გულყვითელა (Calendula officinalis)

გააზიარე:

გულყვითელა, რომელსაც კალენდულასაც უწოდებენ, საფრანგეთის დედოფლის მარგარიტა ვალუას საყვარელი ყვავილი ყოფილა. პარიზში, ლუქსემბურგის ბაღში, დგას ქანდაკება, სადაც დედოფალს გულყვითელების თაიგული უჭირავს ხელში.
შუა საუკუნეების მცენარეთა ერთ-ერთ სახელმძღვანელოში ეწერა: საკმარისია, გულყვითელას ერთადერთი მზერა ესროლო, რომ უმალ კარგ გუნებაზე 
დადგები და თვალისჩინიც დაგიბრუნდებაო.
გულყვითელას შუა საუკუნეებამდეც კარგად იცნობდნენ. ამ მცენარის სამკურნალო თვისებები პირველებმა ბერძნებმა დააფასეს. გულყვითელათი ისინი ჭრილობებს, ფურუნკულებს და სიმსივნეებსაც კი მკურნალობდნენ. რომის იმპერიის ეპოქაში ამ ყვავილს წვრილი თაღლითები იყენებდნენ: ხარისხიანი სუნელების ნაცვლად მუშტარს გულყვითელას დაფქულ ყვავილებსა და ფოთლებს სთავაზობდნენ. ერთი იმდროინდელი მეცნიერი კი წერდა, რომ თუ ორსული დაპრესილ გულყვითელას საშოში მოითავსებდა, მუცელი მოეშლებოდა.
ავიცენა გულყვითელას ნაყენით საჯდომი ნერვის ანთებას, მოწამვლას, გველის ნაკბენს მკურნალობდა, ახლადგამოწურულ წვენს კი ქალებს მენსტრუაციული ციკლის მოსაწესრიგებლად სთავაზობდა. სხვადასხვა ეპოქის ექიმები კალენდულას სხვადასხვა პრობლემის, მაგალითად, შეშუპების, კანის დაავადებების, შაკიკის, ინტოქსიკაციის, ძუძუს კიბოს სამკურნალოდ იყენებდნენ. შუა საუკუნეებში მოღვაწე ფიტოთერაპევტებს მიაჩნდათ, რომ გულყვითელა მზის ენერეგიით იყო გაჯერებული. მას მზიან დღეს, შუადღისას კრეფდნენ, ქილებში აწყობდნენ, მზეზე ფენდნენ და რამდენიმე დღის შემდეგ წურავდნენ. ამ გზით მიღებული წვენი ეფექტურად აშუშებდა ჭრილობებს.
აშშ-ში გულყვითელას გამოყენება XIX საუკუნიდან დაიწყეს და დღემდე აქტიურად იყენებენ, თანაც არამხოლოდ სამკურნალოდ – ამერიკელები, ისევე როგორც ბრიტანელები, გულყვითელას წვნიან კერძებში, სალათებში ამატებენ, მისი ყვავილებით კი ხშირად სადღესასწაულო კერძებს რთავენ.
გულყვითელას ყვავილები მდიდარია ეთერზეთებით, საპონინებით, ლორწოვანი ნივთიერებით, კაროტინით, ლიკოპენით, ფლავონოიდებით, ორგანული მჟავებით, ალკალოიდებით. მცენარის ბალახოვანი ნაწილი და ფოთლები გაჯერებულია საპონინებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ფესვებში კი საპონინებია დაგროვილი. ყვავილებისგან დამზადებული ნაყენებსა და ნახარშებს ანთების საწინააღმდეგო და მადეზინფიცირებელი თვისებები აქვს. დადგენილია, რომ კალენდულას შემცველი პრეპარატები დამამშვიდებელ, არტერიული წნევის დამწევ, გულის მუშაობის გამააქტიურებელ გავლენას ახდენს. ამ მცენარის ფიტოპრეპარატები გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, გასტრიტის, ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების დროს, ხშირად ინიშნება კლიმაქსური სინდრომის დროსაც, ყველაზე ფართოდ კი მაინც კანის, პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

გულყვითელასგან ნაყენები და ნახარშები შემდეგნაირად მზადდება:
. აიღეთ 1 ს. კ. გამომშრალი ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ერთი საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიღებული ნაყენი ივლეთ ანგინის, სტომატიტისა და გინგივიტის დროს.
. აიღეთ 1 ჩ. კ. ყვავილი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ, შემდეგ გულდასმით გაფილტრეთ. ამ ნაყენში დასველებული საფენები თვალებზე დაიწყვეთ კონიუნქტივიტის, ბლეფარიტის, ფურუნკულის დროს.
. სპირტხსნარის დასამზადებლად აიღეთ 25 გ გულყვითელას გამომშრალი ყვავილი, დაასხით 100 მლ 70%-იანი სპირტი ან არაყი, დააყენეთ 15 დღის განმავლობაში და გაფილტრეთ. მიიღეთ 20-30 წვეთი დღეში 3-ჯერ, ოღონდ დიდხანს. კალენდულას წვეთები აწესრიგებს ძილს, ამაღლებს შრომის უნარს. ამასთანავე, მარგებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის პრობლემების დროს.

გააზიარე: