ენდოკრინული სისტემა – საოცრებათა სამყარო ადამიანის ორგანიზმში

გააზიარე:

ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის თავისებურებებსა და გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიებზე გვესაუბრება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტი-ენდოკრინოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი დავით მეტრეველი:

ენდოკრინოლოგია შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას შეისწავლის.  საზოგადოდ, ორგანიზმში არსებული ჯირკვლები, რომლებიც, უდავოდ, მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს, ორ ძირითად ჯგუფად იყოფა. ერთი ჯგუფის ჯირკვლები გამოიმუშავებს ნივთიერებებს, რომლებიც სპეციალური სადინარებით გარეთ გამოიყოფა. მათ გარეგანი სეკრეციის ჯირკვლებს უწოდებენ. მაგალითისთვის დაგისახელებთ სანერწყვე ჯირკვალს, რომლის ქსოვილში გამომუშავებული ნივთიერება – ნერწყვი – სადინარის მეშვეობით პირის ღრუში ჩაედინება. გარეგანი სეკრეციისა გახლავთ აგრეთვე საცრემლე, სარძევე და სხვა ჯირკვლები.
ჯირკვლების მეორე ჯგუფს სადინარები არ გააჩნია. მათ ქსოვილში წარმოქმნილი რთული ქიმიური ნივთიერებანი პირდაპირ სისხლში გადადის, აქედან კი სხვადასხვა სამიზნე ორგანომდე მიიტანება. მათ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს ვუწოდებთ, მათ მიერ გამომუშავებულ ნივთიერებებს კი  – ჰორმონებს.
საზოგადოდ, ორგანოთა ფუნქციების რეგულაციას უმთავრესად ორი სისტემა: ნერვული და ენდოკრინული – ახორციელებს. პირველი რეგულაციას ნერვული იმპულსის მეშვეობით ახდენს, ხოლო მეორე – ჰორმონების მეშვეობით.
განსაზღვრულ მიზეზთა გამო შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქცია ირღვევა, რასაც ზოგჯერ   სიცოცხლესთან შეუთავსებელი, უმძიმესი ცვლილებები მოჰყვება. თუ ადამიანს ამა თუ მიზეზით, მაგალითად, სიმსივნის გამო, თირკმელზედა ჯირკვლები ამოჰკვეთეს, მაშინ ორგანიზმში შექმნილი დანაკლისის ნაცვლად ჰორმონის ხელოვნურად შეყვანის დაგვიანების შემთხვევაში ადამიანი რამდენიმე საათში დაიღუპება. 

თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება ერთბაშად არ ხდება; ჰორმონის დეფიციტით გამოწვეული ავადმყოფობა უხშირესად თანდათან ყალიბდება. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა პათოლოგიური პროცესის ადრეულ ეტაპზე დავიწყოთ ვაწარმოოთ შენაცვლებითი თერაპია,  რაც ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე სასიკეთოდ აისახება.
საზოგადოდ, ენდოკრინული სისტემა უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს ასრულებს, მაგრამ ყველა ჯირკვალსა თუ ჰორმონს სასიცოცხლო მნიშვნელობის თვალსაზრისით თანაბარი პასუხისმგებლობა მაინც არ აკისრია. არის შემთხვევები, როდესაც აუცილებელი ხდება საკვერცხის ან სათესლის ამოკვეთა. მართალია, ოპერაციის შემდეგ ორგანიზმში მეტად არასასურველი ძვრები დაიწყება, მაგრამ სასქესო ჯირკვლების ჰორმონების დეფიციტი არ წარმოადგენს მწვავედ განვითარებული სიკვდილის მიზეზს. მოვიგონოთ ე.წ. “საჭურისების” ან კასტრირებული ცხოველების არსებობის ფაქტი.  
საზოგადოდ, ენდოკრინული სისტემის ავადმყოფობანი სხვა და სხვა სიხშირით და გავრცელებით ხასიათდებიან, მაგრამ ცალკეულ ენდოკრინოლოგიურ ავადმყოფობათა გავრცელება შესაძლოა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს სხვა და სხვა ქვეყნებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის.  შესაბამისად, სტატისტიკაც არაერთგვაროვანია. მაგალითად, საქართველოში ძალიან ხშირად გვხვდება ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და მეტაბოლური სინდრომი, რომელიც შაქრიანი დიაბეტის II ტიპის ჩამოყალიბების უმთავრესი მიზეზი გახლავთ. 
საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს შორის ყველაზე ხშირად იოდის დეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობანი აღირიცხება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა მოსაზრებით, იოდის დეფიციტით განპირობებული დაავადებანი მსოფლიოში ყველაზე უფრო გავრცელებულ უბედურებად არის აღიარებული.
სამედიცინო წრეებში გავრცელებული აზრის თანახმად, რომელსაც მეც ვეთანხმები, იმისდა მიხედვით, თუ როგორ არის დაცული საზოგადოება იოდის დეფიციტისგან, შეიძლება შევაფასოთ, როგორ ზრუნავს სახელმწიფო თავისი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.
მერწმუნეთ, იოდის დეფიციტის თავიდან აცილება ადვილია. თუ ქვეყანაში იოდდეფიციტია და სახელმწიფო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად სათანადო ზომებს არ მიმართავს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის ჯანმრთელობა არ ფასობს.
უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, რაც იოდის დეფიციტით გამოწვეულ ავადმყოფობათა პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. სამწუხაროდ, ბოლო ხანს ამ პროგრამის დაფინანსება საგრძნობლად შემცირდა. მინდა, ერთი საინტერესო ფაქტი შეგახსენოთ: გასული საუკუნის 70-იან წლებში, საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდში, ჩამოყალიბდა მცდარი აზრი, თითქოს იოდის დეფიციტის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ იყო აღმოფხვრილი და მასთან ბრძოლა საჭირო აღარ იყო. როგორც კი ყურადღება მოდუნდა, ვითარება დამძიმდა და 80-იან წლებში ისეთივე სავალალო მდგომარეობა შეიქმნა, როგორც მეოცე საუკუნის დამდეგს. იოდდეფიციტით გამოწვეულ დაავადებათა სიხშირის შესამცირებლად სერიოზული საპროფილაქტიკო ღონისძიებები გახდა საჭირო.
ბოლო ხანს სულ უფრო გახშირდა ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნური ხასიათის დაავადებები. ისინი გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლისადმი აგრესიულად განწყობილი ანტისხეულებით, რომლებსაც იმუნური სისტემა გამოიმუშავებს და რომლებიც ჯირკვლის ქსოვილის დაზიანებას იწვევს. აუტოიმუნური პროცესების შედეგად ყალიბდება პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც უმეტესად  ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებით (ჰიპოთირეოზით) მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით სახიფათოა ორსულებისა და ბავშვებისთვის.
საზოგადოდ, თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი არც თუ ისე იშვიათი პათოლოგიური მდგომარეობაა. მთელ მსოფლიოში 3.500-4.000 ახალშობილიდან ერთი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დეფიციტით იბადება. ასეთ ბავშვებს, თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა დაგვიანდა, ინტელექტუალური სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა აღენიშნებათ. 
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან უთუოდ უნდა გამოვყოთ ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც წლიდან წლამდე კატასტროფულად ხშირდება.
ფარისებრი ჯირკვლის კიბო უფრო მეტად ქალბატონებშია გავრცელებული. მისი ჩამოყალიბების მთავარი მიზეზები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული. ავთვისებიანი სიმსივნე ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილში განვითარებული კვანძოვანი წარმონაქმნების სახით შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს ყველა კვანძი ავთვისებიანი ბუნებისა იყოს.
ამრიგად, მეტად მნიშვნელოვანია, კვანძოვანი წარმონაქმნები დროულად გამოვავლინოთ (რაც ულტრაბგერითი კვლევის წყალობით სრულებით არ გახლავთ რთული) და მათი არსებობის შემთხვევაში განვსაზღვროთ, რამდენად საშიშია ისინი.
ავთვისებიანია თუ არა კვანძოვანი ქსოვილი, უმთავრესად ასპირაციული ბიოფსიის საშუალებით ვადგენთ. 
რაც შეეხება მეტაბოლურ სინდრომსა და შაქრიან დიაბეტს, ისინი ძალიან გავრცელებული პათოლოგიური მდგომარეობანი გახლავთ. დღეისთვის მთელ მსოფლიოში დიაბეტით დაახლოებით 225 მლნ კაცია ავად. ეს რიცხვი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს უფლებას აძლევს, შაქრიანი დიაბეტის პანდემიაზე ისაუბრონ.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შაქრიანი დიაბეტით ავადობა განსაკუთრებით მატულობს განვითარებად ქვეყნებში, რასაც ხელს უწყობს მზარდი ურბანიზაცია, კვებისა და, საზოგადოდ, ცხოვრების არაადეკვატური რეჟიმი და სხვა. 
საზოგადოდ, მეტაბოლურ სინდრომს უწოდებენ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აღენიშნება სიმსუქნე (უპირატესად – მუცლის არეში ცხიმის დაგროვებით), არტერიული ჰიპერტენზია, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სისხლში არსებული ცხიმოვანი ნივთიერებების, მათ შორის ქოლესტერინის  დონის ცვლილება. 
ერთადერთი, რითაც შეგვიძლია ამ პრობლემას გავუმკლავდეთ, მოდიფიცირებადი რისკის ფაქტორების თავიდან აცილებაა. ასეთი ფაქტორებია: სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, სხიმოვანი ცვლის მოშლა, ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა, თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის სახიფათო რაოდენობით მოხმარება და სხვა.  ამ სახიფათო ფაქტორების მართვა სავსებით შესაძლებელია, თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია შევცვალოთ ისეთი რისკის ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა, სქესი, ასაკი და ა.შ.
მოვიყვან მაგალითს, რომელიც ნათლად ასახავს გარემო ფაქტორებთან ენდოკრინული სისტემის დაავადებათა კავშირს. რამდენიმე წლის წინ ენდოკრინოლოგებმა ზემო სვანეთში ექსპედიცია ჩავატარეთ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში ენდოკრინული პათოლოგიების გავრცელებას იკვლევდა. გამოვლინდა ასეთი კანონზომიერება: შედარებით მაღალ რეგიონში, სადაც ცხოვრების პირობები უფრო მკაცრია და მოსახლეობა ფიზიკურად მეტად ირჯება, ნაკლები იყო სიმსუქნის შემთხვევა, ხოლო ფარისებრი ჯირკვლის  დაავადებისა – უფრო მეტი, რაც იოდის დეფიციტით გახლდათ განპირობებული; ქვემო სვანეთის სოფლებში სურათი მკვეთრად განსხვავებული გახლდათ: მაღალი იყო სიმსუქნისა და დიაბეტის გავრცელების მაჩვენებელი, სამაგიეროდ, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები უფრო იშვიათი აღმოჩნდა.

გააზიარე: