სახალისო სასამართლო

გააზიარე:

ლამის ჟურნალის პირველივე ნომრიდან ვამტკიცებთ, რომ საკვებთან დაკავშირებული მრავალი მოსაზრება მცდარია. ამ ხნის განმავლობაში არაერთი გასტრონომიული შინაარსის მითიც გავაბათილეთ, მაგრამ, მგონი, რაღაც გამოგვრჩა... ჰოდა, ამჯერად სწორედ “გამორჩენილები” შევკრიბეთ და სასამართლო მოვუწყვეთ. მოდი, ჯერ ბრალდებას (ანუ მცდარ მოსაზრებას) მოვუსმინოთ, შემდეგ – ადვოკატს.

ბრალდება 1: მაკარონი და კარტოფილი წონის მკვეთრ მატებას იწვევს.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: არც მაკარონში და არც კარტოფილში ცხიმის ნატამალი არ არის. ზედმეტი კილოგრამების დაგროვების საფრთხე მაშინ 
გვემუქრება, როდესაც მათ ცხიმთან ერთად ვამზადებთ. თავად განსაჯეთ: 100 გრამი ღუმელში გამომცხვარი კარტოფილის ენერგეტიკული ღირებულება 70 კკალ-იაა, შემწვარისა – 270 კკალ, ხოლო ჩიფსებისა – 540 კკალ.


ბრალდება 2: დღე-ღამეში 2 ლიტრი წყალი მაინც უნდა ვსვათ.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: წყალს შეიცავს წვნიანი კერძი, ყავა, ჩაი, ხილი და ბოსტნეული და მრავალი სხვა საკვები, რომელსაც დღის განმავლობაში მივირთმევთ. კიდევ ორი ლიტრი წყლის დაყოლება ორგანიზმისთვის მეტისმეტი დატვირთვა იქნება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ სიცხეში და აქტიური ვარჯიშის დროს ორგანიზმი წყლის მარაგის შევსებას ითხოვს. ასე რომ, თუ ტვინის რუხ უჯრედებს მოსვენებას არ აძლევს აზრი “ვსვათ თუ არ ვსვათ”, ვურჩევთ, წყურვილს მიენდონ და არა ფურცელზე დაწერილ ნორმატივებს.

ბრალდება 3: ცხოველური ცხიმი უვარგისია, რასაც ვერ ვიტყვით მცენარეულზე.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: თუ გგონიათ, რომ ცხოველური ცხიმი ყოველთვის მცენარეულზე ნოყიერია, ცდებით. ციფრებსაც შემოგთავაზებთ: 100 გ 
მზესუმზირას ზეთი 900 კკალ-იას შეიცავს, ხოლო იმავე ოდენობის ნაღების კარაქი – მხოლოდ 735-ს. ორგანიზმს ორივე სახის ცხიმი ერთნაირად სჭირდება, მთავარია, არ გადავამლაშოთ, უფრო ზუსტად, არ გადავამსუყოთ :)

ბრალდება 4. თერმულად დამუშავებულ ხილსა და ბოსტნეულს ყოველთვის ცოცხალი ჯობია.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: მართალია, ცოცხალი ხილი ორგანიზმისთვის ძლიერ სასარგებლოა (უხვად შეიცავს უჯრედისს, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით), მაგრამ უზომოდ დიდი ოდენობით მისი ათვისება სულაც არ არის კარგი – შესაძლოა, მუცლის შებერილობამ, გულძმარვამ და კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემებმა შეგვაწუხოს. ცოცხალი და მოხარშული ხილისა და ბოსტნეულის ოპტიმალური შეფარდებაა 2:3, უკიდურეს შემთხვევაში – 1:1.

ბრალდება 5: სამარილეს თუ არ გადამალავთ, ორგანიზმი “დაგიმარილდებათ”.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: მაინცდამაინც სამარილეში გამომწყვდეულ თეთრ ფხვნილს ნუ დაადანაშაულებთ! ნატრიუმის ქლორიდი (მარილის ქიმიური სახელწოდებაა) უამრავ საკვებში იმალება. მაგალითად, ყველში, ძეხვში, სოსისში, საწებლებში... დღეში საშუალოდ 10 გრამ მარილს მივირთმევთ, მაგრამ უშუალოდ სამარილიდან გადმოყრილი აქედან ძალიან ცოტაა. არ დაგავაიწყდეთ: მარილის დღიური ნორმა სულ 5 გრამია!

ბრალდება 6: ნატრიუმის გლუტამატი მავნე ქიმიაა.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: ნივთიერების დაცვას ქიმიური წიაღსვლით დავიწყებთ და გეტყვით, რომ გლუტამატი ბუნებრივი ამინომჟავაა, რომელიც ცილის შემადგენლობაში შედის. ის უხვად არის საკვებში: რძეში, ყველში, სოკოში, საქონლის ხორცში, თევზში, ბოსტნეულში... მას ადამიანის ორგანიზმიც კი საწმოქმნის.
ნატრიუმის გლუტამატი იგივე გლუტამატია, უბრალოდ, წყალი და ნატრიუმი აქვს დამატებული. მასაც იგივე ფუნქცია აკისრია, რაც ბუნებრივ გლუტამატს. ამდენად, სრულიად უვნებელია.

ბრალდება 7: ცხელი კერძებიდან კალორიები უფრო იოლად აითვისება. ასე რომ, თუ წონის დაკლებას ლამობთ, ცივი კერძების ჭამა სჯობს.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: საკვების ან წყლის შესათბობად (ასეც ხდება) ორგანიზმი საკუთარ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ იმდენად ცოტას, რომ ამაზე ლაპარაკიც არ ღირს! თავად განსაჯეთ: ნახევარი ლიტრი წყალი 0-დან 37 გრადუსამდე რომ შეათბოს, ორგანიზმს 17,5 კკალ-ის დახარჯვა სჭირდება. თუ 2 ლიტრამდე გაყინული წყლით გაიჭყიპებით, 70 კკალ-მდე ენერგიას დახარჯავთ. ეს, როგორც ხვდებით, მთლად შთამბეჭდავი რიცხვი არ არის, რადგან მსუბუქი წახემსებაც კი, სულ მცირე, 200-300 კკალ-იას შეგვმატებს, წონის დასაკლებად კი დღის განმავლობაში დახარჯული ენერგია ათვისებულს 500 კკალ-ით მაინც უნდა აღემატებოდეს.

ბრალდება 8. ყოველდღე ღვინის სმა, თუნდაც მცირე ულუფებით, მიჩვევას იწვევს.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: ალბათ, გაგიგონიათ, რომ სადილის დროს ცოტაოდენი (დღეში 200 მლ-მდე) ღვინო ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. წითელი ღვინის ყოველდღიური სმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების საუკეთესო პრევენციადაც კი მიიჩნევა (ამის თაობაზე ჩვენც არაერთხელ დაგვიწერია). ისიც გეცოდინებათ, რომ ალკოჰოლიზმით განთქმულ ქვეყნებში სასმელს ყოველგვარი წრუპვის გარეშე ეჩვევიან. ასე რომ, ზომიერება და კიდევ ერთხელ ზომიერება!!!

ბრალდება 9: სადილის შემდეგ საღეჭი რეზინი თუ არ ჩაიდე პირში, კარიესს ვერ გადაურჩები.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს (რომელიც ფაქტობრივად საღეჭი რეზინის ბრალდებით გამოდის!): საღეჭი რეზინი მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როდესაც გონივრულად ვიყენებთ: დღეში 3-4-ჯერ სამ-სამი წუთი თუ დავღეჭავთ. მისი ხანგრძლივი ღეჭვის შემთხვევაში წარმოიქმნება კუჭის წვენი, რომელიც საჭმლის მოსანელებლად არის საჭირო, საკვების ულუფის გარეშე კი კუჭის ლორწოვანს აღიზიანებს.
რაც შეეხება კარიესისგან დაცვას, ამ კეთილშობილური მისიის შესრულება მხოლოდ უშაქრო საღეჭ რეზინებს თუ შეუძლიათ.

ბრალდება 10: თხილი და კაკალი წონას მატებს, რადგან მასში უხვად არის ცხიმი.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: თხილეული არამცთუ საზიანო არ არის, არამედ ჯანმრთელობისა და გარეგნობისთვის დიდი სარგებლობის მოტანაც შეუძლია. მაგალითად, მათში უხვად არის E ვიტამინი, რომელიც კანის დაბერებას უშლის ხელს, უჯერი ცხიმები – სისხლძარღვებს რგებს, მაგნიუმი – ნერვულ სისტემას უხდება... რაც შეეხება წონას: თუ “უვარგის” ცხიმს თხილეულში თავმოყრილით შეცვლით, არამცთუ არ აკრეფთ, დაიკლებთ კიდეც.

ბრალდება 11. შაქარი ნელ სიკვდილს იწვევს. უმჯობესია, მისი შემცვლელები გამოვიყენოთ.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: ჯერ არავის დაუთვლია, რამდენი გრამი შაქრის მიღების შემდეგ უნდა ველოდეთ ლეტალურ შედეგს. რაც შეეხება მის ხელოვნურ შემცვლელებს, ზოგიერთი მათგანის ზოგიერთი კომპონენტი ჯანმრთელობისთვის არცთუ უსაფრთხოა. მაგალითად, აცესულფამის მიღება გულის უკმარისობის დროს პათოლოგიური პროცესის გამძაფრებას იწვევს, ხოლო ციკლამატის დალევა დაუშვებელია თირკმლის პრობლემების დროს. საზოგადოდ, შაქრის ყველა ხელოვნური შემცვლელი ნაღველმდენ ეფექტს ავლენს, ამიტომ ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს (კალკულოზური ქოლეცისტიტის არსებობისას) მათი მიღება სარისკოა. აი, ბუნებრივი შემცვლელები უვნებელია, თუმცა კალორიულობით ხშირად შაქარს არც კი ჩამოუვარდება. მათ შორის საუკეთესოდ მაინც ფრუქტოზა ითვლება.

ბრალდება 12. ჭამიდან ჭამამდე სუსვნა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: ასე მიაჩნდათ ჩვენს დედებსა და ბებიებს. დღეს კი შეგვიძლია, საკითხი ჩვენდა სასიკეთოდ შემოვატრიალოთ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ: მსუბუქი წახემსება ორგანიზმს რგებს! თუ სადილამდე ერთი საათია დარჩენილი, ორიოდე ლუკმა ყველითა და ყურძნის ორიოდე (თუნდაც სამიოდე) მარცვლით ყელის ჩაკოკლოზინება დიდ დანაშაულად არ ჩაითვლება, უფრო პირიქით, რადგან ეს პროდუქტები კალციუმითა და ძალზე სასარგებლო მჟავებით არის მდიდარი. კიდევ ერთი უსაფრთხო ვარიანტია ლორი სტაფილოთი და კამით (სასარგებლო ნივთიერებების საწყობია!). კიდევ ერთი: თუ სუსვნა გიყვართ, მუდამ თან იქონიეთ ჩირი (ქიშმიშიც შეიძლება) და დააყოლეთ წვენი, უმჯობესია ფორთოხლისა.

ბრალდება №13. შოკოლადი არც ისე სასარგებლოა...
სიტყვა ეძლევა ადვოკატს: პირიქით, შოკოლადი ძალიანაც სასარგებლოა! მასში შემავალი ფლავონოიდებად წოდებულები ნივთიერებები აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, სისხლის შემადგენლობას, აცხრობს ანთებით პროცესებს. გარდა ამისა, შოკოლადი ერთგვარი ანტისეპტიკიც არის, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას თრგუნავს და ამით ეფექტურად იცავს კბილებს კარიესისგან (შეგახსენებთ, რომ კარიესი მავნე ბაქტერიების ზემოქმედებით წარმოიშობა). დაბოლოს, ამ გემრიელ ჩაროზში უხვად არის სეროტონინი, რომელიც გინებას თვალის დახამხამებაში გამოგიკეთებთ. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ეგზომ კეთილგანწყობილი მხოლოდ შავი (მწარე) შოკოლადია, რომელშიც კაკაოს შემცველობა 75%-ს აღწევს.

***
შეამჩნევდით, რომ სტატიაში ცამეტი ბრალდება და ამდენივე გასამართლებელი სიტყვაა მოყვანილი. ბარემ კიდევ ერთ მითს დავამსხვრევთ და გეტყვით, რომ 13-თან დაკავშირებული ცრურწმენა არ ამართლებს, ბევრისთვის ამ რიცხვს ბედნიერებაც კი მოაქვს...

გააზიარე: