ცხვირის ალერგიული პოლიპოზი
გააზიარე:
ალერგიის მრავალფეროვანი გამოვლინებიდან სურდო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ცოტას თუ სმენია ცხვირის ალერგიული პოლიპოზის შესახებ.
ცხვირის ალერგიული წარმოშობის პათოლოგიებზე გვესაუბრება მედიცინის დოქტორი, სამედიცინო უნივერსიტეტის ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა კათედრის ასოცირებული პროფესორი მიხეილ ხუჯაძე.
– გარემოს დაბინძურების, ახალ-ახალი ქიმიური პრეპარატების წარმოების, ანტიბიოტიკების გადაჭარბებული გამოყენებისა და სხვა მიზეზების გამო ალერგიულმა ფონმა მთელ მსოფლიოში ისე მოიმატა, რომ ალერგოლოგთა ხატოვან გამოთქმას თუ მოვიხმობთ, შესაძლოა, XXI საუკუნის მიწურულს ადამიანი საზამთროს ჭამითაც კი გარდაიცვალოს.
ალერგიას ყველაზე ხშირად ოტოლარინგოლოგები ვეჯახებით. ალერგიული სურდო და მისი საკმაოდ გავრცელებული გართულება, ალერგიული პოლიპოზი, სადღეისოდ მედიცინის ერთ-ერთი აქტუალური თემაა.
– რას წარმოადგენს ალერგიული სურდო?
– ალერგიული სურდო არის ალერგენზე ორგანიზმის საპასუხო რეაქცია, რომელიც გამოიხატება ლორწოს უხვი გამოყოფით და ანთებადი ქსოვილის ჩამოყალიბებით. ალერგიული რინიტის ნიშნებია ასევე თვალებისა და ცხვირ-ხახის ქავილი, ცემინება, ცრემლის დენა, შუბლის ტკივილიც.
როდესაც ადამიანმა იცის, რა იწვევს მის ორგანიზმში ალერგიულ რეაქციას, შეძლებისამებრ, ერიდება მას, მაგრამ ალერგენისთვის თავის არიდება ყოველთვის ვერ ხერხდება. მაგალითად, ძნელია დავემალოთ მცენარეთა მტვერს, მანქანების გამონაბოლქვს, სიგარეტის კვამლს, სიცივეს, სიცხეს... სასურველია, ალერგიული რინიტი ქრონიკულ პროცესში არ გადაიზარდოს, თორემ მკურნალობა ერთიორად გართულდება.
– როდის ითვლება პროცესი ქრონიკულად?
– ქრონიკულ პროცესზე ვსაუბრობთ მაშინ, როდესაც პათოლოგია დაახლოებით თვე-ნახევრის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობს. თუ კლინიკური სურათი ხშირად მეორდება, მაგრამ გამწვავებიდან გამწვავებამდე ავადმყოფი არაფერს უჩივის, ვამბობთ, რომ დაავადება მორეციდივეა.
ცალკე გამოიყოფა სეზონური ალერგიული რინიტი, რომელიც მცენარეთა ყვავილობის პერიოდს უკავშირდება.
თუ ქრონიკული რინიტის გამო პაციენტი იძულებულია, ფიზიკურად მოსწყდეს გარემოს, შესაძლოა დაისვას უკიდურესი მეთოდის – დესენსიბილიზაციის – გამოყენების საკითხი. დესენსიბილიზაცია ორგანიზმის ზოგადი ალერგიული ფონის დაქვეითებას ნიშნავს. რასაკვირველია, ამ დროს იმუნური სისტემაც ითრგუნება, ამიტომ ამ მეთოდს მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა სხვა გამოსავალი აღარ გვაქვს.
ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ვირუსული რინიტი და მწვავე ალერგიული რინიტი. ვირუსული რინიტის განვითარებას რამდენიმე საათი, ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი სჭირდება, ხშირად თან სდევს ფებრილური ტემპერატურა, ალერგიული კი რამდენიმე წამში ვითარდება და უსიცხოდ მიმდინარეობს.
ალერგიული რინიტი იმითაც არის საშიში, რომ შესაძლოა, ჩირქოვანი ფორმით გართულდეს. კიდევ ერთი გართულება, რომელიც ქრონიკულ რინიტს შეიძლება მოჰყვეს, არის ცხვირის ალერგიული პოლიპოზი. ხაზგასმით აღვნიშნავ: ეს არ არის ბავშვთა ადენოიდური ვეგეტაცია, რომელსაც შეცდომით პოლიპებად მოიხსენიებენ ხოლმე. ადენოიდები ნორმალური ქსოვილია, რომელიც ყველა პატარას აქვს. 14 წლიდან ისინი ნელ-ნელა გაიწოვება, თუმცა არის ჰიპერტროფიის შემთხვევებიც, როდესაც საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.
ალერგიული პოლიპოზი შედარებით მძიმე პათოლოგიაა. მისი განვითარების მექანიზმს საფუძვლად უდევს ნორმალური ლორწოვანის პათოლოგიური ჰიპერტროფია ალერგიული პროცესის გამო. თუ არ აღმოიფხვრა მიზეზი – ალერგენთან კონტაქტი, რაც უმეტესად ვერ ხერხდება, განკურნების ალბათობა ძალიან მცირეა.
– ალერგიული რინიტი პოლიპოზში ხშირად გადაიზრდება?
– საქართველოში ამის სტატისტიკური აღრიცხვა არ ხდება, თუმცა სხვა ქვეყნების, მაგალითად, საფრანგეთის მონაცემებით, ალერგიული პოლიპოზი მოსახლეობის 3-4%-ს აქვს. დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი რიცხვია და ამაში უმთავრესად ნებაზე მიშვებულ ქრონიკულ ალერგიულ პროცესს მიუძღვის ბრალი.
– როგორ ხდება ალერგიული რინიტისა და პოლიპოზის დიაგნოსტიკა?
– პირველ ყოვლისა, ხდება პაციენტის გამოკითხვა. შემდეგ ტარდება რინოსკოპია. შესაძლოა, საჭირო გახდეს ფიბროსკოპიაც – ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხელსაწყოებით ცხვირის ღრუს სიღრმეების დათვალიერება. რაც შეეხება წიაღებს, ლორწოვანის ალერგიული შეშუპების გამო მათი დათვალიერება ხშირად ვერ ხერხდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მათი გახსნა ოპერაციის მსვლელობის დროს.
გარდა ამ გამოკვლევებისა, შესაძლოა ჩატარდეს ალერგიული ტესტები, თუმცა მათ შედეგებს მკურნალობაში საგრძნობი ცვლილება იშვიათად შეაქვს. მაგალითად , როდესაც ვადგენთ ალერგიას მტვერზე, როგორც არ უნდა ვეცადოთ, მტვერს ვერ მოვსპობთ, ამიტომ მკურნალობა მაინც ზოგადი ანტიალერგიული იქნება, ამიტომ თუ ალერგიული რინიტი მყარი და განუკურნებელი არ არის ან ალერგია რაიმე კონკრეტულ მიზეზს არ უკავშირდება, ამ ტესტების ჩატარება ფინანსების ზედმეტი ხარჯვაა.
– როგორ მკურნალობენ ალერგიულ რინიტს?
– ალერგიული რინიტის მკურნალობა უმეტესად ადგილობრივი მოქმედების სტეროიდებით შემოიფარგლება. ეს პრეპარატები ნეგატიურ შედეგს არ იწვევს. მუდმივი გამოყენების შემთხვევაშიც კი არ უნდა ველოდეთ პათოლოგიას სახსრების ან თირკმელზედა ჯირკვლების მხრივ, რაც, საზოგადოდ, ახასიათებს სტეროიდების პერორალურ მოხმარებას. როდესაც ადგილობრივი საშუალებები უშედეგოა, შინაგანად მისაღებ ანტიალერგიულ პრეპარატებს ვუნიშნავთ.
რაც შეეხება ალერგიულ პოლიპოზს, მის მკურნალობას ვიწყებთ ადგილობრივი სტეროიდებით და თუ ალერგენი ცნობილია, მასთან კონტაქტის შეძლებისამებრ აღმოფხვრით, თუმცა მკურნალობის ტაქტიკა უწინარესად მაინც პოლიპოზის სტადიაზეა დამოკიდებული.
განასხვავებენ ალერგიული პოლიპოზის ოთხ სტადიას. პირველ სტადიაში პოლიპები ცხვირის ღრუში არსებულ სამ სართულად განლაგებულ ზედა და შუა ნიჟარებს არ სცილდება, მეორე სტადიაში ქვედა სავალამდე ჩამოდის, მესამეში უკვე სრულიად სპობს სუნთქვის საშუალებას და ნესტოში ჩანს, ხოლო მეოთხეში ნესტოდან გამოდის.
პირველი ორი სტადია კონსერვატიულ მკურნალობას ექვემდებარება – ათიდან 8-9 შემთხვევაში პროცესი ჩერდება და უკუვითარდება, პაციენტს აღუდგება ნორმალური სუნთქვა და ყნოსვა.
III-IV სტადიებში წამალი ფიზიკურად ვერ შედის ცხვირის ღრუში და ვერ აღწევს ლორწოვანის უმეტეს ნაწილს, ამიტომ ოპერაცია აუცილებელია. ოპერაციის წინ ყოველთვის კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემების ანალიზი, რათა ზუსტად ვიცოდეთ პაციენტის ანატომიური თავისებურებები და ჩარევის საზღვრები. თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს, ენდოსკოპიური ტექნიკის გამოყენებით თითქმის უმტკივნეულოდ და მაქსიმალური სიზუსტით განვახორციელოდ ქირურგიული ჩარევა. პოლიპი ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ სახეს ამახინჯებს. ყველაზე დიდი პოლიპი, რომელიც კი ოპერაციის დროს ამომიკვეთია, 250 გრამს იწონიდა. მანამდე ამ ადამიანს თორმეტი ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ უშედეგოდ – პოლიპი კვლავ და კვლავ იზრდებოდა.
– საზოგადოდ, შესაძლებელია თუ არა პოლიპოზის რეციდივის თავიდან აცილება?
– რეციდივის თავიდან აცილების მიზნით ოპერაციული ჩარევის შემდეგ უნდა ჩატარდეს ადგილობრივი ანტიალერგიული მკურნალობა. მართალია, ასპროცენტიან გარანტიას არც ეს მეთოდი გვაძლევს, მაგრამ 89-95%-იანი შედეგს ნამდვილად ვაღწევთ: პოლიპი ან აღარ იზრდება, ან, თუ გაიზარდა, ეს პროცესი წლობით გაგრძელდება. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ზემოხსენებულ პაციენტს ოპერაცია გავუკეთეთ, ხუთი წელი გავიდა. გამუდმებით ვაკონტროლებთ, მაგრამ პოლიპის ზომა აღარ ეცვლება და ოპერაციას არ საჭიროებს.
– რითი შეიძლება გართულდეს ალერგიული რინიტი ან პოლიპოზი?
– სუნთქვის ობსტრუქციით გამოწვეულ ძირითად პრობლემებთან – ყნოსვისა და გემოს აღქმის უნარის დაკარგვასთან, ხშირ სინუსიტთან, დაღლილობასთან ერთად ალერგიული რინიტისა და პოლიპოზის ფონზე ხშირად ვითარდება შუა ყურის ანთება. ეს უკანასკნელი, იმის მიხედვით, რომელ ეტაპზე მივუსწრებთ, ან კატარულია, ან ჩირქოვანი. საზოგადოდ, შუა ყურის ანთება ცხვირ-ხახიდან იღებს სათავეს, რადგან როცა ცხვირი გაჭედილია, ცხვირ-ხახისა და შუა ყურის დამაკავშირებელი ევსტაქის მილი იხურება და ყურის აერაცია ირღვევა. თუ ალერგიული პოლიპოზის მქონე პაციენტი ცალი ნესტოდან ხშირ სისხლდენას უჩივის, ეს არასასურველი პროგნოზის მაუწყებელია. ამ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს პოლიპის ავთვისებიანი გადაგვარება.
ცალმხრივი პოლიპოზი ალერგიული წარმოშობისა არ არის და ყოველთვის საოპერაციოა. ის შეიძლება იყოს Kyllian-ის პოლიპი, რომელიც ცხვირის ღრუში ჰაიმორის წიაღიდან გადადის, შებრუნებული პაპილომა (პრეკანცერი) ან ადენოკარცინომა.
ცალმხრივი პოლიპი აუცილებლად უნდა ამოიკვეთოს და დაითესოს, ხოლო ორმხრივი ალერგიული პოლიპოზის შემთხვევაში ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ოპერაციას თავი ავარიდოთ.
– ამრიგად, ალერგიული პოლიპოზის პროფილაქტიკა ალერგიული რინიტის თერაპიულ მკურნალობას გულისხმობს?
– რასაკვირველია, ოღონდ სიმპტომურად. თუ ალერგიული რინიტი მუდმივია, მკურნალობაც მუდმივი უნდა იყოს, თუ სეზონურია – სეზონური. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიფიქროთ, რომ წამალს მივეჩვევით და საქმეს გავირთულებთ. გააჩნია, რომელ მედიკამენტს ვიყენებთ, ვაზოკონსტრიქტორების (სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეაპარატები) გამოყენება ხუთ დღეზე მეტ ხანს არ არის სასურველი, ვინაიდან ხელს უწყობს პროცესის გაღრმავებას და პოლიპის გადაგვარებას. სწორი მკურნალობა გულისხმობს ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებას, რომელთა მუდმივი ხმარებაც კი ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის და მრავალ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან.