რინოპლასტიკა
გააზიარე:
რინოპლასტიკასთან დაკავშირებით გვესაუბრება ესთეტიკური პლასტიკის ქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ჯანაშია.
ჩვენთან (და, ალბათ, სხვა კლინიკებშიც) უმეტესად რინოპლასტიკისთვის მოდიან. სხვათა შორის, ცხვირის ოპერაციის მსურველები ყოველგვარი კომპლექსის გარეშე მოგვმართავენ, სხვა შემთხვევაში კი მათი 90% დამნაშავესავით იქცევა, თავს იმართლებს, რომ მუცლის დაჭიმვა, მკერდის გადიდება ან სახის რომელიმე ნაკვთის კორექცია სურს.
რაც შეეხება რინოპლასტიკის მსურველთა ასაკს, ის 16-დან 45 წლამდე მერყეობს. ცხვირის პლასტიკას შედარებით მცირე ასაკის გოგონები იკეთებენ, მუცლის ფორმის კორექცია უფრო 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს სურთ. ქალების მაქსიმალური ასაკი ჩვენთან 53 წელია, მამაკაცებისა – 65. ეს უკანასკნელნი უმეტესად მაშინ მოგვმართავენ, როდესაც ახალგაზრდობაში გატეხილი ცხვირით სუნთქვა უკვე ძლიერ უჭირთ.
ამჟამად ცხვირის ოპერაციის ორი ძირითადი მეთოდია მიღებული: დახურული და ღია. ღია შედარებით ახალია, 15- 20 წლის წინ დაინერგა და მეტი სიზუსტის შესაძლებლობას იძლევა. დისკომფორტი იმაში მდგომარეობს, რომ დიდხანს გრძელდება, ამასთანავე, თუ ქირურგი კარგად არ ფლობს ტექნოლოგიას, შესაძლოა, პაციენტს ცხვირის წვერი დაუზიანოს. დახურული მეთოდით ოპერაცია ბრმა ოპერაციაა, თუმცა არიან დარგის კორიფეები, რომლებიც კვლავ ამ მეთოდით მუშაობენ, მაგრამ სასურველ შედეგს აღწევენ.
ოპერაციის გაკეთება შესაძლებელია როგორც ადგილობრივი, ასევე ინტრავენური ან ზოგადი ანესთეზიით. განსაკუთრებით მოხერხებულია ინტრავენური სედაციისა და ადგილობრივი ანესთეზიის კომბინაცია. ასეთ შემთხვევაში საჭიროებისას პაციენტთან საუბარი შეიძლება, თუმცა ოპერაციის შემდეგ მას ეს არ ახსოვს. ამგვარი კონტაქტის დროს ზოგი ანეკდოტებსაც გვიყვება ხოლმე.
ტამპონი უმთავრესად სისხლდენის შესაჩერებლად იხმარება. უსისხლო ოპერაციისას ტამპონის ჩადება საჭირო არ არის. ასეთი ოპერაციის შემდეგ (თუმცა არა ყოველთვის) მოსალოდნელია მცირე სისხლდენა, უფრო ზუსტად, სისხლის ჟონვა, რომელიც იმავე დღეს წყდება.
ოპერაციის შემდეგ შესაძლოა, პაციენტს თავის ტკივილის გამო ერთი აბი გამაყუჩებელი დასჭირდეს. დისკომფორტი, რა თქმა უნდა, არის: სახე შეშუპებულია, უპეები – ჩალურჯებული, სუნთქვა ჭირს. ეს რამდენიმე დღეს გრძელდება. მეხუთე დღეს ვხსნით თაბაშირს და გარეთა ნაკერებს. სილურჯე რვა-ათ დღეში გაივლის, შეშუპება – ოდნავ უფრო გვიან. ვაკვირდებით, როგორ იღებს ცხვირი საბოლოო ფორმას (საკონტროლო გასინჯვა ხდება ერთი თვის, სამი თვის, ექვსი თვის შემდეგ). სილურჯე და შეშუპება რომ ჩაცხრება, პაციენტებს ვურჩევ, შეიცვალონ ვარცხნილობა, რათა ირგვლივ მყოფთა ყურადღება ცხვირიდან თავზე გადაიტანონ.
თანამედროვე ადამიანს იმდენი დრო არ აქვს, რომ ხანგრძლივ სარეაბილიტაციო პერიოდს გაუძლოს. ესთეტიკური ქირურგიის მეთოდიკაც ამ რიტმს არის მისადაგებული: მართალია, ოპერაცია 2-4 საათს გრძელდება, მაგრამ უმტკივნეულოა და პოსტოპერაციული პერიოდიც შედარებით ხანმოკლე გახლავთ.
ცხვირის ოპერაციისას მოსალოდნელია ნებისმიერი გართულება, რომელიც, ზოგადად, ქირურგიულ ჩარევას შეიძლება მოჰყვეს: სისხლდენა, ინფიცირება, სპეციფიკური გართულებები, რომელთა განხილვა შორს წაგვიყვანს. რისკი მცირეა, მაგრამ მაინც არსებობს, ამიტომ პაციენტებს ვუხსნით, რომ მედიცინაში ასპროცენტიანი არაფერია. ვინაიდან ეს ოპერაცია სავალდებულო არ არის, ვსაუბრობთ არა იმაზე, რამდენად კარგ შედეგს მივიღებთ, არამედ შესაძლო გართულებებზე, რის შემდეგაც პაციენტმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, უღირს თუ არა რისკზე წასვლა.