როცა აყვავდა ნუში

გააზიარე:

ამბობენ, მისი სამშობლო ჩინეთიაო. არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც: მისი სახელი (ცხადია, არა ქართული ვარიანტი) ფინიკიელი ქალღმერთის ამიგდალის სახელისგან წარმოიშვა, რომლის სახის ფერიც ნუშის ყვავილს მოგაგონებდათ, ამიტომ მცენარეც ფინიკიური წარმოშობისააო. თქვენ წარმოიდგინეთ, ისეთ ჰიპოთეზასაც კი მოისმენთ, თითქოს ნუში მთელ მსოფლიოში კავკასიიდან გავრცელდა. ასეა თუ ისე, ეს მცენარე დღეს დედამიწის ლამის ყოველ კუთხე-კუნჭულში ხარობს. სადაც არ ხარობს, უცხოეთიდან შეაქვთ...
ევროპაში ნუშს “სამეფო თხილს” უწოდებდნენ, რადგან პირველად მეფის კარზე დააგემოვნეს, თუმცა ევროპელი არისტოკრატები ამ სიამოვნებას ვერ ეღირსებოდნენ, რომ არა მარკო პოლოს მახვილი მზერა: აზიაში ხეტიალისას სახელგანთქმულმა მოგზაურმა ერთ-ერთ ფერდობზე ნუში შეამჩნია, იგემა
მისი ნაყოფი და შინ დაბრუნებისას ხელს გამოაყოლა. ნუშს ხმელთაშუაზღვისპირეთის ნიადაგი ფრიად ეამა...

ესპანელმა მისიონერებმა XVIII საუკუნის შუა წლებში სამეფო თხილი კალიფორნიელებს გააცნეს. ამჟამად ნუშს ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ ეს შტატი აწარმოებს.
ესპანეთსა და პორტუგალიაში ნუშის ყვავილობას საგანგებოდ ზეიმობენ, თუმცა მხოლოდ იქ როდი მიაგებენ ესოდენ პატივს თხილეულის ამ უგემრიელეს წარმომადგენელს.
ძველ ეგვიპტეში ნუშის ზეთი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ ითვლებოდა. მას ბარაქის მომტანი რიტუალების დროს იყენებდნენ: ნუშის ზეთში ავლებდნენ ფულს, სანთლებს, ამატებდნენ საკმეველს... იქაურობა “ბარაქის მომტანი” კვამლით იყო გაჟღენთილი.
ძველ სოგდიანაში, თანამედროვე უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ტერიტორიაზე, ნუშის ხის ტოტებს ღმერთებს სწირავდნენ და შვილების ჯანმრთელობას შესთხოვდნენ.
ძველ რომში ნუში ნაყოფიერების სიმბოლოდ ითვლებოდა. ისიც კი ეგონათ, მისი ნაყოფი სქესობრივ ლტოლვას აძლიერებსო.
ინდოეთში ნუში უბიწოებისა და ამავე დროს ნაყოფიერების, ცოლქმრული ბედნიერების სიმბოლოდ იყო აღიარებული. ინდოელებივით ფიქრობდნენ ფრანგებიც, ხოლო ინგლისის ზოგიერთ ოჯახში ახლაც იცავენ ძველ ტრადიციას: ქორწილში მიპატიჟებულ ყველა სტუმარს 5-5 ცალ ნუშს ურიგებენ – ამას “პატარძლის საჩუქარი” ჰქვია; ნუში სასაჩუქრე კომპლექტშიც შედის და ჯანმრთელობის, სიმდიდრის, სიმრავლის, ბედნიერებისა და დღეგრძელობის საწინდრად მიიჩნევა.

ნუშნუშური არომატი
ბავშვობაში ჩაკნატუნებული ნუშის ნამცხვრის გემო ბევრს ახსოვს. ბევრი ახლაც ვერ უძლებს ცდუნებას – ნუშისგან დამზადებულ ტკბილეულს ხომ განსაკუთრებული არომატი აქვს!

ნუშიანი შოკოლადი
აიღეთ 500 გ რძიანი შოკოლადი, დაამტვრიეთ, ჯამში ჩაყარეთ და 6-8 წუთით შედგით მიკროტალღურ ღუმელში. ორჯერ მოურიეთ. შემდეგ დაამატეთ 150 გ წვრილად დაჭრილი ქიშმიში და 200 გ დანაყილი ნუში. დაასხით ფართო ჭურჭელზე და გაგრილდება თუ არა, დაჭერით.

გლოგი
ეს ცხელი ალკოჰოლური სასმელი ასე მზადდება: ქვაბში ჩაასხით ერთი ბოთლი წითელი ღვინო, 60 მლ არაყი, დაამატეთ 65 გ შაქარი, მწიკვი (ან პაწია ნატეხი) დარიჩინი, 6 ცალი მიხაკი, ნახევარი სუფრის კოვზი დაფქული კოჭა, 100-100 გ გატარებული ქიშმიში და ნუში. შედგით ცეცხლზე, შაქრის გადნობამდე გააჩერეთ, გადმოდგით, გააგრილეთ (ასე, ნახევარი საათი აცადეთ) და მიირთვით, შემდგომ კი დალევის წინ შეათბეთ.

ნუშის კანფეტები
დაკუწეთ ბლენდერში 75 გ ფინიკი, 75 გ გარგარის ჩირი (კურაგა), 50 გ ქიშმიში, დაამატეთ 2 ს. კ. ვაშლის წვენი. მიღებული მასისგან გააკეთეთ ალუბლისოდენა ბურთულები და მოხალულ დაკეპილ ნუშში ამოავლეთ.

ნუშის დოზა
ნუში ჯანმრთელობისთვის ძალზე სასარგებლო რომ იყო, ძველადაც სცოდნიათ. მის მაკურნებელ ძალას თვით ავიცენაც კი აღიარებდა: “ნუში აძლიერებს ტვინის მოქმედებას, აუმჯობესებს მხედველობას, არბილებს ორგანიზმს, აშუშებს ჭრილობებს, წყლულებს...”
ნუშის სამკურნალოდ გამოყენება დღემდე არ შეუწყვეტიათ. მედიცინაში უმთავრესად მის მწარე ჯიშებს იყენებენ, რომლებიც ცხიმოვან მჟავებთან,  ცილებს და შაქართან ერთად ამიგდალინის გლიკოზიდსაც შეიცავს. სწორედ ის ანიჭებს ნუშს მომწარო გემოს და ძალზე ტოქსიკურიც არის. წინასწარი დამუშავების გარეშე მწარე ნუშის ჭამა არ შეიძლება, 50 ცალის ჩაკნატუნება კი სიკვდილის ტოლფასია!
გარდა ამისა, ნუში მდიდარია ვიტამინებით (განსაკუთრებით – E ვიტამინით, რომელიც ეფექტური ანტიოქსიდანტია) და მინერალური ნივთიერებებით (რკინით, კალციუმით, თუთიით, მაგნიუმით...).  
ნუში რომ უაღრესად სასარგებლოა, თანამედროვე მედიცინაც აღიარებს. ის არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, აუმჯობესებს მხედველობას, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და კიბოს განვითარების რისკს, აშუშებს გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს (ეფექტურია ანგინის, სტომატიტის დროს) და ასტიმულირებს კუჭში სასარგებლო ბაქტერიების გამომუშავებას, რომლებიც საჭმლის მონელებაში მონაწილეობენ.
ნუში განსაკუთრებით სასარგებლოა კანისთვის, ამიტომ მისი ზეთი მრავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედის.
ნუშის ზეთს სხეულის მოსავლელად ათასობით წელია იყენებენ, თუმცა მისი უნიკალური შემადგენლობა სულ ათიოდე წლის წინ გაშიფრეს. აღმოჩნდა, რომ ნუშის ზეთი მდიდარია: B ჯგუფის, A, E და F ვიტამინებით, უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, ცილებით, მინერალებით, გლუკოზით, ემულსინით (ფერმენტია), ლეციტინით, მრთმილავი ნივთიერებებით.
ნუშის ზეთში შემავალი F ვიტამინი, რომელსაც ანტიოქსიდანტური (თავისუფალი რადიკალების შემბოჭავ) თვისებები აქვს, ხელს უშლის უჯრედების დაბერებას, აცხრობს ანთებით პროცესს, გარდა ამისა, აუმჯობესებს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ანიჭებს მას მოქნილობას და ბზინვარებას.
ოლეინის მჟავა (ამ უნიკალური ნივთიერების შემცველობა ნუშში 82%-ია) ზრდის კანის შეღწევადობას,  ხელს უწყობს ქსოვილში ნივთიერების თანაბარ განაწილებას, ამიტომ იოლად შეიწოვება და ეფექტურად კურნავს კანს.
ნუშის ზეთზე დამზადებული კოსმეტიკური საშუალებები იდეალურია მგრძნობიარე, გამომშრალი და გაუხეშებული კანისთვის, რადგან ეფექტურად ატენიანებს კანის ქსოვილს, აცხრობს გაღიზიანებას, სიწითლეს, გამონაყარს, ამავე დროს საუკეთესო მკვებავია ტონუსდაკარგული, მოდუნებული კანისთვის და, რაც მთავარია, ეფექტურად ებრძვის ნაოჭებს, რაც ზეთის აღმდგენი თვისებების დამსახურებაა: ნუშის ზეთში შემავალი ნივთიერებები გამომშრალი, სიცოცხლედაკარგული უჯრედების ჩამოფცქვნას და ახლების გამრავლებას უწყობს ხელს.
ნუშის ზეთი თოთო კანისთვისაც მარგებელია: ხსნის გაღიზიანებას, აქრობს ანთებას, არბილებს და კვებავს კანის ქსოვილს. ამიტომაც არის, რომ უხვად ამატებენ ბავშვის კანის მოსავლელ საშუალებებს.

ნუშის ზეთის ნიღბები

. დასველებულ და საგულდაგულოდ გაწურულ ბამბის ქსოვილის ხელსახოცზე დაასხით 20-25 მლ ნუშის ზეთი, დაიფინეთ სახესა და კისერზე, ზემოდან კი პირსახოცი გადაიფარეთ. გაიჩერეთ 20-30 წუთი. ამ ნიღბის გაკეთებას თვეში 1-2-ჯერ გირჩევთ. ის განსაკუთრებით სასარგებლოა ასაკოვანი, დეკორატიული კოსმეტიკით გაღიზიანებული კანისთვის.
. 2-3 ს. კ. შვრიის ფქვილს დაასხით ცხელი წყალი – იმდენი, რომ არაჟნისმაგვარი მასა მიიღოთ. დაამატეთ 5-10 მლ ნუშის ზეთი, 2-3 წვეთი ლიმონის, ვარდის, სანდალოზის ან 1-2 წვეთი სანდალოზის, ფორთოხლის, პაჩულისა და ვარდის ხის ეთერზეთები.

ნუში პრობლემური კანისთვის
. თუ გაუხეშებული, მოდუნებული კანი გაქვთ, 1 ს. კ. ნუშის ზეთს დაამატეთ თითო წვეთი ლიმეტის, ვარდისა და სანდალოზის ეთერზეთები და სახეზე გადაისვით. შეგიძლიათ შეურიოთ იმავე ოდენობის ლავანდის, ვარდის, ლიმონისა და კვიპაროსის ეთერზეთები.
. ჰერპესული გამონაყარის გასაქრობად ნუშის ზეთს დაამატეთ იმავე მოცულობის ლავანდის, ილანგ-ილანგის, გვირილის ან ჩაის ხის ზეთი. ამ ნარევით გამონაყარი დღეში 4-5-ჯერ დაიმუშავეთ.
. თუ კანი დაგეწვათ (თუნდაც გარუჯვისას), გადაისვით მხოლოდ ნუშის ზეთი ან ნუშისა და ხორბლის ღივის ზეთების ნარევი (1:1). შეგიძლიათ, 1 ს. კ. ნუშის ზეთს დაამატოთ 2-3 წვეთი ლიმონის, გრეიპფრუტის, ვარდის ეთერზეთები.

ნუში ცელულიტისთვის
აიღეთ 1 ს. კ. ნუშის ზეთი, დაამატეთ 1-2 წვეთი ფორთოხლის, მანდარინის, პაჩულის, კამის, გრეიპფრუტის ეთერზეთები და შეიზილეთ სხეულის პრობლემურ (ბორცვაკებიან) უბნებზე.

ნუში თმისთვის:

. თუ ცხიმიანი თმა გაქვთ, შეიზილეთ თმაში ნუშის ზეთი დაბანამდე რამდენიმე წუთით ადრე და თანაბრად გაანაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე – დაიწვეთეთ ძირებზე და ჩამოივარცხნეთ. მეტი ეფექტისთვის 1 ს. კ. ნუშის ზეთს 2-2 წვეთი ბერგამოტისა და ლიმონის ან კვიპაროსისა და კედრის ეთერზეთები დაამატეთ.
. მშრალი თმის შემთხვევაში კი გირჩევთ, ნუშის ზეთი დაბანის შემდეგ შეიზილოთ. შეგიძლიათ, 10 მლ ზეთს 5-5 წვეთი ილანგ-ილანგისა და ფორთოხლის ან მანდარინისა და სანდალოზის ეთერზეთები დაამატოთ.
. ქერტლის დროს შეიზილეთ თმაში 2 ს. კ. (სასურველია, ეთერზეთებდამატებული) ნუშის ზეთი, გაიჩერეთ 15-60 წუთი და შამპუნით ჩამოიბანეთ. 

გააზიარე: