ტექნიკაზე გადარეულნი
გააზიარე:
ვაჟა ზაზაევიჩისა არ იყოს, ნარკომანიც გაგვიგონია, მელომანიც და შამანიც, მაგრამ ეს გაჯეტომანი რაღა უბედურებაა?! და მაინც, თუმცაღა სახელი დღეს ჩემსავით პირველად გაიგონეთ, ნახევარი მსოფლიო (შესაძლოა, თავად თქვენც) უკვე ამ სენით არის ავად. ზუსტად ვერც იმას გეტყვით, რამდენად შეუშლის ეკონომიკური განვითარების დონე თუ ფინანსური კრიზისი ხელს ჩვენში ეპიდემიის გავრცელებას. ასეა თუ ისე, პირველ ნიშნებს უკვე ვხვდებით.
ვიდრე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ახალ სახეობაზე გავაგრძელებდეთ საუბარს, ბუნებრივია, ჯერ ჩვენი ყურისთვის ესოდენ უცხო “გაჯეტს” უნდა
გავუგოთ რამე. სიტყვის ისტორია ერთობ ჩახლართული და ბურუსით მოცულია. იქნებ იმიტომ, რომ ნისლიან ალბიონშია გაჩენილი. თუ ოქსფორდის ლექსიკონს დავუჯერებთ, სულ მცირე, საუკუნენახევრისა მაინც უნდა იყოს, ოღონდ უკვე იმხანად დავიწყებას მიცემული რომელიღაც გამოგონების აღმნიშვნელი სიტყვა ყოფილა, “ისამესას”, “ნეტარაჯანდაბაჰქვიას”, “ენისწვერზემადგას” მსგავსი. შემდგომი ლინგვისტური წიაღსვლებით, არაერთ ინგლისელ მეცნიერს რომ დაუკარგა მოსვენება და ფრანგული თუ შვეიცარიული ფესვები აძებნინა, თავს აღარ შეგაწყენთ. დღეს ამ სახელით მცირე ტექნოლოგიურ მოწყობილობებს მოიხსენიებენ, რაღაც განსაზღვრული დანიშნულება რომ გააჩნია. უმეტესად – ნოუთბუქებს, მრავალფუნქციურ მობილურებს, ათასი ჯურის ფლეიერებსა თუ აიპოდებს (თუ ძალიან მოინდომებთ, ამ კატეგორიაში 30 წლის წინანდელი კასეტიანი ვოლქმენიც შევა), ბლუთუზებსა და რაღაცის რაღაცაში გადამყვანებს… რა თქმა უნდა მობილურებსაც, ოღონდ რაც მეტი ფუნქცია აქვთ, მით უკეთესი. ეგ კი არა, ნახევარი მსოფლიო უკვე სმარტფონებზე (“ჭკვიან ტელეფონებზე”) გადავიდა, ლამის ჯიბის კომპიუტერის ფუნქციას რომ ითავსებს.
გაჯეტების ყველაზე პირველ და ყველაზე ცნობილ მოყვარულად სავსებით სამართლიანად შეგვიძლია ჩავთვალოთ აგენტი 007. ნაირ-ნაირი მოწყობილობა, სიმართლე რომ ითქვას, არც ბეტმენს ჰყვარებია ნაკლებად. მხატვრულ გამონაგონს რომ თავი დავანებოთ, არც რამპების შუქში მოხვედრილნი იშორებენ გვერდიდან თავიანთ “სათამაშოებს”.
გონდაკარგული ევროპა
ყველაფერი კი 2003 წლის შემოდგომაზე ერთი ჩვეულებრივი მარკეტინგული გამოკვლევით დაიწყო. ერთ აუდიოვიდეოტექნიკის მწარმოებელ ფირმას აინტერესებდა, რამდენი ადამიანი აპირებდა DVD- ფლეიერის შეძენას. შედეგებმა მწარმოებლებსაც და ფსიქოლოგებსაც პირი დააღებინა – აღმოჩნდა, რომ პორტატიული ელექტრომოწყობილობის შეძენისას რიგითი ევროპელი იმას კი არ აქცევდა ყურადღებას, რამდენად სჭირდებოდა ესა თუ ის ნივთი ან რა ფუნქციები ჰქონდა მას, რამდენადაც მის პოპულარობასა და ჭორებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გაჯეტი თანამედროვეს იმიჯს შეუქმნის და ნაცნობებთან ტრაბახის საშუალებას მისცემს, ბევრი მზადაა, ვალიც კი აიღოს. მნიშვნელობა არ აქვს, ძვირფასი სათამაშო რამეში გამოადგება თუ არა.
ფსიქოლოგებმა გადაწყვიტეს, ჰომო საპიენსის (გონიერი ადამიანის – შეგახსენებთ: ასეთია ჩვენი სახელი ცხოველთა სამყაროს კლასიფიკაციაში) უგუნური ქცევა კიდევ უფრო დაწვრილებით შეესწავლათ. აღმოჩნდა, რომ 18-დან 45 წლამდე ასაკის ყველა ევროპელი ხუთი საყვარელი პირადი ელექტრონული ნივთით მაინც არის გარემოცული (ხუთი წლის წინანდელ შედეგებს გიყვებით, ახლა ეს რიცხვი კიდევ უფრო დიდია), 93% აქტიურად იყენებს მობილურს, 73% – ნოუთბუქს, 60% – DVD ფლეიერს, მესამედს კი უკვე იმხანად ციფრული ვიდეოფოტოკამერის შეძენა ჰქონად დაგეგმილი.
ყველაზე იმპულსური მომხმარებლები დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ. მათი მესამედი ნივთებს იმიტომ კი არ ყიდულობს, რომ სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ “ასეა საჭირო”.
ყველაზე ნაკლებ მანიაკურები იტალიელები აღმოჩნდნენ: მობილურებსა თუ ჯიბის კომპიუტერებს გაუაზრებლად მათი მხოლოდ 4% ყიდულობს. პოლონეთმა კი თავი გამოიჩინა: იქაურების 19%, თუ ტექნიკური სიახლე ვერ შეიძინა, თურმე ბრაზისგან თავს კარგავს.
ჩვენში პროგრესი ნელ-ნელა მოაბიჯებს, თუმცა ახალგაზრდობის 90%-ს თავი მობილურის გარეშე ვერ წარმოუდგენია, სამარიაჟოდ აიპოდებისა და ჭკვიანი ტელეფონების მფლობელები კი ჯერ კიდევ თითზე ჩამოსათვლელნი არიან. ალბათ ესეც წინ გვაქვს.
წერას აყოლილნი
თუ ბრიტანელ ექიმებს დავუჯერებთ, ეს უბრალო წერილებიც ნარკოტიკივითაა: იწვევს შეჩვევას, დამოკიდებულებას და აღკვეთის სინდრომს. ბოლო ხანებში ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში სულ უფრო და უფრო ხშირად სვამენ ”მოჭარბებული ბეჭდვის სინდრომის დიაგნოზს”. თანაც დარღვევა პროფესიონალ მბეჭდავებს კი არა, კლავიატურასთან საკუთარი ნებით გაკოდალებულებს ემართებათ. პაციენტთა რიგებს ჩატებში დაკარგულები და სმს-მოყვარულები ავსებენ. ზოგიერთი დღეში 7 საათსაც კი კარგავს გზავნილების გზავნასა და წამდაუწუმ იმის შემოწმებაში, პასუხი ხომ არ მოვიდა. ზოგიერთს აკვიატებული ბეჭდვისგან მტევნის იოგებიც კი უზიანდება. ავადმყოფების უმრავლესობა 16 წელზე უმცროსი ასაკისაა, თუმცა 28-30 წლის წარმატებული პროფესიონალებიც გვხვდებიან. ესემესმანია ჩვენშიც რომ პრობლემად იქცა, ნებისმიერ სკოლასა თუ უმაღლესში უბრალო შეხედვითაც დარწმუნდებით. ახალგაზრდებს ვერც აკრძალვა აკავებს და ვერც სასჯელი. თითების აკვიატებულ მოძრაობებს მობილურის წართმევაც კი ვერ წყვეტს! თანაც მათ გზავნილებს არავითარი მიზანი არ გააჩნიათ – თვითონ პროცესია მნიშვნელოვანი.
გაჯეტდიაგნოზი
გაჯეტდამოკიდებულებაზე შეიძლება ვილაპარაკოთ, თუ:
. რომელიმე მოწყობილობის ფლობა კარგ გუნებაზე გაყენებთ, ეიფორიაშიც კი გაგდებთ;
- ვერ სწყდებით ამ საქმიანობას, თანაც დღითი დღე უფრო და უფრო მეტ დროს უთმობთ;
- თავს ვერ იკავებთ ახალი ხელსაწყოს შეძენისგან;
- საყვარელი ნივთის ან ახალი გაჯეტის გარეშე სიცარიელის შეგრძნება და დეპრესია გიპყრობთ, ოჯახისა და მეგობრებისთვის ვეღარ იცლით, ახლობლებთან თავს დამნაშავედ გრძნობთ, სამსახურში ან სასწავლებელში პრობლემები შეგექმნათ;
- თავი გტკივათ, თვალები გამოგიშრათ, კუნთების გადაღლის გამო გტკივათ ხელები...
ვებრძოლოთ თუ არა
პათოლოგიური დამოკიდებულების პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როდესაც ცნობიერებას რეალობისგან გაქცევის სურვილი იპყრობს. თავშესაფარი კი ნებისმიერი რამ შეიძლება აღმოჩნდეს, მათ შორის – ახალი ელექტრონული სათამაშოც. რეალური პრობლემებისგან გაქცევის ყოველგვარი მცდელობა ადამიანს მარტოსულად აქცევს და სულიერად (ამ შემთხვევაში – მატერიალურადაც) აღარიბებს. ასე რომ, გაჯეტომანიასთან ბრძოლა შეიძლება და უნდა ვებრძოლოთ კიდეცო, აცხადებს განვითარებული სამყარო და რეკომენდაციებსაც მრავლად გვთავაზობს: ვირტუალური და ესემეს-ურთიერთობის ჯანსაღი კონტაქტებით ჩანაცვლებას, საყვარელ სათამაშოებთან ურთიერთობისთვის მკაცრი ლიმიტის შემოღებას... რაც შეეხება ჩვენს, ქართულ სინამდვილეს, სანამ საქმე მკურნალობამდე მივა, პროგრესს ალბათ კიდევ საკმაო გზა აქვს გასავლელი, მანამდე კი უბრალოდ დავათვალიეროთ, რით ამაყობენ ცნობილნი და სახელგანთქმულნი.