ცხვირსახოცი დაგჭირდათ?

გააზიარე:

სურდო დისკომფორტს იწვევს. შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაშიც კი ჩაგაყენოთ – საზოგადოებაში ცხვირის მოხოცვისას საყოველთაო ყურადღება მიიპყროთ.
სურდოს სხვაგვარად რინორეას უწოდებენ. მიზეზი მრავლად მოჰყავთ: სიცივე, გრიპი, ალერგია (უმეტესად – მტვერზე, მცენარის მტვერზე, ცხოველის ბეწვზე...). გარდა ამისა, ცხვირის ლორწოვანი გარსი მეტად მგრძნობიარეა სიგარეტის კვამლისა და მძაფრი სუნების მიმართ.
რამაც არ უნდა გამოიწვიოს სურდო, ის ძალიან შემაწუხებელია: გამონადენი ან წყალივით მოდის, ან შესქელდება და იჭედება. შედეგი? – სუნთქვის შეუძლებლობა, ქოშინი...

ვის არ მოსვლია, მაგრამ...
სიფრთხილეს თავი არ სტკივა: მართალია, სურდო უმეტესად თავისთავად გაივლის, მაგრამ ყურადღებას მაინც იმსახურებს. მიმართეთ ექიმს, თუკი:
 . რინორეა ათ დღეზე მეტია გრძელდება.
. სურდოს ერთვის სიცხე, რომელიც სამ დღეზე მეტ ხანს გასტანს.
. გამონადენი მომწვანოა და დანამატი წიაღების (ცხვირის გარშემო არსებული ძვლოვანი ღრუების, უპირატესად – ჰაიმორის ღრუს) ტკივილი გაწუხებთ – შესაძლოა, სურდო ბაქტერიული სინუსიტის (წიაღების ანთების) ბრალი იყოს.
. ასთმა გაწუხებთ ან იმუნოსუპრესორებს იღებთ.
. გამონადენს სისხლი მოჰყვება.

მიმართეთ პედიატრს, თუკი:
. ბავშვი ჯერ არ გამხდარა ორი თვის და სურდოსთან ერთად სიცხეც აქვს;
. შესქელებული გამონადენით გამოჭედილი ცხვირი სუნთქვას უშლის.

ვიდრე ექიმს მიმართავთ:
. ძალიან ფრთხილად მოიხოცეთ ცხვირი და გათავისუფლდით გამონადენისგან.
. თუ სურდო ალერგიული ხასიათისაა (თან ახლავს ცხვირცემინება, ქავილი, ცრემლდენა), შეგიძლიათ, ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტი (რომელიმე ანტიჰისტამინი) მიიღოთ
. მცირე ასაკის ბავშვებსა და ახალშობილებს ცხვირი გამოუწმინდეთ პიპეტის მსგავსი სპეციალური ასპირატორით, რომელიც აფთიაქებში იყიდება.

სურდო იოლად გაგივლით, თუკი:
. მოერიდებით გამაღიზიანებელ ფაქტორებს, მაგალითად, სიგარეტის კვამლს, მძაფრ სუნებს, ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას.
. უხვად სვით სითხე.
. გამოიყენეთ ცხვირის წვეთები.

გააზიარე: