როდის სჭირდება კბილს ამოღება
გააზიარე:
თანამედროვე სტომატოლოგიის დამზოგველი და უმტკივნეულო მეთოდების მიუხედავად, დღემდე არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კბილის მკურნალობას მისი ამოღება ურჩევნიათ, მაგრამ თუ ძველად ამოღება მტკივანი კბილის ერთადერთი საშველი იყო, დღეს ექიმი ყველანაირად ცდილობს მის შენარჩუნებას. თუ კბილის ექსტრაქცია მაინც დაგჭირდათ, დალაქთან ან მჭედელთან მისვლა არ მოგიწევთ – ამ ოპერაციას ქირურგი სტომატოლოგი ჩაგიტარებთ.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” სტომატოლოგი, ქირურგიკატო გამცემლიძე:
– ანტიბიოტიკების აღმოჩენამდე კბილის ქრონიკული ინფექციები ჯანმრთელობის პრობლემებს უკავშირდებოდა, ამიტომ ამა თუ იმ დაავადების დროს კბილის ამოღება რუტინულ მანიპულაციად მიიჩნეოდა. დღეს სტომატოლოგიის მთავარი მიზანი კბილის ამოღება კი არა, შენარჩუნებაა. ამის კვალობაზე, მკვეთრად შემცირდა კბილის ამოღების ჩვენებათა რიცხვიც.
– სახელდობრ, როდის არის აუცილებელი კბილის ამოღება?
– კბილი უნდა ამოვიღოთ, თუ:
. სავსებით დაშლილია მისი გვირგვინი, ხოლო ფესვი გამოუსადეგარია;
. მესამე ხარისხით არის მორყეული პაროდონტის დაავადებების გამო;
. მოტეხილობის ხაზზე დგას, რითაც ხელს უშლის ძვლის ფრაგმენტების შეხორცებას, იწვევს ანთებით გართულებებს და არ ემორჩილება თერაპიულ მკურნალობას;
. არასწორად და რკალგარეშეა ამოჭრილი და ორთოპედიული და ორთოდონტიული თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არ გააჩნია;
. ამოუჭრელია ან არასრულად არის ამოჭრილი, იწვევს გართულებებს და მისი ამოჭრის შესაძლებლობა აღარ არსებობს.
კბილი ასევე შეიძლება ამოვიღოთ თანკბილვის ანომალიის აღმოსაფხვრელად.
– რატომ სჯობს კბილის ამოღება მაშინ, როდესაც ის არ გვტკივა?
– თუ კბილის ქრონიკული დაავადება გვაქვს და კბილის შენარჩუნება ვერ ხერხდება, სჯობს, იგი მდგომარეობის გამწვავებამდე ამოვიღოთ, ვინაიდან ანთებითი მოვლენების არსებობისას ქირურგიული მანიპულაციების ჩატარება არ არის მიზანშეწონილი – გართულების რისკი უფრო მეტია.
– როდის უნდა შევიკავოთ თავი კბილის ამოღებისგან?
– კბილის ამოღების აბსოლუტური უკუჩვენება არ არსებობს, მაგრამ ცნობილია შედარებითი უკუჩვენებები – ფაქტორები, რომელთა თანაობისას შესაძლოა ექიმმა ამ ოპერაციისგან თავი შეიკავოს. ესენი გახლავთ:
. სისხლის სისტემური დაავადებები;
. ჰემოფილია, სისხლის შედედების დაქვეითება;
. ორსულობის პირველი და მესამე ტრიმესტრი;
. დიაბეტური კომა;
. 2-3 დღე მენსტრუაციამდე და მის შემდეგ;
. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
. ნერვული სისტემის ორგანული და ფუნქციური დაზიანებები;
. ინსულტის მწვავე სტადია;
. ფსიქიკური აშლილობა გამწვავების პერიოდში;
. პარენქიმული ორგანოების მწვავე დაავადებები;
. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები (წყლულოვანი გინგივიტი, სტომატიტი).
საზოგადოდაც და ამგვარ შემთხვევებშიც კბილის ამოღების დიდხანს გადადება არ შეიძლება.
კბილი უნდა ამოვიღოთ განსაკუთრებული სიფრთხილით, შესაბამისი დარგის სპეციალისტთან კონსულტაციისა და პაციენტის კლინიკური და ფსიქოემოციური მომზადების შემდეგ.
– როგორ დავძლიოთ კბილის ამოღების შიში?
– ამ კუთხით მეტად მნიშვნელოვანია ექიმის სიმშვიდე, პაციენტისადმი გულისხმიერი დამოკიდებულება, უნარი, მოუსმინოს და გაიზიაროს მისი არა მხოლოდ
ჯანმრთელობის, არამედ ცხოვრებისეული პრობლემებიც. მან პაციენტს უნდა მიაწოდოს დაწვრილებითი ინფორმაცია კბილის ამოღებასთან დაკავშირებული მოსალოდნელი შეგრძნებების შესახებ. ექიმის ასეთი დამოკიდებულება პაციენტს მის მიმართ ნდობას აღუძრავს და შიშსაც ადვილად დააძლევინებს. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, შეიძლება ჩატარდეს მედიკამენტური პრემედიკაცია.
– რატომ მიიჩნევა სიბრძნის კბილების ამოღება შედარებით რთულ მანიპულაციად?
– მას შემდეგ, რაც ადამიანის კვებითი რაციონი შეიცვალა, – მაგარი და უხეში საკვების წილი შემცირდა, – მესამე მოლარი რუდიმენტულ ორგანოდ იქცა. ამაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ გახშირდა მერვე კბილის ჩანასახის არარსებობა, მისი სრული თუ არასრული შეკავება, არასწორი მდებარეობა ყბის ძვალში. ასეთი მერვე კბილის ამოსაღებად კეთდება განაკვეთი ლორწოვან გარსზე, შრევდება ლორწოვან-ძვლისსაზრდელას ნაფლეთი, ბორმანქანით იხსნება ძვლის გარეთა კორტიკული ფირფიტა, შიშვლდება კბილის გვირგვინი, ხშირად ხდება გვირგვინოვანი და ფესვოვანი ნაწილების განცალკევება (სეპარაცია), საბოლოოდ ხდება კბილის ექსტრაქცია და ლორწოვან გარსს ედება კვანძოვანი ნაკერები. კბილთა რკალში მდგომი სრულად ამოჭრილი მერვე კბილის ამოღება განსაკუთრებულ სირთულეს არ წარმოადგენს.
– რა სახის გაუტკივარებას გვთავაზობს თანამედროვე სტომატოლოგია?
– ნებისმიერი მტკივნეული სტომატოლოგიური მანიპულაცია წარმოუდგენელია ანესთეზიის (გაყუჩების) გარეშე. არც კბილის ექსტრაქციაა გამონაკლისი. სხვა მანიპულაციების მსგავსად, ისიც უმეტესად ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება ზოგად ანესთეზიასაც მივმართოთ.
კბილების ექსტრაქცია ხორციელდება რეგიონული (გამტარი) და ინფილტრაციული ანესთეზიით, ზედა და ქვედა ყბის ძვლის ანატომიური აგებულების თავისებურებათა გათვალისწინებით. იგივე შეიძლება ითქვას ცალკეული კბილის ამოღების ტექნიკაზეც. გაუტკივარების მეთოდი ინდივიდუალურად შეირჩევა. ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პირებს შეიძლება გავუკეთოთ დამამშვიდებელი პრეპარატი, ძლიერ მშიშარა, ისტერიკულ პაციენტებს კი კბილის ამოღების ოპერაცია აუცილებლად ზოგადი გაუტკივარების ფონზე უნდა ჩაუტარდეთ.
ამჟამად სტომატოლოგიურ პრაქტიკაში ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებად ფართოდ გამოიყენება ამიდები (ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ მეპივაკაინისა და არტიკაინის ჯგუფის ანესთეტიკებს – მეპივასტეზინს, ულტრაკაინს). ამ პრეპარატების გამოყენება ნებადართულია ორსულებისთვისაც (თუმცა სასურველი არ არის ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებში) და ბავშვებისთვისაც ხუთი წლიდან, თუმცა არ არის მიზანშეწონილი ორსულებისთვის ვაზოკონსტრიქტორების შემცველი ადგილობრივი ანესთეტიკების: ადრენალინის, ნორადრენალინის, ეფედრინის და სხვათა გამოყენება. ეს პრეპარატები დამხმარე საშუალებებია, მათი მიზანი გახლავთ ადგილობრივი ანესთეტიკის ეფექტის გაზრდა, პრეპარატის შეწოვის სისწრაფის შემცირება და მისი მოქმედების გახანგრძლივება.
ბავშვებსა და იმ პაციენტებს, რომელთა ანამნეზი დატვირთულია ალერგიული დაავადებებით, რეკომენდებულია წინასწარ ჩაუტარდეთ ალერგიული სინჯი.
– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს კბილის ამოღებას?
– ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაცია, კბილის ამოღებაც შეიძლება გართულდეს. გართულება შეიძლება მოჰყვეს როგორც გაუტკივარებას (გულის წასვლა, კოლაფსი, ანაფილაქსიური შოკი, ინექციის შემდგომი ტკივილი და შეშუპება, კრიჭის შეკვრა და სხვა), ისე უშუალოდ ექსტრაქციას (კბილის მოტეხვა, მეზობელი კბილის მოტეხვა ან ამოვარდნა, ალვეოლიტი, სისხლდენა, კბილბუდის ტკივილი და სხვა). როდესაც კბილის ამოღების ცალკეული მომენტები ტექნიკურად სრულყოფილად სრულდება, პაციენტი ითვალისწინებს ექიმის რჩევა-დარიგებას, გართულებების ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.
– რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა კბილის ამოღების შემდეგ?
– ლილვაკი, რომელიც კბილის ამოღების შემდეგ ედება კბილბუდეს სისხლდენის შესაჩერებლად, პაციენტმა 15-20 წუთი უნდა გაიჩეროს; კბილის ამოღებიდან სამი საათის განმავლობაში უნდა მოერიდოს ჭამას, ხოლო მეორე დღემდე თავი არიდოს ცხელი საკვებისა და სასმლის მიღებას. ამოღების დღეს ასევე არ არის რეკომენდებული პირის ღრუში სავლების გამოვლება – ეს ხელს უშლის სისხლის კოლტის წარმოქმნას და შენარჩუნებას, რომელიც ბიოლოგიური ნახვევის როლს ასრულებს. სასურველია, პაციენტი 24 საათის შემდეგაც მოერიდოს ჩაის, ყავას, რძის ნაწარმს, ალკოჰოლსა და ნიკოტინს, რომელებიც ხელს უშლიან ჭრილობის შეხორცებას. ასევე, ფრთხილად იყოს, განსაკუთრებით – კბილების გამოხეხვის დროს, რათა ჭრილობას თითებით, ენით ან ჯაგრისით უნებლიეთ ტრავმა არ მიაყენოს. სასურველია, ერიდოს ფიზიკურ გადაძაბვას.
რთული ექსტრაქციის შემდეგ ინიშნება ტკივილგამაყუჩებელი და ანტიბაქტერიული თერაპია; ადგილობრივად – ცივი, დამწოლი ნახვევი. ნაკერები (თუ დაედო) მეშვიდე-მეათე დღეს იხსნება.