გვიანი ორსულობა

გააზიარე:

სიხარულმა ასაკი არ იცის
სულ რაღაც საუკუნის წინათ 35 წლის ქართველი ქალი ბებიობაზე აცხადებდა პრეტენზიას. რა გასაკვირია: 12-13 წლის გოგონები თხოვდებოდნენ და შვილებსაც აჩენდნენ, რომლებიც, დედების დარად, ადრე იდგამდნენ ოჯახის უღელს… თანამედროვე ქალების უმრავლესობას კი განზრახული აქვს, დედობის სიხარულს სწორედ 35 წლის შემდეგ ეზიაროს. შესაძლოა, ქართველ ქალებს ასეთი აზრი შედარებით იშვიათად უჩნდებოდეთ, მაგრამ, რა დასამალია, დასავლური ტენდენციები უკვე ჩვენს სოციუმშიც შეინიშნება.


პლუს ასაკი, მინუს კვერცხუჯრედი

ასაკთან ერთად ქალის შვილოსნობის უნარი რომ მცირდება, ქალმაც იცის და კაცმაც. თურმე გოგონა კვერცხუჯრედების განსაზღვრული ნაკრებით იბადება. ეს პაწაწინა, ახალი ორგანიზმის ჩასახვისთვის ესოდენ საჭირო უჯრედები ახალშობილ მდედრს შესაძლოა მილიონამდე ჰქონდეს, მოწიფულ ასაკში კი მათი რიცხვი 300 000-მდე მცირდება, საიდანაც გასანაყოფიერებლად მთელი რეპროდუქციული ასაკის მანძილზე მხოლოდ 300 ცალი მწიფდება, ხოლო 50 წლის შემდეგ საკვერცხეში ორიოდე ცალი თუ რჩება და ზოგჯერ ისიც არა...
რეპროდუქციული მედიცინის ამერიკული საზოგადოების მონაცემებით, 30 წლის ჯანმრთელი ქალის დაორსულების ალბათობა თვის განმავლობაში სულ რაღაც 20%-ია, ხოლო 40-ს მიტანებულისა – 5%.


წლების მოტანილი პრობლემა
ითვლება, რომ ორსულობისთვის საუკეთესო ასაკი 20-29 წელია, თუმცა ეს მხოლოდ პირველ ორსულობას ეხება, მეორე და მომდევნო შვილის გასაჩენად კი ლამის ყველა ასაკი იდეალურია. მცირე ხნის წინ უკვე 20 წელს გადაბიჯებული გოგონა ითვლებოდა ხანდაზმულ პირველმშობიარედ. სადღეისოდ ამ ზღვარმა მთელი 15 წლით გადაიწია და ამჟამად გვიან ორსულობად 35 წელი მიიჩნევა.
გარდა იმისა, რომ 35 წელს გადაცილებულ ქალებს დაორსულება უჭირთ, ხშირია რიგი პათოლოგიური მდგომარეობის აღმოცენების საფრთხეც. კერძოდ, ასაკოვან ორსულებს უფრო ხშირად აღენიშებათ ჰესტოზი (ორსულთა ტოქსიკოზი), მაღალი არტერიული წნევა (რომელიც შესაძლოა მძიმე ჰესტოზის ერთ-ერთი გამოვლინება იყოს), შაქრიანი დიაბეტი (შესაძლოა, მშობიარობის შემდეგ გაქრეს კიდევაც), პლაცენტის წინამდებარეობა, სამშობიარო ძალების სისუსტე, ნაყოფის ჰიპოქსია (ჟანგბადოვანი შიმშილი). 35 წელს გადაცილებულ ორსულებს შორის უფრო ხშირია საკეისრო კვეთის აუცილებლობა. სტატისტიკამ აჩვენა ისიც, რომ ასაკოვან ორსულებს უფრო ხშირად უჩნდებათ ტყუპი.
ასაკოვან დედიკოებს ხშირად აქვთ პრობლემები მშობიარობის შემდეგაც. უმეტესად ეს ლაქტაციას უკავშირდება – პაწიას დედის რძე ხშირად არ ჰყოფნის და იძულებულია, გემო ხელოვნურ საკვებს გაუსინჯოს. 
გენეტიკური პათოლოგიის მატარებელი კვერცხუჯრედი განაყოფიერების შემდეგ ხშირად განვითარებას ვერ ახერხებს – ვითარდება სპონტანური აბორტი. ასაკის მატებასთან ერთად მუცლის მოშლის შემთხვევები უფრო და უფრო ხშირდება.

უსაფრთხო დედობისთვის
35 წლის შემდეგ რომ ორსულობა გარკვეულ რისკს შეიცავს, ამაზე სრულიად დედამიწის სამედიცინო საზოგადოება უკვე შეთანხმდა. აღარც იმაზე დავობენ, რომ “რისკიანი” ქალბატონების მეტი უსაფრთხოებისთვის საუკეთესო საშუალება პრენატალური დიაგნოსტიკაა. სწორედ ამ მეთოდს, რომელიც გენეტიკური პათოლოგიების გამოვლენას ემსახურება, ანიჭებენ უპირატესობას დასავლეთის გინეკოლოგები.
პრენატალური დიაგნოსტიკის მეთოდები სამ ჯგუფად იყოფა. ესენია:
. სკრინინგმეთოდები. ერთ-ერთ მათგანია ტრიპლეტტესტი, რომელიც ორსულის სისხლის შრატში განსაზღვრული მარკერების გამოვლენას ისახავს მიზნად. მას ორსულობის მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე კვირას მიმართავენ;
. არაინვაზიური მეთოდი – ულტრასონოგრაფიული კვლევა, რომელსაც ორსულობის მეათე-მეცამეტე კვირას მიმართავენ;
. ინვაზიური მეთოდები – ამნიოცენტეზი, რომელიც ორსულობის მეთექვსმეტე-მეოცე კვირას ტარდება, ასევე – ქორიონული ხაოს ნიმუშის აღება და კორდოცენტეზი.
საქართველოში, უფრო ზუსტად, თბილისში, მოქმედებს პროგრამა, რომელიც ქალბატონ სანდრა ელისაბედ რულოვსის ხელმძღვანელობით და ფონდ SOCO-ს დაფინანსებით რისკის ჯგუფის ორსულების უფასო პრენატალურ გამოკვლევას უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში სკრინინგულ და არაინვაზიურ გამოკვლევებთან ერთად შესაძლებელია ყველაზე უსაფრთხო ინვაზიური კვლევის – ამნიოცენტეზის ჩატარება.
ამნიოცენტეზი ხანმოკლე, რამდენიმეწუთიანი პროცედურაა. ამ დროს ექიმი სპეციალური შპრიცის საშუალებით საშვილოსნოს ღრუდან ნაყოფის ირგვლივ არსებულ სითხეს იღებს, რომელიც გამოსაკვლევად ლაბორატორიაში იგზავნება. თავად პროცედურა უმტკივნეულოა, კუნთში ჩხვლეტას ჰგავს და, ამდენად, უმნიშვნელო დისკომფორტთან არის დაკავშირებული. საშვილოსნოს ღრუდან ამოღებული სითხე რამდენიმე საათში თავისთავად აღდგება.
ექიმი ორსულს პროცედურის შემდეგ 1-2 საათის განმავლობაში სიმშვიდეს, დასვენებას, დაწოლას ურჩევს, რის საშუალებაც ქალს საავადმყოფოშივე ეძლევა.
ამნიოცენტეზის შემდეგ აუცილებელია დამატებით ერთი საკონტროლო ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარება.
ლაბორატორიულ კვლევას 15-20 დღე სჭირდება, კვლევის შედეგს კი ექიმი და პაციენტი წერილობით მიიღებენ.
35 წლის შემდეგ არა მხოლოდ დაორსულება ჭირს, არამედ საგრძნობლად იზრდება გენეტიკური პათოლოგიის (მაგალითად, დაუნის სინდრომის) მქონე ბავშვის გაჩენის ალბათობაც.

იყავით ფხიზლად
როგორც ხედავთ, თანამედროვე მედიცინის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, მისი წყალობით ორსულს შეუძლია, უსაფრთხოდ გადაიტანოს ცხრათვიანი სტრესი. თავისთავად, არც ასაკოვანი პირველმშობიარენი არიან გამონაკლისები. თუკი 35 წელს გადააბიჯეთ და პირველად შეიტყვეთ, რომ მალე დედა გახდებით, შიში დაივიწყეთ და მხოლოდ მოსალოდნელ ბედნიერებაზე იფიქრეთ. თუმცა ყურადღება და სპეციალისტთან ხშირი კონსულტაცია ნამდვილად არ გაწყენთ. ყურადღებას, მით უმეტეს, ნუ მოადუნებთ, თუ:
. გაქვთ რომელიმე ქრონიკული პათოლოგია, მაგალითად შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა;
. ხანგრძლივად იღებთ მედიკამენტებს.
თავი უსიამოვნო სიურპრიზებისგან რომ დაიზღვიოთ, გირჩევთ:
. მიიღოთ ჯანსაღი საკვები;
. თვალი ადევნოთ წონის ნამატს;
. უარი თქვათ სიგარეტზე, ალკოჰოლზე;
. თვითნებურად ნუ დალევთ მედიკამენტებს;
. ერიდეთ სტრესს.

ასაკოვანი დედიკოების ნუსხა
იმ ცნობილ ქალბატონებს შორის, რომლებმაც დედობის ტვირთი საკმაოდ შთამბეჭდავ ასაკში იტვირთეს, არიან: მომღერალი მადონა, რომელიც პოპის დედის ტიტულს არ შელევია, ისე გახდა 36 წლისა ნამდვილი დედა. ამავე ასაკში იმშობიარა პირველად სინდი კროუფორდმა. ერთი წლით ახალგაზრდა გახდა დედა კლაუდია შიფერი. 37 წლისა იყო ჯულია რობერტსი, რომელმაც ქრონიკული პათოლოგიის ფონზე (მას სისხლძარღვთა საკმაოდ მძიმე დაავადება ჰქონდა) ტყუპი გააჩინა, კიმ ბესინჯერი კი დედის სტატუსით კაცობრიობას 40 წლის ასაკში მოევლინა.

გააზიარე: