ჰიდროკინეზოთერაპია ავერსის რეაბილიტაციის ცენტრში
გააზიარე:
[დასპონსორებული კონტენტი]
თანამედროვე რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჰიდროთერაპია - წყლის სამკურნალო თვისებების გამოყენება სხეულის ფუნქციური შესაძლებლობების აღსადგენად, ტკივილის შესამცირებლად და მოძრაობის ხარისხის ასამაღლებლად. წყლის პროცედურები განსაკუთრებით ფასეულია იმ პაციენტებისთვის, რომელთათვისაც ხმელეთზე მოძრაობა ტკივილთან, სისუსტესთან ან ზედმეტ დატვირთვასთან არის დაკავშირებული.
ავერსის რეაბილიტაციის ცენტრში აქტიურად გამოიყენება ჰიდროკინეზოთერაპია, სპეციალისტის მიერ შერჩეული სამკურნალო ვარჯიშების შესრულება წყალში.
ჰიდროკინეზოთერაპიის ეფექტი
ჰიდროკინეზოთერაპიის პროგრამა შესაძლოა მიმართული იყოს:
- სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდისკენ;
- კუნთოვანი ძალისა და გამძლეობის მომატებისკენ;
- წონასწორობისა და კოორდინაციის განვითარებისკენ;
- სიარულის უნარის აღდგენისკენ;
- სპასტიკურობისა და კუნთოვანი დაძაბულობის შემცირებისკენ;
- ტკივილის შემცირებისა და მოძრაობის შიშის დაძლევისკენ;
- გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვითი გამძლეობის გაუმჯობესებისკენ.
როგორ მუშაობს
წყლის მთავარი უპირატესობა მისი ფიზიკური თვისებებია. ამომგდები ძალის გავლენით სხეულის დატვირთვა მცირდება, შესაბამისად, ნაკლები წნევა მოდის ხერხემალსა და ქვედა კიდურების სახსრებზე. ეს ადამიანს საშუალებას აძლევს, უფრო თავისუფლად შეასრულოს მოძრაობები, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში შესაძლოა ძნელი შესასრულებელი ან მტკივნეული იყოს.
ამავე დროს, წყალი ქმნის ბუნებრივ წინააღმდეგობას, რის გამოც ვარჯიშის დროს კუნთები თანდათან და უსაფრთხოდ იტვირთება, ამიტომ ჰიდროკინეზოთერაპია გამოიყენება კუნთოვანი ძალის, გამძლეობის, წონასწორობის, კოორდინაციისა და სახსრების მოძრაობის ამპლიტუდის გასაუმჯობესებლად.
კომფორტული ტემპერატურის წყალს დამატებითი თერაპიული ეფექტიც აქვს: სითბო ადუნებს კუნთებს, ამცირებს დაძაბულობას და აადვილებს მოძრაობას. პაციენტი უფრო თავდაჯერებულად ერთვება ვარჯიშში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი უმოძრაობის ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
ვისთვის არის რეკომენდებული
წყლის პროცედურები ფართოდ გამოიყენება ორთოპედიულ და ტრავმატოლოგიურ რეაბილიტაციაში - სახსრის ოპერაციის, ენდოპროთეზირების, მოტეხილობის შემდეგ, ართროზის, ხერხემლისა და კიდურების ქრონიკული ტკივილის დროს. დიდია მათი როლი ნევროლოგიურ რეაბილიტაციაშიც, კერძოდ, ინსულტის შემდგომ პერიოდში, კუნთოვანი სისუსტის, მოძრაობისა და წონასწორობის დარღვევის დროს.
წყლის პროცედურები ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც ინტეგრირებულია რეაბილიტაციის ინდივიდუალურ გეგმაში და კომბინირებულია სამკურნალო ვარჯიშთან, ფიზიოთერაპიასა და სხვა საჭირო ჩარევებთან.
რეაბილიტაციამდე მნიშვნელოვანია პაციენტის წინასწარი შეფასება. წყლის თერაპიის დანიშვნისას გასათვალისწინებელია გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მდგომარეობა, ინფექციების არსებობა-არარსებობა, კანისა და ჭრილობების მდგომარეობა, ნევროლოგიური სტატუსი და მოძრაობის შესაძლებლობები, ამიტომ პროცედურები უნდა დაიგეგმოს კვალიფიციური სპეციალისტის მიერ და ჩატარდეს პროფესიონალური ზედამხედველობით.
სივრცე წარმატებისთვის
წყალი რეაბილიტაციის დროს მხოლოდ ფიზიკური გარემო არ არის - მრავალი პაციენტისთვის ის ხდება სივრცე, სადაც მოძრაობის შიში მცირდება და თანდათან ბრუნდება საკუთარი შესაძლებლობების რწმენა. როცა ადამიანს შეუძლია, წყალში გააკეთოს ის, რაც ხმელეთზე ჯერ კიდევ უჭირს, ეს მცირე წარმატება ხშირად მნიშვნელოვანი ნაბიჯია სრულფასოვანი აღდგენისკენ.
სწორად შერჩეული ჰიდროთერაპია რეაბილიტაციის პროცესს უფრო უსაფრთხოს, კომფორტულსა და ეფექტურს ხდის და ეხმარება პაციენტს მთავარი მიზნის მიღწევაში - მაქსიმალურად დამოუკიდებელი და აქტიური ცხოვრების დაბრუნებაში.











