ფიტოლექსიკონი
გააზიარე:
თუ აფთიაქში გამომშრალი მცენარეების შეძენა და მათგან ნაყენის მომზადება გადაწყვიტეთ, ცოტაოდენი ლათინურის ცოდნა არ გაწყენდათ. მცენარეთა სახელების ჩამოთვლას არ მოვყვებით – თვითონაც ხვდებით, მეტისმეტად ვრცელი სია გამოვა. სჯობს, გავეცნოთ ტერმინებს, რომლებიც შეფუთვაზე
მცენარის სახელის გვერდით იწერება და მცენარის ნაწილის აღმნიშვნელია. ასე, მაგალითად: Echinacea purpurea, herba შეიძლება ასე გავშიფროთ: წითელი ექინაცეის ბალახი. ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სიტყვა “ჰერბა” მცენარის მიწისზედა ნაწილს, ბალახს აღნიშნავს. მცენარის სახელის გვერდით ასევე შეიძლება შეგხვდეთ ტერმინები cortex – ქერქი, folia – ფოთოლი, fructus – ნაყოფი, radix – ფესვი, semen – თესლი.
ნაყენი, ნახარში თუ …
ფიტოთერაპიის მოყვარულებმა კარგად იციან, როგორ მოამზადონ ნაყენები და ნახარშები. მოდი, ამ უმარტივეს პრინციპებს ჩვენც გადავავლოთ თვალი.
ნაყენის მომზადებისას მცენარიდან (უმთავრესად – ფოთლებიდან და ყვავილებიდან) გამოიყოფა ლორწოვანი, მწარე ნივთიერება და ეთერზეთები.
მცენარეს ან მცენარეთა ნაკრებს ვასხამთ ცხელ ან მდუღარე წყალს, 10-15 წუთით ვაყენებთ (უმჯობესია, თავდახურულ ჭურჭელშ) და ვფილტრავთ. ამის შემდეგ ნაყენი მზადაა დასალევად.
ნახარში უმეტესად მცენარის ქერქისა და ფესვისგან მზადდება. ისინი მდიდარია წყალში ხსნადი რთული მინერალური ნივთიერებებით, რომლებსაც გაცილებით ხანგრძლივი დამუშავება სჭირდება, ამდენად, მხოლოდ დაყენებით სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ნახარშის მოსამზადებლად მცენარის ხარშვა ზოგჯერ საათობით არის საჭირო. ხარშვის ხანგრძლივობა, წესისამებრ, პროდუქტის შეფუთვაზეა მითითებული.
გარდა ნახარშისა და თბილი ნაყენისა, შესაძლებელია ცივი ნაყენის (გამონაწვლილის), ე.წ. მაცერატის მომზადებაც: აიღეთ მცენარე, დაასხით ცივი წყალი და დააყენეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. მაცერატის მომზადება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ მცენარის სამკურნალო ნივთიერებანი მეტად მგრძნობიარეა სითბური დამუშავების მიმართ და იოლად იშლება. ამ მეთოდს ხშირად მიმართავენ ალთეს ნაყენის მომზადებისას.
ერთი მცენარისგან სამკურნალო სასმლის დაყენება იოლია, თუმცა არც ფიტონაკრების ნახარშისა თუ ნაყენის მომზადებაა მაინცდამაინც რთული.
მრავალკომპონენტიან მცენარეულ ნარევს აფთიაქში შეიძენთ. ისინი, წესისამებრ, იმის მიხედვით არის დაფასოებული, რა დანიშნულებით აპირებთ მათ გამოყენებას. ამის კვალობაზე, არსებობს “ჩაი ნაღვლის ბუშტისთვის”, “ჩაი თირკმელებისთვის”, “ფიტონაკრები გაციებისთვის” და ა.შ.
თუ მრავალკომპონენტიანი ნაკრების მოგროვებას და ე.წ. რთული ჩაის დაყენებას აპირებთ, ერთი პრინციპის გათვალისწინება მოგიწევთ – კომბინირებული ფიტოსასმელი უნდა შეიცავდეს:
. ძირითად კომპონენტებს, რომლებიც ავლენს სასურველ (გაციების საწინააღმდეგო, ნაღველმდენ და ა.შ.) სამკურნალო თვისებებს;
. დამატებით ნედლეულს, რომელიც აგრეთვე ავლენს სამკურნალო თვისებას, თუმცა ნაკლებინტენსიურად;
. დამხმარე ნივთიერებას, რომელიც ჩაის გემოსა და ფერს განაპირობებს.