ჰიპერანდროგენემია და ორსულობა
გააზიარე:
შეუძლია თუ არა ცხოვრების ჯანსაღ წესს უშვილობის პრობლემის მოგვარება?
ბიბლიის მიხედვით, პირველი ქალი პირველი მამაკაცისგან შეიქმნა. თუმცა, ეს ამბავი ზოგს მითად მიაჩნია. თუ თქვენც მათ რიცხვში ხართ, ალბათ გაგიკვირდებათ, როდესაც გეტყვით, რომ ეს პროცესი თითოეული ქალის ორგანიზმში ყოველდღიურად მიმდინარეობს, რადგან ქალის სასქესო ჰორმონების, ესტროგენების, სინთეზისთვის (რომლებიც ჩვენს ქალურ ნიშან-თვისებებს განაპირობებს), არც მეტი, არც ნაკლები, სწორედ მამაკაცის სასქესო ჰორმონები – ანდროგენებია საჭირო. მათ გარეშე ესტროგენები უბრალოდ ვერ გამომუშავდება. ასე რომ, მამაკაცისგან ქალის “წარმოშობა” არც ისე წარმოუდგენელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ამრიგად, ყველა ქალის ორგანიზმში ცოტაოდენი მამაკაცური ჰორმონიც არის. საინტერესოა, რა მოხდება, თუ ისინი ზომაზე მეტი წარმოიქმნა.
ჰიპერანდროგენემია – ასე უწოდებენ ქალის სისხლში მამაკაცური ჰორმონების სიჭარბეს. შესაძლოა, ეს სიტყვა ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი უშვილობას ებრძვით, მერწმუნეთ, ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა. რა საფრთხეს გვიქადის ჰიპერანდროგენემია და არღვევს თუ არა ის ქალის მთავარ ფუნქციას – შვილოსნობას? ამ და სხვა საკითხებზე ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ექიმი რეპროდუქტოლოგი, მედიცინის დოქტორი ლალი ფხალაძე გვესაუბრა:
– ორსულობა ქალის ცხოვრების ყველაზე ამაღლებული და მნიშვნელოვანი პერიოდია. მაგრამ, სამწუხაროდ, ყველა ორსულობა სასურველი შედეგით არ მთავრდება, ეს კი, ბუნებრივია, ძლიერ ფსიქოლოგიურ და ემოციურ სტრესს იწვევს. ჰიპერანდროგენემია ერთ-ერთი ის პრობლემაა, რომელსაც ამ მხრივ მრავალი უსიამოვნო გამოვლინება ახასიათებს. სტატისტიკური მონაცემებით, უშვილობისა და თვითნებითი აბორტების დიდ ნაწილი სწორედ ამ პათოლოგიის წილად მოდის, ამიტომ, ვფიქრობ, საკითხი მეტად აქტუალურია.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს ქალის ორგანიზმში ანდროგენების მატება?
– ანდროგენები უმთავრესად საკვერცხესა და თირკმელზედა ჯირკვალში გამომუშავდება. მათი წარმოქმნა ხდება ცხიმოვან ქსოვილშიც. ანდროგენების მატების მიზეზიც სწორედ საკვერცხეებისა და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიებია. საკვერცხისმიერ მიზეზთაგან, უწინარეს ყოვლისა, საკვერცხეების პოლიკისტოზი უნდა დავასახელოთ, თირკმელზედა ჯირკვლისმიერი ძირითადი მიზეზი კი მისი ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია, ეგრეთ წოდებული ადრენოგენიტალური სინდრომია..
– რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერანდროგენემიას, რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ მისი არსებობა?
– ანდროგენების სიჭარბე, უპირველესად, მენსტრუაციული ციკლის ხასიათზე აისახება. მისთვის დამახასიათებელია განსხვავებული, ძირითადად გახანგრძლივებული ინტერვალების მქონე ციკლი (არარეგულარული, 35-40 დღეზე მეტი ხანგრძლივობის მენსტრუაციული ციკლი დარღვევად ითვლება). ჰიპერანდროგენემიის კარდინალური ნიშანი უშვილობაა. ჰორმონების სიჭარბე ხელს უშლის საკვერცხეში ფოლიკულის მომწიფებას და კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებას – ოვულაციას, რის გამოც ქალი ვერ ორსულდება. ანოვულაციით (ოვულაციის არარსებობით) განპირობებულ უშვილობათა 80% სწორედ საკვერცხეების პოლიკისტოზის წილად მოდის. თუ ორსულობა მაინც დადგა, მოსალოდნელია მისი თვითნებური შეწყვეტა – სპონტანური აბორტი. ორსულობის შეწყვეტის საფრთხეზე მიუთითებს სასქესო გზებიდან სისხლიანი ჩამონაშალი, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილიც. საყურადღებოა მენსტრუაციისმაგვარი ტკივილისა და მუცლის ქვედა არეში ძლიერი ქაჩვის შეგრძნება. ამ სიმპტომების არსებობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დროული ჩარევის შემთხვევაში ორსულობის შენარჩუნების ალბათობა დიდია.
ჰიპერანდროგენემიისთვის დამახასიათებელია გარეგნული გამოვლინებებიც – პათოლოგიური თმიანობა, კანის ცხიმიანობისა და ფორიანობის მატება, აკნეს ტიპის გამონაყარი (ე.წ. ჰიპერანდროგენული დერმატოპათიები). მინდა, ყურადღება გავამახვილო სიმსუქნეზე – ის ხშირად ახლავს თან ჰიპერანდროგენემიას და თავადაც მრავალი პათოლოგიის მიზეზად იქცევა. ჭარბ წონას ხშირად სწორედ პოლიკისტოზით დაავადებულები უჩივიან. ამ დროს დაქვეითებულია უჯრედების მგრძნობელობა ინსულინის მიმართ (ვითარდება ინსულინრეზისტენტობა), რაც სისხლში ინსულინის დონის მატებას იწვევს. იკვრება მანკიერი წრე – სიმსუქნეს ინსულინის მატებამდე მივყავართ, ეს უკანასკნელი კი თავად უწყობს ხელს სიმსუქნის განვითარებას. აქედან გამომდინარე, პრობლემის მოსაგვარებლად ზოგჯერ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წონის კორექციას.
– შეიძლება თუ არა, ქალს ჰიპერანდროგენემია ჰქონდეს, სიმპტომები კი არ გამოაჩნდეს?
– დიახ, ასეთი შემთხვევებიც არსებობს. დაავადების კლინიკური სურათის სიმძიმე სისხლში ანდროგენების შემცველობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქცია (რაც, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, თანდაყოლილი გენეტიკური პათოლოგიაა), შეიძლება მთელი ცხოვრება კომპენსირებული იყოს და დაავადებამ მხოლოდ სტრესის დროს იჩინოს თავი. ხშირად ჰიპერანდროგენემია მოზარდ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებისას ან ორსულობისას ვლინდება.
მნიშვნელობა აქვს ქალის ეთნიკურ კუთვნილებასაც. ცნობილია კავკასიელი ქალების ჰირსუტიზმის (ჭარბთმიანობის) ფენომენი. სხვადასხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ანდროგენების მიმართ კანის რეცეპტორების მგრძნობელობა სხვადასხვანაირი აქვთ. კავკასიელებს – უფრო მაღალი, ამიტომაც მათში უფრო ხშირია ჭარბთმიანობა. სლავ ქალებს კი, სისხლში ანდროგენების სიჭარბის მიუხედავად, შესაძლოა კანისმიერი პრობლემები არ გამოაჩნდეთ. ასე რომ, ხაზგასმით გავიმეორებ: თუ ქალი უჩივის უშვილობას ან გადატანილი აქვს ერთი ან რამდენიმე თვითნებითი აბორტი, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც კი აუცილებელია ჰიპერანდროგენემიის გამორიცხვა.
– როგორ სვამენ დიაგნოზს?
– დაავადების არსებობას, უპირველესად, გარეგნული ნიშნების საფუძველზე ვეჭვობთ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. პაციენტის ახლო ნათესავებს დედის ან მამის ხაზით შესაძლოა დაუდასტურდეთ მენსტრუაციული ციკლის დარღევევა, მუცლის მოშლა, პათოლოგიური თმიანობა. ვინაიდან საკვერცხეების პოლიკისტოზს უშუალო კავშირი აქვს ინსულინის მატებასთან, ხშირია შაქრიანი დიაბეტი ტიპი II. საყურადღებოა ცხიმის გადანაწილების თავისებურებაც. ჰიპერანდროგენული გაცხიმოვნებისთვის ანუ მამკაცური ტიპის სიმსუქნისთვის დამახასიათებელია ცხიმოვანი ქსოვილის უპირატესად სხეულის ზედა ნაწილზე, მუცელზე დაგროვება. ინსულინრეზისტენტობის კანისმიერი ნიშანია ბარძაყის შიდა ზედაპირზე კანის მუქი პიგმენტაცია (შავი აკანთოზი). ხშირად ქალები ამას სიმსუქნის გამო კანის ხახუნს მიაწერენ, რაც არასწორია. დიაგნოზის დადასტურება ჰორმონული გამოკვლევით ხდება. სისხლის შრატში განისაზღვრება მამაკაცის სასქესო ჰორმონების, სახელდობრ, თირკმელზედა ჯირკვლისმიერი და საკვერცხისმიერი ანდროგენების დონე, რათა დადგინდეს ანდროგენების წყარო. საჭიროა ჩატარდეს გამოკვლევა ჰიპერინსულინემია-ინსულინრეზისტენტობის დასადგენად. ძალზე ინფორმაციულია ექოსკოპიური კვლევაც.
– ორსულობის რომელ პერიოდშია საშიში ჰიპერანდროგენემია? საფრთხეს ხომ არ უქადის ის ნაყოფის განვითარებას?
– ჰიპერანდროგენემია ორსულისთვის უმტავრესად 12 კვირამდეა საშიში. თუ ამ დრომდე აბორტი არ განვითარდა, რისკი რჩება, მაგრამ უფრო დაბალი. ტერატოგენული ზემოქმედება ამ დაავადებას არ ახასიათებს, ანუ არ იწვევს ნაყოფის სიმახინჯეს, მაგრამ, ვინაიდან უმეტესად სხვადასხვა გენეტიკური დაავადებით არის განპირობებული, შესაძლოა ეს პათოლოგიები შემდგომ ბავშვსაც აღმოაჩნდეს. ორსულობისას ჰორმონების მატებას ამაში ბრალი არ მიუძღვის – ეს გენეტიკური დამემკვიდრების შედეგია.
– როგორ მკურნალობენ ჰიპერანდროგენემიას? რა საშუალებების გამოყენებაა ნებადართული ორსულობისას?
– როგორც აღვნიშნეთ, მკურნალობის ტაქტიკა იმაზეა დამოკიდებული, სად არის ანდროგენების წყარო. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი დისფუნქციის დროს ჰორმონული პრეპარატების გამოყენება პრაქტიკულად გარდაუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დარღვევები ღრმაა. მართალია, ზოგიერთი ჩვენი კოლეგა და პაციენტიც ჰორმონული თერაპიის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, მაგრამ თუ გარედან, ხელოვნურად არ შევავსეთ ჰორმონული დეფიციტი (ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტის დროს – ინსულინით ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების დროს – თიროქსინით), პრობლემის მოგვარება ძალიან გაგვიჭირდება. მთავარია, შეირჩეს პრეპარატების მინიმალური ეფექტური დოზა. საზოგადოდ, ორსულობა იმდენად სათუთი მდგომარეობაა, რომ ქალმა მხოლოდ აუცილებელი მედიკამენტები უნდა მიიღოს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მათ მიღებას ვერ გავექცევით. ასეთ დროს სასწორის მეორე პინაზე ის საფრთხეები იდება, რომლებიც პრეპარატის მიუღებლობას სდევს. ჰიპერანდროგენემიის დროს ასეთი საფრთხე ორსულობის თვითნებური შეწყვეტა ანუ მუცლის მოშლაა. თანაც არ არის საჭირო, პაციენტმა მთელი ცხოვრება სვას ჰორმონული პრეპარატები – ჰორმონოთერაპია უნდა გაგრძელდეს სასურველი ეფექტის მიღებამდე, მაგალითად, ორსულობის დადგომამდე ან მის მე-12 კვირამდე. ორსულობის 12 კვირის შემდეგ ნაყოფის თირკმელზედა ჯირკვალი თავად იწყებს ჰორმონების გამომუშავებას, პლაცენტაც თავის თავზე იღებს ყვითელი სხეულის ფუნქციას და ჰორმონული დარღვევების გამო ორსულობის შეწყვეტის რისკიც დაბალია. მიდგომა განსხვავებულია, როდესაც ჰიპერანდროგენემიის წყარო საკვერცხეებია. წინათ საკვერცხეების პოლიკისტოზის დროს ორსულობის მისაღწევად მკურნალობის ძირითადი მეთოდი ქირურგიული ოპერაცია იყო. დღეს მედიცინას პრობლემის მოგვარება კონსერვატიული, მედიკამენტური მკურნალობითაც შეუძლია. საჭიროებისამებრ, ინიშნება ყვითელი სხეულის პრეპარატები – პროგესტერონის ნატურალური ანალოგები მინიმალური ეფექტური დოზით და ხანგრძლივობით. მინდა, ხაზი გავუსვა ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობას, საზოგადოდ, ქალის რეპროდუქციული სისტემის (გამრავლების, შთამომავლობის გაგრძელების) ნორმალური ფუნქციობისთვის. კვების მართებული რეჟიმი, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, დადებითი ემოციები ჰორმონული დარღვევების მოწესრიგების აუცილებელი წინაპირობაა. მოგეხსენებათ, თავის ტვინი ყოველგვარ გარე ფაქტორზე რეაგირებს, მისგან კი ინფორმაცია მთელ ორგანიზმს გადაეცემა. ცხოვრების დარღვეული რეჟიმი, დაძაბული რიტმი ორგანიზმისთვის ერთგვარი სტრესია, რაც სხვადსხვა პათოლოგიით ვლინდება. ჰიპერანდროგენემიის აღმოსაფხვრელად ზოგჯერ ცხოვრების წესის მოწესრიგებაც კმარა. გარდა ამისა, ჭარბი წონისა და სიმსუქნის დროს დიდია ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის, გესტაციური დიაბეტის (ორსულის შაქრიანი დიბეტი) განვითარების საფრთხე, რასაც ასევე გვაცილებს თავიდან სწორი კვება.
დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ ჰიპერანდროგენემიით გამოწვეული ისეთი სერიოზული პრობლემების მოგვარება, როგორიცა უშვილობა და თვითნებითი აბორტებია, თანამედროვე მედიცინისათვის სირთულეს არ წარმოადგენს. საჭიროა მხოლოდ საკუთრი ჯანმრთელობისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება და ექიმის პროფესიონალური მიდგომა.
ბედნიერ დედობას ვუსურვებ "ავერსის" მკითხველ ქალებს.