შაქრიანი დიაბეტი მოზარდებში

გააზიარე:

როგორც ჟურნალის წინა ნომერში შეგპირდით, ამჯერად მოზარდებში შაქრიანი დიაბეტის პრობლემაზე გესაუბრებით. დავიწყოთ არცთუ პოზიტიური სტატისტიკით: ამერიკის შეერთებულ შტატებში შაქრიანი დიაბეტი დაახლოებით 215 000 მოზარდს აქვს. თუ ამ ოდენობას პროცენტულად გამოვსახავთ,
აღმოჩნდება, რომ ამერიკელ ბავშვებს შორის დიაბეტიანების წილი 0,2%-ია. 10 წლამდე ასაკის ბავშვებში პირველი ტიპის დიაბეტი უფრო მეტად გვხვდება, პუბერტატულ ასაკში კი მეორე ტიპის გახშირება შეინიშნება. მიზეზი ის გახლავთ, რომ სქესობრივი მომწიფების ასაკში ხშირია ჭარბი წონა, რომელიც II ტიპის დიაბეტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახლავთ. 

მოულოდნელი რომ არ იყოს
შაქრიანი დიაბეტი არც მოზრდილებს ინდობს და არც მცირე ასაკის ბავშვებს. დიაბეტიანთა მშობლებმა მეტ-ნაკლებად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, რომ მოზარდ ორგანიზმს პრობლემები თავიდან ააცილონ. მოდი, თვალი გადავავლოთ იმ გართულებებს, რასაც შაქრიანი დიაბეტისგან უნდა ველოდეთ.
რეტინოპათია ანუ ბადურის სტრუქტურის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის  (უფრო – I ტიპის) ყველაზე ხშირი გართულებაა. თვალის ფსკერზე ცვლილებებს უმეტესად დიაბეტის დიაგნოზის დასმიდან 5-10 წლის შემდეგ ამჩნევს ექიმი, თუმცა იშვიათად 2-3 წელიწადშიც ყალიბდება.
სტატისტიკის მიხედვით, რეტინოპათიის გამოვლინების სიხშირე სწორედ გარდატეხის ასაკში იზრდება, თუმცა იმავე სტატისტიკას თუ ვერწმუნებით, 10 წლამდე ასაკის ბავშვებშიც იჩენს თავს.
თუ თქვენს შვილს I ტიპის შაქრიანი დიაბეტი აქვს, გირჩევთ, დაავადების აღმოჩენიდან 3-5 წლის შემდეგ აუცილებლად გაასინჯოთ ოფთალმოლოგს. თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ ბავშვს მხედველობის პრობლემა არ აწუხებს, როდესაც ის 10 წლის გახდება, თვალის ექიმს მაინც ეწვიეთ.
. თუ ბავშვს მეორე ტიპის დიაბეტი აქვს, ოფთალმოლოგთან კონსულტაციას დიაგნოზის დასმიდან მცირე ხნის შემდეგ გირჩევთ.
. როგორც პირველი, ისე მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტის ფონზე გამოვლენილი რეტინოპათიის შემთხვევაში, თუნდაც ცვლილება უმნიშვნელო იყოს, ბავშვს თვალის ექიმთან ყოველწლიური კონსულტაცია დასჭირდება. 
ნეფროპათია თირკმლის ფუნქციური ცვლილებით ვლინდება. ამგვარი გართულების საუკეთესო პრევენცია გლუკოზისა და არტერიული წნევის ხშირი კონტროლია. საზოგადოდ, თუ ბავშვს I ტიპის დიაბეტი უკვე 5 წელია აქვს ან უკვე შეუსრულდა 10 წელი, სასურველია, კონსულტაციისთვის ნეფროლოგთან მიიყვანოთ და შარდში მიკროალბუმინურიისა და კრეატინის დონე შეუმოწმოთ. II ტიპის დიაბეტის შემთხვევაში ამგვარი გამოკვლევა დიაგნოზის დასმისთანავეა მიზანშეწონილი.
დიაბეტური ნეიროპათიის დროს პრობლემები ტერფს ექმნება, თუმცა ამგვარ გართულებას, რომელსაც ენდოკრინოლოგები დიაბეტური ტერფს უწოდებენ,  მოზარდი მაშინ უნდა ელოდეს, თუ შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი უკვე 10 წელია დაუსვეს. ნეფროპათიასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ ექიმი და მასთან ერთად მშობლები ბავშვს ტერფის მოვლის უმარტივეს უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარებიან.
ლიპიდური ცვლის დარღვევა დიაბეტის დროს ჩვეული ამბავია. თუ ბავშვის რომელიმე მშობელს ანალოგიური პრობლემა ჰქონდა ან 55 წლამდე დაუსვეს კარდიოვასკულური დაავადების დიაგნოზი, პატარა პაციენტი ლიპიდებზე უნდა გამოიკვლიონ. თუ ოჯახური ისტორია უცნობია ან ამგვარი ცვლილება არც ერთ ნათესავს არ აღენიშნებოდა, ბავშვის გამოკვლევა პუბერტატულ ასაკამდე არ არის საჭირო. თუ შაქრიანმა დიაბეტმა პირველად სქესობრივი სიმწიფის ასაკში იჩინა თავი, ლიპიდური ცვლის გამოკვლევა დიაგნოზის დასმისთანავე (ოღონდ გლუკოზის დონის მოწესრიგების შემდეგ) გახლავთ მიზანშეწონილი. გამოკვლევის პასუხის მიხედვით ექიმი მკურნალობის ტაქტიკას შეიმუშავებს. სპეციალური დიეტა და ვარჯიში ხშირად საკმარისია, რომ ბავშვს ლიპიდური ცვლა მოუწესრიგდეს. თუ ლიპიდების დონე მაინც მაღალი დარჩა, ექიმი მოზარდს მედიკამენტებს დაუნიშნავს.
არტერიული ჰიპერტენზია ანუ სისხლის წნევის მატება შაქრიანი დიაბეტის დროს არცთუ ისე იშვიათია. წნევის კონტროლი აუცილებელია, რადგან სწორედ ჰიპერტენზიაა ნეფროპათიის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

აქტიურობის დროა
ფიზიკური აქტიურობა რომ სასარგებლოა, საკამათო არ არის. ვარჯიში, გარდა იმისა, რომ სტრესის მოხსნისა და, რაც მთავარია, ჭარბ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებაა, გლუკოზის დონის რეგულირებაშიც მონაწილეობს. ამრიგად, დიაბეტიანი მოზარდებისთვის ფიზიკური აქტიურობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ცხოვრების ჯანსაღი წესი.
იმისთვის, რომ ორგანიზმი მუდმივად ტონუსში იყოს, არ არის აუცილებელი, მოზარდი სპორტის რომელიმე სახეობას მისდევდეს (თუმცა, თავისთავად,  არც ეს იქნება ურიგო). უბრალოდ, აიძულეთ ბავშვი, ხშირად ისეირნოს ფეხით ან ველოსიპედით, ისრიალოს სკეიტბორდით, ციგურებით ან გორგოლაჭებით, ითამაშოს ტენისი, კალათბურთი, ფრენბურთი, ფეხბურთი, გოლფი, ბოულინგი ან, უბრალოდ, იცეკვოს.
ისეც ხდება, რომ მოზარდს ვარჯიში ეზარება. ამ შემთხვევაში მშობლებს ვურჩევთ, ბავშვს პერიოდულად ისეთი დავალებები მისცენ, რომლებიც ფიზიკურ გარჯას მოითხოვს, მაგალითად, გაგზავნონ მაღაზიაში (ასევე ფეხით ან ველოსიპედით), დაიხმარონ სახლის დალაგებაში, ეზოს მოვლაში, ძაღლის გასეირნებაში, ლიფტის ნაცვლად ფეხით აიაროს კიბე... ჯამში, სასურველია, ბავშვი დღეში ერთი საათით მაინც დაიტვირთოს ფიზიკურად.
სანამ მოზარდს ვარჯიშს დააწყებინებთ, გირჩევთ, კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს მიმართოთ და მასთან შეათანხმოთ ფიზიკური აქტივობის ტიპი და ხანგრძლივობა.
მიაჩვიეთ მოზარდი, გაიზომოს სისხლში შაქრის დონე ვარჯიშის დაწყებამდე და ვარჯიშის შემდეგ.
მოიმარაგეთ ხილის წვენი ან სხვა სასუსნავი, რომელიც უეცარი ჰიპოგლიკემიის (შაქრის დონის დაცემის) შემთხვევაში გიხსნით.

რა ვჭამო? რა დავლიო?
თუ ბავშვს დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს, მას ექიმი დიეტის თაობაზეც უთუოდ მისცემს რჩევა-დარიგებას. ჩვენ მხოლოდ იმას გირჩევთ, მისდიოთ სპეციალისტის რჩევას და თუ ბავშვს ჭარბი წონა აწუხებს, მაქსიმალურად მოარიდოთ ძლიერ  კალორიულ, ცხიმით გაჯერებულ საკვებს.
კალორიების "მოპარვა" მარტივად შეიძლება. მაგალითად, თუ ტკბილი გაზიანი სასმლის ნაცვლად უბრალო წყალს დალევთ, იოლად მოიპარავთ 150 კალორიას, ჩიფსებისა და კანფეტების ნაცვლად თუ ხილს ჩაახრამუნებთ, 200 კალორიას გადაურჩებით. 
გახსოვდეთ:
. თუ მოზარდს ნორმალური წონა აქვს, არამც და არამც არ აშიმშილოთ. მოზარდი ორგანიზმისთვის ამგვარი გამოცდა მეტისმეტი სისასტიკეა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვი ჭარბად დანაყრდეს.
. მიაჩვიეთ მოზარდი ნელა ჭამას. ტვინს, სულ მცირე, 15 წუთი სჭირდება იმისთვის, რომ დანაყრების შესახებ ინფორმაცია მიიღოს, ანუ მიხვდეს, რომ ორგანიზმს აღარ შია.
. ეცადეთ, გაამდიდროთ მოზარდის მენიუ ხილითა და ბოსტნეულით.
. თუ ბავშვი მსუნაგია და ატყობთ, რომ წონის მატება დაიწყო, ჭამის წინ ჭიქა წყალი დაალევინეთ – ასე მადას მოუკლავთ.
. ეცადეთ, ბავშვი სკოლაში უსაუზმოდ არ გაუშვათ. უკიდურეს შემთხვევაში, შესთავაზეთ რძიანი ბურბუშელა, მაწონი ან ხილის იოგურტი. თუ მსუბუქი საუზმე არ აკმაყოფილებს, მოუხარშეთ კვერცხი, ჭვავის პურზე გადაუსვით კარაქი (ძალიან სასარგებლოა არაქისისა), დაუსხით რძე. ურიგო არ იქნება, თუ კვერცხთან ერთად თეფშზე უმარილო ყველის პატარა ნაჭერსაც დაუდებთ.  

მაინც, რა?
მოდი, გავარკვიოთ, რა და რამდენი უნდა შევთავაზოთ მოზარდს, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს.
. ბოსტნეული: უპირატესობა მწვანესა და ნარინჯისფერს მიანიჭეთ. სასურველია, მოზარდმა დღეში 2,5-3 ჭიქა დაჭრილი ბოსტნეული მიირთვას. შეიძლება როგორც უმი, ასევე მოხარშული და მოშუშული. ერთ ჭიქა დაჭრილ ბოსტნეულს უდრის ერთი ჭიქა ბოსტნეულის წვენი და ორი ჭიქა დაჭრილი სალათის ფურცელი.
. რძე და რძის ნაწარმი: ნებისმიერი სახისა მარგებელია. დღიური ნორმა დაახლოებით სამი ჭიქა რძეა, რაც უდრის ამავე მოცულობის მაწონსა და იოგურტს და დაახლოებით 150 გრამ ყველს.
. ხილი: კარგი იქნება, თუ მოზარდს დღეში 1,5-2 ჭიქა დაჭრილ ცოცხალ ხილს შესთავაზებთ, რაც იმავე მოცულობის წვენს და ორჯერ ნაკლებ ჩირს უდრის.
რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი ბავშვმა მაინცდამაინც დაჭრილი ხილი და ბოსტნეული მიირთვას; უბრალოდ, ულუფის გაზომვა და ერთმანეთთან შედარება ასე უფრო იოლია.
. პური, ბურღული, მაკარონი. მოზარდს ნაირ-ნაირი შესთავაზეთ, ოღონდ დღეში არა უმეტეს 3 ჭიქისა. ვარიანტები: ერთი ჭიქა მოხარშული ბურღულეული, იმავე მოცულობის ბრინჯი ან პასტა, ორი ჭიქა ნახევრად მოხარშული ბურღული, ერთი ნაჭერი ცეხვილი ხორბლის პური, ერთი ან ერთნახევარი ნაკლებად ტკბილი ორცხობილა.
. ხორცი, კვერცხი, მარცვლეული, თხილეული ანუ ყველა ის პროდუქტი, რომელიც ცილებით არის სავსე. დღიური ნორმა 150-200 გრამია. გაითვალისწინეთ, რომ 30 გრამი ხორცი (ნებისმიერი, მათ შორის – თევზისა და ფრინველისა) უდრის ერთ კვერცხს, ერთ სუფრის კოვზ არაქისის კარაქს, 10-15 გრამ თხილეულს, მეოთხედ ჭიქა მოხარშულ ბარდასა და ლობიოს.   
გაითვალისწინეთ: თუ მოზარდს შაქრიანი დიაბეტი აქვს, ზედმიწევნით უნდა მისდიოს მკურნალი ექიმის რჩევებს და დაიცვას დიეტა. ჩვენი პუბლიკაცია მხოლოდ ზოგად ინფორმაციას გაწვდით.

გააზიარე: