ორსულობა და ფიტოთერაპია

გააზიარე:

საერთო სისუსტე, უგუნებობა, ჭირვეულობა, გულისრევის შეგრძნება – ეს ორსულობის თითქოსდა ჩვეული ნიშნებია, თითქოსდა ამგვარი დისკომფორტის გარეშე ცხრა თვე არ ჩაივლის… რეალურად კი ასე არ არის. ბევრი ორსულობისას თავს მშვენივრად გრძნობს, ლამის სამშობიარო ტკივილების დაწყებამდე დადის სამსახურში, სიამოვნებით უვლის ქმარ-შვილს…

ორსულობის დროს თავი ყოჩაღად რომ იგრძნოთ, შეგიძლიათ მცენარეული ნაყენები დაიხმაროთ.
ყოველდღე სვით მცენარეული ჩაი, რომელიც ასე მზადდება:
. აურიეთ ერთმანეთში 20-20 გ პიტნა, ექინაცეა და თავშავა, 15-15 გ ბარამბო, ელეუტეროკოკის ფესვი და სვიის გირჩა. 20 გ ნარევს დაასხით 1,5 ჭიქა 
მდუღარე, 15 წუთი ადუღეთ წყლის ორთქლზე, გააგრილეთ და გაფილტრეთ. სვით მესამედი ჭიქა დღეში სამჯერ, როცა გენებოთ.
. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის თირკმლის ჩაის ნორჩი ფოთლები, პიტნა, ცირცელი და ჭერმის ჩირი. მოამზადეთ ნაყენი ზემოთ აღწერილი წესით და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.
ვიტამინების მარაგის შესავსებად ასე მოიქეცით:
. აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობის ასკილის ნაყოფი და შავი მოცხარი და დააყენეთ ჩაიდანში ასეთი თანაფარდობით: 20 გ ნარევი ნახევარ ჭიქა მდუღარე წყალზე. არანაკლებ ეფექტური ნაყენი მზადდება თერმოსშიც (100 გ ნარევი ერთ ლიტრ წყალზე). დააყენეთ 3-4 საათით და სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ. ნარევს შეგიძლიათ დაამატოთ ცირცელიც.
. აიღეთ 30 გ ასკილის ნაყენი, 10 გ შავი მოცხარი, 20 გ ჭინჭრის ფოთოლი და 30 გ გამომშრალი სტაფილო. მოამზადეთ ნაყენი ისევე, როგორც ზემოთ არის აღწერილი. სვით ჩაის მაგივრად.
. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ასკილის ნაყოფი, ჟოლო, შავი მოცხარი, მოცვი და მოამზადეთ ნაყენი იმავე წესით. სვით 1/2-1 ჭიქა დღეში 2-ჯერ. ამ ნაყენის შენახვა მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში შეიძლება.
თუ ნაღვლის ბუშტი გაწუხებთ (ორსულობისას ასე ხშირად ხდება) და, საზოგადოდ, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს უჩივით:
. აიღეთ 20-20 გ სიმინდის ულვაში, კრაზანა და ორკბილა, 10-10 გ ფარსმანდუკი და სელის თესლი. მოამზადეთ ნაყენი (20 გ ნარევი ერთ ჭიქა მდუღარე წყალზე). დალიეთ ნახევარი ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
თუ ალერგიამ შემოგიტიათ:
. აიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილა, ბაბუაწვერა, ოროვანდი, მინდვრის სვია, ორკბილა, ასკილის ნაყოფი, დააყენეთ ზემოთ ნაჩვენები წესით და სვით 1/3-1/2 ჭიქა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. 
თუ ტოქსიკოზი გაწუხებთ:
. უპირატესობა მიანიჭეთ ხილსა და ბოსტნეულს, რომელსაც შარდმდენი ეფექტი აქვს, მაგალითად, საზამთროს.
. სადილი ყოველთვის შეაზავეთ ქინძით, ოხრახუშით, კამით.
. მენიუში უხვად ჩართეთ კალიუმით მდიდარი პროდუქტი, მაგალითად, ჭერმის ჩირი, ლეღვი, ყურძენი და მისი წვენი (თუ შებერილობა არ გაწუხებთ), ბანანი.
არსებობს მცენარეული ნედლეული, რომლის ნაყენი ორსულთათვის არამც და არამც არ შეიძლება. 
ეს გახლავთ აბზინდა, ჟენშენი, წყლის იელი, კოწახური, გველის სურო, ლემა, კრაზანა, ვირისტერფა, ქრისტესისხლა, რეჰანი (ეთერზეთი), თავშავა, ღვია, ჟოლო (ფოთლები), ანგელოზა, გვირილა, კოჭა, არყის ხის კვირტები, ფიჭვის კვირტები, ალვის ხის კვირტები, ალოე, აბუსალათინის ზეთი, სენის ფოთოლი,  ანისული, ძირტკბილა, სალბი. მათი ნაწილი დოზირებული მიღებისას (ანუ მაშინ, როდესაც ისინი ორსულთათვის ნებადართული ამა თუ იმ მედიკამენტის შემადგენლობაში შედის) სრულიადაც არ არის საშიში, მაგრამ როდესაც ნაყენს შინ ამზადებთ, სასურველია, ამ ნედლეულის გამოყენებისგან თავი შეიკავოთ.
ორსულებს “საშიში” მცენარეებისგან უმთავრესად ინტოქსიკაცია (მოწამვლა), საშვილოსნოს ტონუსის მატება, თირკმელების დაზიანება, ჰორმონული ბალანსის დარღვევა ემუქრებათ.

გააზიარე: