანსაღი ქსოვილის დამზიანებელ ანტისხეულებს არ უნდა გამოიმუშავებდეს, მისი ფუნქცია ვირუსებთან, მიკრობებსა და სხვა უცხო ფაქტორებთან ბრძოლაა. აუტოიმუნური თირეოიდიტის (და, საზოგადოდ, აუტოიმუნური დაავადებების) შემთხვევაში კი ორგანიზმის დამცავი სისტემა თავად გვევლინება დამზიანებელ ფაქტორად, რადგან შინაურისა და გარეულის გარჩევის უნარი დაუკარგავს.
რა იწვევს აუტოაგრესია? ეს ის კითხვაა, რომელზეც ამომწურავი პასუხი მედიცინას ჯერ არ გაუცია, თუმცა ამ პათოლოგიური პროცესის მაპროვოცირებელი ფაქტორების შესახებ გარკვეული მონაცემები არსებობს. მაგალითად, ცნობილია, რომ ფსიქოემოციურმა სტრესმა, ინფექციამ შესაძლოა ბიძგი მისცეს დაავადების დაწყებას, მაგრამ აუტოიმუნური აგრესიის უშუალო მიზეზებისა და მექანიზმების შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის შეუსწავლელი. შესაბამისად, არც მისი თავიდან აცილების საშუალება გვაქვს.
აუტოიმუნური აგრესიის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობა. ხშირად ხდება, რომ ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადებით ოჯახის რამდენიმე წევრია ავად. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ მემკვიდრეობით გადაეცემა არა თავად დაავადება, არამედ აუტოიმუნური აგრესიისადმი განწყობა, რომელიც შესაძლოა როგორც ჰაშიმოტოს დაავადებით, ისე სხვა აუტოიმუნური პათოლოგიით (ვიტილიგო, ბუდობრივი ალოპეცია, აუტოიმუნური ტოქსიკური ჩიყვი) გამოვლინდეს.
აუტოაგრესიის ნიშნები
ხშირად აუტოიმუნური თირეოიდიტი ფარულად, შესამჩნევი ჩივილების გარეშე მიმდინარეობს, სანამ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია არ დაირღვევა. ეს უკანასკნელი კი უმეტესად ჰიპოთირეოზის კლინიკური სურათით ვლინდება. იშვიათად მანიფესტაცია თირეოტოქსიკოზითაც ხდება, თუმცა ის ძალიან სწრაფად იცვლება მყარი, სტაბილური ჰიპოთირეოზით. 
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ავადმყოფური დაქვეითება ანუ ჰიპოთირეოზი ორგანოთა თითქმის ყველა სისტემის მხრივ იწვევს დარღვევებს. კანის სიმშრალე, აქერცვლა, შეშუპება, გასქელება, გამკვრივება, თმოვანი საფარველის გამეჩხერება, ფრჩხილების მტვრევადობა ამ მძიმე დაავადების გავრცელებული სიმპტომებია. პაციენტები ხშირად უჩივიან სახსრების ტკივილს, კიდურების დაბუჟებას, კუნთოვან სისუსტეს, ფიზიკური და ინტელექტუალური შრომის უნარის დაქვეითებას. დამახასიათებელია ღამით ფხიზელი ძილი და დღის განმავლობაში ძილისადმი მიდრეკილება. მყეს-ძვალთა რეფლექსები დათრგუნულია, განსაკუთრებით – მოზრდილებთან. დამახასიათებელია ყაბზობა (შეკრულობა), გულისცემის გაიშვიათება (ბრადიკარდია). ზოგიერთი დაკვირვებული ადამიანი თავადაც ამჩნევს, რომ მაჯა ადრინდელივით სწრაფად აღარ უცემს. ხშირია შეშუპება, გულის პერანგში მცირე ან საკმაო რაოდენობის სითხის დაგროვება (ჰიდროპერიკარდიუმი), ამიტომ პერიკარდიუმში სითხის არსებობისას მიზანშეწონილია, გამოირიცხოს ჰიპოთირეოზი. მნიშვნელოვანი ცვლილებები ვითარდება გულის კუნთშიც – ქვეითდება მისი კუმშვადობის ფუნქცია, მცირდება ელექტროკარდიოგრამის კბილების ვოლტაჟი. ნივთიერებათა ცვლის სპეციფიკური დარღვევების გამო იმატებს სისხლძარღვთა  ათეროსკლეროზული დაზიანების რისკი.
პირველადი ჰიპოთირეოზის დროს სისხლის შრატში ხშირად იწევს მაღლა პროლაქტინის დონე. როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ხშირია რეპროდუქციული ფუნქციის (შვილოსნობის) დარღვევა. ამის შედეგია უშვილობა,  მენსტრუალური ციკლის მოშლა და ძუძუდან პათოლოგიური გამონადენის (გალაქტორეა) არსებობა, სპერმატოგენეზის დაქვეითება და ერექციული დისფუნქცია. ამრიგად, პროლაქტინის მომატებისას ჰიპოთირეოზის გამორიცხვა აუცილებელია. დაავადების მსუბუქი ფორმების დროს, განსაკუთრებით –  გოგონებში, წინა პლანზე ხშირად მენსტრუალური ციკლის დარღვევები წამოიწევს. ამ დროს გინეკოლოგებმა კარგად იციან, რომ აუცილებლად უნდა გამოიკვლიონ ფარისებრი ჯირკვლის მდგომარეობაც.
ჰიპოთირეოზისთვის დამახასიათებელია სხეულის მასის მომატებაც (თუმცა გამონაკლისებიც არის). ეს იმიტომ, რომ ცხიმოვანი ქსოვილი ინტენსიურად აღარ იხარჯება და ვითარდება ე.წ. ლორწოვანი შეშუპება. 
კლასიკური ჰაშიმოტოს თირეოიდიტისთვის ჩიყვია (გადიდებული ფარისებრი ჯირკვლი) დამახასიათებელი, თუმცა ჯირკვალი აუტოიმუნური თირეოიდიტის ყველა შემთხვევის დროს არ დიდდება, ზოგჯერ, პირიქით, შემცირებულიც კია (ატროფიული ფორმა).
აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ჰიპოთირეოზი განვითარდა, ტემპერატურა ქვეითდება. ასეთ დროს ადამიანებს გამუდმებით სცივა, პაპანაქება სიცხეში თავს კომფორტულად გრძნობს, ზამთარს კი ძნელად იტანს. ზოგიერთს აღენიშნება საპირისპირო მდგომარეობაც, კერძოდ, სხეულის ტემპერატურის ზომიერი მომატება (37,1-37,2 0C-მდე) ინფექციური ავადმყოფობის აშკარა ნიშნების გარეშე. არის შემთხვევები, როდესაც ჰიპოთირეოზის სწორი მკურნალობის ფონზე ასეთი საეჭვო წარმოშობის ცხელება ყოველგვარი ანტიმიკრობული მკურნალობის გარეშე ქრება. ამ მოვლენის ახსნა არ არის ადვილი; სავარაუდოა სხეულის თერმორეგულაციის ჰიპოთალამური დარღვევა, რომელიც გაივლის ჰიპოთირეოზის კომპენსაციის ფონზე.
ვავლენთ აგრესიის მიზეზს
დაავადების დიაგნოსტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას – აუცილებლად უნდა დავადგინოთ, მის ჰიპოფუნქციასთან გვაქვს საქმე თუ ჰიპერფუნქციასთან. ეს კლინიკური  გასინჯვითა და სისხლში თირეოიდული ჰორმონების დონის შემოწმებით ირკვევა. ჯირკვლის სტრუქტურის შეფასებაც მნიშვნელოვანია. ამის ყველაზე მარტივი მეთოდი უშუალო გასინჯვაა. ჰაშიმოტოს თირეოიდიტისთვის მკვრივი, უმტკივნეულო (იშვიათად – მგრძნობიარე) ფარისებრი ჯირკვალია დამახასიათებელი. სტრუქტურის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა გვაწვდის. აუტოიმუნური თირეოიდიტის დროს ზოგჯერ კვანძოვანი ჩიყვიც ვითარდება. ამ შემთხვევაში პუნქციური ბიოფსიაა საჭირო, რათა ავთვისებიანი სიმსივნე გამოირიცხოს. 
დაბოლოს, ძალიან მნიშვნელოვანია იმუნოლოგიური მარკერები. ჰაშიმოტოს დაავადების დროს საჭიროა თირეოგლობულინისა და პეროქსიდაზის საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა. 
მკურნალობის თავისებურებანი
ენდოკრინოლოგიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ფარისებრი ჯირკვლის მიმართ აუტოიმუნური აგრესიის შესაჩერებლად იმუნოსუპრესორული მედიკამენტური მკურნალობა არ გამოიყენება, ვინაიდან მისი შედეგები არასაკმარისი და არასტაბილურია. მკურნალობის დაწყება ნაჩვენებია მას შემდეგ, რაც დადასტურდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა (უმეტესად – ჰიპოთირეოზი). ჰიპოთირეოზის შემთხვევაში ნაჩვენებია  თიროქსინით ჩანაცვლებითი თერაპია.
სამწუხაროდ, არ არსებობს საიმედო გზა ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტის თავიდან ასაცილებლად. თუ ანტისხეულებითა და ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევით დაავადების არსებობა დადასტურდა, მაგრამ ჰიპოთირეოზი ჯერ არ განვითარებულა, 6-12 თვეში ერთხელ საჭიროა თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა, რომ ჰიპოთირეოზის განვითარება დროულად დადგინდეს და ექიმმა ჩანაცვლებითი თერაპია დაიწყოს.
არსებობს მოსაზრება, რომ იოდით პროფილაქტიკამ შესაძლოა ხელი შეუწყოს აუტოიმუნური თირეოიდიტის განვითარებას, თუმცა ამის გამო იოდით პროფილაქტიკაზე უარის თქმა გონივრული არ იქნება. აუტოიმუნური აგრესიის პროვოცირების შესაძლებლობა იოდის დიდი დოზების მეშვეობით მართლაც შესაძლებლად არის მიჩნეული, მაგრამ იოდის ფიზიოლოგიური დოზის გავლენით თირეოიდული აუტოიმუნური აგრესიის განვითარების თეორია მოკლებულია დამაჯერებელ არგუმენტაციას. იოდის დეფიციტით გამოწვეული უმძიმესი შედეგების პროფილაქტიკისთვის ამ მიკროელემენტის ფიზიოლოგიური დოზებით მიღებას (იოდით პროფილაქტიკას) დიდი სამედიცინო-სოციალური მნიშვნელობა აქვს და მისი აუცილებლობის ეჭვქვეშ დაყენება უმძიმესი შეცდომა იქნებოდა. ჰაშიმოტოს თირეოიდიტის მქონე პაციენტებს ვურჩევთ, თავი არიდონ მზის სხივებს, გარუჯვა მეტისმეტად ნუ გაიტაცებთ. მართალია, საკუთრივ აუტოიმუნური თირეოიდიტის განვითარებასა და მიმდინარეობაზე ინსოლაციის გავლენის შესახებ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, მა
გრამ საექიმო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ ჭარბი ინსოლაცია ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის მიმართ აუტოიმუნური აგრესიის გამწვავებას და, მაგალითად, აუტოიმუნური ტოქსიკური ჩიყვის რეციდივის განვითარებას. განსაკუთრებით სახიფათო ეფექტი აქვს თამბაქოს. მის კვამლში შედის ისეთი კომპონენტები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციაზე და პროვოცირებას უწევს აუტოიმუნურ აგრესიას.
მწყობრიდან  გამოსული ჯირკვალი ორსული ფაქიზი არსებაა. ჯანმრთელსაც კი განსაკუთრებული ყურადღება და მოვლა სჭირდება, სუსტი ჯანმრთელობის მქონე კი გაათმაგებულ მზრუნველობას მოითხოვს. ხდება ხოლმე, რომ პაწაწინა ორგანო, ფარისებრი ჯირკვალი, ვეებერთელა პრობლემებს უქმნის მომავალ დედას. მაინც, რას უნდა ველოდეთ ფარისებრი ჯირკვლისგან ორსულობისას? მისი რომელი პათოლოგია გვხვდება ყველაზე ხშირად და სასწრაფო დიაგნოსტიკასა და მკურნალობას რომელი მოითხოვს?
რეალური საფრთხე
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ქალებში ძალიან ხშირია, თანაც ორსულობა მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს ორგანიზმში, რაც ფარულად მიმდინარე პათოლოგიის გამომჟღავნებას ანდა უკვე არსებულის პროგრესირებას უწყობს ხელს. სიხშირისა და მძიმე გართულებების გამო გამოვყოფდით ჰიპოთირეოზს  – ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას. მის ფონზე მიმდინარე ორსულობისას მაღალია ისეთ გართულებათა განვითარების რისკი, როგორებიცაა არტერიული ჰიპერტენზია (სისხლის წნევის მომატება), ანემია (სისხლნაკლებობა), სპონტანური აბორტი, პლაცენტის აშრევება და მშობიარობის შემდგომი სისხლდენები. განსაკუთრებით მძიმე შედეგები მოჰყვება ჰიპოთირეოზს ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ეს პერიოდი კრიტიკულია ნაყოფის ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ვიდრე ნაყოფს საკუთარი ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყოს. კლინიკური გამოკვლევების თანახმად, თუ ჰიპოთირეოზის მქონე ორსულები არ ჩაიტარებენ ან არასათანადოდ ჩაიტარებენ თერაპიას თირეოიდული ჰორმონების პრეპარატებით, მოსალოდნელია, მათ შვილებს თანატოლებთან შედარებით 7 ქულით დაბალი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) ჰქონდეთ და სამჯერ უფრო ხშირად აღენიშნებოდეთ სწავლის პრობლემები. ასე რომ, დარღვევის დროული გამოვლენა და მკურნალობა დიდ მნიშვნელობას იძენს.
სად ქრება ჰორმონები
ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებას ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი იწვევს. ამ დროს ორგანიზმის იმუნური სისტემა ფარისებრ ჯირკვალს უცხო სხეულად აღიქვამს და ებრძვის. სტატისტიკის თანახმად, თირეოიდული აუტოანტისხეულები რეპროდუქციული ასაკის ქალების 5-15%-ს აქვს. დადგენილია, რომ ჰიპოთირეოზი ხელს უშლის ჩასახვას, თუმცა ორსულობათა 2-3% – სუბკლინიკური, 0.3-0.5% კი გამოხატული ჰიპოთირეოზის ფონზე ვითარდება. 
ყველა ორსულის ენდოკრინოლოგთან რეფერალი საჭირო არ არის. ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ოჯახის ექიმმა და გინეკოლოგმაც შეიძლება გამოავლინონ და მხოლოდ მათი დადასტურების შემდეგ, დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით, ურჩიონ ქალს ენდოკრინოლოგთან მისვლა.
ძირითადი ორიენტირი და ობიექტური კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, თირეოიდმასტიმულირებელი ჰორმონის (TSH-ის) დონეა. მას თავის ტვინში არსებული ჯირკვალი ჰიპოფიზი გამომიმუშავებს. TSH არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებას. თირეოიდული ჰორმონების დონის შემცირებისას TSH-ის რაოდენობა იმატებს, ხოლო მომატებისას, პირიქით, იკლებს. ოღონდ ლაბორატორიული კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას სიფრთხილეა საჭირო. საერთო პოპულაციისთვის მიღებული ნორმა, 0.4-4 მმოლ`ლ, ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს პაციენტთა ნაწილისთვის ჰიპერთირეოზის დიაგნოზის საფუძველია, ჰიპოთირეოზის შემთხვევათა ნაწილი კი ყურადღების მიღმა რჩება. ენდოკრინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის  ბოლო რეკომენდაციით, ორსულობის I და II ტრიმესტრებში TSH 0.03-2.5 მმოლ`ლ-ის დიაპაზონში უნდა მერყეობდეს, ხოლო III ტრიმესტრში – 0.13-3 მმოლ`ლ-ის დიაპაზონში. საზოგადოდ სასურველია, ყველა პაციენტს ორსულობის დადგენისთანავე ჩაუტარდეს TSH-ის სკრინინგი და თუ მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს გასცდა, დაუყოვნებლივ ენდოკრინოლოგთან გაიგზავნოს. ფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციობის შემთხვევაში კი სავსებით საკმარისია, მომავალი დედის ორგანიზმი მთელი ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში უზრუნველვყოთ საკმარისი რაოდენობის იოდით.
საიდან მოვიტანოთ იოდი
იოდი გახლავთ სუბსტრატი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოსაქმნელად. ნაყოფის ნელ-ნელა განვითარებადი ფარისებრი ჯირკვლისთვის ეს ელემენტი აუცილებელია. ადეკვატური კორექციის გარეშე დატოვებული იოდის მძიმე დეფიციტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ნევროლოგიური დაზიანების ყველაზე ხშირი მიზეზია. განსაკუთრებით მგრძნობიარე კი ნაყოფისა და ადრეული ასაკის ბავშვის ცენტრალური ნერვული სისტემა გახლავთ.
რამდენიმე წლის წინ მართლაც ყველა ორსულს უნიშნავდნენ 200 მკგ იოდს. დღეისთვის ეს შეხედულება გადაიხედა. გადაწყვეტილებას ექიმი უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს. უნდა გავითვალისწინოთ, ითვლება თუ არა იოდდეფიციტურად რეგიონი და რამდენად აქტიურად მოქმედებს მარილის უნივერსალური იოდირების პროგრამა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველგვარი მარილი, რომელიც კი ქვეყანაში შემოდის და იყიდება, იოდიანია. ამ შემთხვევაში რეგიონი მძიმე იოდდეფიციტის ზონად აღარ ჩაითვლება. რა გასაკვირიც უნდა იყოს, საქართველოში მარილის უნივერსალური იოდირება მიღწეულია. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ მდგომარეობას. თუ TSH ნორმის ფარგლებშია, ჯანდაცვის პირველადი რგოლის ექიმმა მხოლოდ პაციენტის კვების თავისებურებანი უნდა გაარკვიოს (ანუ რამდენად ხშირად მიირთმევს თევზს, კივის – იოდით ბუნებრივად მდიდარ პროდუქტებს) და თუ უარყოფითი პასუხი მიიღო, დაუნიშნოს ქალს იოდის შემცველი პრეპარატი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის შემთხვევაში კი იოდის დანიშვნის საკითხს მხოლოდ ენდოკრინოლოგი წყვეტს.
ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საფრთხეს ქმნის სწორედ ჰორმონის დეფიციტი. თუ დეფიციტი სრულყოფილად შევავსეთ, ყოველგვარი გართულების რისკი საშუალო პოპულაციურს გაუტოლდება. ბუნებრივია, რაც უფრო მალე მოვახერხებთ 
ჰიპოთირეოზის კორექციას, მით უკეთესი. იდეალურ შემთხვევაში, ჯობს, ჰიპოთირეოზის მქონე ქალმა ექიმს ორსულობის დაგეგმვამდე მიმართოს და დაავადების მართვა ისე მოხერხდეს რომ ჩასახვის მომენტისთვის TSH-ის დონე არ აღემატებოდეს 2,5 მმოლ`ლ-ს. ორსულობის დადასტურებისთანავე უნდა შემოწმდეს TSH და ჩატარდეს დოზის კორექცია. ორსულობის პირველ ტრიმესტრში, სანამ ნაყოფს თავისი ფარისებრი ჯირკვალი განუვითარდება, მისი ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარება დედის ჰორმონებმა უნდა უზრუნველყონ. ჩვეულებრივ, ორსულობისას თიროქსინის დოზის 30-50%-ით გაზრდაა საჭირო. თუ დაორსულება ჰიპოთირეოზის ფონზე მოხდა, თიროქსინი დიაგნოზის დადასტურებისთანავე უნდა დაინიშნოს, განურჩევლად იმისა, ორსულობის რომელ ვადაზე თუ ტრიმესტრში მოხერხდება ეს. 
მედლის მეორე მხარე
როგორც ითქვა, TSH-ის ნორმის ქვედა ზღვარი ორსულებს ზოგად პოპულაციასთან შედარებით დაბალი აქვთ. ორსულობის დროს მაღალია ქორიონული გონადოტროპინის დონე, რომელიც ფარისებრ ჯირკვალზე მასტიმულირებელ ეფექტს ახდენს. ამის გამო ორსულობისას (განსაკუთრებით – მის პირველ ტრიმესტრში) TSH-ის ფიზიოლოგიურ სუპრესიას (დაქვეითებას) ვხვდებით, ამიტომ ამ ჰორმონის დაბალი კონცენტრაციის დადგენისას აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, ზემოხსენებულ ფიზიოლოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე თუ თირეოტოქსიკოზით (ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქციის სიჭარბით) მიმდინარე რომელიმე დაავადებასთან, უკანასკნელ შემთხვევაში კი კონკრეტული დიაგნოზის დასმაა საჭირო. თირეოტოქსიკოზის მიზეზი შესაძლოა იყოს გრეივსის დაავადება, კვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვი ან რომელიმე დესტრუქციული თირეოიდიტის თირეოტოქსიკური ფაზა.
გრეივსის დაავადება აუტოიმუნური დაავადებაა, რომელის მიზეზიც გახლავთ ფარისებრი ჯირკვლის (ხშირად – თვალბუდის სტრუქტურებისაც) საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნა. ეს ანტისხეულები პლაცენტაშიც გადიან, ამიტომ თუ დედას გრეივსის დაავადება აქტიურ ფაზაში აქვს, შესაძლოა, ბავშვს დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი განუვითარდეს, მაგრამ ენდოკრინული ოფთალმოპათია, დღემდე დაუდგენელი მიზეზით, ბავშვს არ უვითარდება.
დაავადების სამკურნალოდ ფარისებრი ჯირკვლის მაბლოკირებელი პრეპარატებია მოწოდებული. საქმე ის გახლავთ, რომ ამ ჯგუფის ზოგიერთი მედიკამენტი პლაცენტურ ბარიერს გადის, ამიტომ ნაყოფისთვის უვნებელი წამალი უნდა შეირჩეს. ამავე დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დოზის შერჩევას, რომ დედის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ნორმალური კონცენტრაცია შევინარჩუნოთ და ნაყოფი ჰიპოთირეოზისგან დავიცვათ. თუ ქალი გრეივსის დაავადების საწინააღმდეგო კონსერვატიულ მკურნალობას დაორსულებამდე იტარებდა, შესაძლოა, პრეპარატის შეცვლა გახდეს აუცილებელი.
თუ გრეივსის დაავადების დიაგნოზი დაორსულებამდე დაისვა, განსაკუთრებით – მორეციდივე და აგრესიული მიმდინარეობისას, ჯობს, ქალმა ჩასახვა მკურნალობის დასრულებამდე გადადოს. ამ შემთხვევაში მკურნალობა მდგომარეობის დასტაბილურებას, მერე კი ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთას გულისხმობს. ოპერაციის შემდეგ განვითარებული ჰიპოთირეოზი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჩანაცვლებას მოითხოვს, ასეთი მკურნალობის ფონზე კი ქალს თავისთვის ან ნაყოფისთვის რისკის გარეშე შეუძლია, შთამომავლობის გაგრძელებაზე იფიქროს. 
და ისევ კვანძოვანი საკითხი რამდენიმე გამოკვლევამ ცხადყო, რომ ასიდან 60 შემთხვევაში ორსულობამდე არსებული კვანძები ორსულობისას ზომაში იმატებს, 20 შემთხვევაში კი ახალი ჩნდება. ამავე დროს, როგორც ჩანს, ორსულობა ა
რ ახდენს არასასურველ გავლენას ფარისებრ ჯირკვალში ავთვისებიანი პროცესების განვითარებაზე.
თუ კვანძოვანი ჩიყვის დიაგნოზი ორსულობის დროს დაისვა, მისი მონიტორინგი ნაყოფისთვის უვნებელი ულტრაბგერითი გამოკვლევით უნდა მოხდეს. თუ კვანძი სწრაფად იზრდება და არსებობს ეჭვი მის ავთვისებიან ბუნებაზე, ორსულობა არ არის დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსიის უკუჩვენება, ოღონდ ეს გამოკვლევა ორსულობის მეორე ტრიმესტრში უნდა მოხდეს, როცა ბავშვის ორგანოების ჩამოყალიბება უკვე დამთავრებულია. ამავე ვადაზე ჯობს ოპერაციული მკურნალობის ჩატარებაც, თუმცაღა, არსებული მონაცემებით, ნელა მზარდი ავთვისებიანი კვანძების ქირურგიული მკურნალობის რამდენიმე თვით გადადება პროგნოზს არ აუარესებს. გადაწყვეტილება ყოველ ცალკეულ შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ექიმისგან ამომწურავი ინფორმაციის მიღების შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ იოდის ჭარბმა მიწოდებამ შესაძლოა კვანძი ფუნქციურად გაააქტიუროს, ამიტომ იოდის დანიშვნის საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ენდოკრინოლოგმა. სწორედ ამიტომ არიან ექიმები იოდის მასობრივად დანიშვნის წინააღმდეგნი. ჯობს, პრეპარატის დანიშვნას წინ უძღვოდეს ფარისებრი ჯირკვლის პალპაციით ან ულტრაბგერით გამოკვლევა და TSH-ის განსაზღვრა.
დაუფარავი პრობლემა
ჯირკვალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმს ფარად ეფარება და მრავალი სასიცოცხლო ფუნქციის რეგულაციაში მონაწილეობს, დროდადრო მწყობრიდან გამოდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქსოვილის ავთვისებიანი გადაგვარებაა.
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე მეტად აქტუალური პრობლემაა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ჩიყვის ენდემურ კერად ითვლება, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის ნებისმიერი დაზიანება, თავის მხრივ, სიმსივნური გადაგვარების წინაპირობას წარმოადგენს, უნდა ვიფიქროთ, რომ თირეოიდული ქსოვილის სიმსივნე არც ჩვენში იქნება იშვიათი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ფარისებრი ჯირკვლის კიბო მთელ მსოფლიოში გახშირდა.
პრობლემის ასეთმა აქტუალობამ მეცნიერებს უბიძგა, შეესწავლათ მიზეზები, შეემუშავებინათ მკურნალობისა და პროფილაქტიკის ახლებური მეთოდები. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი კვლევა ჩატარდა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის უშუალო მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს კიბოს ჩამოყალიბებას. ესენია: მემკვიდრეობა, იოდის დეფიციტი, მაიონიზებელი რადიაციის გავლენა, იმუნონეიროენდოკრინული ჰომეოსტაზის დარღვევა, ჯირკვლის სხვა პათოლოგიები, მათ შორის – ფარისებრი ჯირკვლის ადენომა, მრავალკვანძოვანი ჩიყვი, კისტა და სხვა. ისევე როგორც სხვა ორგანოებისა, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეც ორგვარია: კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი. როგორც სტატისტიკური გამოკვლევის შედეგები გვამცნობს, ამ ენდოკრინული ორგანოს კიბო ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის.
საშიში კვანძები
ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს უმეტესად შემთხვევით აღმოაჩენენ. უფრო სწორად, მაშინ, როცა კისრის წინა ზედაპირზე შემკვრივებულ წარმონაქმნს შეამჩნევენ. ამ წარმონაქმნებს ზოგი თავადვე აქცევს ყურადღებას, ზოგს კი ექიმი უპო
ვის ხოლმე. ამგვარი კვანძების უმრავლესობა, როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს, კეთილთვისებიანია, მაგრამ გულის დასამშვიდებლად და უტყუარი დიაგნოზის დასასმელად დამატებითი კვლევის ჩატარება მაინც საჭიროა.
პალპაციით ანუ ხელით გასინჯვით ფარისებრი ჯირკვლის კვანძებს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 4-7%-ს უპოვით. ეს კვანძები ზედაპირულად მდებარეობს და მათი ზომა 1 სმ-ზე მეტია. გაცილებით ხშირია პატარა კვანძები, ე.წ. ინციდენტალომები, რომლებსაც ექიმები შემთხვევით წააწყდებიან ხოლმე ამა თუ იმ გამოკვლევის (მაგალითად, კისრის კომპიუტერული ტომოგრაფიის, საძილე არტერიის დოპლეროგრაფიის) დროს. ისინი მოკრძალებული ზომისაა (1 სმ-ზე ნაკლები) და ღრმადაც მდებარეობს. ასეთი კვანძები 60 წელს გადაცილებულთა თითქმის ნახევარს აღენიშნება.
ფარისებრი ჯირკვლის კვანძები, რომელთა ნახევარი ერთეული ანუ სოლიტარულია, ასაკთან ერთად ხშირდება.
საბოლოო დიაგნოზისთვის საჭიროა ქსოვილის სტრუქტურის შესწავლა, მაგრამ არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც მიგვანიშნებს, რამდენად საშიშია კვანძი. მაგალითად, კვანძი კეთილთვისებიანია, თუ:
. ოჯახის წევრებს აქვთ აუტოიმუნური თირეოიდიტი, კეთილთვისებიანი კვანძი ან ჩიყვი;

. ხელით გასინჯვა მტკივნეულია;
. კვანძი რბილი, გლუვი და მოძრავია.
ავთვისებიანი კვანძის არსებობაზე მიუთითებს:
. ასაკი – 20 წლამდე და 70 წლის შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო ხშირია;
. სქესი – მამაკაცებს ავთვისებიანი კვანძები ორჯერ უფრო ხშირად უვითარდებათ;
. ყლაპვის გაძნელება, ხმის ჩახლეჩა;
. ახალგაზრდობისას ან ბავშვობაში გადატანილი რადიაციული დასხივება;
. ხელით გასინჯვისას მაგარი, უსწორმასწორო და უძრავი კვანძი;
. კისრის გადიდებული ლიმფური კვანძები.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ამ მონაცემების საფუძველზე ვერ ვიტყვით, ავთვისებიანია თუ არა კვანძი – ისინი მხოლოდ ვარაუდის უფლებას გვაძლევს.
დიაგნოზის მოლოდინში
დიაგნოზის დასმაში სპეციალისტებს ყველაზე მეტად ჯირკვლის პუნქცია და ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა ეხმარება. ამის შემდეგ უკვე აშკარა ხდება, საჭიროა თუ არა ოპერაცია, რომელიც ჯირკვლის სრულ ან ნაწილობრივ ამოკვეთას გულისხმობს. პარალელურად საჭიროა ჰორმონული თერაპიის დანიშვნაც.

თუ ფარისებრი ჯირკვლის კვანძი აღმოგაჩნდათ, ავთვისებიანი გადაგვარება რომ არ გამოგეპაროთ, დროდადრო ეწვიეთ ენდოკრინოლოგს და შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტარეთ.
სპეციალისტთა უმრავლესობა უვნებელ კონტროლს: ხელით გასინჯვას, ულტრაბგერით კვლევას, – სავარაუდოდ, 6-12 თვეში ერთხელ გირჩევთ. თუ კვანძი იზრდება, საჭიროა ბიოფსიის გამეორებაც. ზოგიერთი ექიმის აზრით, კვანძი რომც არ იზრდებოდეს, ბიოფსიური კვლევა 6-24 თვეში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროთ.
დაიხსომეთ: ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკა და თერაპია, რაც უმთავრესად ქირურგიულ ჩარევას გულისხმობს, ავთვისებიანი გადაგვარების შემთხვევაშიც კი პაციენტის სრული განკურნებით მთავრდება.
იოდი ციფრებში
მსოფლიოს მოსახლეობის 13 პროცენტი, დაახლოებით 740 მილიონი კაცი, იოდის დეფიციტით იტანჯება.
იოდი ორგანიზმში ძირითადად ცხოველური (57%) და მცენარეული (33%) საკვებიდან ხვდება, ნაკლებად – წყლიდან (4,2%) და ჰაერიდან (4,8%). იოდდეფიციტურ რეგიონებში იოდის შემცველობა წყალში 2 მკგ`ლ-ზე ნაკლებია, მინერალური წყლები კი ამ ელემენტით უხვად არის გაჯერებული.
ციფრებითვე გავაგრძელებთ: საკვებში იოდის შემცველობა საშუალოდ 40-50 მკგ`ლ-ია. ესეც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ცხადია, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებს. გამონაკლისია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, წყალმცენარეები და თევზი, რომლებშიც იოდის შემცველობა 800-1000 მკგ`კგ გახლავთ. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის კომბოსტო (ლამინარია) და თევზის ქონი.
გავრცელებული წარმოდგენით, ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს მცდარი წარმოდგენაა. საზოგადოდ, ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი უმნიშვნელო ოდენობითაა. სამაგიეროდ, ბევრია ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, მარცვლეულსა და კვერცხში.
იოდის ოდენობა სეზონიდან სეზონამდე იცვლება. არც რძის პროდუქტებშია მისი შემცველობა მუდმივი. იოდის კონცენტრაციაზე გავლენას საკვების კულინარიული დამუშავებაც ახდენს: იგი იოლად ორთქლდება შეწვისა და მოხარშვის დროს. იოდის შემცველობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოყვანილ ერთი და იმავე სახეობის ხილშიც კი სხვადასხვანაირია.
WHO-სა და UNICEF-ის რეკომენდაციით, სასურველია, ყველა ადამიანმა შეძლებისდაგვარად შეივსოს იოდის დეფიციტი. მათ ცხრილიც კი შეადგინეს, სადაც ასაკის მიხედვით იოდის ნორმაა მითითებული.
ასაკი ან მოსახლეობის ჯგუფი    ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია (მგ დღეში)
5 წლამდე ასაკის ბავშვები    90
6-12 წლის ბავშვები    120
მოზრდილები    150
ორსულები    250
მეძუძური დედები    250
         
რამდენიმე წლის წინ მართლაც ყველა ორსულს უნიშნავდნენ 200 მკგ იოდს. სადღეისოდ მიდგომა შეიცვალა. გადაწყვეტილებას ენდოკრინოლოგი უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით იღებს. გათვალისწინებულ უნდა იქნეს, მიიჩნევა თუ არა იოდდეფიციტურად რეგიონი და მოქმედებს თუ არა იქ მარილის უნივერსალური იოდირების პროგრამა.
ოპერაცია უნაწიბუროდ
სულ რამდენიმე წლის წინ ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ ჯერ კიდევ ხშირად მიმართავდნენ ოპერაციას – ამ ორგანოს სრულ ან ნაწილობრივ ამოკვეთას. ასეთი ჩარევა დიდ დისკომფორტს იწვევს – ოპერაციის შემდეგ დარჩენილ ნაწიბურზე რომ აღარაფერი ვთქვათ, პაციენტი იძულებულია, მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში იტაროს ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, ანუ ტაბლეტების სახით მიიღოს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები. მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება შეეცადა, ამგვარი ოპერაციების რიცხვი მაქსიმალურად შეემცირებინა. 2010 წელს გამოიცა გაიდლაინი, რომელიც ამერიკის კლინიკურ ენდოკრინოლოგთა ასოციაციისა და ევროპის თირეოიდოლოგთა ასოციაციის შეთანხმების, კონსენსუსის შედეგია. მასში დაწვრილებით არის აღწერილი, როგორ და რა თანამიმდევრობით უნდა იმოქმედოს ექიმმა კვანძოვანი ჩიყვის დროს. რაც მთავარია, ამ გაიდლაინის მიხედვით, ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაცია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია მიზანშეწონილი. ჩვენი რესპონდენტი, “ავერსის კლინიკის” ქირურგი ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ედიშერ სიხარულიძე, იმედოვნებს, რომ ეს მიდგომა თანდათან საქართველოშიც მოიკიდებს ფეხს და სულ უფრო ნაკლებ ადამიანს მოუწევს ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა. თავად ბატონი ედიშერი, უკვე თხუთმეტი წელია, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე პაციენტებს მცირეინვაზიური მეთოდებით მკურნალობს. 
– ბატონო ედიშერ, როდის არის აუცილებელი ფარისებრ ჯირკვალზე ღია ოპერაცის ჩატარება?
– თანამედროვე მიდგომით, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის ჩვენებები ძალზე შეზღუდულია. ქირურგიული ჩარევა მხოლოდ მაშინ ხდება, თუ:
1. დასტურდება ონკოლოგიური პათოლოგია; 
2. ფარისებრი ჯირკვალი ისეა გადიდებული, რომ აწვება კისრის ორგანოებს (ტრაქეას, საყლაპავ მილს) ან იწვევს დისკომფორტს; 
3. დასტურდება ჰიპოთირეოზის ფონზე განვითარებული მრავალკვანძოვანი ჩიყვი.
– რა გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს, ვიდრე ოპერაციის საკითხი გადაწყდება?
– ოქროს სტანდარტით, გამოკვლევა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების განსაზღვრით იწყება. დისბალანსის აღმოჩენის შემთხვევაში მომდევნო ეტაპი უკვე ულტრაბგერითი გამოკვლევაა. თუ ფარისებრ ჯირკვალში აღმოჩნდა წარმონაქმნი, რომლის ზომა აღემატება ერთ სანტიმეტრს, ბიოფსიით ვიღებთ დაზიანებული ქსოვილის მცირე ნაწილს და ციტოლოგიური გამოკვლევისთვის ვგზავნით. თუ ზოგიერთმა ექოლოგიურმა კრიტერიუმმა დაგვაეჭვა, რომ წარმონაქმნი ავთვისებიანია, რა თქმა უნდა, მის ზომას ყურადღებას აღარ ვაქცევთ და ნებისმიერ შემთხვევაში ციტოლოგიას მივმართავთ. აქვე დავძენ, რომ წარმონაქმნის ბუნების შეფასებაში ძალიან გვეხმარება მაღალი გარჩევის ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატი. ის საშუალებას გვაძლევს, დიდი ალბათობით განვასხვაოთ ერთმანეთისგან ავთვისებიანი სიმსივნე, ადენომა, კოლოიდური კვანძი და სხვა წარმონაქმნები. მაგრამ საბოლოო დიაგნოზი, რა თქმა უნდა, მაინც ციტოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე ისმება.
– ჯირკვალი ყოველთვის მთლიანად იკვეთება?
– თუ დადასტურდა წარმონაქმნის ავთვისებიანობა, მეტწილად ტარდება თირეოიდექტომია, ანუ ფარისებრი ჯირკვლის სრული ამოკვეთა, მაგრამ თუ ჯირკვლის კაფსულა დაუზიანებელია, პროცესი არ შეხებია, და, ამასთან, სიმსივნე არა დაბალდიფერენციული, არამედ მაღალდიფერენციულია, შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის რეზექცია – მისი მხოლოდ ნახევრის ამოკვეთა, რასაც ჰემითირეოიდექტომია ეწოდება (ეს ოპერაცია დღეს ფარისებრ ჯირკვალზე მინიმალურ დასაშვებ ოპერაციად მიიჩნევა, ამაზე მცირე მასშტაბის ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია). ნახევარი კი ნარჩუნდება და ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში კვლავ მონაწილეობს.
– რა გართულებები მოჰყვება ღია ოპერაციას?
– საზოგადოდ, გართულების რისკი მაღალია, თუ ოპერაცია ჩატარდა არასპეციალიზებულ კლინიკაში ზოგადი ქირურგის მიერ. სპეციფიკურ გართულებებს მიეკუთვნება ჰიპოპარათირეოზი (პარათირეოიდული ჯირკვლების დაზიანების გამო), ხმოვანი იოგების ორმხრივი ან ცალმხრივი დამბლა. აქვე დავძენ, რომ ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად “ავერსის კლინიკაში” ოპერაციები ტარდება Univet Loupes-ის გამადიდებელი ოპტიკით, რაც ამცირებს შებრუნებული ნერვის დაზიანების ალბათობას. მოკლე ხანში ჩამოგვივა ფირმა “მედტრონიკის” სპეციალური აპარატი, რომლის მეშვეობით ოპერაციის მსვლელობისას შებრუნებული ნერვის მონიტორინგს შევძლებთ. Ethicon Harmonic-ის ულტრაბგერული სკალპელი კი საშუალებას გვაძლევს, დაახლოებით ერთი მესამედით შევამციროთ ოპერაციის ხანგრძლივობა, რაც, თავის მხრივ, საანესთეზიო პრეპარატების რაოდენობასაც ამცირებს. ამ სკალპელით მუშაობისას არ არის საჭირო ლიგატურა (სისხლძარღვზე კვანძის დადება), რადგან გაჭრის პარალელურად ის კოაგულაციასაც ახდენს. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ლიგატურა ხშირად ფისტულის განვითარების რისკს ქმნის.
Ethicon Dermabond – ქირურგიული წებო აერთებს კანის ჭრილობას უნაკეროდ. პაციენტს არ სჭირდება ნახვევი და ყოველდღიური შეხვევები, ოპერაციის შემდეგ შხაპის მიღებაც კი შეუძლია.
– როგორ მკურნალობთ არასიმსივნურ წარმონაქმნს?
– უპირველესად, ვაკვირდებით. ვიბარებთ პაციენტს ექვსი თვის, ერთი წლის შემდეგ. თუ კვანძი არ გაზრდილა, უმჯობესია, ხელი არ ვახლოთ. თუ მზარდია, მცირეინვაზიურ, ორგანოდამზოგველ ქირურგიულ მეთოდებს მივმართავთ, რომლებსაც მსოფლიოში უკვე 25 წელიწადზე მეტია იყენებენ და რომლებიც მოწოდებულია უახლესი გაიდლაინით. ეს მეთოდებია სკლეროდესტრუქცია და ლაზერული თერმოაბლაცია.
– რა პრინციპით მოქმედებს ეს მეთოდები და რა შემთხვევაში გამოიყენება თითოეული მათგანი?
– სკლეროდესტრუქციას ცისტის შემთხვევაში ვიყენებთ. თანამედროვე მიდგომით, ეს მეთოდი ნებისმიერი ზომის ცისტის სამკურნალოდ გამოიყენება. გვიმკურნალია ასი მილილიტრი მოცულობის მქონე ცისტისთვისაც. სკლეროდესტრუქცია გამოიყენება მაშინაც, როდესაც წარმონაქმნში არის სითხეც და ქსოვილოვანი კომპონენტიც, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ჭარბობს. ამ შემთხვევაში ციტოლოგიური მეთოდით ონკოლოგიურ პათოლოგიას გამოვრიცხავთ (ნიმუშს ვიღებთ ქსოვილოვანი კომპონენტიდან), შემდეგ სითხეს ნემსით ვიღებთ ცისტიდან და მასში მასკლეროზებელ პრეპარატს ვუშვებთ. 
– რა ხდება პათოლოგიურ ქსოვილში მასკლეროზებელი პრეპარატის შეყვანის შემდეგ? 
– პრეპარატის შეყვანით ჩვენ ვიწვევთ ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის პირდაპირ ან არაპირდაპირ დესტრუქციას. ძირითადი ცვლილებებია უჯრედების დეჰიდრატაცია, ცილების დენატურაცია და კოაგულაციური ნეკროზი. მიკროსისხლძარღვების თრომბოზი იწვევს პირდაპირ კოაგულაციურ ნეკროზს და ჰემორარგიულ ინფარქტს. ზემოთ აღწერილი პროცესები ვითარდება ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნის კაფსულის შიგნით და არ ვრცელდება ამ ორგანოს ჯანსაღ უბანზე. პროცედურის კონტროლი ხორციელდება ექოსკოპიის აპარატის საშუალებით. საბოლოოდ ჩვენ ვიწვევთ ასეპტიკურ ანთებით პროცესს ფარისებრი ჯირკვლის კვანძის კაფსულის შიგნით. რაც პათოლოგიურ უბანში შემაერთებელი ქსოვილის ჩანაცვლებით მთავრდება.
თუ კვანძი მხოლოდ ქსოვილოვანი კომპონენტითაა წარმოდგენილი, მაშინ ლაზერულ თერმოაბლაციას მივმართავთ – კვანძამდე წვრილი ნემსით მიგვაქვს ლაზერული გამოსხივება, რომელიც მას შლის. 
ეს მანიპულაციები ტარდება განაკვეთის, ნაწიბურისა და ნარკოზის გარეშე, მათი ჩატარების შემდეგ არ არის საჭირო ჩანაცვლებითი თერაპია, ამიტომ ძალიან კარგი ალტერნატივაა განმეორებითი კვანძის შემთხვევაშიც, რომელიც ხშირად ჩნდება ოპერაციიდან (ღია იქნება ის თუ მცირეინვაზიური) რამდენიმე წლის შემდეგ. 
– რამდენი პროცედურაა საჭირო კვანძისა და ცისტის სამკურნალოდ?
– მკურნალობის კურსი ორ-სამ პროცედურას მოიცავს. დიდი ზომის წარმონაქმნის შემთხვევაში შესაძლოა კურსის განმეორება დაგვჭირდეს. როდესაც ის მცირე ზომისაა, უმეტესად ორი-სამი ინექციაა საკმარისი. რაც მთავარია, ამ მეთოდს ოცდახუთი წლის ისტორია აქვს და არავის გაუგია, რომ მას რაიმე გართულება მოჰყოლოდეს. 
– შესაძლოა თუ არა, კვანძი ჰორმონული პრეპარატების მიღების შედეგად გაიწოვოს?
– ტაბლეტებით კვანძი არ იკურნება. ზოგჯერ წლების განმავლობაში იღებენ ჰორმონებს, რის შედეგადაც მცირდება ფარისებრი ჯირკვლის მოცულობა, მაგრამ კვანძის ზომები იგივე რჩება.
– რამდენად ხშირია კვანძისა და ცისტის რეციდივი?
– ოპერაციითაც და მცირეინვაზიური ჩარევითაც შედეგს ვმკურნალობთ და არა მიზეზს. პრობლემა თავად ფარისებრ ჯირკვალშია და არა კვანძში, ამიტომ, როგორც ღიაოპერაციული (როდესაც ფარისებრი ჯირკვლის ნახევარი წილი დატოვებულია), ისე მცირეინვაზიური მკურნალობის შემდეგ დიდია რეციდივის ალბათობა, თუმცა ჩანაცვლებითი ჰორმონული მკურნალობის ფონზე მცირდება უჯრედების ჰიპერპლაზიისა და ჰიპერტროფიის რისკი და დაავადების განმეორების შანსი ნაკლებია, ამისთვის კი ხშირად უნდა გაკონტროლდეს თირეოტროპული ჰორმონი (TSH), და არ დავუშვათ მისი ნორმიდან გადახრა.
რეციდივის რისკის მიუხედავად, მცირეინვაზიური მეთოდები პაციენტს ღია ოპერაციის გადავადების შანსს უტოვებს. ვხედავთ, რა ტემპით ვითარდება მედიცინა; ადვილი შესაძლებელია 5-10 წლის შემდეგ ადამიანს ოპერაცია აღარც კი დასჭირდეს ან ოპერაციული მიდგომის სხვა ნორმები დამკვიდრდეს. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის შენარჩუნებას, განსაკუთრებით – ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებიც ოჯახის შექმნას, შვილების გაჩენას გეგმავენ.
მკურნალობის მცირეინვაზიურ მეთოდებზე საუბრისას ვგულისხმობთ ეუთირეოიდულ მდგომარეობას, თუმცა მედიცინა საშუალებას გვაძლევს, ოპერაციულ მკურნალობას ჯირკვლის ფუნქციის მომატების (თირეოტოქსიკოზს) ამ დროსაც ავარიდოთ თავი. თუ ჯერ არ ჩამოყალიბებულა ეგზოფთალმი (თვალის კაკალების წინ წამოწევა), ძალზე შედეგიანია რადიაქტიური მკურნალობა.
დაბოლოს, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ისეთი პათოლოგიებია, რომლებსაც ხელის ერთი მოსმით ვერ განკურნავ, ამიტომ მცირეინვაზიური ჩარევის შემდეგაც კი აუცილებელია  მკურნალი ენდოკრინოლოგის დაკვირვება, ხოლო თუ ნაჩვენებია ოპერაცია, ის აუცილებლად სპეციალიზებულ კლინიკაში უნდა ჩაატაროს ქირურგმა ენდოკრინოლოგმა და არა ზოგადმა ქირურგმა, როგორც საბჭოთა პერიოდში ხდებოდა. ეს საგრძნობლად შეამცირებს ზემოხსენებული სპეციფიკური გართულებების რისკს.

გააზიარე: