ისუნთქეთ მშვიდად
გააზიარე:
აცივდება თუ არა, თავს გვახსენებენ ხველა, სურდო, ცხვირცემინება… იმისთვის, რომ წელიწადის სუსხიანი პერიოდი უპრობლემოდ გავატაროთ, უმჯობესია, მხსნელად მცენარეებს ვუხმოთ.
. სურდოს დროს 100 გ გვირილის ყვავილს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააცადეთ გაგრილება და ხშირ-ხშირად ჩაიწვეთეთ ცხვირში. უფრო
უკეთესი იქნება, თუ გვირილასთან ერთად სალბის ფოთლებსაც გამოიყენებთ. აიღეთ 50-50 გრამი თითოეული მცენარე და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე.
. სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების (ძირითადად ანგინის, ლარინგიტის, ტონზილიტის, ტრაქეიტის) დროს აიღეთ 100 გ ევკალიპტის ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ნახევარი საათით და დალიეთ დღეში სამჯერ. შეგიძლიათ, მოამზადოთ სავლებიც: აიღეთ 20 გ ევკალიპტის ფოთოლი, 15 გ კალენდულას ყვავილი, 15 გ სალბის ფოთოლი, 10 გ გვირილის ყვავილი, 10 გ ძირტკბილას ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და როცა შეგრილდება, ყელში გამოივლეთ.
. ხველების, ბრონქიტის, პნევმონიის დროს: აიღეთ 40 გრამი ალთეს ფესვი, 15 გ ძირტკბილას ფესვი, 25 გ ვირისტერფა, კამის ნაყოფი. მოამზადეთ ნაყენი ან ნახარში და სვით თბილ-თბილი, 1/3 ჭიქა დღეში 3-5-ჯერ.
. ანგინის დროს აიღეთ 30 გ პიტნის ფოთოლი, 30 გ სალბის ფოთოლი, 10 გ კამის ნაყოფი, 25 გ გვირილის ყვავილი. დაამზადეთ ნაყენი (დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე) და ივლეთ ყელში.
. ბრონქიტის დროს: აიღეთ 10 გ ვირისტერფას ფოთოლი, 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 30 გ შვიტას ბალახი და მოამზადეთ ნაყენი ამგვარად: 10 გ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, 15 წუთს ადუღეთ წყლის ორთქლზე, 45 წუთის განმავლობაში დააყენეთ, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. ნახარში კი ასე მზადდება: 10 გ ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე და წყლის ორთქლზე ნახევარი საათი ადუღეთ, გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. ნაყენიც და ნახარშიც მიიღეთ თბილი სახით, 1/3-1/4 ჭიქა.
. ბრონქიტის დროს აიღეთ 20 გ ვირისტერფას ფოთოლი, 30 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 30 გ ძირტკბილას ფესვი, 20 გ იასამფერას ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ მცირე ხანს და სვით 1/3 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.
. ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს: აიღეთ 20 გ ჟოლოს ფოთოლი, 30 გ ვირისტერფას ბალახი და 30 გ სალბის ფოთოლი. დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე. ოდნავ თბილი გამოივლეთ ყელში.
. ბრონქიტის დროს: აიღეთ 10 გ კალენდულას ყვავილი, 15 გ ნაძვის კვირტი, 10 გ ანისულის ნაყოფი, 10 გ სალბის ფოთოლი, 10 გ პიტნის ფოთოლი, 10 გ ვირისტერფას ბალახი, 15 გ ევკალიპტის ფოთოლი, 10 გ იასამფერას ბალახი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთს (თუ უფრო კონცენტრირებული ნახარშის მომზადება გსურთ, ნახევარ საათს მაინც). სვით 1/3-1/4 ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამამდე.