მოუფრთხილდით დროებით მარგალიტებს
გააზიარე:
ჩვენს პაწიებს თვალისჩინივით ვუფრთხილდებით, ნეკა თითის წამოტკივებაც კი საზრუნავს გვიჩენს, ჭიან კბილს კი შესაძლოა ყურადღებაც არ მივაქციოთ.არადა ორგანიზმში იზოლირებული არაფერია. თუნდაც “ბიძია თომას ქოხი” გაიხსენეთ – მონების სიჯანსაღეს სწორედ კბილებით ამოწმებდნენ. ასე რომ, ღიმილის ექიმი ჩვენთვის ისევე ახლობელი უნდა იყოს, როგორც უბნის პედიატრი. როგორ დავიცვათ პაწაწინა მარგალიტები დაზიანებისგან, რამდენად სწორია ჩვენი წარმოდგენები სარძევე კბილებთან დაკავშირებით? გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგიქეთევან დავლაძე:
– ჩვენი პაციენტების სტომატოლოგიური პრობლემები ფაქტობრივად ბავშვობის ასაკიდან იწყება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია: ბოლო ხანს კარიესს ორი წლის ასაკშიც კი ვხვდებით. ეს ის პერიოდია, როდესაც პირის ღრუში ჯერ კიდევ არ არის ამოჭრილი ყველა სარძევე კბილი, ამიტომ ამ ასაკში კბილების კარიესით დაზიანება საგანგაშო მდგომარეობად შეაფასა უცხოეთის როგორც სტომატოლოგიურმა, ისე პედიატრიულმა საზოგადოებამ. ოთხი-ხუთი წლის ბავშვებს კი ზოგჯერ კბილები ისე აქვთ დაზიანებული, რომ შენარჩუნება შეუძლებელია. ჩემი კაბინეტიდან სულ რამდენიმე წუთის წინ გასულ ხუთი წლის გოგონას 20 სარძევე კბილიდან 14 კარიესით ჰქონდა დაზიანებული, დიდი ნაწილიდან კი ფესვებიღა იყო დარჩენილი.
– რა იწვევს კარიესს და რით არის საშიში მისი ნებაზე მიშვება?
– კბილის მაგარ ქსოვილებს კბილის ზედაპირზე განლაგებული ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი მჟავები აზიანებს. ამას სხვადასხვა მდგომარეობაც უწყობს ხელს. მაგალითად, სარძევე კბილების კარიესი უმთავრესად მუცლადყოფნის პერიოდის ფაქტორებით არის განპირობებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის მიმდინარეობას, ტოქსიკოზის არსებობა-არარსებობას, ვინაიდან ტოქსიკოზის დროს ორგანიზმი სითხეს და მასში გახსნილ მინერალურ ნივთიერებებს კარგავს. მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება სარძევე კბილების ჩანასახთა ფორმირება და მინერალიზაცია. თუ ჩანასახს საჭირო ნივთიერებები დააკლდა, ამოიჭრება გარეგნულად ჯანსაღი, მაგრამ სუსტი, დაზიანებისკენ მიდრეკილი კბილი. კბილებს კიდევ უფრო აზიანებს ორსულობის
დროს გადატანილი ინფექცია, რკინის დეფიციტი, რომელიც ჰემოგლობინის ნაკლებობით ვლინდება, ზოგიერთი პრეპარატი. დაბადების შემდეგ კი კბილების დაზიანებას გარეგანი ფაქტორებიც, მაგალითად, ტკბილეულის ჭარბი მიღება უწყობს ხელს. ბევრი მშობელი ღამით ატირებულ ბავშვს დასამშვიდებლად ჩაის, ფაფას ან სხვა ტკბილ საკვებს აძლევს. ზოგიერთი ბავშვი მთელი ღამე წოვს საწოვარიან ბოთლს. უფრო მოზრდილ ასაკში ამ ფუნქციას წარმატებით ითავსებენ კანფეტები. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხილის საწუწნ კარამელს კბილთან უფრო მეტხანს აქვს შეხება და ამიტომ უფრო მეტადაც აზიანებს, ვიდრე, ვთქვათ, შოკოლადი. საქმე ის არის, რომ შაქრები ბაქტერიების საყვარელი ნიადაგია, მათი დაშლის შედეგად წარმოქმნილი მჟავები კი მინანქარს აზიანებს და ბაქტერიებს საქმეს უადვილებს.
მშობლებს ჰგონიათ, რომ სარძევე კბილებს, აქაოდა მოსაცვლელიაო, ყურადღება არ სჭირდება. როცა მათ შვილის კარიესით დაზიანებულ კბილებს ვაჩვენებთ, თავს იმართლებენ, რაკი დროებითია, მკურნალობა საჭიროდ არ ჩავთვალეთო. ეს უხეში შეცდომაა. დაზიანებული კბილები, განურჩევლად იმისა, სარძევეა თუ მუდმივი, ალერგიზაციისა და ინტოქსიკაციის კერას წარმოადგენს (ისევე როგორც, ვთქვათ, ქრონიკული ტონზილიტი) და ბავშვის ორგანიზმს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გარდა ამისა, თუ პროცესი თვითდინებაზე მივუშვით, ძირითადი კბილის ჩანასახიც დაზიანდება და მუდმივი კბილი უკვე დაზიანებული ამოვა.
– ზოგიერთი მშობელი კარიესიანი სარძევე კბილის მკურნალობას მის ამოღებას ამჯობინებს...
– ესეც დიდი შეცდომაა. სარძევე კბილს თავისი ფუნქცია და პირის ღრუში ყოფნის განსაზღვრული ვადა აქვს, რომლის თვითნებურად დარღვევაც, რბილად რომ ვთქვათ არასწორია. მაგალითად, ამ რამდენიმე დღის წინ დიდხანს ამაოდ ვცდილობდით, მშობელი დაგვერწმუნებინა, 5 წლის ბავშვისთვის მეხუთე კბილი არ ამოეღო. საქმე ის არის, რომ კბილის ექსტრაქცია ხუთი წლით ადრე მოხდა, ბავშვისთვის კი ეს ძალიან დიდი დროა. ყველა კბილს გაფრთხილება სჭირდება, განაპირა მეხუთეს კი განსაკუთრებით. მოგეხსენებათ, ბავშვს სულ ოცი სარძევე კბილი აქვს. ექვსი წლის ასაკში მეექვსე ძირითადი კბილი ამოდის. თუ მას მეზობლად კბილი არ დახვდა, თავისუფლება და აუთვისებელი ტერიტორიების შემოერთება კბილებსაც უყვართ და აუცილებლად იქით გადაინაცვლებს, ხოლო 11-12 წლის ასაკში ამოსასვლელ მცირე ძირითად კბილს ადგილი აღარ დახვდება. აუცილებლად დაირღვევა თანკბილვა, საჭირო გახდება ხანგრძლივი ორთოდონტიული მკურნალობა.
– ბავშვის სტომატოლოგიურ სავარძელში გაჩერება კი ძნელი წარმოსადგენია... როდიდან უნდა დავიწყოთ სტომატოლოგთან რეგულარულად სიარული?
– მართლაც, ბავშვის ქცევა პედიატრიული სტომატოლოგიის მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, ექიმზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ უფრო ხშირად ეს მშობლების ბრალია. არაფრით არ შეიძლება ექიმით ბავშვის დაშინება. პირველი ვიზიტისთვის არც იმას უნდა დაველოდოთ, როდის იჩენს პრობლემა თავს. ამერიკელი პედიატრებისა და სტომატოლოგების რეკომენდაციით, ბავშვი სტომატოლოგთან პირველად ერთი წლის ასაკში უნდა მივიყვანოთ. რა თქმა უნდა, ამ ასაკში ბორმანქანა და ბურღი საჭირო არ არის. მხოლოდ პირის ღრუს, კბილებს ვათვალიერებთ, შესაძლოა, ჯაგრისით პროფილაქტიკური გამოხეხვაც ჩავუტაროთ. გარდა იმისა, რომ დედა პროფილაქტიკის შესახებ ზუსტ და პირადად მისი შვილისთვის საჭირო რჩევა-დარიგებებს იღებს, ბავშვიც სწავლობს, რომ კბილთან შეხება მტკივნეული არ არის, ეჩვევა კაბინეტს, სტომატოლოგს და მომავალში, როდესაც პრობლემა გაუჩნდება, უფრო ადვილად დაგვიჯერებს და დაგვემორჩილება. ბავშვი სწრაფად ეჩვევა თავის სტომატოლოგს, თუ მოეწონა და ენდო, სხვასთან, უბრალოდ, აღარ წავა. მადლიერებასაც უფრო მძაფრად განიცდის და გამოხატავს.
– არ შეიძლება ბავშვსაც მოზრდილთა სტომატოლოგმა უმკურნალოს?
– სამედიცინო საქმიანობას მოქმედი კანონი არეგულირებს. ყველა ექიმი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს. ბავშვთა სტომატოლოგიას არცთუ უმნიშვნელო თავისებურები აქვს. ცალკე საკითხია ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვთა სტომატოლოგია, როგორც თანამედროვე კლინიკური სტომატოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელ უამრავ თავისებურებას მოიცავს, ამიტომ მის დასაუფლებლად სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების მიღებაა აუცილებელი.
– მტკივნეული თუა სტომატოლოგიური მანიპულაციები?
– კბილის ექიმის შიში, მარტო ბავშვებს კი არა, დიდებსაც რომ ახასიათებთ, ძირითადად ტკივილის დამსახურებაა, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. თანამედროვე სტომატოლოგიას ადგილობრივი ანესთეტიკების სახით მძლავრი ინსტრუმენტი აქვს და ფაქტობრივად უმტკივნეულოა. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები ბავშვებისთვის დამახასიათებელი ქცევა და ფსიქიკის თავისებურებებიც. ბავშვთა სტომატოლოგიაში პაციენტების მომზადების ფსიქოლოგიურ და მედიკამენტურ მეთოდებს ფართოდ ვიყენებთ. ყოველი ცალკეული შემთხვევა საგანგებო განხილვის საგანია და გადაწყვეტილებასაც ამის მიხედვით ვიღებთ.
– დაბოლოს, რას გვირჩევთ, როგორ მოვუაროთ ბავშვის პირის ღრუს სხვადასხვა ასაკში?
– კბილების გაწმენდა შეგვიძლია კბილების ამოჭრისთანავე დავიწყოთ, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს არ იცის, მეორე ნაწილი კი არ აკეთებს. რა გასაკვირიც უნდა ჩანდეს, პირველი ორი კიჭის გამოხეხვაც შეიძლება სპეციალური, საბავშვო ჯაგრისით. ამასთანავე, უმჯობესია, კბილების წმენდას თამაშის ფორმა მივცეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვანია კბილის პასტის შერჩევა. პირველ ყოვლისა, საქმე ეხება პასტის – რთული ქიმიური პროდუქტის – ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას. მოგეხსენებათ, პატარა ბავშვები კბილის პასტას სიამოვნებით ყლაპავენ, ამიტომ პასტაც, ჯაგრისის მსგავსად, ბავშვის ასაკის შესაბამისად, სტომატოლოგის კონსულტაციის საფუძველზე უნდა შეირჩეს. ერთი სიტყვით, გირჩევთ, ამერიკელების მსგავსად, თქვენც ერთი წლის ასაკში მოიძიოთ შვილისთვის ბავშვთა სტომატოლოგი. მიიყვანეთ ბავშვი, თან წამოიღეთ მისი საყვარელი სათამაშო ან პლედი, ეცადეთ, რაც შეიძლება სასიამოვნოდ დაამახსოვრდეს ეს დღე, ამის შემდეგ კი, თუ ყველაფერი რიგზე იქნება, წელიწადში ორჯერ ესტუმრეთ ექიმს. ღრმულებსა და ტკივილზე აღარაფერს ვამბობ – კბილის ფერის შეცვლა და ლაქის გაჩენაც კი სტომატოლოგთან დაუყოვნებელი ვიზიტის საფუძველია.