ყელში დაბუდებული საფრთხე
გააზიარე:
ძალიანაც რომ მოინდომოთ, ისეთ ადამიანს ვერ იპოვით, ყელის ტკივილი არ გამოეცადოს. წლის ცივ პერიოდში სწორედ ამ სიმპტომით მიმართავს სამკურნალო დაწესებულებებს პაციენტთა უმრავლესობა. განსაკუთრებით “სუსტი ყელის” პატრონები აქტიურობენ. როგორც არ უნდა ეცადოთ, ასეთ ნოზოლოგიას თერაპიის სახელმძღვანელოში ვერ აღმოაჩენთ, არც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუმუშავებია “სუსტი ყელის” საპირწონედ რაიმე სპეციფიკური სამედიცინო ტერმინი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია – ჩვენ გარშემო მართლაც არიან სუსტი ყელის მქონე ადამიანები, რომელთათვისაც ნაყინი ზაფხულშიც კი ფუფუნებაა და რომელთა ცხოვრება აცივებასთან ერთად ნამდვილ კოშმარად იქცევა ხოლმე. სხვა რა შეიძლება უწოდო მდგომარეობას, როცა კვირაში ერთხელ ყელის ტკივილი დაბარებულივით გახსენებს თავს?! მკურნალობის მეთოდებიც ყველას საკუთარი, ნაცადი აქვს – ზოგიერთი ძველთაძველ რეცეპტებს არ ღალატობს და თაფლით, ლიმონით თუ ჟოლოსმურაბიანი ჩაით ცდილობს ფონს გასვლას, თუმცა ისეთებსაც ნახავთ, ყელი წამოსტკივდებათ თუ არა, აფთიაქში რომ გარბიან და ყოველ წელიწადს ახალ-ახალ წამლებს სცდიან. ტკივილის კუპირებაში, ცხადია, ხალხური მედიცინაც დაგვეხმარება და თანამედროვე ფარმაკოლოგიაც, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმისადმი ასეთი მიდგომა სწორი არ არის. სიმპტომთან ბრძოლას სჯობია, მისი გამომწვევი დაავადება დავადგინოთ და მას ვუმკურნალოთ. ხშირად მომხდარა, ერთი შეხედვით უწყინარი ყელის ტკივილი არასათანადო მკურნალობის გამო მძიმე მდგომარეობაში გადაზრდილა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ყელის ტკივილი ყოველთვის ანგინას არ ნიშნავს – ყელში ნუშურა ჯირკვლების გარდა სხვა ანატომიური წარმონაქმნებიც არის. ასე რომ, მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ.
ალბათ ძალიან ბანალური მოგეჩვენებათ, თუ გეტყვით, ყელი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი ნაწილია-მეთქი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. თავად განსაჯეთ, რამდენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება გვიხდება მისი მეშვეობით. ყელი ხახას და ხორხს მოიცავს, აქვეა ნუშურა ჯირკვლებიც, რომლებსაც ზოგიერთი უფუნქციო რუდიმენტებად მიიჩნევს, სინამდვილეში კი ნუშურები მთელ სხეულში გაბნეული იმუნური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. გამოდის, რომ ყელს იმუნური ფუნქციაც აკისრია. ცხადია, ასეა – ის ხომ პირველი უწევს წინააღმდეგობას ორგანიზმში სასუნქი სისტემიდან შეჭრილ ბაქტერიებსა თუ ვირუსებს. გარდა ამისა, როგორც უკვე გითხარით, ყელის მიდამოში მდებარეობს ხახა და ხორხი, რის გამოც აქ საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი სისტემები ერთმანეთს კვეთს. ამ ყველაფრის რეგულირებაში კი ხორხსარქველი გვეხმარება. ხატოვნად თუ ვიტყვით, იგი შუქნიშნის ფუნქციას ასრულებს. გარდა ამისა, ყელში უამრავი მნიშვნელოვანი სისხლძარღვი, ნერვი თუ ლიმფური კოლექტორია განლაგებული. ყელის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს უბრალო ანგინა ანუ ნუშურა ჯირკვლების ანთება, ასევე – ხახის ანთება ანუ ფარინგიტი და ხორხის ანთება – ლარინგიტი. დარწმუნებული ვარ, ამ ტერმინებისთვის ყელის ტკივილის საწინააღმდეგო წამლების რეკლამებში მაინც მოგიკრავთ ყური. გახსოვდეთ, მკურნალობისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რომელი ანატომიური უბნის ანთების ბრალია ყელის ტკივილი. მართალია, მათ დაახლოებით ერთნაირი კლინიკური ნიშნები აქვთ, მაგრამ მცირედი განსხვავება აქაც არის, რომლის ცოდნა იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, რას უნდა უმკურნალოთ – ხორხს, ხახას თუ ნუშურა ჯირკვლებს.
როგორც უკვე გითხარით, ლარინგიტი ხორხის ანთებაა. იგი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამოხატულებაა. ამ დროს პროცესში ხშირად სახმო იოგებიც ჩაერთვება ხოლმე, რაც ხმის ჩახლეჩას და მყეფავ ხველას იწვევს. ლარინგიტის დროს ავადმყოფი უჩივის ყელის სიმშრალეს და ფხაჭნის შეგრძნებას, ყლაპვის დროს ტკივილს. სუნთქვა გაძნელებულია და მსტვენი. თავს იჩენს ხველაც, თავდაპირველად – მშრალი, ხოლო შემდეგ – ნახველიანი. ცალკე გამოყოფას იმსახურებს ბავშვების ლარინგიტი, რომელიც ხშირად კრუპის სინდრომით მიმდინარეობს. ცრუ კრუპის შესახებ მთავარი თემის ბოლოს საინტერესო ინტერვიუსაც ნახავთ.
მწვავე ფარინგიტი ხახის ლორწოვანი გარსის ანთებაა. მისთვის ხახაში ფხაჭნის შეგრძნება და ყლაპვის თანმხლები სუსტი ტკივილია დამახასიათებელი (ტკივილი ნერწყვის ყლაპვის დროს უფრო მძაფრია, ვიდრე ლუკმის ყლაპვის დროს). ამ დროს ხახის ლორწოვანი გარსი, მათ შორის – სასის ნუშურებიც, ჰიპერემიულია (წითელია).
ფარინგიტისთვის და ლარინგიტისთვის დამახასიათებელია ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებიც: სისუსტე, უმადობა, თავის ტკივილი და ტემპერატურული რეაქცია.
ყველასთვის ნაცნობი ანგინა, იგივე ტონზილიტი, სასის ნუშურა ჯირკვლების ანთებაა. მწვავე ტონზილიტი ყელის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამ დროს მაღალი სიცხის ფონზე ყელში უეცრად ჩნდება ფხაჭნის, სიმშრალისა და სპაზმის შეგრძნება. ზოგჯერ ყლაპვა ისე ჭირს, რომ წყლის სმაც კი მტკივნეულია. თუმცა სიტყვას აღარ გავაგრძელებ, ანგინის შესახებ წინ ვრცელი სტატია გელით...
კარგად შემოჭერილი პრობლემა
“ანგინა” ლათინური სიტყვაა და მოჭერას, შევიწროებას ნიშნავს. ნუშურების ანთება, ისევე როგორც მწვავე რესპირატორული ინფექციები, ბავშვის გარემოსთან ურთიერთობის შედეგია, სადაც 200-მდე სახეობის ვირუსი, ბაქტერია თუ სოკო ტრიალებს. ასიდან 70 შემთხვევაში ეს დაავადებები გამოწვეულია ვირუსით, რომელიც ხშირად ხელს უწყობს ბაქტერიული ფლორის გააქტიურებას და ბაქტერიული ინფექციის ჩამოყალიბებას. უმწიფარი იმუნური სისტემის გამო ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ. მაგრამ, რა პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, რაც უფრო ხშირად ხდება ბავშვი ავად რესპირატორული ინფექციით, მით უფრო უკეთ იწვრთნება მისი იმუნური სისტემა. გარემოსგან ბავშვის იზოლირებას ვერ მოვახდენთ, მაგრამ შეგვიძლია, რამე ვიღონოთ, რათა დაავადება რაც შეიძლება მსუბუქად წარიმართოს და ამ პერიოდში იმუნური სისტემაც გამოვაწრთოთ. რაკი ანგინა უმეტესად ვირუსულ ინფექციას ერთვის, ვირუსების აქტიურობის სეზონზე (შემოდგომის მიწურულიდან გაზაფხულის ჩათვლით) მისი სიხშირეც იმატებს.
მიკრობთა განსაზღვრული შტამები ბავშვის ცხვირ-ხახაშიც არის, მაგრამ მხოლოდ მაშინ აქტიურდება, როდესაც ორგანიზმის იმუნური სისტემა სუსტდება, მაგალითად, ვირუსული ინფექციის, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დროს. მშობლები ამას ხშირად გაციებას აბრალებენ, მაგრამ გაციება როგორც დიაგნოზი არ არსებობს. უბრალოდ, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა ხელს უწყობს ბავშვის ორგანიზმში მობინადრე პირობითპათოგენური ფლორის გააქტიურებას.
რატომ დაერთვის ანგინა რესპირატორულ ინფექციას? საქმე ის არის, რომ სასუნთქი სისტემის წინა ხაზი სწორედ ხახის ლორწოვანი და ტონზილებია, რომლებიც ვირუსულ დარტყმას საკუთარ თავზე იღებენ. ყელის გაწითლება, ტემპერატურის მომატება ინფექციის საპასუხო რეაქციაა. ეს კატარული ანგინაა. თუ პროცესში ბაქტერიული ფლორაც ჩაერთო, ყალიბდება ბაქტერიული ანგინა, იწყება ყელის ძლიერი ტკივილი, დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, ნუშურებზე ჩნდება ნადები, უმეტესად – თეთრი. ეს უკვე ფოლიკულური ანგინა გახლავთ. დაავადებას თან სდევს მაღალი ტემპერატურა – 38-39°C. ხშირია ინტოქსიკაციის მოვლენები: საერთო სისუსტე, ღებინება... ზოგჯერ მენინგიზმის სურათიც კი ვითარდება. ასეთ დროს ზოგადგამაჯანსაღებელ სიმპტომურ საშუალებებთან ერთად აუცილებელია ანტიბიოტიკოთერაპიაც, მაგრამ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით – ანტიბიოტიკები თრგუნავენ იმუნურ პასუხს და ზრდიან ხელმეორედ დაავადების რისკს, ამიტომ საჭიროების გარეშე მათი დანიშვნა მხოლოდ ზიანის მომტანია. უნდა გამოირიცხოს დიფტერიაც – ის კლინიკურად ანგინას წააგავს, ამიტომ დიაგნოსტიკისას აუცილებელია ხახის ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.
როგორ მოვუაროთ ანგინიან ბავშვს? სასურველია წოლითი რეჟიმი, სითხის უხვად მიღება, პირის ღრუს სანაცია შესასხურებლებით, ყელში გვირილის ნაყენის, სოდიანი წყლის, წყალში გაზავებული იოდინოლის (1:1) გამოვლება, ცხვირის გამორეცხვა ფიზიოლოგიური ხსნარით. ეს უკანასკნელი შინაც შეიძლება მოვამზადოთ – დანის წვერით აღებული მარილი გავხსნათ 100 მლ ანადუღარ წყალში. საკვები უნდა იყოს დანაწევრებული, თხიერი და თბილი (სწორედ თბილი და არა ცხელი!). უმჯობესია მცენარეული პროდუქტი და რძის ნაწარმი. ნუშურების ანთება შესაძლოა ოტიტით – ყურის ანთებით – გართულდეს. ყურის ტკივილის დროს ჩვილი უარს ამბობს ძუძუზე და ხმამაღლა ტირის (წოვის დროს დაფის აპკი იჭიმება, რაც მეტად მტკივნეულია). არსებობს რევმატული პროცესის ან თირკმლისმხრივი გართულებების განვითარების ალბათობა, ამიტომ სტრეპტოკოკული ანგინიდან მეათე-მეთოთხმეტე დღეს უნდა გაკეთდეს შარდის საერთო ანალიზი, რათა გამოირიცხოს თირკმლის ინფექცია, პიელონეფრიტი, ნეფრიტი. შედარებით მოზრდილ ასაკში შესაძლოა განვითარდეს დანამატი ღრუების ანთებაც – ჰაიმორიტი ფრონტიტი და სხვა.
დაიხსომეთ: ნუშურების სიდიდე არ ნიშნავს, რომ ისინი ამოსაკვეთია, ვინაიდან ტონზილები, ისევე როგორც ადენოიდები (რომელთა გაჩენაც უმწიფარი იმუნური სისტემის გამოვლინებაა), ასაკთან ერთად უმეტესად თვითონვე ატროფირდება. ასე რომ, მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს, როდის არის მიზანშეწონილი ოპერაციული მკურნალობა და როდის – არა.
თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს ანგინით ან უკვე გამოაჩნდა გულზე შუილი, მფრინავი ხასიათის ტკივილი სახსრებში, ცვლილებები საშარდე სისტემის მხრივ, იკვლევენ ყელიდან აღებულ ნაცხს (ამ დროს ტონზილებიდან ყველაზე ხშირად ამოითესება A ჯგუფის B (ბეტა) ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ოქროსფერი სტაფილოკოკი; მნიშვნელოვანია ადენოვირუსების, გრიპის ვირუსების როლი). ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს სისხლში ანტი-O-სტრეპტოლიზინის ტიტრს, C-რეაქტიულ ცილას. ამ და სხვა ტესტების მიხედვით ადგენენ, რამდენად მწვავეა პროცესი, რამდენად სახიფათოა ტონზილები ბავშვისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ ტარდება ოპერაციული მკურნალობა, ოღონდ აუცილებლად რემისიის პერიოდში.
დაბოლოს, ანგინა აუცილებლად გაიშვიათდება, თუ ბავშვს რაციონალურად ვუმკურნალებთ: ვასმევთ შესაბამის ანტიბიოტიკებს, ბაქტერიულ ლიზატებს, რომლებიც ზოგიერთი მიკრობის მკვდარი კულტურისგან მიიღება და წინასწარ ამზადებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს მიკრობების ზემოქმედებაზე. ისინი გამოიყენება როგორც მწვავე ანგინის სამკურნალოდ, ისე მისი პროფილაქტიკისთვისაც რემისიის დროს. ზოგჯერ კარგ შედეგს იძლევა ლაზერული თერაპიაც. ასევე მნიშვნელოვანია ვიტამინოთერაპია, რაციონალური კვება, გაკაჟება ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის – სპორტით. ყველაზე მარტივი ხერხია თბილ წყალში დასველებული პირსახოცით დაზელა და მასაჟი (წყლის ტემპერატურას თანდათანობით ვამცირებთ). პროფილაქტიკის არსი იმუნური სისტემის გაძლიერებაა.
ლიმონი ყელისთის
ამბობენ, რომ ყელის ტკივილის დროს ძალიან ეფექტურია ლიმონი, უფრო სწორად, ლიმონიანი ჩაი.
ლიმონის წვენი მდიდარია კალიუმით, ლიმონმჟავათი, შაქრებით (გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით), C, A, B და D ვიტამინებით, ეთერზეთებით.
სასარგებლო ნივთიერებებით არანაკლებ გაჯერებულია ლიმონის ქერქი (ცედრა). მასში C ვიტამინი სამჯერ მეტია, ვიდრე რბილობში. გარდა ამისა, ცედრა მდიდარია P ვიტამინით, გლიკოზიდებით, ციტრინით. არც ერთ ხილში არ არის იმდენი ციტრინი, რამდენიც ლიმონში. ეს ნივთიერება ასკორბინის მჟავასთან ერთად ხელს უწყობს წვრილი სისხლძარღვების კედლის გამაგრებას, ელასტიკურობას სძენს მათ და, რაც მთავარია, ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილეობს. ასეთივე მოქმედება, თუმცა ნაკლები ხარისხით, ახასიათებს ფორთოხალს, მანდარინსა და გრეიპფრუტს.
ლიმონს თავისი უნიკალური შემადგენლობის წყალობით აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ბაქტერიციდული, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტიტოქსიკური და სისხლდენის შემაჩერებელი ეფექტი.
ლიმონი სასარგებლოა არა მარტო ყელის ტკივილისა და გაციების, არამედ სასუნთქი გზის ვირუსული პათოლოგიების, ღვიძლის, ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, არტერიული ჰიპერტენზიის, ათეროსკლეროზის, საერთო სისუსტის, ავიტამინოზის, თავის ტკივილის, ალკოჰოლური და სხვა სახის ინტოქსიკაციის, კანისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების დროსაც. ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაშიც.
ავიტამინოზის დროს
სვით ლიმონის ახალგამოწურული, გაუზავებელი წვენი. შეგიძლიათ, გემოვნებისამებრ დაატკბოთ თაფლით.
ეფექტიანია ლიმონის ნაყენიც, რომელიც ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა დაქუცმაცებულ წიწვს დაასხით 600 გ ცივი წყალი, ჩააწურეთ ერთი ლიმონი და ორი დღით სიბნელეში დადგით, დროდადრო შეანჯღრიეთ ან მოურიეთ. მიიღეთ დღეში 200 გრამი.
ასევე: 2-4 ცალი ლიმონი 400 გ ნიორთან ერთად დაკეპეთ და 15-20 დღით დადგით სიბნელეში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ერთ ჭიქა ანადუღარ წყალთან ერთად (გახსენით წყალში და დალიეთ, ან კოვზით მიიღეთ და დააყოლეთ) ძილის წინ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა.
გაციების დროს
ლიმონი წვრილად დაკეპეთ, უხვად მოაყარეთ შაქარი და წუწნეთ. ძალიან კარგია ყელის ტკივილისა და მაღალი სიცხის დროს.
ანგინის დროს
ნახევარი ლიმონის წვენი გააზავეთ იმავე მოცულობის წყლით და ყელში გამოივლეთ.
მაღალი ტემპერატურის დროს და გრიპის პროფილაქტიკის მიზნით ლიმონი დამდუღრეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 100 გ კარაქი, 1-2 ს.კ. თაფლი და პატარ-პატარა ულუფებად მიირთვით.
ყელის ტკივილის დროს
. ერთ ჭიქა ან ჭიქა-ნახევარ ანისულის თესლს დაასხით იმავე ოდენობის წყალი, ადუღეთ 15 წუთს, შეაგრილეთ, გაფილტრეთ, შეურიეთ 1 ჭიქა ცაცხვის თაფლი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. როდესაც ცეცხლიდან გადმოდგამთ, დაამატეთ 1 ს. კ. კონიაკი. სწრაფი ეფექტისთვის მიიღეთ თითო სადილის კოვზი ყოველ ნახევარ საათში ერთხელ.
ანგინის დროს
. აიღეთ 2 ს. კ. ნემსიწვერას დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით 2 ჭიქა წყალი და 6-8 საათით დადგით სიგრილეში. სვით მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, შემთბარი.
. აურიეთ ერთმანეთში 3 წილი წნორის დაქუცმაცებული ქერქი და 2 წილი ცაცხვის ყვავილი. 2 ს. კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ ხუფი და 15-20 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გამოივლეთ ყელში დღეში რამდენიმეჯერ.
. 2-3 ცალი ლეღვი მოხარშეთ ერთ ჭიქა რძეში. შემთბარი ნახარში ძილის წინ დალიეთ. ეს წამალი განსაკუთრებით მარგებელია ბავშვებისთვის.
. 3 ჩ. კ. მშრალი დაქუცმაცებული ხახვის ნაფცქვენი მოხარშეთ ერთ ჭიქა წყალში, 4 საათით დააყენეთ, გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ.
. ანგინის დროს შტოშის წვენში გახსენით თაფლი და ყელში გამოივლეთ.
ქონა, არქონა…
დღესაც, როგორც ათეულობით წლის წინათ, ბევრს მიაჩნია, რომ ზოგიერთი ორგანო მხოლოდ იმისთვის არსებობს, მომავალში პრობლემები შეგვიქმნას, ამიტომ რაც უფრო ადრე მოვიცილებთ, მით უკეთესი. “ზედმეტი” ორგანოების ნუსხაში მოხვდა ნუშურებიც.
სინამდვილეში ორგანიზმში ზედმეტი არაფერია. ნუშურები ჩვენი იმუნური სისტემის ნაწილია, თანაც უბრალო ნაწილი კი არა, წინა ხაზი – ცხვირსა თუ პირს ხომ ორგანიზმში შესაღწევ კარიბჭედ მრავალი ბაქტერია თუ ვირუსი ირჩევს.
ტონზილებს ანუ სასის ნუშურებს ადვილად დაინახავთ, თუ პირს ფართოდ გააღებთ. გეცოდინებათ – ეს ორი მცირე მორგვია სასის წინა და უკანა რკალებს შორის, ხახის ორივე მხარეს. ადენოიდური ვეგეტაციები, რომლებიც ცხვირ-ხახის გადიდებულ ნუშურებს წარმოადგენს, თვალისთვის გაცილებით უჩინარია. ისინი რბილი სასის უკან, ცხვირ-ხახაშია განლაგებული.
პირველი დარტყმა
მათივე ფუნქციიდან გამომდინარე, ნუშურები იოლად ზიანდება – ტონზილები და ადენოიდები ხომ პირველი ბარიერია ნებისმიერი ინფექციისთვის. ქრონიკული ტონზილიტის ჩამოყალიბება და ადენოიდური ვეგეტაციების წარმოქმნა უფრო მეტად მოსალოდნელია ზედა სასუნთქი გზების ხშირი ინფექციის, ბავშვთა ინფექციური დაავადებების, არასათანადო კვების, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობების და, საზოგადოდ, ყველა იმ ფაქტორის ზემოქმედებისას, რომლებიც ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციას ასუსტებს, ამის შედეგად კი ჩვენს დასაცავად შექმნილი ორგანოები თვითონვე ხდებიან საფრთხის მატარებელნი.
ქრონიკული ინფექციის კერა ორგანიზმის ინტოქსიკაციას იწვევს, რაც საერთო სისუსტით, სწრაფად დაღლით, სახსრების პერიოდული ტკივილით, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებით, ნორმასთან შედარებით ოდნავ მომატებული სიცხეებით (37.1-37.5) ვლინდება. ამასთანავე, ქრონიკული ტონზილიტის დროს ნუშურებში ხშირად სტრეპტოკოკის ის ნაირსახეობა იდებს ბინას, რომელსაც რევმატიზმისა და თირკმელების ანთების გამოწვევა შეუძლია. შეგახსენებთ, რევმატიზმი მხოლოდ სახსრების გარდამავალი ტკივილი არ არის – ის გულის მანკის მიზეზადაც შეიძლება იქცეს. ქრონიკულ ტონზილიტს შესაძლოა თან ახლდეს დიფუზური გლომერულონეფრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ქოლეცისტიტი, თირეოტოქსიკოზი, აპენდიციტი, კაპილაროტოქსიკოზიც.
დიდი ზომის ადენოიდები, ბუნებრივია, ცხვირით სუნთქვას აძნელებს, მუდმივად პირით სუნთქვა კი ხშირ ანგინას, ლარინგიტს, ტრაქეიტსა და ბრონქიტს იწვევს. ბავშვებს პირღიას, მოუსვენრად სძინავთ, უჩივიან მეხსიერების დაქვეითებას, ყურადღების გაფანტვას, თავის ტკივილს. ამას მხოლოდ ცუდ ძილს ვერ დავაბრალებთ – მუდმივად პირით სუნთქვისას ტვინში სისხლის მიმოქცევა ირღვევა და ტვინს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება. გარდა ამისა, შეშუპებული და გადიდებული ადენოიდები ხშირად ევსტაქის მილის (შუა ყურის ღრუს ცხვირ-ხახასთან შემაერთებელი ხვრელის) შესასვლელს ახშობს, რაც შუა ყურის ხშირი და ძნელად სამკურნალო ანთებების განვითარებას უწყობს ხელს, ხოლო ადენოიდების ინფიცირება გართულებათა ალბათობას უფრო მეტად ზრდის.
დაიხსომეთ, ნუშურების ზომას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ქრონიკული ტონზილიტის დროს სასის ნუშურები გადიდებულიც შეიძლება იყოს, ნორმალური ზომისაც და დაპატარავებულიც კი, თუმცა ტონზილების მცირე ზომა გართულებას არ გამორიცხავს. გადიდებული ნუშურები, თუ გადიდებას ქრონიკული ინფექცია არ ახლავს თან, შედარებით მოზრდილ ასაკში თავისთავად პატარავდება, ადენოიდები კი 14-16 წლისთვის საერთოდ ქრება.
საბოლოო განაჩენი
ქრონიკული ტონზილიტის დიაგნოზს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ანამნეზის, ობიექტური გამოკვლევებისა და კლინიკური მიმდინარეობის საფუძველზე ვსვამთ. ბავშვებს ქრონიკული ტონზილიტის სუბიექტური ნიშნები (უცხო სხეულის შეგრძნება ყლაპვისას, სიმშრალე, ჩხვლეტა) სუსტად აქვთ გამოხატული ან საერთოდ არ აწუხებთ. უმეტესად მშობლები ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებს აღწერენ. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ნუშურების მდგომარეობას (ქრონიკული ტონზილიტის დროს სასის ნუშურები გაფაშრებულია, მიხორცებულია სასის რკალებთან, სასის წინა რკალები გასქელებული და ჰიპერემიულია, ქვედაყბისქვეშა ჯირკვლები გადიდებული და რამდენადმე მტკივნეულია), ნუშურების ლაკუნების შიგთავსს (ის ნუშურის ზედა პოლუსზე შპადელის დაჭერისას გამოედინება). სამწუხაროდ, ზემოთ აღნიშნული სიმპტომები ყოველთვის კლასიკური ფორმით არ გვხვდება. სწორედ ეს ქმნის სირთულეს დიაგნოზის დასმისას და იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. არ არსებობს კრიტერიუმი, ერთმნიშვნელოვნად ოპერაციის საჭიროებაზე რომ მიუთითებდეს ექიმს. ოპერაციის მთავარ ჩვენებად ვერც ხშირი ანგინა ჩაითვლება. არის შემთხვევები, როდესაც ტონზილიტი თავიდანვე ქრონიკულად, მაღალი სიცხეების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს ჩივილი შედარებით ნაკლებია, ვთქვათ, უსიამოვნო სუნი პირიდან, ადვილად დაღლა, რაც მშობლებს შესაძლოა გამოეპაროთ კიდეც და ყურადღება მოგვიანებით, რევმატული პრობლემების აღმოცენების შემდეგ მიიპყროს. იგივე შეიძლება ითქვას ანალიზებზე: სისხლის ბიოქიმიური ანალიზი აჩვენებს, რამდენად აქტიურია რევმატული პროცესი, ეს უკანასკნელი კი, როგორც უკვე გითხარით, ქრონიკული ტონზილიტის გართულებაა. ალბათ დამეთანხმებით, არ იქნება მართებული, გართულებას დაელოდოს ადამიანი. რევმატული ცვლილებების დროს რომ ოპერაცია გასაკეთებელია, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ამ დროს მხოლოდ ტონზილექტომია პრობლემას ვერ აღმოფხვრის – მკურნალობაც არის საჭირო, ოპერაციის გაკეთებაც მხოლოდ აქტიური პროცესის ჩაცხრობის შემდეგ შეიძლება, თანაც აუცილებლად კარდიორევმატოლოგთან შეთანხმებით და სათანადო წინასაოპერაციო მომზადების შემდეგ. ორგანიზმისთვის ოპერაცია სტრესია, რომელმაც შესაძლოა გაააქტიუროს ყველა ფარული პროცესი, რევმოკარდიტი იქნება ეს თუ გლომერულონეფრიტი. ადრეულ ასაკში ასეთი გართულებები შედარებით იშვიათია, ამიტომაც გადადებას და გართულებების ლოდინს არ გირჩევთ.
რაც შეეხება ადენოიდებს, მათი დათვალიერება მხოლოდ სპეციალური სარკით ან ენდოსკოპით შეიძლება, პატარა ბავშვებში კი ამ მანიპულაციების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომაც სადიაგნოზოდ ექიმი გვერდით პროექციაში გადაღებულ რენტგენის სურათს იყენებს. გარდა ზომებისა, დიდი მნიშვნელობა აქვს კლინიკურ გამოვლინებებსა და გართულებებს. ასეა თუ ისე, ოპერაციის საკითხს ოტორინოლარინგოლოგი და პედიატრი ერთად წყვეტენ.
ზოგს მიაჩნია, რომ სასისა თუ ცხვირ-ხახის ნუშურების ოპერაცია სამ წლამდე არასასურველია, ამიტომ ამ ასაკის ბავშვებთან ოპერაციული ჩარევისგან თავს იკავებენ. საზოგადოდ, ჯანმრთელი ტონზილების ამოკვეთა არც ერთ ასაკში არ არის სასურველი; აი, დაავადებული დროულად უნდა ამოვკვეთოთ. არის შემთხვევები, სამ წლამდე ასაკის ბავშვსაც კი ორ კვირაში ერთხელ ანგინა აქვს. ექიმს უძლიერესი ანტიბიოტიკების გამოყენება უხდება და ანთება პრაქტიკულად აღარც კი ექვემდებარება მკურნალობას. ხშირად ნათელი პერიოდის პოვნაც კი ჭირს, რომ ოპერაცია ჩატარდეს... ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, სამ წლამდე ლოდინი ზედმეტია.
გართულების გარეშე?
ტონზილექტომია და ადენოტომია, ერთად თუ ცალ-ცალკე, ბავშვთა ასაკში ყველაზე ხშირი ოპერაციული ჩარევაა, მილონობით ბავშვს ეს ოპერაცია ყოველგვარი სირთულის გარეშე გადააქვს, თუმცა გართულება, ისევე როგორც ნებისმიერ სამედიცინო ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს. ყველაზე ხშირი გართულება პოსტოპერაციული სისხლდენაა. რაც უნდა დამზოგველად ჩატარდეს ოპერაცია, სისხლდენისგან მაინც არავინ არის დაზღვეული. გარდა ოპერაციის ტექნიკისა, ბავშვის ორგანიზმზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ერთადერთი, რაც მშობელს მოეთხოვება, ყურადღება და სისხლდენის შემთხვევაში ექიმთან დაუყოვნებლივ დაკავშირებაა. დროული კვალიფიციური ჩარევის შემთხვევაში ბავშვის ჯანმრთელობას ეს გართულება საფრთხეს არ უქადის.
ტონზილექტომიის ერთ-ერთი ხშირი შორეული გართულებაა ქრონიკული ფარინგიტი (რომელიც ყელის სიმშრალით გამოიხატება). ამ კუთხით დიდი მნიშვნელობა აქვს ქირურგის ოსტატობას. რაც უფრო ნაკლებად დაზიანდება ლორწოვანი და მეტად შენარჩუნდება სასის რკალები, მით უფრო ნაკლებია ატროფიის განვითარების ალბათობა. თუმცა საშიშროება ვირტუოზულად გაკეთებული ოპერაციის შემდეგაც არსებობს.
ყოფილა – იშვიათად, მაგრამ მაინც – ოპერაციის შემდეგ სახმო იოგების დაზიანებისა და ხმის დაკარგვის შემთხვევებიც.
სასის ტონზილები ოპერაციის შემდეგ აღარ იზრდება, მაგრამ ადენოიდებზე იმავეს ვერ ვიტყვით. მათი რეციდივის საშიშროება არსებობს, თანაც ამის მიზეზი მედიცინას ჯერჯერობით ვერ აუხსნია. რეციდივი უფრო ხშირია ალერგიულ და ხშირად მოავადე ბავშვებში. რაც უფრო მცირე ასაკში ჩავატარებთ ადენოტომიას, მით მეტია განმეორების ალბათობა.
მშვიდად, ტკივილის გარეშე
საზღვარგარეთ ამ ოპერაციას ადგილობრივი ანესთეზიით არც ერთ ასაკში არ აკეთებენ, ბავშვებთან – მით უმეტეს. ტონზილექტომია უმტკივნეულო, მაგრამ სტრესული, უსიამოვნო ოპერაციაა. ქალს მშობიარობის ტკივილებიც კი ავიწყდება, ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ტონზილექტომია კი ყველას ახსოვს. რაც შეეხება ადენოტომიას, ამ დროს ადგილობრივი გაუტკივარება პრაქტიკულად შეუძლებელია. ასე რომ, თუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ არსებობს, ყველას მოვუწოდებთ, ზოგად ანესთეზიას მიანიჭონ უპირატესობა. ამ დროს ქირურგს მშვიდად მუშაობის საშუალება აქვს, გართულებების ალბათობა ნაკლებია. სხვათა შორის, ოპერაციის დროს მიღებულმა სტრესმა ბავშვის ფსიქიკას შესაძლოა მძიმე დარტყმა მიაყენოს. ოპერაციის შემდეგ ხშირად შიშები, უნებლიე მოძრაობებიც კი იჩენს თავს.
ეს საშიში, საშიში ვირუსი
კიდევ ერთი დაავადება, რომელიც ნუშურა ჯირკვლებს ერჩის, ინფექციური მონონუკლეოზია. მისი გამომწვევია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვირუსი – მოწიფული ასაკის მოსახლეობის 95% ამ ვირუსის მატარებელია. ადამიანის პირველადი ინფიცირება უმეტესად ახალგაზრდობისას ხდება. დაავადება ვრცელდება ინფიცირებულთან ახლო კონტაქტით. მას ხშირად კოცნის, თინეიჯერთა, კოლეჯის დაავადებასაც უწოდებენ, რადგან ამ ასაკში სწორედ კოცნაა სქესობრივი კონტაქტის ყველაზე გავრცელებული ფორმა. საინტერესოა, რატომ მიიღო დაავადებამ ეს სახელები, როგორია მისი განვითარების მექანიზმი, კლინიკური ნიშნები, მიმდინარეობის თავისებურებები.
ვირუსის რეალური სახე
ინფექციური მონონუკლეოზი გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. მას ეპშტეინ-ბარის ვირუსი იწვევს. ეს ვირუსი ვირუსების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის, ჰერპეს ვირიდეს, წარმომადგენელია. ამ ჯგუფში 2000-ზე მეტი სახეობის ვირუსი შედის. ყველა ცხოველს საკუთარი ჰერპესვირუსი ჰყავს, ხოლო ადამიანს – საკუთარი.
ადამიანის ჰერპესვირუსების ჯგუფი რამდენიმე ათეულ სახეობას ითვლის. ერთ-ერთი მათგანია ინფექციური მონონუკლეოზის გამომწვევი –ადამიანის ჰერპესვირუსი 4, იგივე ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელსაც ეს სახელი აღმომჩენთა პატივსაცემად ეწოდა.
ინფექციური მონონუკლეოზის დროს ადამიანის ორგანიზმში განვითარებული ცვლილებების ნატიფი მექანიზმების შესახებ ზუსტი ცნობები სულ ორი ათეული წელია გაჩნდა. ამ დაავადების შესწავლა მხოლოდ სამეცნიერო კვლევების უახლესი მეთოდების გამოყენებით გახდა შესაძლებელი. მონონუკლეოზს განვითარების საინტერესო მექანიზმი აქვს. მეოთხე ტიპის ჰერპესვირუსი ადამიანის ორგანიზმში სასუნთქი სისტემიდან ხვდება და ცხვირ-ხახის ლორწოვანიდან სისხლში გადადის. მას სისხლის განსაზღვრული უჯრედების, B ლიმფოციტების, მიმართ ტროპიზმი ახასიათებს, უბრალო ენით რომ ვთქვათ, უყვარს ეს უჯრედები. სწორედ B ლიმფოციტების ინფიცირების შემდეგ იწყება პროცესი, რომელიც კლინიკურად ინფექციური მონონუკლეოზის სახით ვლინდება. ვირუსის ზემოქმედებით ინფიცირებული B ლიმფოციტები აქტიურად იწყებენ გამრავლებას, გარდაიქმნებიან პლაზმურ უჯრედებად და უხვად იწყებენ ანტისხეულების გამომუშავებას. ეს ანტისხეულები არ არის სპეციფიკური – ჰეტეროფილურია. მათ არ შეუძლიათ ინფექციასთან ბრძოლა, ამასთან, სხვადასხვა უჯრედების არასპეციფიკური აგლუტინაციის – “შეწებების” – უნარი შესწევთ.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ ორგანიზმის ნორმალური იმუნური სისტემა ამ პროცესს “გამორთავს” და დაავადება კლინიკური განკურნებით სრულდება. ინფიცირებული B ლიმფოციტების რაოდენობა საგრძნობლად მცირდება: თუ დაავადების მწვავე ფაზაში ყოველი 1 000 B ლიმფოციტიდან ერთია ინფიცირებული, მოგვიანებით, კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ, ყოველი მილიონი B ლიმფოციტიდან ერთი ინფიცირებული აღირიცხება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმში ერთხელ მოხვედრილი ვირუსი სამუდამოდ რჩება იქ. რას ელის სისხლის ლიმფოციტებში ლატენტურ მდგომარეობაში მყოფი ვირუსი? – იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას. მის გასააქტიურებლად საუკეთესო გარემო მძიმე იმუნოდეფიციტი, მაგალითად, შიდსია. ასეთ პირობებში ვირუსი იწყებს აქტიურ გამრავლებას და ორგანიზმს სხვადასხვა მძიმე დაზიანებას აყენებს.
ვირუსის სამიზნე
ეპშტეინ-ბარის ვირუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. განვითარებად და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ქვეყნებში მოსახლეობა ადრეულ ბავშვობაში ინფიცირდება; მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ინფიცირება უფრო მოზრდილ ასაკში ხდება (განსაკუთრებით ინტენსიურად კი სქესობრივი მომწიფების, თინეიჯერულ ასაკში). ადრეული ასაკის ბავშვებს ინფექცია მსუბუქად, ხშირად კლინიკური გამოვლინების გარეშე გადააქვთ, მოზრდილ ასაკში ინფიცირებისას კი უფრო მწვავედ მიმდინარე, კლინიკურად გამოვლენილი ფორმები ვითარდება. საქართველოში უფრო ზრდასრული ადამიანები ინფიცირდებიან, ამიტომ ჩვენში ხშირია კლინიკურად გამომჟღავნებული ფორმები.
დაავადებას ერთგვარი სეზონურობა ახასიათებს. შედარებით ხშირია გაზაფხულზე, გრიპის ეპიდემიის შემდგომ პერიოდში, თუმცა ავად გახდომა წლის ნებისმიერ სხვა დროსაც არის მოსალოდნელი.
საშიში ნიშნები
დადგენილია. რომ ვირუსის ორგანიზმში მოხვედრასა და ლიმფოციტების ინფიცირებას ყოველთვის არ მოჰყვება კლინიკურად გამოვლენილი დაავადება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს, მაგრამ დაავადების მწვავე ფაზა არ გამოუვლინდეს და ვერც კი მიხვდეს, ისე განუვითარდეს ლატენტური ინფექცია. ამაში საგანგაშო არაფერია. შემთხვევათა დაახლოებით 2`3-ში სწორედ ასე ხდება. ექიმები ამას დაავადების ინაპარანტულ მიმდინარეობას უწოდებენ. მას არავითარი კლინიკური სიმპტომი არ ახასიათებს, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზმში ეს ვირუსი ლატენციის ფაზაშია. აღნიშნული მოვლენა ამ ტიპის ვირუსებისთვის დამახასიათებელია და ზუსტად არავინ იცის, რაზეა დამოკიდებული, ამა თუ იმ ორგანიზმში ვირუსის შეჭრა დაავადების განვითარებას გამოიწვევს თუ მხოლოდ ინფიცირებით შემოიფარგლება.
ინფექციური მონონუკლეოზი კლინიკურად მწვავე ინფექციური დაავადებისთვის ჩვეული კლინიკური ნიშნებით ვლინდება. მისთვის დამახასიათებელია:
. ცხელება, რომელიც კიბისებურად იმატებს: თავდაპირველად დაბალია, ხოლო კვირის ბოლოს ძალიან მაღალ ციფრებს აღწევს;
. პერიფერიული (განსაკუთრებით – კისრის) ლიმფური ჯირკვლების გადიდება, ვინაიდან ვირუსი ლიმფოტროპულია (ლიმფური ქსოვილი “უყვარს” და აზიანებს მას);
. ელენთის გადიდება – ეს ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომია;
. ღვიძლის გადიდება – ეს სიმპტომიც ხშირია; ათიდან ცხრა შემთხვევაში ვითარდება მონონუკლეოზური ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება), თუმცა მას ქრონიკულ ფორმაში გადაზრდა არ ახასიათებს და საშიში არ არის. როგორც კი დაავადება უკან დაიხევს, ჰეპატიტიც უკუგანვითარდება. ამასთან ერთად, პერიფერიულ სისხლში ჩნდება ფართოპლაზმიანი დიდი, ერთბირთვიანი უჯრედები – ე.წ. ატიპური მონონუკლეარები. სწორედ ამ უჯრედების გამო მიიღო დაავადებამ ინფექციური მონონუკლეოზის სახელწოდება.
ცნობილია დაავადების ატიპური მიმდინარეობაც, როდესაც არც ღვიძლის, არც ელენთისა და არც ლიმფური კვანძების დაზიანება არ იჩენს თავს. არის შემთხვევები, როცა ავადმყოფობაზე მხოლოდ ტემპერატურის ცვალებადობა მიგვანიშნებს და სისხლშიც კი არ შეინიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, თუმცა სეროლოგიური რეაქცია აჩვენებს, რომ საქმე ეპშტეინ-ბარის ვირუსთან გვაქვს.
იშვიათად შესაძლოა გამონაყარიც გაჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ავადმყოფს სიცხის გამო ანტიბიოტიკოთერაპია ჩაუტარდა. ეპშტეინ-ბარის ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებში სინთეზური პენიცილინები წითელას მსგავს გამონაყარს იწვევს, ამიტომ ანტიბიოტიკის დანიშვნის დროს დიდი სიფრთხილეა საჭირო. კლინიკური ნიშნების გამომჟღავნებისას ინფექციურ მონონუკლეოზზე ეჭვის მიტანა ოჯახის ექიმის პრეროგატივაა. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დიაგნოზის ლაბორატორიული დადასტურებაა საჭირო, რაც სისხლის საერთო ანალიზით, ჰეტეროფილური ანტისხეულების აღმოჩენითა და ვირუსის სპეციფიკური ანტისხეულების აღმოჩენით ხდება.
ინფექციური მონონუკლეოზის დროს სისხლში აქტივირებული B ლიმფოციტები – ატიპური მონონუკლეარები ჩნდება. სწორედ ატიპური მონონუკლეარებისა და პლაზმური უჯრედების აღმოჩენას ემყარება დაავადების ლაბორატორიული დიაგნოსტიკა. სპეციფიკური ლაბორატორიული მეთოდებით კი სისხლში ეპშტეინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკურ ანტისხეულებს პოულობენ და დიაგნოზს ამით ადასტურებენ.
გართულებულ-გამწვავებული
უკვე აღვნიშნეთ, რომ ეპშტეინ-ბარის ვირუსი უმთავრესად ლიმფოიდურ ქსოვილს აზიანებს. ვინაიდან ასეთი ქსოვილით მდიდარია ტონზილები (ნუშურა ჯირკვლები), მონონუკლეოზის დროს არცთუ იშვიათად ვითარდება ხახის პირის მიდამოს ტონზილების ანთება. ხშირად ვირუსულ ინფექციას ბაქტერიულიც ერთვის და მძიმე ბაქტერიული ანგინა ყალიბდება. არცთუ იშვიათად, განსაკუთრებით – მცირე ასაკის ბავშვებში, ვითარდება ფილტვების ანთება – პნევმონია.
ჰეპატიტი გართულებად არ მიიჩნევა, იგი დაავადების კლინიკური გამოვლინება უფროა. მსუბუქი ჰეპატიტი თითქმის ყველა პაციენტს აქვს, ზოგჯერ ვითარდება მძიმე ფორმაც, რაც ღვიძლის ფუნქციების დარღვევითა და სიყვითლით ვლინდება. თუმცა სიცოცხლისთვის საშიში ჰეპატიტი მონონუკლეოზისთვის დამახასიათებელი არ არის. ინფექციური მონონუკლეოზი შესაძლოა ისეთი დაავადებების გამშვებ ფაქტორად იქცეს, როგორებიცაა თრომბოციტოპენიური პურპურა და აუტოიმუნური ჰემოლიზური სინდრომი, თუმცა ამ პროცესებში ვირუსთან ერთად სხვა ფაქტორებიც მონაწილეობს.
მკურნალობის შესახებ
მკურნალობის ხანგრძლივობა და ხასიათი დაავადების მიმდინარეობასა და სიმძიმეზეა დამოკიდებული. მსუბუქი პაციენტები ერთ კვირაში დგებიან ფორმაში, ხოლო საშუალო და შედარებით მძიმე შემთხვევათა განკურნებას დაახლოებით 2-3 კვირა სჭირდება.
მსუბუქ და საშუალო სიმძიმის ავადმყოფს არავითარი თერაპია არ სჭირდება. მას ისეთივე მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს, როგორიც სიცხიან პაციენტს: სიცხის დამწევი საშუალებების მიღება (მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა 38 0C-ს გადააჭარბებს), სითხის მიღება და ზომიერი დიეტის დაცვა. დიეტა მსუბუქი, ადვილად მოსანელებელი, სრულფასოვანი ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი საკვების მიღებასა და ცხიმის შეზღუდვას გულისხმობს. მედიკამენტური მკურნალობა საჭირო არ არის, თუმცა ჩვენ ავადმყოფების მონიტორინგს ვეწევით – ისინი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და სანამ ელენთა, ღვიძლი, ლიმფური ჯირკვლები და სისხლის ანალიზი ნორმას არ დაუბრუნდება, ერთთვიანი ინტერვალებით ვიკვლევთ პერიფერიულ სისხლს.
მკურნალობა, წესისამებრ, ბინაზე ხდება. თუ მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტი სტაციონარულ რეჟიმზე გადაგვყავს. მდგომარეობის გაუარესება შესაძლოა პერიტრაქეული და პერიბრონქული (ტრაქეასა და ბრონქებში არსებული) ლიმფური ჯირკვლების მკვეთრმა გადიდებამ და კრუპის სინდრომის ჩამოყალიბებამ გამოიწვიოს, რაც ხმაურიანი სუნთქვითა და სუნთქვის გაძნელებით ვლინდება. ამას შესაძლოა ვენტილაციის დარღვევა და პნევმონიის განვითარება მოჰყვეს. ცხადია, ასეთი პაციენტების ბინაზე მკურნალობა ვერ მოხერხდება. კარგად ცნობილი ჰერპესვირუსების საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი აციკლოვირი (ზოვირაქსი) ეპშტეინ-ბარის ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურია სინჯარაში (ინ ვიტრო), თუმცა არ არის დადასტურებული მისი კლინიკური – ინ ვივო – ეფექტურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ დაავადების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება კლინიკური ნიშნების უკუგანვითარებას არ აჩქარებს, ამიტომ მონონუკლეოზით დაავადებულებს ანტივირუსული თერაპია არ უტარდებათ.
ზოგჯერ, თუ ლიმფური კვანძები მკვეთრად არის გადიდებული, მოკლე ხნით, მხოლოდ სტაციონარულ პირობებში, პერორალურად ინიშნება ლიმფოლიზური პრეპარატი პრედნიზოლონი, რომელსაც კარგი კლინიკური ეფექტი აქვს.
მონონუკლეოზური ჰეპატიტი, როგორც კი სისხლის სურათი გაუმჯობესებას დაიწყებს, მკურნალობის გარეშე, თავისთავად გაივლის.
ვინაიდან მონონუკლეოზი ვირუსული ინფექციაა, ანტიბიოტიკი მხოლოდ იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება, როცა საქმე ტონზილების ბაქტერიულ ანთებასთან ან ბაქტერიული წარმოშობის პნევმონიასთან აქვთ. ამას ლაბორატორიული და კლინიკური სურათის მიხედვით ადგენენ. თავისთავად ცხადია, ანტიბიოტიკებს შერჩევით უნიშნავენ. მაგალითად, პენიცილინის ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა სასურველი არ არის, ვინაიდან დადგენილია, რომ ხშირად იწვევს გამონაყარს. არც ასპირინის გამოყენებაა რეკომენდებული – ის რეიეს სინდრომის (ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების) რისკს ზრდის, ამიტომ ინფექციების (გრიპის, ჩუტყვავილას, ეპშტეინ-ბარის ვირუსის) დროს ასპირინს დიდი ხანია აღარ იყენებენ სიცხის დამწევ საშუალებად. დღეისთვის საყოველთაოდ მიღებული სიცხის დამწევი საშუალებაა აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი, პანადოლი, კალპოლი, ავერსის რამე). მისი ფიზიოლოგიური დოზა უსაფრთხოა როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვისაც.
ცრუ თუ ნამდვილი საფრთხე?
ბავშვს განსაკუთრებული თითქოს არაფერი აწუხებდა, მშვიდადაც დაიძინა, შუაღამისას კი მისი ხმაურიანი სუნთქვა და უცნაური, მყეფავი ხველა გაღვიძებთ. უმალვე ფხიზლდებით და შვილის დახმარებას ცდილობთ. მას სუნთქვა უჭირს და შველას ითხოვს, თქვენ კი ვერაფერს ხდებით. ბავშვი უფრო მეტად ფრთხება და ტირილს უმატებს.
ალბათ, ბევრს გეცნოთ ეს სიუჟეტი. ასეთ სცენებს ხშირად შეესწრებით ოჯახებში, სადაც კრუპით დაავადებული პატარა ჰყავთ. გამოუცდელ დედებს თავდაპირველად კრუპის ყოველი შეტევა აფრთხობთ, მერე თანდათან ეჩვევიან და მალე კრუპის მკურნალობაში ისე იწაფებიან, ბევრ ახალბედა პედიატრს შეშურდება.
კრუპის სიდრომთან დაკავშირებულ სასარგებლო რჩევებს ბავშვთა ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვისგან მოვისმენთ.
– ბატონო ბიძინა, რა არის ცრუ კრუპი და რა განსხვავებაა ცრუ და ჭეშმარიტ კრუპს შორის?
– ცრუ კრუპი და ჭეშმარიტი კრუპი – ამგვარ დაყოფას ათ წელიწადზე მეტია აღარ იყენებენ. სამედიცინო ლიტერატურაში მიღებულია ტერმინი კრუპის სინდრომი. წინათ განსხვავება ასეთი იყო: ჭეშმარიტ კრუპად მიიჩნეოდა დიფთერიით გამოწვეული კრუპი, ხოლო ცრუდ – ვირუსებითა და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული. დღეს ყოველგვარი წარმოშობის კრუპი ერთი სახელწოდების – კრუპის სინდრომის – ქვეშ ერთიანდება. საუბრობენ მხოლოდ მის განსხვავებულ მიზეზებზე.
ვირუსულ კრუპს ვირუსულ ლარინგოტრაქეობრონქიტსაც უწოდებენ. გამოყოფენ მის სამ საფეხურს. პათოლოგიური პროცესი ჯერ ხორხს, მერე – სასულეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი სასუნთქი გზების ქვედა სართულს მოიცავს და ბრონქიტად ტრანსფორმირდება. ვირუსული კრუპის კლასიკური ფორმისთვის დამახასიათებელია პროდრომული პერიოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ კრუპს წინ ზოგადი ავადმყოფობა უძღვის. ის უმეტესად გაციების მსგავსი სინდრომით გამოიხატება. შესაძლოა, ბავშვს 12-48 საათის განმავლობაში ჰქონდეს სუბფებრილური ტემპერატურა, სურდო, მცირედი ხველა – სხვა არაფერი. ამის შემდეგ გაივლის რამდენიმე დღე და კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნები იჩენს თავს.
ხშირად ჩემთან მოსული მშობელი მიყვება, რომ კრუპის სინდრომი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით განვითარდა – სავსებით ჯანმრთელი ბავშვი დავაძინეთ და ღამით კრუპის შეტევამ გამოაღვიძაო, თანაც აღნიშნავენ, რომ შეტევა რამდენჯერმე გამეორდა. საქმე ის არის, რომ არსებობს კრუპის სინდრომის დამახასიათებელი ფორმა, რომელსაც სპაზმოიდური კრუპი ჰქვია. მის წილად მოდის კრუპის სინდრომის საერთო შემთხვევათა 20%. როდესაც კრუპი პაციენტს დაავადების წინა, პროდრომული პერიოდის გარეშე ემართება, სწორედ ამას უწოდებენ სპაზმოიდურ ანუ რეკურენტულ, იმავე შებრუნებით კრუპს. თანამედროვე მედიცინაში არსებობს მოსაზრება (თუმცა ჯერჯერობით დაუდასტურებელი), რომ ამ ტიპის კრუპი უმთავრესად ალერგიული განწყობის ანუ ატოპიის მქონე ბავშვებს ემართებათ. სპაზმოიდური კრუპი მიმდინარეობითა და მკურნალობის პრინციპებით ჩვეულებრივი ვირუსული კრუპისგან არ განსხვავდება და ზედმეტ ყურადღებას არ მოითხოვს.
კრუპის სინდრომი ყველაზე ხშირად 6 თვიდან 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, იშვიათად – 6 წელს გადაცილებულებთანაც.
– რამ შეიძლება გამოიწვიოს კრუპის სინდრომი?
– ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა, ამიტომ კრუპი ყველაზე ხშირად ვირუსული ინფექციების სეზონზე, შემოდგომაზე და ზამთარში ვითარდება. მაინც რომელია ეს ვირუსული ინფექციები? პირველი ადგილი პარაგრიპის ვირუსს უკავია. მას მოსდევენ გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, კორონავირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვები. დიფთერიული კრუპი, რომელიც ბაქტერიული ბუნებისაა, ბოლო ხანს თითქმის აღარ გვხვდება, რადგან მთელ მსოფლიოში და, საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაშიც უკვე ათწლეულებია ტარდება დიფთერიის საწინააღმდეგო აცრა. დროდადრო აღირიცხება მისი ერთეული, სპორადული შემთხვევები.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჰემოფილუს ინფლუენსას მიკრობით გამოწვეული კრუპის სინდრომიც, რომელსაც მედიცინაში ეპიგლოტიტს (ხორხსარქველის ანთებას) უწოდებენ. ეპიგლოტიტის გამომწვევი ბაქტერია, საზოგადოდ, ძალიან მძიმე დაავადებას იწვევს, მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში და, საბედნიეროდ, ჩვენშიც, თითქმის ხუთი წელია, ბავშვებს ადრეულ პერიოდშივე (ჯერ – 2-3 თვის, მერე კი 4 თვის ასაკში) უკეთებენ ჰემოფილუს ინფლუენსას ვაქცინას, ამიტომ ეს დაავადება პრაქტიკულად აღარ გვხვდება.
– რატომ ემართებათ კრუპი უმეტესად ბავშვებს?
– საქმე ის არის, რომ ბავშვის ხორხი, ხორხსარქველი და სასულის ანუ ტრაქეის ზედა ნაწილი შედარებით ვიწროა, აგებულება – თავისებური, ლორწოვანი – ფაშარი, სისხლძარღვოვანი მომარაგება კი გაძლიერებული. ამას ისიც ემატება, რომ იმუნური სისტემის ასაკობრივი არასრულფასოვნების გამო ბავშვს ვირუსული ინფექციების მიმართ მიმღებლობაც უფრო მაღალი აქვს.
– კლინიკურად როგორ ვლინდება კრუპის სინდრომი?
– დამახასიათებელი, კლასიკური ტრიადით: ხმის ტემბრის შეცვლით (ხმის ჩახლეჩით), მყეფავი ხველით და ხმაურიანი ჩასუნთქვით, რომელსაც ექიმები სტრიდორს ვუწოდებთ. სწორედ ამ სამი ნიშნის ერთობლიობას ჰქვია მედიცინაში კრუპის სინდრომი.
სიმძიმის მიხედვით განასხვავებენ კრუპის სამ ფორმას: მსუბუქს, საშუალო სიმძიმისას და მძიმეს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კრუპის სირთულის დადგენაში გვეხმარება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა და იმის განსაზღვრაა, რა ინტენსივობით არის გამოხატული კლასიკური ტრიადა.
თუ ბავშვს კანი არ აქვს ფერნაცვალი, ციანოზური (რაც ჟანგბადის უკმარისობის ერთ-ერთი ნიშანია), მოსვენებისას (როცა არ ტირის, არ ჭირვეულობს და არ მოძრაობს) არ აღენიშნება სტრიდორული სუნთქვა და სასუნთქი კუნთების რეტრაქცია – მსუბუქ ფორმასთან გვაქვს საქმე. სასუნთქი კუნთების რეტრაქცია, დედებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, მკერდის ძვლის ზედა და ნეკნთაშორისი არეების შედრეკით გამოიხატება.
თუ ჩასუნთქვითი ხმიანობა და კუნთების რეტრაქცია მოსვენების დროსაც კი შესამჩნევია, ეს უკვე საშუალო სიმძიმის კრუპია, ხოლო მძიმე კრუპის დროს ყველა ამ ნიშანს სუნთქვის უკმარისობის გამოხატულება – ციანოზიც ერთვის; ბავშვი ძალიან შეშინებული და ზოგჯერ მივარდნილია.
– მართებულია თუ არა კრუპის შინ მკურნალობა?
– საშუალო და მძიმე კრუპის სინდრომი ჰოსპიტალურ მკურნალობას მოითხოვს. შესაძლოა, რამდენიმე დღით სტაციონარში დაწოლა გახდეს საჭირო. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს: თუ ბავშვს მოსვენებისას ხმაურიანი სუნთქვა, ნეკნთაშორის არეებისა და მკერდის ძვლის ზედა მიდამოს ჩადრეკას შევამჩნიეთ, აუცილებლად უნდა დავურეკოთ სასწრაფო დახმარებას ან თვითონვე წავიყვანოთ ბავშვი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. რაც შეეხება მსუბუქ კრუპს – თუ ეს პირველი შემთხვევაა, უმჯობესია, ბავშვი მაინც წავიყვანოთ საავადმყოფოში, მაგრამ როცა კრუპის შეტევა პირველი აღარ არის და მშობელმა იცის, როგორ მოიქცეს ასეთ დროს, მკურნალობა შინაც შეიძლება.
– კერძოდ, როგორ მოვიქცეთ კრუპის შეტევის დროს?
– უპირველესად, დავამშვიდოთ ბავშვი. ამ დროს მას სუნთქვა უჭირს და ძალიან შეშინებულია, ამიტომ მზრუნველობა, მოფერება სჭირდება. მის დასაწყნარებლად შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი საშუალება – მისი საყვარელი წიგნი, სათამაშო, მულტფილმი, კომპიუტერი... ეს აუცილებელია, რადგან ტირილი და მღელვარება კრუპის მიმდინარეობას ართულებს.
იმავდროულად უნდა გამოვაღოთ ფანჯარა და ოთახში სუფთა ჰაერი შემოვუშვათ. ოღონდ გავხსოვდეს ერთი რამ: თუ გარეთ ძალიან ცივა, არ შეიძლება ფანჯრის გამოღება იმ ოთახში, სადაც ბავშვია, რადგან ცივი ჰაერის ნაკადი სპაზმს კიდევ უფრო გააძლიერებს. უმჯობესია, ფანჯარა მეზობელ ოთახში გამოვაღოთ.
თუ ბავშვს ტემპერატურული რეაქცია აქვს, სიცხის დამწევი ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატი უნდა მივცეთ – აცეტამინოფენი, იგივე პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. სასურველია თბილი სითხეც, თუ სმა შეუძლია. დაუწერელი კანონია, რომ ოჯახში, სადაც კრუპიანი ბავშვი იმყოფება, არავინ არ უნდა ეწეოდეს. პასიური მწეველობაც კი ძალიან აუარესებს კრუპის მიმდინარეობას.
– მედიკამენტური მკურნალობა თუა საჭირო?
– თუ კრუპმა განმეორებითი ხასიათი მიიღო, სამკურნალწამლო საშუალებებსაც ვიყენებთ, რომელთა მეშვეობითაც ექიმის მოსვლამდე ან ბავშვის მასთან მიყვანამდე სიმპტომების მოხსნაა შესაძლებელი. კრუპის ნომერი პირველი წამალია დექსამეტაზონი. ეს არის გლუკოკოსტიკოსტეროიდი, – როგორც ხალხში ეძახიან, ჰორმონი. არსებობს დექსამეტაზონის როგორც საინექციო ანუ ამპულირებული, ისე ტაბლეტირებული ფორმები, მაგრამ კრუპის სინდრომის დროს მხოლოდ საინექციო ფორმას ვიყენებთ, – ცხადია, ექიმის რეკომენდაციით და მისივე შერჩეული დოზირებით. თუ ინექცია ბავშვს მეტისმეტად აშინებს და ანერვიულებს, შეგვიძლია, წამალი სიროფში ან ტკბილ სითხეში გავხსნათ და დავალევინოთ. მას შესანიშნავი ეფექტი აქვს. არსებობს საინჰალაციო პრეპარატებიც, რომლებიც ასევე ძალიან ეფექტურია. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია პულმიკორტი. მისი ოქროს მარაგი ყველა იმ ოჯახს უნდა ჰქონდეს, რომელსაც კრუპის სინდრომიანი ბავშვი ჰყავს.
თუ ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ ბავშვს უკეთესობა არ ეტყობა, ბუნებრივია, სასწრაფო სამედიცინო დახმარება უნდა გამოვიძახოთ.
მძიმე კრუპის დროს არჩევის პრეპარატია ეპინეფრინი, იგივე ადრენალინ – საინჰალაციო ფორმა, მაგრამ არსებობს მკაცრი რეკომენდაცია, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ სტაციონარულ პირობებში იქნეს გამოყენებული და არავითარ შემთხვევაში შინ, ექიმის მეთვალყურეობის გარეშე, რადგან შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
– კრუპის პროფილაქტიკა თუა შესაძლებელი?
– კრუპის უშუალო პრევენცია შეუძლებელია, რადგან მისი გამომწვევი ყველაზე გავრცელებული ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ ხდება, მაგრამ სეზონური გრიპის აცრა კრუპისკენ მიდრეკილი ბავშვისთვის აუცილებელია. თუ ბავშვს სურდო და გაციების სხვა ნიშნები აქვს, უნდა ვეცადოთ, ბაღში არ წავიყვანოთ – შესაძლოა, ჩვენს შვილს ბანალური გაციება მსუბუქად გადაჰქონდეს, სხვა ბავშვისთვის კი იგივე კრუპის მიზეზად იქცეს.
ბავშვებში ვირუსული დაავადებების პრევენცია, უწინარეს ყოვლისა, პირად ჰიგიენას გულისხმობს. აუცილებელია ხელის ხშირი ბანა, რადგან ბავშვები ხელს ხშირად იდებენ პირში და ამ გზით მათ ორგანიზმში ვირუსი ხვდება. ხელების ბანა და სველი ხელსახოცით გასუფთავება ის ძირითადი ღონისძიებებია, რომლებიც ზამთრობით ყველა ოჯახმა წესად უნდა გაიხადოს.