ვიყიდი, ვიყიდი, ვიყიდი რამეს

გააზიარე:

ეს სენი, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების სხვა ნაირსახეობათაგან განსხვავებით, ძნელად თუ ჩაითვლება ჩვენს ეროვნულ პრობლემად ან ჯანსაღი ცხოვრების მტრად. ან, კაცმა რომ თქვას, სად არის გასაფლანგავი ფული ამ გაგანია მსოფლიო კრიზისის დროს?! ის მაინც მოგვახერხებინა, საახალწლო სუფრა გოგია უიშვილისას (სანამ ჩაფრები სახლს გაუცლიდნენ) დავამსგავსოთ. მაღაზიების ათასფრად აფერადებული ვიტრინები და მაცდური წარწერა“Sale” ხომ სულ სხვა სამყაროდანაა... და მაინც, უკვე ჩვენშიც იკიდებს ფეხს საახალწლო ყიდვა-გაყიდვის ციებ-ცხელება და უცხო სახელის მქონე სენი ჩვენს შორისაც ეძებს მსხვერპლს. ასე რომ, თუ ამ სტატიის კითხვისას საკუთარი თავი ამოიცანით, მოსალოცადაც კი გქონიათ საქმე.

საახალწლო ეპიდემია
ქისის დამაცარიელებელი ეპიდემია ქვეყნებსა და კონტინენტებს სწორედ საშობაო ფასდაკლების სეზონზე იპყრობს. რაც გნებავთ, ის დაუძახეთ – 
შოპინგომანია, ონიომანია, ყიდვამანია (იმისდა მიხედვით, ინგლისურს ანიჭებთ უპირატესობას, ბერძნულს თუ მშობლიურ ქართულს)... ამერიკელმა მეცნიერებმა პათოლოგიურ მფლანგველობასა და სპირტიანი სასმელების სიყვარულს შორის უამრავი საერთო აღმოაჩინეს. ნახევარი საუკუნის წინ ანონიმური ალკოჰოლიკების საზოგადოებას ანონიმური მფლანგველები გამოეყვნენ. დღეს ეს საზოგადოება აშშ-ში – 400, ხოლო სხვა ქვეყნებში – კიდევ 13 ფილიალს აერთიანებს. წევრების (ანუ მფლანგველების) რაოდენობას ხომ ვინ მოთვლის...
ასეა თუ ისე, ყველა ონიომანი (ტერმინს მხოლოდ და მხოლოდ მოქნილი ჟღერადობის გამო მივანიჭეთ უპირატესობა და არა ენისადმი განსაკუთრებული სიყვარულის მიზეზით) ორ დიდ ჯგუფად იყოფა: გონიერებად და ჭეშმარიტებად.
პირველ კატეგორიას (რომელსაც, ალბათ, მრავალი ჩვენგანიც მიაკუთვნებს თავს) საქმე შედარებით უკეთ აქვს: რასაც ვყიდულობთ, ნამდვილად საჭიროა, ოღონდ აზარტში შესულებს იმაზე მეტი გვეხარჯება, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. “მაღაზიაში საპნისთვის შევედი, მერე შამპუნი,  ხელის კრემი და კოლჰოტიც მივაყოლე, პირსახოცებზე კი ფასდაკლება იყო და შანსს ხელიდან ხომ არ გავუშვებდი?!” – ნაცნობი სიტუაციაა, არა? ჭეშმარიტი ონიომანი კი “არა უწყის, რასა იქმს”, ამიტომაც ყიდულობს ყველაფერს, რაც მოხვდება და მხოლოდ მაშინ ჩერდება, როცა საფულის შიგთავსს ან საკრედიტო ბარათის ლიმიტს წირვას გამოუყვანს. ყიდულობს ყველაფერს: თეთრეულსაც, ერთი და იმავე სტილის ათობით ჯინსსაც, ყვავილის ქოთნებსაც და “შერლოკ ჰოლმსის” ინგლისურ გამოცემასაც, თუმცაღა მისი ინგლისურის მარაგი “ჰაი-ბაის” არ აღემატება.

რა გვაგიჟებს
ფსიქოლოგებს თუ დავუჯერებთ, ონიომანიას სამი მიზეზი აქვს:
ადრენალინის წყურვილი.  ალბათ გახსოვთ – ამ ჰორმონს თირკმელზედა ჯირკვალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სტრესულ სიტუაციაში გამოიმუშავებს. ნაკლებად ცნობილია, რომ ადრენალინმა ნარკოტოკივით იცის მიჩვევა, ორგანიზმი უფრო და უფრო მეტ დოზას ითხოვს. მისი გულისთვის ხალხი რას არ  სჩადის: პარაშუტითაც ხტება, მანქანას გიჟივით დააქროლებს, სალ კლდეებზე დაცოცავს... თუმცა მაინცდამაინც სიგიჟის ჩადენა როდია საჭირო: ადრენალინის დოზას მაღაზიაშიც ვიღებთ, როგორც ათასგვარი ნივთისა თუ სუვენირის უფასო დანამატს.
მოჩვენებითი ძალაუფლება. თავი დავანებოთ იმ ფაქტს, რომ ამა თუ იმ ნივთის მფლობელი ხდები – ამასთან ერთად გამყიდველებზეც მოიპოვებ გარკვეულ გავლენას. ამის ნიშანია თავაზიანობა, ყურადღება, პირმოთნე ქათინაურები: „როგორ გიხდებათ ეს ბლუზა“, „რა კარგად გადგათ ტანზე“, „ფანტასტიკური ფიგურა გაქვთ“...
თავისუფლების ილუზია. საყიდლებზე სიარული ონიომანს ყოველგვარ წამალზე უკეთ დააძლევინებს დეპრესიას და შფოთვას, მატებს თვითრწმენასა და თავდაჯერებას. ადვილი მისახვედრია, რატომ: შემგროვებლობა და ფულის ფლანგვა საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის მოჩვენებით შეგრძნებას ბადებს. ხომ შენ თვითონ ყიდულობ იმას, რაც ამ წუთას მოგინდა და არა იმას, რაც გიბრძანეს ან ნამდვილად გჭირდება. ასე ვიღებთ ეიფორიის საჩვენო დოზას და ვყიდულობთ მიმზიდველ, მაგრამ უსარგებლო ნივთებს. შედეგი: ბინა უსარგებლო ნივთებით ივსება, ბიუჯეტში კი დაუგეგმავი გარღვევაა.

თუ ნაყიდი ნივთი ნამდვილად გამოსადეგია, ფულის ხარჯვისას სინდისის ქეჯნა არ გაწუხებს და შენაძენით იმდენად კმაყოფილი ხარ, რომ თანამდევ უფულობასაც კი მშვიდად უძლებ, მაშინ შენს გატაცებაში ცუდი არაფერია: საყიდლებზე სიარული სტრესთან ბრძოლის არც ისე ურიგო გზაა, მაგრამ თუ ეს ნივთები შენს ბიუჯეტში მოზრდილ ხვრელს აჩენს ან უქმად აწყვია თაროებზე და მტვრის მოგროვების მეტს არაფერს აკეთებს, დროა, თავი ხელში აიყვანო.

ონიოტესტი
ჭეშმარიტი ონიომანი ხარ, თუ:
1. ყიდვის დროს არ უკვირდები, რას ყიდულობ, რაში გამოგადგება, სად ჩაიცვამ, რამდენად ეხამება შენეულ სტილს.
2. შინ დაბრუნების შემდეგ აკვირდები ახალ შენაძენს და მრისხანება გიპყრობს: “ეს რა საშინელება შემოუჩეჩებიათ!”
3. სისტემატურად იძენ “არასაშენო“ ნივთებს, თანაც ამას ისე მალე ხვდები, რომ შენაძენით ტკბობას ვეღარ ასწრებ, თუმცა ისე გვიან, რომ მაღაზიაში მის დაბრუნებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
4. საყიდლებზე წასვლის სურვილი გიჩნდება, როცა რამეზე ბრაზობ ან უბრალოდ უგუნებოდ ხარ. „მაღაზიებში გავიაროთ, ცოტა გული გადავაყოლოთ“ შენი საყვარელი ფრაზაა.
5. საკუთარ თავს სიტყვას აძლევ: „ამიერიდან ჯერ დავფიქრდები და მერე ვიყიდი”, თუმცა გადაწყვეტილება მხოლოდ დახლამდე თუ მიგყვება. ჩვევა შენს ნებისყოფაზე ძლიერია.
6. თუ დიდი ხანია, ახალი არაფერი გიყიდია, ცხოვრება თითქოს აზრს კარგავს.
7. შენი უგუნური შენაძენების გამო სახლში გამუდმებით აყალმაყალია, სამსახურში პრობლემები გაქვს, მეგობრებთან განუწყვეტლივ ჩხუბობ... შეჩერება კი არ შეგიძლია, თუმცა გულის სიღრმეში კარგა ხანია გრძნობ, რომ დროა.
თუ ხუთ პუნქტს მაინც დაეთანხმე, მოგიწევს აღიარო, რომ ჭეშმარიტი ონიომანი ხარ და დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართო.

ანტიმანიაკური წესები
* თვალი გაუსწორე სიმართლეს. თუ მანიაკი ხარ, აღიარე ეს და საქმეში ჩართე მძიმე არტილერია, მაგალითად, მეგობარი, რომელიც აცეტებულს თითებში ჩაგარტყამს, ყურში ხელს ჩაგავლებს და მაღაზიიდან გამოგათრევს.
* არ ენდო სარეკლამო რგოლს. არც გამყიდველს! როგორც ერთი კანადელი სატირიკოსი ამბობდა, “რეკლამა არის მეცნიერება იმის შესახებ, როგორ დავუბნელოთ ადამიანს გონება, ვიდრე ფულს არ გამოვტყუებთ“.
* გონებას ნუ დაგაკარგვინებს წარწერები „გაუმჯობესებული მოდელი“ და „ფანტასტიკური სიახლე“. როგორც წესი, ისინი ხარისხის გაუმჯობესებას კი არა, ფასის მომატებას მოწმობს.
* გათვალე ბიუჯეტი. მაღაზიაში ზუსტად იმდენი ფული წაიღე, რამდენის დახარჯვაც არც შენ დაგაზარალებს და არც საოჯახო ბიუჯეტს, საკრედიტო ბარათები კი სახლში დატოვე. კიდევ ერთი: სასურველი ნივთის შესაძენად მაშინვე ნუ გავარდები, ჯერ კარგად მოიფიქრე, მართლა გჭირდება თუ არა ეს ნივთი, უხდება თუ არა შენი გარდერობის ან ინტერიერის (გააჩნია, რას ყიდულობ) სხვა დეტალებს. ნურაფერს შეიძენ მხოლოდ იმიტომ, რომ პლანეტის მოსახლეობის 99.9%-ს ის უკვე აქვს.

ონიომანთა დიდების ხეივანი
შოპინგის ცნობილ მიმდევართა შორის ლედი დის უკავია საპატიო ადგილი. მის ათმეტრიან გარდერობში 300 თეთრი ბლუზა ეკიდა, თანაც თითოეული მათგანი პრინცესას საკუთარი ხელით ჰქონდა არჩეული.
სელინ დიონი საყიდლებზე მხოლოდ როლს-როისით დადის, რადგან ამ მარკის ავტომობილები დიდი საბარგულით გამოირჩევა, ყველაზე მეტად კი ფეხსაცმელების ყიდვა უყვარს. მის კოლექციაში 2850 წყვილია. დღეში რვაჯერ რომ გამოიცვალოს, მთელი წელი ეყოფა.
ბრიტნი სპირსი თურმე ერთი საათითაც რომ დატოვოთ მარტო, მთელ ქონებას დახარჯავს. ერთხელ ასეც მოხდა და „გუჩის“ 7 წყვილი ფეხსაცმლის, „ტიფანის“ 4 ძეწკვის, 5 ჩანთის, 4 საბანაო კოსტიუმისა და 5 მზის სათვალის ყიდვა მოასწრო.
რეკორდი კი მაინც მამაკაცებს ეკუთვნით: ელტონ ჯონმა ერთხელ ერთ დღეში მილიონი დახარჯა, მაიკ ტაისონმა კი დიდ ბრიტანეთში სტუმრობისას ლამის ლონდონის ყველა საიუველირო მაღაზია დააცარიელა. მის შენაძენში ბრილიანტებითა და ზურმუხტებით მოოჭვილი მილიონ ექვსასიათას დოლარიანი საათი და სამაჯურიც იყო. ბუტიკებში ვოიაჟიც მილიონები დაუჯდა...

გააზიარე: