შაქრიანი დიაბეტი
გააზიარე:
დიაბეტს ან ვაკონტროლებთ, ან გვაკონტროლებს. მოიპოვე უპირატესობა!
ნინო გაბიძაშვილი
ენდოკრინოლოგი
“ავერსის კლინიკა”
ქმედების დროა
რა ვიცით შაქრიანი დიაბეტის შესახებ? თითქოს ყველაფერი, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მიდგება, არც მის მასშტაბებზე გვაქვს წარმოდგენა, არც საფრთხეზე და არც დიაგნოსტიკისა და კონტროლის თანამედროვე საშუალებებზე. ეს მაშინ, როცა დაავადება ეპიდემიად მოედო მსოფლიოს და მრავალი ქვეყნის სამედიცინო და სამთავრობო სტრუქტურებს თავსატეხი გაუჩინა. 1991 წლიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია დიაბეტის მსოფლიო დღესაც აღნიშნავენ, ორი წლის წინ კი მათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაც შეუერთდა. იქნებ ამის ცოდნა მაინც დაგვეხმაროს, პრობლემაზე კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ. “ქმედების დროა” – ასეთი სახელწოდება აქვს მსოფლიო ანტიდიაბეტურ კამპანიას, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანას ოთხ უმნიშვნელოვანეს გზავნილს გადასცემს:
1. უკონტროლო შაქრიანი დიაბეტი საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს- ყოველწლიურად 3.2 მილიონი ადამიანის სიკვდილი შაქრიან დიაბეტთან არის დაკავშირებული.
- 35-დან 64 წლამდე ასაკის ათი გარდაცვლილიდან ერთის სიკვდილის მიზეზი მაინც შაქრიანი დიაბეტია.
- 35 წლამდე გარდაცვლილ დიაბეტიანთა სამი მეოთხედის სიკვდილი ამ დაავადებასა და მის არასათანადო კონტროლთან არის დაკავშირებული.
- შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა 80% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში ცხოვრობდა.
- შაქრიანი დიაბეტით გარდაცვლილთა ნახევარი 70 წელზე ნაკლები ასაკისაა, 55% ქალია.
2. შაქრიანი დიაბეტი მეტისმეტად არის გავრცელებული და დღითი დღე ხშირდება
- მთელ მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტი, სულ მცირე, 220 მილიონ კაცს აქვს. თუ სასწრაფოდ რამე არ ვიღონეთ,
მოსალოდნელია, ეს რიცხვი 2030 წლისთვის 2-ჯერ და მეტად გაიზარდოს.
- განვითარებულ ქვეყნებში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაოდენობა 150%-ით გაიზრდება.
- დაავადების გლობალური მატება მსოფლიოს მოსახლეობისა და ხანდაზმულთა წილის მატების, სიმსუქნის, არაჯანსაღი კვებისა და უმოძრაო ცხოვრების წესის გამოა მოსალოდნელი.
3. შაქრიანი დიაბეტი ხელს არ უშლის სისხლსავსე და ჯანსაღ ცხოვრებას
- გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ სათანადო მართვა თავიდან გვაცილებს შაქრიანი დიაბეტის გართულებათა უმეტესობას, უკიდურეს შემთხვევაში, ახანგრძლივებს პერიოდს მათ გამომჟღავნებამდე.
- ეფექტური მართვა გულისხმობს ცხოვრების წესის შეცვლას: ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ აქტივობას, წონის ნორმის ფარგლებში შენარჩუნებას და მოწევაზე უარის თქმას.
- მედიკამენტები ხშირად მნიშვნელოვან როლს ასრულებს, სახელდობრ, სისხლში გლუკოზისა და ლიპიდების სათანადო დონის შენარჩუნებასა და არტერიული წნევის კონტროლში.
- ექიმთან ოპტიმალური თანამშრომლობისას შაქრიანი დიაბეტის გართულებათა რისკი არსებითად იკლებს.
- სისხლსავსე და ჯანსაღი ცხოვრებისთვის უმთავრესია, დავეხმაროთ ადამიანებს, აითვისონ თავიანთი მდგომარეობის მართვისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარები.
4. შაქრიანი დიაბეტის თავიდან აცილება ხშირად შესაძლებელია
. I ტიპის დიაბეტის თავიდან აცილების გზა ჯერჯერობით უცნობია. ეს მეცნიერების სამომავლო გამოწვევად რჩება. II ტიპის პრევენცია კი შესაძლებელია და მოითხოვს, რომ ყველამ ერთად ახლავე დავიწყოთ მოქმედება.
- მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა, რომ დიეტისა და ფიზიკური აქტივობის მდგრადი ცვლილებები შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს ამცირებს.
- მაღალი რისკის მქონე ადამიანებს შორის დღემდე ჩატარებული ყველა გამოკვლევის მიხედვით, დიაბეტის განვითარების თავიდან აცილების კუთხით ცხოვრების წესის შეცვლა უფრო შედეგიანია, ვიდრე რომელიმე მედიკამენტი.
- პრობლემის მასშტაბი მოითხოვს მთელ მოსახლეობაზე გათვლილ ჩარევას ჭარბწონიანობის, სიმსუქნისა და უმოძრაობის დონის შესამცირებლად.
- ტრანსპორტის, ქალაქის დაგეგმარების, პროდუქტების ღირებულებისა და რეკლამის დასარეგულირებელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის პრევენციაში.
რა ატკბობს სენს
ხალხი შაქრიან დიაბეტს ხშირად უბრალოდ შაქარს უწოდებს და მაინცდამაინც არც ცდება: ეს დიაგნოზი მართლაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს სისხლში შაქრის (კერძოდ, გლუკოზის) შემცველობა მეტისმეტად მაღალი აქვს. განსაზღვრული რაოდენობით სისხლში გლუკოზა ყოველთვის არის და კიდეც უნდა იყოს. იმ საკვების დიდი ნაწილი, რომელსაც მივირთმევთ, საბოლოოდ გლუკოზამდე იშლება. თუ საწვავი გარედან არ მივაწოდეთ, ჩვენი ღვიძლი და კუნთები მას არსებული მარაგიდან მოიხმარენ. პრაქტიკულად ყველა უჯრედს, ქსოვილსა და ორგანოს სწორედ ეს უმარტივესი ნახშირწყალი აძლევს საჭირო ენერგიას თავ-თავის საქმის საკეთებლად. თუმცა საჭირო რაოდენობის გლუკოზა უჯრედში რომ მოხვდეს, ჭარბმა კი სარეზერვო ფონდში გადაინაცვლოს, უმნიშვნელოვანესი ჰორმონი – ინსულინია საჭირო. ინსულინმწარმოებელი ქარხანა კუჭქვეშა ჯირკვალშია მოწყობილი. ამ ჯირკვალს ორმაგი დატვირთვა აქვს: ერთი მხრივ, ორგანიზმს საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით ამარაგებს, უჯრედების მეორე ჯგუფი, ე.წ. ბეტა უჯრედები, კი ინსულინის წარმოებით არის დაკავებული, რომელსაც პირდაპირ სისხლში გამოყოფს.
შაქრიანი დიაბეტი ორ შემთხვევაში ვითარდება: ან პანკრეასი ვერ გამოყოფს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, ან არსებულ ჰორმონს ორგანიზმი ეფექტურად ვერ მოიხმარს. ორივე შემთხვევაში ორგანოები ენერგიის წყაროს დეფიციტს განიცდიან, სისხლძარღვში დაგროვილი გლუკოზა კი სისხლძარღვის კედელს აზიანებს, რასაც საბოლოო ჯამში ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა მოჰყვება.
განასხვავებენ შაქრიანი დიაბეტის ორ ძირითად ტიპს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის დროს პანკრეასის ინსულინწარმოქმნელ უჯრედებს ორგანიზმის დამცავი იმუნური სისტემა გაურკვეველი მიზეზით უცხოდ აღიქვამს და ანადგურებს. ასეთი აუტოიმუნური დესტრუქცია კი ორგანიზმში ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარებას იწვევს. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს ინსულინის მიმართ ორგანოების მგრძნობელობა ქვეითდება. ორგანიზმში ინსულინი წარმოიქმნება, მაგრამ თავის ფუნქციას ეფექტურად ვერ ასრულებს. ამ მდგომარეობას ექიმები ინსულინრეზისტენტობას ვუწოდებთ. შაქრიანი დიაბეტის იშვიათი ფორმებიც არსებობს მაგრამ მათ შესახებ ამჯერად სიტყვას არ გავაგრძელებთ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 და ტიპი 2 პრაქტიკულად ორი აბსოლუტურად სხვადასხვა დაავადებაა და ექიმისა და ავადმყოფისგანაც სხვადასხვანაირ მიდგომას მოითხოვს. რაკი შაქრიანი დიაბეტის შემთხვევათა 90-95% ტიპი 2-ის წილად მოდის, ძირითადად მასზე ვისაუბრებთ, ტიპ 1-ზე კი მხოლოდ ერთს ვიტყვით: დაავადების ეს ტიპი პრაქტიკულად არ არის ასოცირებული სიმსუქნესა და ლიპიდური ცვლის დარღვევასთან, ამიტომ პაციენტისთვის ჰიპოკალორიული დიეტის დანიშვნა და ცხოველური წარმოშობის ცხიმების შეზღუდვა მიზანშეწონილი არ არის. პრინციპში, ტერმინი “დიეტა” არც კი უნდა გამოვიყენოთ, რადგან პაციენტებს პრაქტიკულად არც ერთი საკვები არ ეკრძალებათ. რაკი სისხლში გლუკოზის დონეზე პრაქტიკულად მხოლოდ ნახშირწყლები ახდენს გავლენას, ამიტომ დაავადებულმა პირველ რიგში ის უნდა ისწავლოს, რომელი საკვები შეიცავს ნახშირწყლებს და როგორ დათვალოს საკვებში მათი რაოდენობა, ასევე – როგორ გამოთვალოს ინსულინის დოზა იმისდა მიხედვით, რის შეჭმას აპირებს. არც მუდამ ერთსა და იმავე დროს კვება მოეთხოვება. ასეთია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მართვის თანამედროვე სქემა, რომელზეც, ისევე როგორც საზოგადოდ პირველი ტიპის დიაბეტზე, უახლოეს მომავალში დაწვრილებით ვისაუბრებთ.
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებამდე შემთხვევათა უმრავლესობაში გამოხატულია პრედიაბეტური (წინარედიაბეტური) მდგომარეობა, როდესაც ინსულინრეზისტენტობის გადასაფარად ინსულინის პროდუქცია ორგანიზმში ჭარბად მიმდინარეობს. ეს მდგომარეობა შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. ზედმეტი დატვირთვით მუშაობა ხელს უწყობს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების გამოფიტვას და, ამის კვალობაზე, შაქრიანი დიაბეტის კლინიკურ გამოვლენას. ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, პრედიაბეტის მქონეთა 11%-ს მომდევნო სამი წლის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ემართება, სხვა გამოკვლევები კი მიუთითებს რომ პრედიაბეტის მქონეთა უმრავლესობას ათი წლის განმავლობაში დაავადების მანიფესტური ფორმა უვითარდება.
უზმოზე დარღვეული გლიკემიისა თუ გლუკოზისადმი დარღვეული ტოლერანტობის საერთო სახელით – პრედიაბეტით გაერთიანება, უპირველეს ყოვლისა, წარმოდგენას გვიქმნის, რომელ დაავადებასთან გვაქვს საქმე და რა საფრთხე გვემუქრება. გარდა იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტის ზღუბლთან ვდგავართ, გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკი უკვე პრედიაბეტური მდგომარეობიდანვე 1.5-ჯერ იმატებს.
რომელი ტიპის დიაბეტზეც არ უნდა ვსაუბრობდეთ, ცოდნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პაციენტისათვის საკუთარი დაავადების მართვის სწავლება შაქრიანი დიაბეტის ადეკვატური მართვის განუყოფელი ნაწილია. უამისოდ დაავადების კომპენსაციის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელი გახლავთ.
ასაწონ-გასარკვევი სიტკბო
წინა გვერდების წაკითხვის შემდეგ თავადაც მიხვდებოდით: დაავადების დიაგნოსტიკისა თუ მკურნალობის ეფექტური შეფასებისთვის სისხლში გლუკოზის დონის კონტროლია საჭირო.
იმისდა მიხედვით, მშიერი ვართ, ერთი საათის ნაჭამ-ნასვამი, ორისა თუ სამისა, გლუკოზის დონე საკმაოდ მერყეობს. ნორმაზე წარმოდგენაც სამედიცინო ცოდნის დაგროვებასთან ერთად იცვლება. ასე, მაგალითად: ჯერ კიდევ ათი წლის წინ მშიერზე ნორმად ითვლებოდა ტოლერანტობის განსასაზაღვრად სტანდარტული (ე.წ. ორალური გლუკოზატოლერანტული) ტესტია შემუშავებული: სულ მცირე, 8-საათიანი შიმშილის შემდეგ სისხლს გიღებენ და გლუკოზის დონეს განსაზღვრავენ, ამის შემდეგ კი გლუკოზის ასევე სტანდარტულ ხსნარს სვამთ (ჩვეულებრივ, 75გ გლუკოზას შეიცავს). უზმოზე გლუკოზის მაჩვენებლებზე უკვე ვისაუბრეთ. 75 გ გლუკოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ ჯანმრთელი ადამიანის სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია არ აღემატება 140 მგ/დლ-ს (7,8 მმოლ/ლ). თუ ანალიზმა 140 მგ/დლ-იდან (7,8 მმოლ/ლ) 200 მგ/დლ-ამდე (11,1 მმოლ/ლ) გლუკოზა დააფიქსირა, ამას გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევას ვუწოდებთ. უზმოზე _ 126 მგ/დლ-ის (7.0 მმოლ/ლ), ნებისმიერ სხვა დროს კი 200 მგ/დლ (11.1 მმოლ/ლ)-ის ტოლი ან მეტი მაჩვენებელი კი შაქრიან დიაბეტზე მიუთითებს.
ციფრებმა რომ არ დაგაბნიოთ, ცხრილს შემოგთავაზებთ.
ორალური გლუკოზატოლერანტული ტესტი ძალიან ზუსტ მონაცემებს გვაძლევს, თუმცა ადვილად ჩასაბარებელი არ არის. ჯერ ერთი, 8-საათიანი შიმშილი სჭირდება, გლუკოზაც საკმაოდ უსიამოვნო დასალევია, თანაც ამის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არაფრის შეჭმა და დალევა (საღეჭი რეზინის დაღეჭვაც კი) არ შეიძლება. აღარფერს ვამბობთ იმაზე, რომ ეს 2 საათი ან კლინიკაშივე უნდა გაატაროთ, ან განმეორებით მიბრძანდეთ.
სკრინიგისთვის ანუ რისკფაქტორების მქონე ადამიანებში პრედიაბეტისა და დიაბეტის გამოსავლენად ეს ტესტი ცოტა არ იყოს მოუხერხებელია, ამიტომ ADA-მ ალტერნატივა გამოძებნა, რომელიც მართლაც იმსახურებს, რომ ოქროს ასოებით ჩაიწეროს დიაბეტთან დაკავშირებული აღმოჩენების სიაში. გლიკოზირებული ჰემოგლობინი (HbA1C) ბოლო 3 თვის განმავლობაში სისხლში შაქრის საშუალო შემცველობას ასახავს. მის გამოსავლენად მნიშვნელობა არ აქვს, ცოტა ხნის წინ რა მიირთვა ადამიანმა. ამ ტესტს უკვე კარგა ხანია იყენებენ მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, ანუ იმის გასარკვევად, რამდენად კარგად ახერხებს პაციენტი სისხლში გლუკოზის სტაბილური დონის შენარჩუნებას. როგორც უკვე გითხარით, ამერიკის დიაბეტის ასოციაციამ მისი გამოყენება ახლა უკვე შაქრიანი დიაბეტისა და პრედიაბეტური მდგომარეობების სკრინინგის მიზნითაც გვირჩია.
როცა გლიკოზირებული ჰემოგლობინის მაჩვენებელი 6,5%-ის ტოლი ან ამაზე მეტია, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზს სვამენ. ჯანმრთელ ადამიანის ორგანიზმში გლიკოზირებული ჰემოგლობინი 5%-ზე ნაკლებია. 5,7%-იდან 6,4%-ამდე მაჩვენებელი კი ე.წ. ნაცრისფერ ზონას მიეკუთვნება და პრედიაბეტურ მდგომარეობას შეესაბამება.