სიგიჟედ შერაცხული მკურნალობა

გააზიარე:

დღე სიცილის გარეშე დაკარგული დღეა.
ჩარლი ჩაპლინი
თუ დღეს საკუთარ პრობლემებზე სიცილი არ ისწავლე, სიბერეში ვეღარაფერზე გაიცინებ.
ედგარ ჰოუვი
ამის გაკეთება ყველას შეუძლია, განურჩევლად იმისა, მდიდარია თუ ღარიბი, ზარმაცი თუ ბეჯითი. მნიშვნელობა არც იმას აქვს, როგორ გაცვია, სად მუშაობ და რა ტემპერამენტის პატრონი ხარ. სიცილი ახალისებს, აჯანსაღებს, აახალგაზრდავებს და, რაც მთავარია,

სრულიად უფასოა. მხიარული პაციენტი
“ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გააცინა” – ასე ეძახიან სიცილის თერაპიის დამაარსებელს, ამერიკელ ნორმან კაზინსს. გაზვიადება არ გეგონოთ – მან სიცილით მართლაც დაამარცხა სიკვდილი.
მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში კაზინსს სახსრების იშვიათი დაავადება დაემართა. როდესაც ექიმებმა განკურნების იმედი გადაუწურეს და შინ გაისტუმრეს, მან გადაწყვიტა, სენს საკუთარი მეთოდით შებრძოლებოდა – ოთახში ჩაიკეტა და კომედიების ყურებაში გაატარა რამდენიმე დღე. შედეგი მართლაც შოკის მომგვრელი აღმოჩნდა: ერთი კვირის შემდეგ ავადმყოფს ტკივილმა გაუარა, ერთი თვის შემდეგ სიარული დაიწყო, ორი თვის შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდა. სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყეს მსოფლიოში ადამიანის ჯანმრთელობაზე სიცილის გავლენის შესწავლა, თავად კაზინსმა კი სპეციალური კათედრა შექმნა, სადაც დღეს სიცილის თერაპიის 600-მდე სპეციალისტი მუშაობს. ისინი სიცილით მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს სწავლობენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ორგანიზმისთვის იუმორი ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. სიცილი აუმჯობესებს განწყობასა და თვითშეგრძნებას. ეს ორგანიზმის მიერ ნეირომედიატორების – დოფამინის, სეროტონინისა და “ბედნიერების ჰორმონის” ენდორფინის – ინტენსიურ გამომუშავებას უკავშირდება. თანაც დროული ხუმრობის პოზიტიური მუხტი მთელი დღე გაგყვებათ. სიცილი სასარგებლო ფიზიკური ვარჯიშიცაა, რომლის დროსაც კუნთების 80 ჯგუფი ერთდროულად მოქმედებს: მოძრაობს მხრები, ვიბრირებს დიაფრაგმა… მეცნიერები ამბობენ, რომ ერთწუთიანი სიცილი ოცწუთიან ფიტნესს უდრის.
ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ ჰიპოკრატე სიცილით მკურნალობდა უამრავ დაავადებას. დღესდღეობით ყველაზე მეტი კლუბი, სადაც ამ თერაპიის გავლა შეიძლება, ინდოეთშია. იაპონიაში კი სიცილით დიაბეტსა და ტუბერკულოზს ებრძვიან.
სიცილით მკურნალობას გელოტოლოგია ჰქვია. ექიმი გელოტოლოგები გვარწმუნებენ, რომ სიცილი ამცირებს ტკივილს, კურნავს კანის ალერგიულ დაავადებებს, ადუნებს კისრისა და ზურგის კუნთებს, არეგულირებს თავის ტვინისა და გულის მუშაობას. ისინი გვირჩევენ, მაშინაც კი ვიცინოთ, როცა არ გვეცინება, ვუყუროთ სასაცილო გადაცემებს, ფილმებს, ხშირად ვიკითხოთ ანეკდოტები. მათი აზრით, მთავარია, ვირწმუნოთ სიცილის ძალა, რათა ავადმყოფობა ადვილად ვერ მოგვერიოს. სიცილი აუმჯობესებს სუნთქვას და სასარგებლოა ორსულებისთვის. ქვეყნებში, სადაც სიცილის თერაპიას აქტიურად მისდევენ, მას სამშობიარო შეტევების პირველ ეტაპზე იყენებენ. სეანსი საგრძნობლად ამსუბუქებს ტკივილის.
სიცილს, ისევე როგორც სხვა წამლებს, უკუჩვენებებიც აქვს. მაგალითად, თიაქრის, თვალისა და ფილტვის დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტისა და პნევმონიის დროს დიდხანს სიცილი რეკომენდებული არ არის. სიცილი საშიშია, როცა არსებობს ნაყოფის მოწყვეტის საშიშროება ან ოპერაციის შემდგომი გართულება. ასეთ დროს ადამიანს სიმშვიდე სჭირდება, მან არ უნდა დაძაბოს კუნთები. ყველა დანარჩენისთვის კი სიცილი წამალია.
აშშ-ში, სადაც სიცილით თერაპიის უამრავი სპეციალისტია, სიცილის ცენტრებიც კი მოქმედებს. ხალხი იქ ისევე დადის, როგორც ფიტნესკლუბში, აუზზე ან კორტებზე. ჯგუფური სეანსების დროს გუნებაზე მოსვლა გაცილებით ადვილია, შედეგიც – უფრო ხანგრძლივი. სამწუხაროდ, საქართველოში სიცილის თერაპიას არ მისდევენ, თუმცა პირველი ნაბიჯები ამ კუთხით 90-იან წლებში გადაიდგა. სწორედ იმ პერიოდში წავიდა საქართველოდან თანამოაზრეებთან ერთად მაგნო შავდია. მას ინდოეთმა უმასპინძლა და საკუთარი თავის რეალიზების საშუალება მისცა. დღეს ის ინდოეთის მედიტაციური ფერწერის ცენტრის ხელმძღვანელი და მედიტაციის მასწავლებელია. კურსებში, რომლებსაც დიდი ხანია უძღვება, სიცილის თერაპიას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. მაგნოს ინტერნეტით ვუკავშირდებით. იმით გახარებული, რომ სამშობლოში მისით და მისი პროფესიით დაინტერესდნენ, მაგნო სიამოვნებით მოგვითხრობს თავის ამბავს.
მაშინ, როცა ქართველებმა გულიანი ხარხარი გადაწყვიტეს
– ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1980 წელს, საქართველოში ოშოს სამედიტაციო ცენტრი ჩამოყალიბდა. მაშინ ასეთი ცენტრები არალეგალურად ფუნქციობდა, თუმცა მე მაინც ინტენსიურად ვატარებდი სიცილის თერაპიას, ვმართავდი მედიტაციის კურსებსა და შეკრებებს. ცენტრში მხოლოდ ოცი კაცი გაერთიანდა, მაგრამ ეს რაოდენობაც იმ დროისთვის გასაკვირი და შესაშური იყო. ცენტრმა თორმეტი წელი იარსება. მერე მთელი ამალითურთ საცხოვრებლად ინდოეთში წავედი. იქ ოშოს სამედიტაციო კომუნაში დავსახლდით, სადაც ერთმანეთთან საუკეთესოდ იყო შეხამებული დასავლური ფსიქოთერაპია და აღმოსავლური მედიტაცია. დიდხანს შევისწავლიდი ამ საქმიანობას. მერე გერმანიაში გადავედი და სამედიტაციო ცენტრში დავსახლდი. აქედან მოყოლებული, მედიტაციის შესწავლის უამრავი მსურველი მყავს. სიცილის თერაპიის კურსებს კი აქაურები ისეთსავე აუცილებლობად მიიჩნევენ, როგორც საუზმეს, სადილსა თუ ვახშამს.
სიცილის თერაპიის კურსების მიმართ ინტერესი საქართველოშიც გაუჩნდათ. მაგნო გვიამბობს, რომ ყოველი წლის ოქტომბერში ის რამდენიმედღიან კურსებს მართავს, რომელთა გავლა ყველა მსურველს შეუძლია. გასული წლის ოქტომბერში კურსებს მისი მეუღლე უძღვებოდა და რამდენიმე ადამიანს სიცილის ლიდერის სტატუსიც მიანიჭა. მაგნო ამბობს, რომ ტრეინინგზე მოსულები თავდაპირველად სკეპტიკურად არიან განწყობილნი, მაგრამ თანდათან ყინული ლღვება და ისინიც რწმუნდებიან სიცილის ძალაში. 
მოდი, გულიანად ვიცინოთ!
– აქ, გერმანიაში, სჯერათ, რომ გულიანი სიცილი მრავალ დაავადებას შველის, – გვიამბობს მაგნო, – გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიურ დაავადებებსაც კი. სიცილი ხელს უშლის სტრესის ჰორმონების გამომუშავებას და აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აწესრიგებს არტერიულ წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს. ზოგჯერ ერთი გაცინებაც საკმარისია, რომ თავის ტკივილმა გაგიაროთ. სიცილი რთულ სიტუაციებში შეუცვლელი დამხმარეა და თუ ადამიანს შეუძლია, დასცინოს საკუთარ თავს და პრობლემებს მოულოდნელი კუთხით შეხედოს, ის არასოდეს დაყრის ფარ-ხმალს, სირთულეებს ყოველთვის დაძლევს.
თუ საზღვარგარეთ სიცილი ჯანსაღი ცხოვრების ნაწილად იქცა, საქართველოში ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ხშირად გამიგონია არასასიამოვნო რეპლიკები მხიარულების მოყვარულთა მიმართ, მაგალითად: “ეს ვერ არის!” არადა, სიცილი აუცილებელია. მეტიც – აუცილებელია, ვიცინოთ ხშირად და ცუდია, რომ ხალხს სასწაულმოქმედი აბებისა უფრო სჯერა, ვიდრე სიცილისა.
ამრიგად, თუ “სიცილის ლიდერის” სტატუსის მოპოვება გსურთ, ამის გაკეთება საქართველოშიც შეგიძლიათ, ხოლო თუ გინდათ, ეს საქმიანობა პროფესიად აქციოთ, მაგნო შავდია გირჩევთ, ინდოეთს მიმართოთ. 
როგორ გავიცინოთ? ეს ძალიან იოლია. დადექით სარკის წინ, ჯერ გაიღიმეთ, მერე უფრო ხმამაღლა გაიცინეთ. უკანასკნელი საფეხურია ხარხარი, რომელიც გაბმულ სიცილში გადაიზრდება. ათწუთიანი პროცედურის შემდეგ თქვენ სხეულს – მხნეობა, სიცოცხლეს კი ხანგრძლივობა შეემატება.

გააზიარე: