ლოგინობის ხანის პრობლემები
გააზიარე:
რას უნდა ველოდეთ
ბედნიერი, საოცრად ბედნიერი – ეს ის ერთადერთი განცდაა, რომელიც ქალს მშობიარობის შემდეგ ეუფლება. უფრო სწორად, თითქმის ერთადერთი,
რადგან ახალნამშობიარევისთვის არც დაღლილობა, დისკომფორტი და განწყობის ცვალებადობაა უცხო. თუ ორსულობის დროს წონაც მოიმატა, მისი დაკლება კიდევ ერთ თავსატეხად ექცევა.
ჩვენში ორსულობის შემდგომ პერიოდს ლოგინობის ხანას ეძახიან. წამოწოლა და დასვენება ქალს ამ პერიოდში ნამდვილად არ აწყენდა, მაგრამ ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული საზრუნავი ამის საშუალებას იშვიათად იძლევა. მით უმეტეს, როცა სხვა პრობლემებიც თავზე საყრელადაა. ამჯერად სწორედ მშობიარობის შემდგომ პრობლემებზე გესაუბრებით და იმასაც გაგიმხელთ, როგორ დააღწიოთ მათ თავი.
პატარ-პატარა უსიამოვნებები
მელოგინეს უმეტესად აწუხებს:
. მკერდის ტკივილი. რძის მოდინების პერიოდში სარძევე ჯირკვლები შუპდება და მტკივნეული ხდება. მათი დაცლისთანავე დისკომფორტი ქრება. ეს პრობლემა უმეტესად ლაქტაციის დასაწყისში იჩენს თავს სულ რამდენიმე დღით.
. ეპიზიოტომიის შედეგი. მშობიარობის დროს ხშირად საჭირო ხდება საშოს შესასვლელთან, შორისის მიდამოში, განაკვეთი გაკეთდეს. შემდეგ ამ ჭრილობას კერავენ. ამის გამო მელოგინეს გარკვეული ხნის განმავლობაში, ვიდრე ჭრილობა ბოლომდე შეხორცდება, უჭირს ჯდომა. შესაძლოა, ტკივილი გაამძაფროს ცემინებამ და ხველებამ.
. ბუასილი. მშობიარობის დროს ეს პათოლოგია, წესისამებრ, მწვავდება. არც ის არის გამორიცხული, ჰემოროიდულმა კვანძებმა პირველად სწორედ ამ დროს წამოყონ თავი.
. ყაბზობა. მშობიარობის შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ნაწლავებმა შესაძლოა მოქმედებაზე უარი განაცხადონ, ხოლო მათი მოქმედების დროს, თუ ქალს შორისის მიდამოში ნაკერები ადევს ან ბუასილი აწუხებს, ძლიერ ტკივილსა და დისკომფორტს განიცდის.
. ალები. წამოხურების მსუბუქი შეგრძნება ჰორმონული დისბალანსის ბრალია, თუმცა ჰორმონული ფონი მალევე დგება მწყობრში.
. შარდის შეუკავებლობა. მშობიარობის დროს, განსაკუთრებით – მისი გახანგრძლივებისას, შესაძლოა შორისის კუნთები ზომაზე მეტად დაიჭიმოს და შარდსადენის სფინქტერი მწყობრიდან გამოვიდეს. ამ დროს ხველება და ცემინება უნებლიე შარდვას იწვევს – შარდსადენიდან შარდი წვეთებად მოედინება. ამგვარი დისკომფორტი, როგორც წესი, დროებითია.
. გამონადენი საშოდან. ის მენსტრუაციულ სისხლდენაზე გაცილებით უხვია, შეიცავს კოლტებს და დიდხანს არ წყდება – უმეტესად თვეზე მეტხანს გასტანს.
. ჭარბი წონა. განურჩევლად იმისა, რამდენი კილო მოიმატა ქალმა ორსულობისას, მშობიარობის შემდეგ ზედმეტი კილოგრამებისგან სწრაფად გათავისუფლებას ლამობს. მშობიარობის დასრულებისთანავე გარკვეული (ნაყოფის, პლაცენტისა და სანაყოფე წყლების) წონა ქალს ყოველთვის აკლდება, თუმცა ეს ხშირად სულაც არ არის საკმარისი.
. დეპრესია. მსუბუქი ნაღვლიანობიდან მძიმე დეპრესიამდე – განწყობის ასეთი ცვალებადობა ცვლილება მელოგინეებს არცთუ იშვიათად აწუხებთ. ეს საშიში არ არის. მშობიარობისშემდგომ შემოპარულ ნაღველს ამერიკელი ექიმები “ბეიბი ბლუზს” უწოდებენ და ოჯახის წევრებს სთხოვენ, გაგებით მოეკიდონ ქალის ჭირვეულობას, რადგან ის მალე თავისთავად გაივლის. თუმცა ორსულთა დაახლოებით 20%-ს დეპრესია დიდხანს რჩება. განწყობის ცვალებადობაც გაცილებით მძაფრია. ამ მდგომარეობას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ეწოდება და მკურნალობას მოითხოვს.
ყველაფერი გაივლის
ორგანიზმი თვეობით ემზადება მშობიარობისთვის, შემდეგ კი დრო სჭირდება, რათა კვლავ მწყობრში ჩადგეს. ბუნებრივი მშობიარობის შემთხვევაში სარეაბილიტაციო პერიოდი უფრო ხანმოკლეა, ვიდრე საკეისრო კვეთისას.
საკეისრო კვეთის შემდეგ მძაფრი ტკივილი ორი დღის მანძილზე გრძელდება, მერე კი თანდათანობით იკლებს. ამ პერიოდში მელოგინეს, წესისამებრ, ტკივილგამაყუჩებლებს უკეთებენ.
ოპერაციის შემდეგ უთუოდ ჰკითხეთ სპეციალისტს, როდის არის რეკომენდებული შხაპის მიღება, რამდენად უსაფრთხოა ბავშვის ხელით ტარება და ა. შ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, როგორც კი შეამჩნევთ ჭრილობის სიწითლეს, შეშუპებას, აუტანელ ტკივილსა და გამონადენს.
მენიუს ერთადერთი კომპონენტი
ეს დედიკოს რძეა. იმისთვის, რომ პაწიას ყველაზე სასარგებლო და გემრიელი საკვები არ მოაკლდეს, ახალგამომცხვარმა დედამ ბევრი სითხე, ვიტამინებით
მდიდარი საკვები უნდა მიიღოს და ძილი არ მოიკლოს.
ლაქტაციის პერიოდში სითხის სმა სასარგებლოა, მაგრამ არა ყველანაირი სითხისა. ერიდეთ კოფეინის შემცველ სასმელებს (ყავას, კოკა-კოლას). საამისოდ ორი მიზეზი არსებობს: ჯერ ერთი, კოფეინი შარდმდენია და, შესაბამისად, ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას უწყობს ხელს, ამიტომ რძის მოცულობაც იკლებს, მეორე მიზეზი კი ის არის, რომ შესაძლოა, ბავშვი ნაწლავთა ჭვალმა შეაწუხოს.
თუ ძუძუ რძისგან მთლიანად არ დაიცალა, მკვრივდება და მტკივნეული ხდება. ყველაზე ეფექტური წამალი ამ დროს პაწიას ხშირი კვებაა, მაგრამ თუ ბავშვი ცოტას წოვს, ძუძუს გამოწველაა საჭირო. სასარგებლოა მასაჟი და თბილი შხაპიც.
გაითვალისწინეთ: თუ სარძევე ჯირკვლები მეტისმეტად გაგიმაგრდათ, შეგიწითლდათ და გაუსაძლისად აგტკივდათ, ტემპერატურამ აგიწიათ და გამცივნებთ, შესაძლოა, მასტიტი ჩამოყალიბდა. ამ შემთხვევაში უთუოდ მიმართეთ ექიმს. ის, სავარაუდოდ, ანტიბიოტიკს მიღებას გირჩევთ.
ბევრს ჰგონია, თითქოს ძუძუთი კვების პერიოდში დაფეხმძიმება შეუძლებელია. რეალურად ასე არ არის. თუნდაც მენსტრუაციული ციკლი ჯერ არ იყოს აღდგენილი, დაორსულების ალბათობა მაინც არსებობს. ასე რომ, თუ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას არ აპირებთ, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება მოგიწევთ. მათ შერჩევაში ექიმი დაგეხმარებათ.
ვაგვარებთ პრობლემებს
დისკომფორტი, რომელიც მშობიარობის შემდეგ იჩენს ხოლმე თავს, არცთუ ისე ძნელი მოსაგვარებელია:
. შორისის ჭრილობის დასაამებლად კარგია მჯდომარე აბაზანების მიღება, ყინულის ღრუბლის დადება. ჭრილობის არე ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ დაიბანეთ. ჩასაბანად თავდაპირველად გრილი წყლის გამოყენება მოგიხდებათ, შემდეგ თბილზე გადადით.
. ყინულის დადება და მჯდომარე აბაზანების მიღება ჰემოროიდული კვანძების დასაამებლადაც გამოგადგებათ. შეკრულობისა და ბუასილის სამკურნალოდ სანთლები თვითნებურად არამც და არამც არ შეარჩიოთ, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.
. ყაბზობის პროფილაქტიკისთვის, ისევე როგორც ბუასილის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, საუკეთესოა ბევრი სითხისა და უჯრედისით მდიდარი საკვების (ხილისა და ბოსტნეულის) მიღება.
. მშობიარობის შემდგომი შარდის შეუკავებლობა თავისთავად გაივლის, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, დისკომფორტის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ ჰიგიენური საფენები ატაროთ.
და თუ ვერ ვაგვარებთ...
ვუხმობთ ექიმს.
სპეციალისტს მიმართეთ, თუკი:
. სხეულის ტემპერატურამ უეცრად 38 გრადუსამდე ან მეტად აიწია;
. საფენის გამოცვლა გაცილებით ხშირად გიწევთ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სისხლდენამ მოიმატა.
. საფენზე კოლტები მეტისმეტად უხვად რჩება.
. ჭრილობა, საკეისრო კვეთის შედეგი იქნება ის თუ ეპიზიოტომიისა, შეწითლდა, შესივდა და უფრო მტკივნეული გახდა.
. სარძევე ჯირკვლები ძლიერ გაგიმაგრდათ, გტკივათ და სიცხემაც აგიწიათ;
. საშოდან გამონადენი სუნიანი გახდა.
. დაგეწყოთ მტკივნეული შარდვა ან შარდს პრაქტიკულად ვეღარ იკავებთ.
. შეგაწუხათ ხველამ, გულმკერდის ტკივილმა ან გულისრევამ და პირღებინებამ.
. საკუთარ თავს ხასიათის მკვეთრი ცვლილება, პერმანენტული დეპრესია შეამჩნიეთ.