კატაბალახა (Valeriana officinalis)

გააზიარე:

კატაბალახას ნაყენი აბი გლუკოზასავითაა: ნერვიულობ, გულისცემა გაქვს გახშირებული თუ უძილობა გაწუხებს, მხსნელად კარადაში საგულდაგულოდ 
შენახული ვალერიანის წვეთები გევლინება. 25-მდე ითვლი (წვეთებს!) და დამშვიდების იმედით ერთ ყლუპად სვამ. ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და ხშირად ასე ვიქცევით ჩვენც. როგორც ჩანს, კატაბალახას სამკურნალო თვისებების შესახებ არსებული შეხედულება მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს.
კატაბალახას შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი ეთერზეთი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დამამშვიდებელ ზემოქმედებას ახდენს. გარდა ამისა, ავლენს სუსტ ტკივილგამაყუჩებელ, სპაზმის მომხსნელ, მადის დამქვეითებელ ეფექტს. ფართოდ იყენებენ მის სპირტხსნარს, თუმცა არანაკლებ ეფექტურია ნაყენი, რომელიც ამგვარად მზადდება: ვიღებთ 10 გრამამდე გამომშრალ და დაქუცმაცებულ ფესვს, ვასხამთ ერთ ჭიქა წყალს და მცირე ხნით ვდგამთ. მზა ნაყენს დღეში რამდენიმეჯერ ვიღებთ სადილის კოვზით.
გერმანელი ფიტოთერაპევტები კატაბალახას ნაყენს ასე ამზადებენ: იღებენ მცენარის ერთ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს, ასხამენ ანადუღარ ცივ წყალს და 8 საათით აყენებენ, დროდადრო კოვზით ურევენ. შემდეგ ნაყენს ფილტრავენ, ატკბობენ და დღის განმავლობაში ორჯერ – დილა-საღამოს – სვამენ.
კატაბალახას წვეთებისა თუ ნაყენის დიდი დოზით და ხანგრძლივად მიღება სულაც არ ყოფილა უსაფრთხო – ერთი შეხედვით (გასინჯვით!) უვნებელი ბალახი შესაძლოა თავის ტკივილისა და შფოთვის მიზეზად იქცეს. სიფრთხილე მართებთ მათაც, ვისაც სისხლის შედედების უნარი მომატებული აქვს.

ახლა კი ინფორმაცია მათთვის, ვისაც კატაბალახას შინ მოყვანა გადაუწყვეტია
ეს მცენარე თესლითა და ფესვით მრავლდება. აიღეთ ფესვი, დააჭერით გვერდებიდან გამომავალი ბუსუსა ფესურები და მიწაში ჩარგეთ. თუკი ფესვი დიდი ზომისაა, შეგიძლიათ, პირდაპირ ნიადაგში უკრათ თავი, მომცრო კი უმჯობესია ერთხანს მიწით სავსე ყუთში ან ქოთანში ჩარგოთ და ფანჯრის რაფაზე შემოდგათ.
თესლი თავდაპირველად მიწით სავსე ქოთანში ან ყუთში ჩაყარეთ. სასურველია, კვადრატულ მეტრზე 1-2 გ თესლი გაფანტულად ან მწკრივად 1-2 სმ სიღრმეზე დათესოთ. კვალში გადარგვა 1-1,5 თვის შემდეგ იქნება შესაძლებელი. დაიხსომეთ: კვლებს შორის დაშორება 50-60 სმ უნდა იყოს.
კატაბალახა მრავალწლოვანი მცენარეა. პირველ წელს იგი არ ყვავილობს. სასურველია, მეორე წელს დაელოდოთ და შემდეგ ამოძირკვოთ, თუმცა თუ სულმა წაგძლიათ, არც იმით დაიქცევა ქვეყანა, თუ მოსავალს პირველსავე წელს აიღებთ. უფრო დიდი ზომის ფესვის მისაღებად შეგიძლიათ, მცენარეს ყვავილოვანი ნაწილი მოაჭრათ.
თესვა უმჯობესია გაზაფხულზე დაიწყოთ, მოსავლის აღება კი ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით გახლავთ სასურველი.

გააზიარე: