ღიპთან დაკავშირებული საფრთხე (მეტაბოლური სინდრომი)
გააზიარე:
მთავარი თემის კონსულტანტია
“ავერსის კლინიკის” ექიმი ენდოკრინოლოგი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში ნინო ესაკია
ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ კოსმეტიკური დეფექტია, სინამდვილეში კი... თუ ყურადღებით გაეცნობით მთავარ თემას, შეიტყობთ, რას უქადის ჩვენს ჯანმრთელობას ეს არცთუ მომხიბვლელი წარმონაქმნი. თუმცა მხოლოდ ღიპზე საუბარს არ ვაპირებთ – ნომრის თემა გაცილებით ფართო, თუმცა სამედიცინო განათლების არმქონე მკითხველისთვის ჯერჯერობით არაფრისმთქმელ ტერმინს – მეტაბოლურ სინდრომს ეხება. საფრთხე იმდენად დიდია, თავის ქვიშაში ჩარგვის უფლება აღარ გვაქვს. მაშ ასე, გავერკვეთ, გავიგოთ, ვიმოქმედოთ...
სახელებში გასარკვევად ვიდრე მეტაბოლურ სინდრომზე ვიტყოდეთ რამეს, თავად მეტაბოლიზმი განვმარტოთ.
ბავშვმაც კი იცის, რომ ყველაფერს, მოძრაობიდან დაწყებული, აზროვნებით დამთავრებული, ენერგია სჭირდება. ქიმიური რეაქციების ჯაჭვს, საკვებისგან მიღებულ საწვავს ჩვენი უჯრედებისთვის საჭირო ენერგიად რომ გარდაქმნის, მეტაბოლიზმი ანუ ნივთიერებათა ცვლა ეწოდება.
რამდენიმე ათწლეულია, რაც მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ მეტაბოლური (ესე იგი ნივთიერებათა ცვლასთან დაკავშირებული) დარღვევები (სიმსუქნე, არტერიული წნევის მომატება, ლიპიდური და ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა), განსაკუთრებით კი რამდენიმე მათგანის თანაარსებობა, საგრძნობლად ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის რისკს.
მიუხედავად ამისა, მეტაბოლურ რისკფაქტორთა ერთიანობის (კლასტერის) სახელდებამ და კონცეფციის დეფინიციამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია. მეცნიერებმა, სულ მცირე, სამი დასახელება შემოგვთავაზეს: ინსულინრეზისტენტობის სინდრომი, სინდრომი X და მეტაბოლური სინდრომი. ეს უკანასკნელი გახდა ძირითადი ტერმინი მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ის ქოლესტეროლის საგანმანათლებლო პროგრამის ზრდასრულთა მკურნალობის სამუშაო ჯგუფმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეიმუშავეს მეტაბოლური სინდრომის კრიტერიუმები. სახელწოდებაზე კი შეთანხმდნენ, მაგრამ განმარტებაზე – იმაზე, რა კრიტერიუმების ერთობლიობას შეგვიძლია ვუწოდოთ მეტაბოლური სინდრომი – საერთო აზრი დღემდე არ არსებობს. ეს იმიტომ, რომ, რაც წლები გადის, სულ უფრო იმატებს ამ სინდრომის განმსაზღვრელი კრიტერიუმების რიცხვი.
ზოგიერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, მაგალითად, ADA (ამერიკის დიაბეტის ასოციაცია), საერთოდ ვერ ხედავს სინდრომის ცალკე გამოყოფის აუცილებლობას. მათი აზრით, საკამათო არ არის, რომ ყოველი ცალკეული კომპონენტი ზრდის შაქრიანი დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, მაგრამ ჯერ კიდევ დასამტკიცებელია, რომ მათი ერთობლიობა მეტია, ვიდრე შემადგენელ ნაწილთა უბრალო ჯამი.
არცთუ დიდი ხნის წინ დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციამ (IDF) ერთგვარ კონსენსუსს მიაღწია და უნიფიცირების მიზნით დეფინიცია შემოგვთავაზა. მას დღითი დღე უფრო და უფრო მეტი ექსპერტი უერთდება. პირველადი ჯანდაცვის სტრუქტურებში
მეტაბოლური სინდრომის მართვის ქართული გაიდლაინიც სწორედ ამ განმარტებას იზიარებს. ჩვენც მას შემოგთავაზებთ.
მეტაბოლური სინდრომის ძირითად კრიტერიუმად მიიჩნევა ცენტრალური (მუცლის ტიპის) სიმსუქნე (ანუ ღიპი), წელის გარშემოწერილობის კონკრეტული ნორმები კი, ბუნებრივია, ეთნიკური ფაქტორის გათვალისწინებით არის შემუშავებული. ასე, მაგალითად: ევროპეიდული რასის მამაკაცებისთვის ნორმიდან გადახრა 95 სმ-იდან იწყება, ხოლო ქალებისთვის 81 სმ-იდან.
ამ კრიტერიუმს (მარტივად რომ ვთქვათ, ღიპთან) კი შემდეგი ოთხი კომპონენტიდან ორი მაინც უნდა ერთვოდეს:
. ტრიგლიცერიდების მომატება 1.7 მმოლ/ლ-ზე (150 მგ/დლ-ზე) მეტად ან სპეციფიკური მკურნალობა ამ ლიპიდური დარღვევის გამო;
. მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის (HDL) დონის დაქვეითება (მამაკაცებისთვის მაჩვენებელი 1.03 მმოლ/ლ-ზე (40 მგ/დლ-ზე) ნაკლები უნდა იყოს, ხოლო ქალებისთვის – <1.29 მმოლ/ლ-ზე (50 მგ/დლ-ზე) ნაკლები), ან სპეციფიკური მკურნალობა ამ ლიპიდური დარღვევის გამო;
. სისხლის წნევის მომატება, როცა სისტოლური წნევა 130 მმ ვწყ. სვ-ზე მეტია, ხოლო დიასტოლური – 85 მმ ვწყ. სვ-ზე მეტი, ან მკურნალობა ადრე დადგენილი ჰიპერტენზიის გამო;
. ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევა: უზმოზე გლიკემია (სისხლში გლუკოზის დონე 5.6 მმოლ/ლ-ზე (100მგ/დლ-ზე) მეტი), გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ან ადრე დადგენილი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2.
მეტაბოლურ სინდრომს ხშირად “ახალი მსოფლიოს დაავადებასაც” უწოდებენ, ვინაიდან მისმა გავრცელებამ და ახალმა შემთხვევებმა ძალზე იმატა დასავლეთის ინდუსტრიული ქვეყნების მოსახლეობას შორის. განვითარებულ ქვეყნებამდე ბევრი გვაკლია, მაგრამ ჩვენი მოსახლეობისთვის ერთი თვალის გადავლებითაც ჩანს და კვლევებიც ადასტურებს, რომ სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი საქართველოშიც გახშირდა და სერიოზულ პრობლემად იქცა.
მეტაბოლური სინდრომი თავისი ახლანდელი ფორმატით არის უმარტივესი და პრაქტიკული ინსტრუმენტი სიმსუქნესთან დაკავშირებულ დარღვევათა მქონე იმ ინდივიდების იდენტიფიკაციისთვის, რომელთაც აქვთ როგორც დიაბეტის, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ჩამოყალიბების მაღალი რისკი.
ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან, გარდა წნევისა, ალბათ ყველა გეუცხოვათ. მათ შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, თუმცა მთავარს ალბათ უკვე მიხვდით: მათ დასადგენად სისხლის ანალიზია საჭირო. ასე რომ, თუ ღიპი გაქვთ და, მით უმეტეს, წნევაც გაწუხებთ, ექიმთან მისვლა აუცილებელია.
ვის ემუქრება
ყველაზე ოპტიმისტური გამოთვლითაც კი მეტაბოლური სინდრომი მსოფლიოს მოსახლეობის მეოთხედს აქვს. უფრო ხშირად გვხვდება მამაკაცებში. ქალებში ხშირდება მენოპაუზის პერიოდში. მისი გავრცელება დამოკიდებულია პოპულაციის გეოგრაფიულ მდებარეობასა და ეთნიკურ მდგომარეობაზე, სქესზე, ასაკზე. ამერიკული სტატისტიკით, 20-30 წლის ასაკში ეს სინდრომი მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს, ხოლო 60 წლის შემდეგ – 42%-ზე მეტს, თუმცა, ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად,მეტაბოლური სინდრომის ცალკეული კომპონენტები სკოლის მოსწავლეებს შორისაც კი გვხვდება. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ უმრავლესობას ამის თაობაზე წარმოდგენა არ აქვს. ვინაიდან არსებითს არაფერს უჩივის და არც არაფერი სტკივა, მხოლოდ ღიპის არსებობა რაიმე დაავადებას თუ განაპირობებს და გართულებებს იწვევს, ეს ხშირად ვერც კი წარმოუდგენიათ.
შესაძლოა, მეტაბოლური სინდრომი გქონდეთ, თუ მისდევთ უმოძრაო ცხოვრების წესს და, ამასთანავე:
- მოიმატეთ წონა, განსაკუთრებით – წელისა და მუცლის მიდამოში;
- თქვენს დედას ან მამას, დას ან ძმას შაქრიანი დიაბეტი აქვს;
- გაქვთ მაღალი წნევა;
- სისხლში ქოლესტეროლის (ცხიმის) ან გლუკოზის (შაქრის) დონე გაქვთ მომატებული.
მეტაბოლური სინდრომის მქონეთა უმრავლესობა თავს ჯანსაღად გრძნობს და შეიძლება, არც არაფერი აწუხებდეს, განსაკუთრებით – თუ სიმსუქნე არ დაუდასტურდათ (სიმსუქნედ მიიჩნევა მდგომარეობა, როცა სხეულის მასის ინდექსი სმი 30 და მეტია). მიუხედავად ამისა, მათ შესაძლოა სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი და გულ-სისხლძარღვთა სნეულებები – განუვითარდეთ.
მძიმე ფაქტები
მეტაბოლური სინდრომი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთი ურთულესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. თემის აქტუალობას განაპირობებს არაგადამდები (არაინფექციური) დაავადებების გლობალური ეპიდემია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტაბოლური სინდრომის კომპონენტებთან – შაქრიან დიაბეტსა და სიმსუქნესთან და მათთან ასოცირებულ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებთან, ამ უკანასკნელს კი როგორც მთლიანად მსოფლიოში, ისე ცალკეულ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) პირველი ადგილი უკავია სიკვდლიანობის მიზეზებს შორის და ყველაზე მეტი ეკონომიკური ტვირთის მქონეა.
მეტაბოლური სინდრომის მქონეთა უმრავლესობა, წესისამებრ, ექიმს არტერიული ჰიპერტენზიის, შაქრიანი დიაბეტის ან გულის იშემიური დაავადების გამო მიმართავს, ამიტომ ასეთი პაციენტები ხშირად ხვდებიან სხვადასხვა სპეციალობის ექიმების: თერაპევტების, კარდიოლოგების, ენდოკრინოლოგების – მეთვალყურეობის ქვეშ. ამ სინდრომის ფართო გავრცელება, ცხოვრების წესთან მჭიდრო კავშირი და მისი შედეგებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები, სხვადასხვა სპეციალობის ექიმთა ერთიან ძალისხმევას მოითხოვს მეტაბოლური სინდრომის დროულად გამოსავლენად და ფართომასშტაბიანი სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების გასატარებლად.
- მეტაბოლური სინდრომის მქონე ადამიანებს სამჯერ მეტი საფრთხე ემუქრებათ, რომ მიოკარდიუმის ინფარქტი ან ინსულტი განუვითარდეთ და ორჯერ მეტი, რომ ეს პათოლოგია საბედისწერო აღმოჩნდეს.
- მეტაბოლური სინდრომი ხუთჯერ ზრდის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების რისკს.
- შაქრიან დიაბეტს აშშ-ში სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის მეექვსე, სიკვდილის საერთო მიზეზებს შორის კი მეშვიდე ადგილი უკავია. სწორედ ის არის თირკმლის უკმარისობის უკანასკნელი სტადიისა და სიბრმავის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. დიაბეტით დაავადებულებს გულის დაავადებების, ინსულტის, ნეიროპათიისა და ტერფის განგრენის განვითარების უფრო მეტი საფრთხე ემუქრებათ, ვიდრე არადიაბეტიანებს.
. გულის გვირგვინოვანი არტერიების დაავადება (სხვაგვარად – გულის იშემიური დაავადება) განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია. აშშ-ში მიოკარდიუმის ინფარქტი ყოველწლიურად თითქმის მილიონ-ნახევარ ადამიანს ემართება და მათი მესამედი ამ დაავადებას ეწირება. კორონარული არტერიების დაავადების დიაგნოსტიკა-მკურნალობის საერთო წლიური ხარჯი ამერიკაში დაახლოებით 60 მლრდ დოლარს შეადგენს.
რას გვერჩის ღიპი
რა გვასუქებს? მიზეზი უამრავია. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გენეტიკაა, მაგრამ ყველაფერს მას ნუ დავაბრალებთ. თუ ღიპი თქვენი საგვარეულო “სიამაყეა“, ჭამა-სმის სიყვარულისა და ცხოვრების უმოძრაო წესის ბრალი უფრო იქნება, ვიდრე ბუნებისა.
საკამათოც არ არის, რომ ჩვენმა საცხოვრებელმა გარემომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. დღეს შეგვიძლია, ისე ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ, რომ საერთოდ არ გავინძრეთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ერთადერთი, რისთვისაც თავის შეწუხება დაგვჭირდება, ერთი სავარძლიდან მეორეში (ავტომობილიდან კაბინეტში და პირუკუ) გადაჯდომა იქნება. თითქმის ყოველგვარი მოწყობილობა პულტით დისტანციურ მართვაზეა გადასული, ისე რომ, განძრევა თითქმის არ გვჭირდება. რას ვჭამთ, ამაზე ხომ ლაპარაკიც არ ღირს: ფასტფუდი, კონსერვები, ცომეული, უმთავრესად ფუჭი კალორიებით რომ არის გამოტენილი და სასარგებლოს არაფერს შეიცავს. ეს ყველაფერი კი, როგორც არაერთხელ გვითქვამს, კოსმეტიკური პრობლემის ფარგლებს სცილდება. გარდა საკვები რაციონისა (მაღალკალორიული კვებისა) და უმოძრაო ცხოვრების წესისა, ზიანი მოაქვს ურეჟიმო კვებას დატვირთული სამუშაო გრაფიკის ან ცუდი ჩვევის გამო. დილით შინიდან ცარიელი მუცლით, ერთი ფინჯანი ყავის ან ჩაის ამარა გასვლა, ხოლო საღამოს – მაძღრისად კვება სიმსუქნის განვითარებას უწყობს ხელს. ჯანსაღი კვება მინიმუმ 4-ჯერადია და დღის საათებზე გადანაწილდება.
ჩვენი სხეული ისეა მოწყობილი, როგორც კი ზედმეტ ცხიმს მოიხელთებს, ცდილობს, შავი დღისთვის (ანუ იმ დროისთვის, როცა საჭმელი აღარ ექნება) გადაინახოს. თუ თქვენც გულმოდგინედ აგროვებთ, შავი დღე კი არა და არ დგება, მარაგმა რაღა ქნას, სულ გულხელდაკრეფილი ხომ არ იჯდება? და აი, დეპოს უჯრედები სისხლში ცხიმის მოლეკულებს უფრო ინტენსიურად გამოყოფენ, რაც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ მიმდინარეობას და ინსულინის გამოყენებას ცვლის. ცხიმოვანი ქსოვილი აღარ მიიჩნევა ჭარბი კალორიების ინერტულ დეპოდ; იგი სხეულის ენდოკრინულ ორგანოდაა აღიარებული. ცხიმოვანი უჯრედები გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომელთაც ადიპოკინები უწოდეს. მათი სიჭარბე იწვევს მრავალ არასასურველ პროცესს, მათ შორის – ანთებას, ხელს უწყობს ღვიძლის, კუნთისა და თვით ადიპოციტის ინსულინისადმი რეაქტიულობის დაქვეითებას, ყოველივე ამან კი შესაძლოა მეტაბოლური სინდრომის სხვა კომპონენტების გარეშეც გაზარდოს ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიც არის:
. შაქრიანი დიაბეტი;
. ზოგიერთი სახის ავთვისებიანი სიმსივნე;
. მაღალი არტერიული წნევა;
. ლიპიდების (ცხიმოვანი) ცვლის დარღვევა – ცხიმებისა და ქოლესტეროლის დონის მომატება, მისი ცალკეული ფრაქციების არასასურველი ცვლილებები, რაც, თავის მხრივ, სისხლძარღვთა დაზიანების (მაგალითად, ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის) საშიშროებას ზრდის.
სად მოიკალათებს ჩვენს სხეულში ჭარბი ცხიმი, მნიშვნელოვანწილად ყოფილა დამოკიდებული სასქესო ჰორმონებზე. ექიმებს გაცხიმოვნებული სხეული ხილის ასოციაციას აღუძრავს. რაც მართალია, მართალია – მსგავსება ნამდვილად არის. მუცელგამობზეკილები (ჩვენებურად – ღიპიანები) ვაშლს წააგვანან, თეძოგავაგასქელებულები კი მსხალს. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, აქაც არის, მაგრამ ძირითადად სასქესო ჰორმონების წყალობით მამაკაცები უფრო ხშირად ვაშლის ტიპს მიეკუთვნებიან, ქალები კი მსხლისას.
გასუქების პირველი ვარიანტის შემთხვევაში ცხიმოვანი უჯრედები სისხლში უფრო იოლად გადადის და ყველა ზემოხსენებული პრობლემის აღმოცენების ალბათობაც იმატებს. მაგალითად, ცნობილია, რომ მამაკაცური (ანდროიდული) ტიპის სიმსუქნის დროს უფრო ხშირად ვითარდება გვირგვინოვანი არტერიების დაავადება, შაქრიანი დიაბეტი და პოდაგრა, ვიდრე ქალური (გენოიდური) ტიპის სიმსუქნის დროს.
სიმსუქნისა და არტერიული ჰიპერტენზიის თანაობისას გულის კორონარული დაავადებების რისკი 2-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მაშინ, როცა არტერიულ ჰიპერტენზიას სიმსუქნე არ ახლავს თან. სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ არტერიული ჰიპერტენზია სიმსუქნის დროს 6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება. დამახასიათებელი ნიშნებია: გულის წუთმოცულობის გაზრდა და მარცხენა პარკუჭის ავსების მოცულობის გაზრდა. ცხიმოვანი ქსოვილის მასის 10%-ით გაზრდა არტერიული წნევას 6/4 მმ ვწყ. სვ-ით სწევს მაღლა. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ სიმსუქნის მქონე პაციენტებში წონის დაკლება არტერიული წნევის დაქვეითებასაც იწვევს.
ტკბილ-მწარე ამბები
მეტაბოლური სინდრომისა და დაავადებათა რისკის ზრდის ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ დასადგენია, მაგრამ როგორც ჩანს, ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევას, კერძოდ კი ინსულინრეზისტენტობას, ამაში დიდი წვლილი უნდა მიუძღოდეს. როგორც ზემოთაც ვთქვით, ტერმინის დადგენისას ერთ-ერთ სინონიმად სწორედ ინსულინრეზისტენტობის სინდრომი იყო შემოთავაზებული.
როგორც იცით ინსულინი კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონია, რომელიც სისხლში გლუკოზის (შაქრის) დონეს არეგულირებს. როცა საჭმლის მომნელებელი სისტემა მიღებულ საკვებს შემადგენელ ნაწილებად დაყოფს, ერთ-ერთ კომპონენტს, გლუკოზას, სისხლი ორგანიზმის ქსოვილებს ჩამოურიგებს ენერგიის წყაროდ. უჯრედებს გლუკოზის ასათვისებლად ინსულინის დახმარება სჭირდებათ. ინსულინრეზისტენტობის დროს უჯრედები ინსულინზე ადეკვატურად ვერ პასუხობენ და გლუკოზა უჯრედში მოხვედრას ვერ ახერხებს. პასუხად ორგანიზმი გლუკოზის გადასამუშავებლად მეტ ინსულინს ითხოვს. შედეგად ორგანიზმში გლუკოზისა და ინსულინის ნორმალურზე მეტი ოდენობა მიმოიქცევა. თუმცა ჯერ იმდენი არ არის, რომ დიაბეტი დავარქვათ, მაგრამ ნივთიერებათა ცვლაზე მაინც ახდენს გავლენას. მომატებული ინსულინი სისხლში ტრიგლიცერიდებისა და ცხიმისმაგვარი ნივთიერებების სხვა ფრაქციებსაც ზრდის, თირკმელებს მუშაობაში ხელს უშლის და არტერიული წნევის მომატებასაც განაპირობებს.
ცხიმოვანი მასის მატებასთან ერთად ძლიერდება ინსულინრეზისტენტობა. განსაკუთრებით თვალსაჩინოა აღნიშნული კორელაცია ჰიპერინსულინემიასა და მუცელზე დაგროვილ ცხიმს შორის.
თუ ცხოვრების წესში არაფერი შეიცვალა, დროთა განმავლობაში საკომპენსაციო მექანიზმები ამოიწურება და ჯერ პრედიაბეტი, მერე კი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 განვითარდება. პრედიაბეტი შემთხვევით არ გვიხსენებია. კვლევები ადასტურებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში, სანამ დიაბეტი ტიპი 2 ჩამოყალიბდება, გამოხატულია პრედიაბეტური (წინარედიაბეტური) მდგომარეობა, როდესაც ან უზმოზეა სისხლში შაქრის კონცენტრაცია შედარებით მომატებული, ან საკვების მიღების შემდეგ სისხლში გლუკოზის ოდენობა ნორმას დროულად არ უბრუნდება. პირველს უზმოზე დარღვეულ გლიკემიას ვუწოდებთ, მეორეს კი გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევას. ეს მდგომარეობა შესაძლოა წლობით გაგრძელდეს. ზედმეტი დატვირთვით მუშაობა ხელს უწყობს პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების გამოფიტვას და, ამის კვალობაზე, შაქრიანი დიაბეტის კლინიკურ გამოვლენას. ამერიკის დიაბეტოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, პრედიაბეტის მქონეთა 11%-ს მომდევნო სამი წლის განმავლობაში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 უვითარდება, სხვა გამოკვლევები კი მიუთითებს, რომ პრედიაბეტის მქონეთა უმრავლესობას ათი წლის განმავლობაში დაავადების მანიფესტური ფორმა უყალიბდება. გარდა იმისა, რომ პრედიაბეტის დროს შაქრიანი დიაბეტის ზღურბლთან ვდგავართ, გულ-სისხლძარღვთა გართულებების რისკი პრედიაბეტური მდგომარეობიდანვე 1.5-ჯერ იმატებს.
იმ ქვეყნებში, სადაც პრევალირებს შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას ზრდის გამოხატული ტენდენცია აქვს. დადგენილია, რომ ამჟამად მსოფლიოში შაქრიანი დიაბეტით 170 მლნ-ზე მეტი ადამიანია დაავადებული. მომავალ ათწლეულებში მოსალოდნელია დიაბეტიანთა რაოდენობა გაორმაგდეს. დიაბეტი არაინფექციური პანდემიის სახეს იღებს. ამ ფონზე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პერსპექტივა კიდევ უფრო შემაშფოთებელი ჩანს.
შაქრიანი დიაბეტი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკულ დაავადებას. მისი შემთხვევების რიცხვი დღიდან დღემდე იმატებს და ამიტომ შაქრიანი დიაბეტი იყო და რჩება ცივილიზაციის ერთ-ერთ უმძიმეს და გადაუჭრელ პრობლემად. ჯანმო-ს მონაცემებით, მას მოსახლეობის სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მესამე ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ავთვისებიანი სიმსივნეების შემდეგ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2025 წლისთვის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 300 მლნ-ს გადააჭარბებს.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა საერთო ოდენობიდან 10%-ს ტიპი 1 აქვს, ხოლო დანარჩენ 90%-ს არ დიაგნოსტირდება ტიპი II. ფართო გავრცელებიდან და მატების ტენდენციიდან გამომდინარე, შაქრიანი დიაბეტი აღიარებულია XX-XXI საუკუნეების არაინფექციურ ეპიდემიად და სერიოზულ სამედიცინო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. ეს პრობლემა დგება ნებისმიერი ერისა და თაობის წინაშე. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი იმატებს, რაც დაკავშირებულია ხნოვანი ასაკის მოსახლეობის რიცხვის მატებასთან და სიმსუქნის გავრცელების ზრდასთან.
უკვე მრავალი წელია, რაც თაობები ებრძვიან შაქრიან დიაბეტს. ეს დაავადება იყო გავრცელებული ჩვენს შორეულ წინაპრებშიც კი. ვინაიდან ის დიდხანს არ არ დიაგნოსტირდება, მიაჩნიათ, რომ მისი რეალური გავრცელება 2-3 ჯერ აჭარბებს რეგისტრირებულთა რიცხვს. ვარაუდობენ, რომ შაქრიანი დიაბეტის ყოველ დიაგნოსტირებულ შემთხვევაზე ერთი არადიაგნოსტირებული მოდის.
რა სტკივათ სისხლის ცხიმებს
მეტაბოლური სინდრომის ორი კრიტერიუმი ლიპიდური პროფილის ცვლილებას ეხება. დაპირებისამებრ, მათზე უფრო ვრცლად შევჩერდებით.
ჩვენს საკვებსა და ორგანიზმში არსებული ლიპიდების უმეტესობა ტრიგლიცერიდებს – ნეიტრალურ ცხიმებს მიეკუთვნება. თუ ქიმიას საშუალოდ მაინც სწავლობდით, სახელიც მიგახვედრებთ, რომ ისინი გლიცერინისა და სამი ცხიმოვანი მჟავასგან შედგება. გლიცერინი ყველას ერთნაირი აქვს, მჟავა კი სხვადასხვანაირია. ზოგიერთი მათგანი ნაჯერია, ზოგიერთი – უჯერი. ცხიმსაც, შესაბამისად, ან ნაჯერს უწოდებენ, ან უჯერს. ქიმიაში მეტისმეტად რომ არ გავიხლართოთ, აქ შევჩერდეთ. სავსებით საკმარისია, დავიმახსოვროთ, რომ ნაჯერი ცხიმები ოთახის ტემპერატურაზე მყარია (ქონი), უჯერი კი – თხევადი (ზეთი). თუ ორგანიზმს რომელიმე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავა შემოაკლდა, არაფერი გაუჭირდება, თვითონვე წარმოქმნის, უჯერი ცხიმოვანი მჟავების სინთეზი კი მხოლოდ მცენარეებს შეუძლიათ, ამიტომ ჩვენთვის შეუცვლელნი არიან.
ცხიმი ორგანიზმში სითბოსა და ენერგიის წყაროა. 1 გ ცხიმის დაწვისას 2-ჯერ მეტი ენერგია გამოიყოფა, ვიდრე იმდენივე ცილისა და ნახშირწყლების დაწვისას, ამიტომაც მისი მომარაგება უფრო ხელსაყრელია, თანაც არავითარი ზღვარი არ არსებობს – ცხიმოვანი ქსოვილი ნებისმიერი ოდენობის ცხიმს დაიტევს. ყველაფერს ზედმეტს (რაც იმწუთას არ გვჭირდება), ნახშირწყალი იქნება, ცილა თუ ლიპიდი, ერთი ბედი ეწევა: ორგანიზმი ცხიმად გარდაქმნის და ცხიმოვან ქსოვილში უკრავს თავს. გარდა ცხიმოვანი ქსოვილისა, ტრიგლიცერიდები სისხლშიც ცირკულირებს, მათი სიჭარბე კი გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების რისკის მომატებას უკავშირდება. ნორმის თანახმად, მათი დონე 150 მგ/დლ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
ქოლესტეროლი ცხიმისმაგვარი ნივთიერებაა, რომელიც პრობლემებს მხხოლოდ მაშინ გვიჩენს თუ ზედმეტი დაგროვდა. მისი ჩანართები არტერიების კედლებზე, წარმოქმნის ცხიმოვან ფოლაქებს და სისხლძარღვის სანათურს ავიწროებს, თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ნაწილია. უსწორმასწორო კედლები თრომბების წარმოქმნას უწყობს ხელს და შესაძლოა, საქმე სისხლის მიმოქცევის სისტემის რომელიმე უბნის დახშობამდე მივიდეს. თუ ასეთი რამ გულის სისხლძარღვებში მოხდა, ინფარქტი განვითარდება, თუ ტვინის სისხლძარღვებში – ინსულტი.
ორგანიზმი ქოლესტეროლს ორი წყაროდან იღებს. ნაწილი საკვებში (კვერცხში, რძის ნაწარმში, ხორცში) მოიპოვება, ნაწილს კი ჩვენივე ღვიძლი წარმოქმნის. ცხიმიანი საკვები გრამ ქოლესტეროლსაც რომ არ შეიცავდეს, სისხლში მის დონეს მაინც ზრდის. ჯერ ერთი, საკვებში შემავალი ცხიმი ქოლესტეროლით მდიდარი ნაღვლის უკან შეწოვას უწყობს ხელს, მეორეც, ნაჯერი ცხიმების დაშლის პროდუქტებს ღვიძლი ქოლესტეროლის სინთეზისთვის იყენებს.
ქოლესტეროლის დონე სასურველია 150 მგ/დლ (3.9 მმოლ/ლ)-ზე ქვემოთ შევინარჩუნოთ. 200 მგ/დლ (5.2 მმოლ/ლ) უკვე საშიში ზონაა, შემდგომი მატება – მით უფრო. სტატისტიკოსებმა გამოთვალეს, რომ მისი დონის ყოველი 50 მგ/დლ (1.3 მმოლ/ლ)-ით მომატებისას ორჯერ იზრდება ინფარქტის საფრთხე. თუმცა ქოლესტეროლიც არის და ქოლესტეროლიც – ზემოთ ნახსენები მაჩვენებელი საერთო სურათს მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს.
ვერც ქოლესტეროლი და ვერც ცხიმი, ისევე როგორც ლიპიდების უმეტესობა, დასანახავად ვერ იტანენ წყალს. არადა, თუ არ გაიხსნენ, სისხლში მოგზაურობის უფლებას ვერაფრით მოიპოვებენ. ამისთვის ცილებთან (პროტეინებთან) კრავენ ალიანსს და ლიპოპროტეინებს ქმნიან. ეს უკანასკნელნი ერთმანეთისგან ზომითაც განსხვავდებიან, წონითაც, სიმკვრივითაც და მათთვის დაკისრებული მოვალეობებითაც, მაგრამ მათ კლასიფიკაციას მხოლოდ ერთი ფიზიკური პარამეტრი – სიმკვრივე დაედო საფუძვლად. ამის კვალობაზე, ლიპოპროტეინების სამ კლასს გამოყოფენ: დაბალი სიმკვრივისას (LDL), მაღალი სიმკვრივისას (HDL) და ძალზე დაბალი სიმკვრივისას (VLDL). ერთი რამ ყველას საერთო აქვს: ფოსტალიონის მოვალეობა აკისრიათ, უჯრედებს სხვადასხვა სახის ლიპიდები რომ არ მოაკლდეს, ზედმეტი და უსარგებლო კი ბრუნვიდან იქნეს ამოღებული. განსხვავება გზავნილებშია: ზოგს ერთი რამ მიაქვს და მოაქვს, ზოგს – მეორე.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების 55% ქოლესტეროლია, ამიტომაც არ ენანებათ და უხვად ფანტავენ. რომელიმე უჯრედს საქმისთვის თუ დასჭირდა, უარს არ ეტყვიან, ანომალიურ ვითარებაში კი ქოლესტეროლის მარაგს არტერიებში გლუვი კუნთების ბოჭკოებს შორის ალაგებენ. რაღა გასაკვირია, რომ ასეთ ქოლესტეროლს “ცუდი” უწოდეს.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპრეოტეინების ნახევარი ცილაა, ქოლესტეროლი კი – სულ 13%. ლიპოპროტეინებს ზედმეტი ქოლესტეროლი უჯრედებიდან გამოაქვთ და ღვიძლში მიაქვთ. ასეთ ქოლესტეროლს “კარგს” უწოდებენ.
ძალზე დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მეოთხედი ქოლესტეროლია, ცხიმი კი 65%-ს შეადგენს. მათი საქმე ცხიმების ღვიძლიდან საწყობში მიტანაა. იქ “ფოსტალიონი” ზედმეტ ცხიმს მოიცილებს და ისევ LDL-ად იქცევა.
ასე რომ მხოლოდ ქოლესტეროლის საერთო დონის განსაზღვრა არ კმარა – თითოეული ფრაქცია ცალ-ცალკე უნდა განისაზღვროს. სასურველია, ქოლესტეროლის მეოთხედი მაინც მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებში იყოს განლაგებული. ისე კი, რაც უფრო მაღალია LDL და დაბალია HDL, მით უფრო იმატებს სისხლძარღვების დაზიანების საფრთხე.
თუ შეამჩნიეთ, მეტაბოლური სინდრომის კრიტერიუმებში მხოლოდ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაბალი დონე შედის. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მატება, თუმცაღა მას მეტაბოლური სინდრომის სადიაგნოზოდ არ იყენებენ, ასევე ზრდის გულისა და სისხლძარღვების დაზიანების საფრთხეს.
რატომ უნდა ვაკონტროლოთ
ჯანმოს მონაცემებით, მსოფლიოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ყოველწლიურად 17 მლნ ადამიანი იღუპება, აქედან 7 მლნ-ზე მეტი – გულის იშემიური დაავადებით. სიკვდილიანობის შესამცირებლად ევროპასა და აშშ-ში ამ დაავადებას მისი რისკფაქტორების შემცირებითა და დარღვეული ლიპიდური სპექტრის ადეკვატური კორექციით ებრძვიან.
მართალია, ათეროსკლეროზი პოლიეტიოლოგიურ დაავადებად არის მიჩნეული, მაგრამ უდავოა, რომ მის განვითარებაში წამყვან როლს ლიპიდური (ცხიმოვანი) ცვლის დარღვევა ასრულებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ სანამ გულის იშემიური დაავადების კლინიკური სურათი არ ჩამოყალიბდება, პაციენტებმა ლიპიდური სპექტრის დარღვევის შესახებ არაფერი იციან. ეს იმიტომ, რომ “ქოლესტეროლმა ტკივილი არ იცის” და სანამ სერიოზულ გართულებებამდე არ მივა საქმე, ექიმს არავინ მიმართავს.
მეტაბოლური სინდრომი ათეროსკლეროზული პროცესების სწრაფ აღმოცენებასა და განვითარებას განაპირობებს. ქრონიკული, ხშირად უსიმპტომო მიმდინარეობა მეტაბოლური სინდრომის კომპონენტთა საერთო მახასიათებელია. გარდა ცენტრალური სიმსუქნისა, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი კრიტერიუმი კლინიკურად შეიძლება არც კი გამოვლინდეს, თუმცა კონტროლისა და ადეკვატური მკურნალობის გარეშე ზემოხსენებული მეტაბოლური დარღვევების შედეგები ნამდვილად სავალალო იქნება. ამას მოწმობს მრავალრიცხოვანი სტატისტიკური მონაცემები, რომელთა მიხედვით მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი ადამიანი ათეროსკლეროზის მსხვერპლი ხდება.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის უდიდესი პრობლემაა. ინდუსტრიულ ქვეყნებში ის სიკვდილიანობის გამომწვევ უხშირეს მიზეზს წარმოადგენს. შაქრიანი დიაბეტის ფონზე კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი 2-4-ჯერ მაღალია, ვიდრე ზოგად პოპულაციაში. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ცხოვრების სტილის შეცვლა, რომელიც მიზნად ისახავს წონის რედუქციას და ფიზიკური დატვირთის გაზრდას, შეამცირებს კარდიოვასკულური დაავადებების რისკს. ამიტომაც, ათეროსკლეროზის როგორც მეტაბოლური სინდრომის შემდგომი მდგომარეობის განხილვა გულისხმობს მის პრევენციას საწყის ეტაპზე, ან მისი პროგრესირების შეჩერებას. სისხლძარღვთა შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებების თავიდან ასაცილებლად, როცა ერთადერთი საშუალება, საუკეთესო შემთხვევაში, ქირურგიული ჩარევაა, აუცილებელია მეტაბოლური დარღვევების იმ ეტაპზე გამოვლენა, როცა ცვლილებები ჯერ კიდევ შექცევადია, ან როცა შესაძლებელია მათი პროგრესირების შეჩერება. ამას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების დროულად დაწყებისათვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ათეროსკლეროზული გართულებებით დაინვალიდებისა და სიკვდილიანობის შემცირებას.
გავუმკლავდეთ, გავანეიტრალოთ
მეტაბოლური სინდრომის მხოლოდ ერთ ასპექტთან გამკლავებაც კი ძნელია, ყველასთან ერთად ბრძოლა კი იქნებ შეუძლებელიც მოგეჩვენოთ. სინამდვილეში უმთავრესი, რაც მოგეთხოვებათ, ცხოვრების წესის შეცვლაა. დიაბეტსა და ათეროსკლეროზს ზოგჯერშენელებული მოქმედების ნაღმსაც ადარებენ. დიაგნოზის დასმის დროისთვის ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებები რამდენიმე ათეული წლის დაწყებულია და ძვირფასი დრო ხელიდან არის გაშვებული, ამიტომ მოქმედება რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ. მეტი ფიზიკური აქტივობა, წონის დაკლება და თუ ეწევით, თამბაქოსთვის თავის დანებება წნევას ნორმის ფარგლებში დააბრუნებს, ქოლესტეროლისა და გლუკოზის დონეს კი შეამცირებს, რაც მთლიანობაში დაავადების განვითარების რისკზე დადებითად აისახება. გვიანი არასოდეს არის. მთავარია, გააცნობიეროთ, რომ დიაბეტის, ჰიპერტენზიის, გულ-სისხლძარღვთა გამოხატული დაზიანებისა და მეტაბოლური სინდრომის ერთობლიობა ძალზე საშიში კოქტეილია და განეიტრალება სჭირდება. მწეველებს კი შევახსენებთ, რომ სიგარეტი, მეტაბოლურ სინდრომთან ერთად იქნება თუ მის გარეშე, ჯანმრთელობისთვის ძალზე მავნეა, მეტაბოლური სინდრომისა და მოწევის კომბინაცია კი, შეიძლება ითქვას, მომაკვდინებელი ალიანსია. არც ის დაგავიწყდეთ, რომ სიგარეტისთვის თავის დანებებას ყოველთვის აქვს აზრი და ეს საუკეთესო საჩუქარია, რომელსაც მწეველი უძღვნის საკუთარ თავს.
თუ განგაშის ზარს დროულად შემოჰკარით, სავსებით შესაძლებელია, ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებები მეტაბოლურ სინდრომთან გასამკლავებლად და გადახრების ნორმის ფარგლებში დასაბრუნებლად საკმარისი აღმოჩნდეს, სხვა შემთხვევაში კი შეტევის განხორციელება უკვე ფარმაკოლოგიურადაც მოგიწევთ. ყველაზე ხშირად ეს წნევის დასარეგულირებლად ხდება საჭირო, შედარებით იშვიათად – სისხლის ლიპიდური პროფილის გადახრების მოსაწესრიგებლად, ზოგჯერ კი ინსულინრეზისტენტობის დასაქვეითებლადაც. უკვე ჩამოყალიბებული გულ-სისხლძარღვოვთა პათოლოგიებისა თუ შაქრიანი დიაბეტისა და მეტაბოლური სინდრომის კომბინაციას უფრო ინტენსიური მკურნალობა სჭირდება. მედიკამენტური მკურნალობა ექიმის კომპეტენცია და პოპულარული სამედიცინო პუბლიცისტიკის ფარგლებს სცილდება. მთავარია გახსოვდეთ, რომ წამლები ზუსტად ისე უნდა სვათ, როგორც ექიმი დაგინიშნავთ და არა მაშინ, როცა რამე შეგაწუხებთ. ცხოვრების წესის გაჯანსაღება კი მათი მიღების დროსაც აუცილებელია.