თეთრზე თეთრი მარგალიტები
გააზიარე:
ჰოლივუდელი ლამაზმანები რას აღარ აკეთებენ, რომ მსოფლიოს თავი დაამახსოვრონ: ზოგიერთი სენსაციურ როლზე თანხმდება, ზოგიც, გუჩისა და არმანის სამოსში გამოპრანჭული, შოფინგზე დადის. და მაინც, მათი უმრავლესობა ერთი ფრიად სასიამოვნო დეტალით – ღიმილით გვამახსოვრებს თავს. ყველაზე მომხიბლავ ღიმილს სწორედ “ჰოლივუდურ ღიმილს” ვუწოდებთ, სწორედ ჰოლივუდელი ქალბატონების ქათქათა კბილებია ჩვენთვის მაგალითი.
რამდენიმე ნაბიჯი სასურველ მიზნამდე
დღეს კბილების გათეთრება სრულიადაც არ არის ძნელი. საკმარისია, სტომატოლოგს ამ კონკრეტული სურვილით მიმართო, რომ არც ექიმი დააყოვნებს და
არც შედეგი.
თავდაპირველად კარიესულ ღრმულებს დაგიბჟენენ და უკვე არსებულ ბჟენებს გამოგიცვლიან. დაბჟენა აუცილებელია, რათა გამათეთრებელმა ნივთიერებებმა (ისინი საკმაოდ აგრესიულები ბრძანდებიან) უფრო მეტად არ დააზიანონ ისედაც დაზიანებული კბილის ქსოვილი. ძველი, ფარშეცვლილი ბჟენებიც უნდა შეიცვალოს, თორემ გათეთრების შემდეგ კბილები, არც მეტი, არც ნაკლები, აჭრელდება.
მომდევნო ეტაპი
ვიდრე ექიმი კბილების გათეთრებას შეუდგება, მინანქარი უთუოდ უნდა გაიწმინდოს. ალბათ ხვდებით, რომ ამჯერად ჯაგრისი და კბილის პასტა არ გვეყოფა – გაწმენდა სპეციალური ტექნოლოგიით ხდება და უმთავრესად ნადების მოცილებას ისახავს მიზნად. ამგვარი პროცედურა მხოლოდ გათეთრების წინ კი არ უნდა ჩაიტაროთ, არამედ დროდადრო დამოუკიდებლადაც უნდა განახორციელოთ, მით უფრო – თუ დიდი ხანია სიგარეტს ეწევით, ყავას ეწაფებით და ამის გამო მინანქარი გამუქებული გაქვთ.
ბევრი მიიჩნევს, რომ კბილის გაწმენდის შედეგად მინანქარი ისედაც თეთრდება და ფერის საგანგებო დასმა აღარ სჭირდება, რაც სინამდვილეს არამც და არამც არ შეესაბამება. გაწმენდის შედეგად კბილის ფერი, თავისთავად ცხადია, უმჯობესდება, მაგრამ მალევე უბრუნდება ადრინდელს.
...დაბოლოს
კბილის მათეთრებლები შეიცავენ მეტად ძლიერმოქმედ ნივთიერებებს (მაგალითად, წყალბადის ზეჟანგს), რომლებიც კბილის მინანქარს სიმყიფეს სძენს. ეს გასაგებიცაა: ზეჟანგვის შედეგად (სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს მინანქარზე მათეთრებლის შეხებისას) წარმოიქმნება ჟანგბადის თავისუფალი ატომები, რომლებიც კბილის პიგმენტს ანადგურებს, ხოლო ადგილები, სადაც პიგმენტი ბინადრობდა, ცარიელი რჩება. ამის შედეგად მინანქარი ფიჭას ემსგავსება.
ერთი სიტყვით, გათეთრების პროცედურის შემდეგ კბილის ქსოვილი მეტისმეტად მგრძნობიარე და სათუთი ხდება. ამიტომ სასურველია, სტომატოლოგს ამ მიზნით მეტად იშვიათად (სამ წელიწადში ერთხელ) მივმართოთ. ერთი პროცედურა სავსებით საკმარისია, რომ კბილმა 2,5-3 წლის მანძილზე თეთრი ელფერი შეინარჩუნოს.
მერე?
პროფესიული გათეთრების დასასრულს სტომატოლოგი უთუოდ დაგარიგებთ, როგორ მოიქცეთ პროცედურის შემდეგ, თუმცა ორიოდე რჩევას ჩვენც მოგაწვდით:
. გათეთრების საკმაოდ აგრესიული პროცესის შემდეგ კბილის მინანქარი ტრავმირებულია, ამიტომ მას სათუთად უნდა მოვეპყროთ და რბილი ჯაგრისით გამოვიხეხოთ.
. გათეთრების შემდეგ მცირე ხნის განმავლობაში სასურველია ეგრეთ წოდებული უფერული დიეტის დაცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერადი საკვები შეძლებისდაგვარად უნდა ამოვიღოთ მენიუდან. ყველაზე მეტად ერიდეთ მაგარ ყავას, ჩაის, პომიდვრისა და სტაფილოს წვენს, წითელ ღვინოს.
. თუკი სიგარეტს ეწევით, მისთვის თავის დანებება მოგიწევთ, რადგან ახალგათეთრებული კბილი ღრუბელივით იწოვს ფერად პიგმენტებს და უფრო მეტად გაყვითლდება, ვიდრე გათეთრებამდე იყო.
შინაურული გათეთრება
კბილების გათეთრება შინაც შეიძლება, თუმცა ეფექტის თვალსაზრისით პროფესიული წმენდა-გათეთრება უკეთესია. არსებობს კბილის პასტები, რომელთა რეგულარული გამოყენებისას კბილის ელფერი რამდენიმე ტონით უმჯობესდება. არსებობს სპეციალური საღებავებიც, რომლებიც ასევე ეფექტურად ათეთრებს მინანქარს, მაგრამ მათი გამოყენება სტომატოლოგის კონსულტაციის გარეშე არამც და არამც არ შეიძლება.