შენი ენა მასწავლე

გააზიარე:

როზა ლუქსემბურგი და კლარა ცეტკინი საფლავშიც რომ გადაბრუნდნენ, სქესთა შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამთ. საქმე მხოლოდ ფიზიოლოგიაში როდია ― სხვადასხვა სამყაროში ვცხოვრობთ, სხვადასხვა ფასეულობებს ვაღიარებთ, სხვადასხვა წესებს მივდევთ, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ... ერთმანეთისა რომ არ გვესმის, ეს პრობლემა კარგა ხანია გასცდა ანეკდოტებს და მეცნიერული კვლევების საგნად იქცა. ცოტა ხნის წინ სპეციალური მიმართულებაც კი შეიქმნა: სოციოლინგვისტიკა და გენდერული ლინგვისტიკა ― და ამ დარგში მომუშავე მეცნიერებმა საინტერესო დასკვნების გამოტანაც მოასწრეს.

ენები მამრობითი და მდედრობითი
ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში მცხოვრებ შუმერებს რაღაც ორი ენის მსგავსი ჰქონიათ. ძირითადი დიალექტის eme-kus ― “კეთილშობილი ენის” გარდა, რომელზეც საქმიანი და რელიგიური ტექსტების უმრავლესობა იწერებოდა, იყო მეორე დიალექტი eme-salic, რაც დაახლოებით ასე ითარგმნება: “წვრილხმიანთა ენა”. ამ ენაზე ჟღერდა ქალღმერთთა, ქურუმ და მოკვდავ ქალთა ჰიმნები და საუბარი. მასვე იყენებდნენ მომღერალი საჭურისები. “მამაკაცური” შუმერულიდან ზოგიერთი სიტყვისა და ფონემის გამოყენება ქალებს აკრძალული ჰქონდათ.
შუასაუკუნეების ინდურ დრამებშიც უმაღლესი კასტის წევრები ნებადართულ სანსკრიტზე მეტყველებენ, მდაბიო კასტა და ქალები კი მოვალენი არიან, ერთმანეთს დიალექტზე მიმართონ.
ნუ იფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ წარსულის კუთვნილებაა ― ზოგიერთი ენა დღესაც ინახავს ქალურ და კაცურ ვარიანტებს. იაპონურ მეტყველებით კულტურაში ქალები და მამაკაცები დღესაც სხვადასხვა ნაცვალსახელს იყენებენ. ერთ ინდურ ტომში ქალებს მხოლოდ მამაკაცების “ციტირების” უფლება აქვთ, ლაპარაკით კი მათთვის განკუთვნილ კილოკავზე უნდა ილაპარაკონ. ერთ ენაზე, რომელსაც ჩრდილოეთ დაღესტნის ზოგიერთ სოფელში დღესაც იყენებენ, ისეთი მნიშვნელოვანი სიტყვებიც კი, როგორიცაა “მე”, “შენ”, “ადამიანი”, ქალებისთვის და მამაკაცებისთვის სხვადასხვანაირად გამოითქმის.
ლინგვისტ-ფემინისტების გულისწყრომა ინგლისურმაც გამოიწვია: ამ ენაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალის გამოსახატავი 200-მდე სინონიმი დათვალეს, მექალთანეებისა კი მხოლოდ ოცი. სექსიზმის კუთხით სხვა ევროპული ენებიც არანაკლებ სცოდავენ. ბოლო ხანს თანასწორობის სახელით საქმის გამოსწორება გადაწყვიტეს: “მამაკაცური” ძირის მქონე სიტყვებს სიმეტრიულ ― ქალურ ― სინონიმებს ამატებენ. ბიზნესვუმენები და პოლისვუმენები უკვე აღარც ჩვენთვის არის უცხო; Studenten-ს Studentinen დაემატა (ხომ შეიძლება გეგონოთ, რომ გერმანიაში მხოლოდ ბიჭები სწავლობენ), mankind-ს ― კაცობრიობას ― კი ადამიანობრიობით ― humankind-ით ცვლიან. იმედია, მსგავსი ტენდენციები საქართველოშიც არ იმძლავრებს, თორემ ძნელი სათქმელია, როგორ უნდა გავაპოლიტკორექტულოთ, მაგალითად, სიტყვა “დედაკაცი”.

ვინ მეტს ლაპარაკობს
რომელ ენაზეც არ უნდა ვლაპარაკობდეთ, ქალებს რეკორდსმენობას ვერავინ შეეცილება. ისიც კი დაუთვლიათ, რომ თურმე ქალი ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე წარმოთქვამს დღეში ექვსიდან რვა ათასამდე სიტყვას, ორიდან სამი ათასამდე დამატებით ბგერას და აკეთებს რვიდან ათი ათასამდე ჟესტსა თუ სხვა
მოძრაობას, მთლიანობაში სხეულის ენას რომ ქმნის. ჯამში ინფორმაციის გადასაცემად ოცი ათასი “სიტყვა” გამოდის. მამაკაცი კი დღეში ორიდან ოთხი ათასამდე სიტყვას ამბობს, ათასიდან ორი ათასამდე დამატებით ბგერას გამოსცემს და ორიდან სამი ათასამდე ჟესტს აკეთებს. ჯამში ეს შვიდი ათასი “სიტყვაა“, ანუ ქალური ნორმის მესამედი. თუ ქალი მუშაობს, მეგობრებს, მეზობლებს ხვდება, კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ არა... წარმოიდგინეთ სამსახურიდან დაბრუნებული ქმარი, თავისი შვიდი ათასი სიტყვა უკვე დახარჯული რომ აქვს და ცოლი, მთელი დღე პატარებს რომ უვლიდა და კიდევ თხუთმეტი ათასი სიტყვა აქვს დასახარჯი!
თითქმის ყველა დედა დაგემოწმებათ, რომ გოგონები ადრე იდგამენ ენას და სამი წლის გოგონამ თანატოლ ბიჭთან შედარებით ორჯერ მეტი სიტყვაც კი იცის. ვაჟებს უფრო ხშირად ებმით ენა, უარესი გამოთქმა აქვთ და “ჰმ-მ”, “უ-უ” და მსგავსი სიტყვა-პარაზიტებით უფრო მეტად ღლიან ჩვენს ყურთასმენას.
მიზეზის ძებნაში ზოგმა ტვინის ფიზიოლოგიას მიმართა, ზოგმაც ― შორეულ წარსულს: კაცები მთელი დღე მამონტებს დასდევდნენ, ქალები კი სახლის (იგულისხმეთ, გამოქვაბულის) მოწყობაზე ზრუნავდნენ, ხილისა თუ მხალეულის მოსაძიებლად ტყეში ერთად დადიოდნენო. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ მდედრობითი სქესის ჰომო საპიენსები მარტო ტყეში კი არა, ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც ერთად დადიოდნენ და სწორედ აქედან მოდის ყველა მამაკაცის გამაოგნებელი ჩვევაც ― ნებისმიერი წვეულებიდან საჭირო ოთახში წყვილ-წყვილად გაპარვა. როგორც ხედავთ, საქმეში კიდევ ერთი მეცნიერული დისციპლინა — ევოლუციური ფსიქოლოგია ჩაერთო. აქვე განვმარტოთ: შიდასახეობრივი გადარჩევა რომ არსებობს, ამაში ეჭვის შეტანა ყველაზე მგზნებარე ანტიდარვინისტებსაც კი არ მოსვლიათ აზრად.

მე შენ აგალაპარაკებ!
ცოტა ხნის წინ ევოლუციური ფსიქოლოგების თვალთახედვის არეში სწორედ ლინგვისტური საკითხები მოექცა. მოგეხსენებათ, შესაძლოა, მთელი დღე ილაქლაქო და არაფერი თქვა. ასეა თუ ისე, ყოველ ჩვენგანს სიტყვების განსაზღვრული მარაგი აქვს (იმედია, ელოჩკა-ლუდოედკასგან განსხვავებით, სამ ათეულ სიტყვაზე ოდნავ მაინც მეტი). მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ამ მარაგს უშუალო კავშირი ჰქონია ინტელექტის დონესთან, ორივე ერთად კი გენებზე ყოფილა დამოკიდებული. ტყუპებზე დაკვირვებით დაუდგენიათ, რომ ერთსა და იმავე კულტურულ არეალში ლექსიკური მარაგის ცვლილებათა 75%-ს გენეტიკა განაპირობებს და მხოლოდ 25%-ს — განათლება, აღზრდა და სხვა ფაქტორები.  საშუალოსტატისტიკურ განათლებულ ინგლისელს აქტიურ ლექსიკონში თურმე ოცი ათასი სიტყვა ჰქონია. ნეტავ რაში სჭირდებათ? ინგლისური ენის სპეციალისტებს თუ დავუჯერებთ, ნებისმიერი აზრის ზუსტად გამოსათქმელად ორი ათასი სიტყვის ცოდნაც გვეყოფა, სამჯერ მეტი ნებისმიერ თემაზე საუბრის საშუალებას მოგვცემს, კიდევ ორი-სამი ათასით კი მხატვრულ ლიტერატურასაც სრულფასოვნად გავიგებთ.
ჰიპოთეზას, რომელიც ამ ფენომენის ასახსნელად იშვა, გაბედულებას ნამდვილად ვერ დავუწუნებთ: თურმე ზედმეტი სიტყვები, არც მეტი, არც ნაკლები, სქესობრივმა სელექციამ გააჩინა, საპირისპირო სქესისთვის თავის მოსაწონებლად და საკუთარი გენების “ხარისხის” სადემონსტრაციოდ.
სხვათა შორის, მსგავსი დემონსტრაციები უმცროს ძმებსაც ახასიათებთ. წარმოიდგინეთ, რამდენ პრობლემას უქმნის ფარშევანგს კუდი: ფრენისას სად წაიღოს, არ იცის, მტაცებლებიც უფრო ადვილად ამჩნევენ... მაშ, რაშია საქმე, რამ მოუჩლუნგა ალღო ბუნებრივ გადარჩევას, ყოველთვის უფრო მეტად შეგუებულებს რომ სწყალობს? ახსნა ერთადერთია: მდედრ ფარშევანგებს ასეთები უფრო მოსწონთ, ვაჟბატონებისთვის კი ეს იმხელა სტიმულია, მზად არიან, გარისკონ და მტაცებლის საკბილოდაც კი იქცნენ.
სად ლექსიკური მარაგი და სად ფარშევანგის კუდი? ნოტინგენის უნივერსიტეტში ერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს: სტუდენტებს თხზულების დაწერა დაავალეს. ამ დროს მათ ნაწილს ეკრანზე თავისივე ასაკის, ოღონდ საპირისპირო სქესის მომხიბლავი მოდელის სახე ჰქონდა გამოსახული, მეორეს კი ასევე მოდელები ოღონდ 30-40 წლით უფროსი. შედეგებმა აშკარა გენდერული დისბალანსი გამოავლინა: ლამაზ ქალებზე მოფიქრალ ყმაწვილებს მუზა გაეხსნათ და ბრტყელ-ბრტყელი სიტყვები აფრქვიეს, ქალებს კი არც არაფერი, პირიქით, ჩვეულებრივზე უფრო ბანალური სიტყვები მოუვიდათ თავში.
ამას შესაძლოა რამდენიმე ახსნა ჰქონდეს. პირველი: სქესობრივი გადარჩევის თეორიის თანახმად, უფრო აქტიურ სქესობრივ დემონსტრაციებს ის სქესი მიმართავს, შთამომავლობაში ნაკლები რესურსი რომ ეხარჯება, ამიტომაც ექსპერიმენტის სექსუალური მოტივაცია ყმაწვილებისთვის საკმარისი აღმოჩნდა, გოგონებისთვის კი არა. მეორე: გოგონები ინსტინქტურად გრძნობენ, რომ კაცები ჭკვიან ქალებს არ სწაყლობენ და ცდილობენ, მიმზიდველი მამაკაცის სიახლოვეს ნაკლები ჭკვიანური სიტყვა წარმოთქვან.

გააზიარე: