სასკოლო რეფორმის კვალდაკვალ

გააზიარე:

წლევანდელმა სასწავლო წელმა უამრავი სიახლე მოიტანა. ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ ფიზკულტურა სპორტის გაკვეთილებით შეიცვალა. ჩემს შორეულ ბავშვობას გადავავლე თვალი და, ცოდვა გამხელილი სჯობს, ნამდვილად ვერ დავიჩემებ, გული მწყდება, რომ ჩემი შვილები იმავეს არ გამოივლიან-მეთქი. მახსოვს, რა წამებად მიღირდა თოკზე აცოცება და აჭიმვა; მახსოვს, როდესაც კლასი ფეხბურთის ან კალათბურთის სათამაშოდ ორ გუნდად იყოფოდა, რა თავაზიანად უთმობდნენ არჩევანი და არადანი ჩემს თავს ერთმანეთს; რაც მთავარია, მახსოვს შიში იმისა, რომ ფრიადოსანს ნიშანს მხოლოდ ფიზკულტურა გამიფუჭებდა... და ყოველივე ამასთან ერთად მახსოვს უამრავი სლოგანი ფიზკულტურისა და ჯანმრთელობის მეგობრობაზე. შეძლებს კი სპორტი, იგივე ფუნქცია შეითავსოს? საერთოდ, როგორ მოახერხებენ სკოლები განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების ცხოვრებაში გატარებას? ამის გასარკვევად რამდენიმე სკოლას ვესტუმრეთ.

გიორგი მურღულია
24-ე საჯარო სკოლის დირექტორი

– თვითონ წამოწყება პირადად მე ძალიან მნიშვნელოვანი მეჩვენება: დღეს, როცა ჩვენს ახალგაზრდებს შორის უდიდეს პრობლემად იქცა ძალადობა, ნარკომანია, საქართველოსთვის უცხო ალკოჰოლიზმიც კი, სპორტის კულტურის აღზრდას ამ კუთხით ძალიან დიდი და დადებითი როლის შესრულება შეუძლია. ჩვენ ბავშვებს ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ, უნდა მივახვედროთ, რომ თვითრეალიზება, საკუთარი თავის წარმოჩენა გაცილებით მეტად და გაცილებით უკეთესად, როგორც საზოგადოებისთვის, ისე საკუთარი თავისთვის მოსაწონად, შეიძლება სპორტით, ხელოვნებით, აკადემიური წარმატებით. რაც შეეხება კონკრეტულ ფორმას, მოხარული ვიქნებოდი, მზა პასუხები მქონდეს, მაგრამ ამ მხრივ ჩვენი სკოლა ჯერ კიდევ ძიების სტადიაშია. გადაწყვეტილება, რომელიც სამინისტრომ მიიღო, კონცეფციის დონეზეა, კონკრეტული გადაწყვეტა თვითონ სკოლებმა უნდა მოვძებნოთ.
მე პირადად ძალიან არ მომწონდა ფიზკულტურის გაკვეთილები. სხვა თუ არაფერი, ძალიან ძნელია ფიზკულტურის პირველ, მეორე ან მესამე გაკვეთილად ჩასმა, თუ სკოლას არ აქვს საშხაპე და საამისოდ სპეციალურად გამოყოფილი დრო. ეს წმინდა ჰიგიენური, თუნდაც სოციალური ესთეტიზმის თვალსაზრისით მრავალ უხერხულობას ბადებს. ყოველთვის ვამბობდი: იქნებ ფიზკულტურა საგაკვეთილო ბადის მიღმა გავიტანოთ-მეთქი. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ შაბათი უქმეა. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დასვენება აქტიურადაც შეიძლება (და, რაც მთავარია, ეს არის დასვენების საუკეთესო ფორმა). ჩვენი მთავარი ამოცანა ის უნდა იყოს, რომ ბავშვებმა ცხოვრების ჯანსაღი წესის მთელი ხიბლი შეიგრძნონ. რატომ არ შეიძლება, შაბათი ფიზკულტურის, ახლა უკვე სპორტის, დღედ იქცეს? სკოლა ვერ შეცვლის სპორტულ სექციას, სკოლამ ბავშვს ინტერესი უნდა გაუღვიძოს სპორტის, აქტიური ცხოვრების, მოძრაობის მიმართ. სკოლას შეუძლია, წრეებიც შესთავაზოს, მაგრამ საგაკვეთილო პროცესში ამის ჩართვა ძალიან რთულია და გარკვეული თვალსაზრისით გაუმართლებელიც.
ფიზკულტურის გაკვეთილების სპორტის გაკვეთილებით შეცვლა მინიმუმ ორ რამეს ნიშნავს: ჯერ ერთი, ბავშვს არჩევანს ვთავაზობთ, მეორე – მას უჩნდება შეჯიბრების სურვილი, მხოლოდ კი არ ითვისებს სპორტულ ილეთებს, არამედ აქტიურად არის ჩართული თავისი კლასის, სკოლის წარმოჩენაში.

კონცეფციის თანახმად, სკოლამ მოწაფეებს სპორტის მინიმუმ სამი სახეობა უნდა შესთავაზოს. 24-ე სკოლაში უფროსკლასელთათვის – როგორც ვაჟებისთვის, ისე გოგონებისთვისაც – გვექნება ტანვარჯიში და კალათბურთი, ყმაწვილებს კი დამატებით რაგბის ვთავაზობთ. ეს სპორტის ვაჟკაცური სახეობაა, წარმატებასთან ასოცირებული და საქართველოში ძალიან პოპულარული. ყველა ბავშვი ვალდებულია, სპორტის ერთი სახეობა მაინც აირჩიოს. საქართველოს ყველა საჯარო დაწესებულებისთვის სავალდებულო ეროვნული სასწავლო გეგმა სპორტისთვის კვირაში ორი საათის დათმობას ითვალისწინებს. ბუნებრივია, საგაკვეთილო პროცესში მათი ჩართვა გარკვეულ ორგანიზაციულ პრობლემებს აჩენს – ჩვენ არ გვაქვს ბევრი დარბაზი, მაგრამ რესურსების რაციონალური გამოყენებით, ვფიქრობთ, უკვე მოვახერხეთ მათი გადანაწილება ბოლო გაკვეთილებად. განზრახული გვაქვს, მეტად დავტვირთოთ შაბათი დღე, ჩატარდეს ბევრი შეჯიბრება: შიდა სასკოლო, სკოლათაშორისი, – რომ ბავშვებს სპორტის თუნდაც ერთ სახეობაში ჩართვის მოტივაცია გავუზარდოთ.

დაწყებით კლასებში უკვე რამდენიმე წელია გვაქვს რიტმიკის ჯგუფები, რომლებიც ბავშვებსაც და მშობლებსაც ძალიან მოსწონთ. ის ავითარებს საკუთარი სხეულის, რიტმის შეგრძნებას. ყოველი ადამიანი გარკვეული რიტმით ცხოვრობს და თუ საკუთარი რიტმის  გარეგნული გამოხატულება იპოვა, საკუთარი თავის მოძრაობაში გამოხატვა შეძლო, ეს ძალიან კარგია როგორც ფიზიკური, ისე სულიერი, პიროვნული განვითარებისთვის. რიტმიკას ასწავლიან ამ საქმის სპეციალისტები – ქორეოგრაფები, რომელთაც შემუშავებული აქვთ რამდენიმე პროგრამა როგორც რიტმიკის, ისე ქართული ხალხური ცეკვებისა და მსოფლიოს ხალხთა ცეკვების სწავლების მიმართულებით. მე-4 კლასში ცეკვის კურსი შემოდის, რასაც მე, რა თქმა უნდა, მივესალმები. ქართველმა კაცმა ქართული ცეკვაც უნდა იცოდეს და ქართული სიმღერაც. იქნებ ყველამ ერთნაირად კარგად ვერ იმღეროს, მაგრამ მეცადინეობით, მუშაობით ამის გარკვეულ კონდიციამდე მიყვანა შესაძლებელია.
თუ სპორტის რომელიმე სახეობაში ჩართვაში ბავშვს ცუდი ჯანმრთელობა უშლის ხელს, ამას მშობელი შეგვატყობინებს და აუცილებლად გავითვალისწინებთ. განსაკუთრებულ სამედიცინო შემოწმებას ან ჯანმრთელობის ცნობას სპორტის გაკვეთილზე დასაშვებად არ ვითხოვთ, ისევე როგორც ფიზკულტურაზე დასაშვებად არ ვითხოვდით.

გიორგი ჩალათაშვილი
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა, თბილისის სპორტის დეპარტამენტის უფროსი

– ვერ გეტყვით, რომ ამ რეფორმის შედეგად ჩვენს სკოლაში ბევრი რამ შეიცვალა. სპორტს ჩვენთან ყოველთვის დიდი ყურადღება ექცეოდა. როგორც კლასგარეშე დატვირთვას, ბავშვებს ვთავაზობთ ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს, ჭადრაკს, ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს.  ეს ორი უკანასკნელიც, მოგეხსენებათ, ფიზიკური დატვირთვის მშვენიერი საშუალებაა და პრაქტიკულად ყველა კუნთს ამუშავებს.  ბავშვი ვალდებულია, აქედან ორი აირჩიოს. თუ ნიჭი გამოამჟღავნა, ან გუნდში ხვდება, ან ანსამბლში. მწვრთნელებს ყოველკვირეული შეხვედრები გვაქვს, ვუკავშირდებით მშობელს და თუ საჭიროდ მივიჩნიეთ, შესაძლოა, ბავშვის ერთი სახეობიდან მეორეზე გადაყვანა ვურჩიოთ.
თითოეულ სექციაში ბავშვები კვირაში ორი დღე თითო საათი ვარჯიშობენ, სასკოლო გუნდის წევრებს კი, ბუნებრივია, გაცილებით მეტი ვარჯიში სჭირდებათ, რომ სპორტული ჩვევები ინსტინქტებად ექცეთ და დაფიქრება არ სჭირდებოდეთ. ამავე დროს ჩვენ ძალიან ნიჭიერ სპორტსმენებსაც კი არ ვაძლევთ დაბალი აკადემიური მოსწრების უფლებას. ფიზიკურად ძლიერ ადამიანს ინტელექტუალურ სარბიელზეც შეუძლია წარმატების მიღწევა. მაიკლ ჯორდანს ოქსფორდი აქვს დამთავრებული,  საფრანგეთის წამყვან რაგბისტს და საქართველოს რაგბის ნაკრების წევრს ილია ზედგენიძეს კი სორბონა. ადამიანმა თავისი ნიჭი ყოველმხრივ უნდა გამოიყენოს.
განათლების სამინისტროს ინიციატივა პირადად მე მომწონს. ბავშვს საჯარო სკოლაშიც ეძლევა არჩევანის საშუალება, შეუძლია მოძებნოს ფიზიკური აქტივობის ის ფორმა, რომელიც კიდეც მოსწონს და კიდეც ეხერხება. როგორც ყოფილ მორაგბეს და ჰოკეიში საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, შემიძლია გითხრათ, რომ სპორტის სკოლა, ჩემი აზრით, ყველა ბავშვმა უნდა გაიაროს. ეს მას გუნდური თამაშის წესებს, საკუთარი თავისა თუ თანაგუნდელების წინაშე პასუხისმგებლობას ასწავლის. აღარაფერს ვამბობ ჯანმრთელობაზე – სპორტი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნერვული სისტემების მდგომარეობას, ადამიანს ეხმარება, უფრო ადვილად გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ გამოწვევებს, სტრესებს. ცხადია, მოყვარულის დონეზე სპორტით გატაცებას ვგულისხმობ, თორემ პროფესიონალური სპორტული დატვირთვა ორგანიზმისთვის ძალიან დიდი გამოცდაა.
ბუნებრივია, სპორტის რომელი სახეობაც არ უნდა აირჩიოს ბავშვმა, მასშიც შედის ზოგადი ფიზიკური მომზადების პროგრამა. მხოლოდ ილეთების ცოდნით ფეხბურთის მატჩს ვერავინ მოიგებს – სხვა თუ არაფერი, ბავშვმა სირბილი უნდა იცოდეს, ამიტომაც ვერ ვიტყოდი, რომ ფიზკულტურის სპორტით ჩანაცვლება ბავშვის ფიზიკურ მომზადებას რაიმე ზიანს მიაყენებს.
გადაჭარბება და სპორტსმენის გადაწვა ნებისმიერ ასაკში შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბავშვობაში ამის საშიშროება მეტია. ამის თავიდან ასაცილებლად ბავშვებს რეგულარული სამედიცინო შემოწმება უნდა ჩაუტარდეთ. მწვრთნელიც ყურადღებით უნდა იყოს, რომ პრობლემის პირველი ნიშნები არ გამოეპაროს. თუ, მაგალითად, ბავშვი ადრინდელზე მალე იღლება, ადრე თავდასხმაში უყვარდა თამაში, ახლა კი ითხოვს, რომ კარში დააყენონ, ასეთი ნიუანსები არასპეციალისტმაც უნდა შეამჩნიოს და მშობელს სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა ურჩიოს.
ბუნებრივია, სიმსუქნისკენ მიდრეკილი და კომპიუტერთან ან ტელევიზორთან ჯდომას მიჩვეული ბავშვების (დღეს კი ასეთი ძალიან ბევრია) სპორტით დაინტერესება ძალიან ძნელია, მაგრამ ჩვენს სკოლაში, თუნდაც მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო, უმეტესობა მაინც იძულებული ხდება, რამე საქმეს მოჰკიდოს ხელი. სხვა თუ არაფერი, შატალოზე ვერსად წავა, – მოგეხსენებათ, სკოლა ქალაქიდან მოშორებით, წყნეთში, ბუნების წიაღშია გაშენებული, – თანაც დილიდან საღამოს 5 საათამდე უსაქმოდ ხომ არ იჯდება?! თუმცა სკოლის ძალისხმევა არც ამ შემთხვევაშია საკმარისი. პირველ რიგში მშობელი უნდა ეცადოს, ბავშვს სპორტის სასურველი სახეობა ამოარჩევინოს. თუ იქიდან, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, არაფრისკენ გაუწია გულმა, შეუძლია, გამაჯანსაღებელი ფიზკულტურას მოჰკიდოს ხელი. აქ მას არც სპორტული მიღწევები და არც ნორმატივების ჩაბარება არ მოეთხოვება. მარტივი ვარჯიშები, მათ შორის სუნთქვითიც, ბავშვს ერთი მხრივ გონებრივი დატვირთვისგან დასვენების საშუალებას აძლევს, მეორეს მხრივ უმოძრაობისგან იცავს. ვცდილობთ, ბავშვები მივახვედროთ, რომ ეს არა ნიშნის მისაღებად, არამედ მათივე ჯანმრთელობისთვის არის აუცილებელი, თანაც გაკვეთილი რომ გავახალისოთ, თამაშის ფორმას ვაძლევთ. სხვათა შორის, განცდა იმისა, რომ საკუთარ თავს აჯობეს და ამასთან ერთად – ენდორფინების გავლენა უმეტესობას მოსწონს და მომდევნო გაკვეთილებზე ხალისით და სიამოვნებით მოდიან.

მაკა მირზიაშვილი
“ავერსის კლინიკის” ფიზიოთერაპევტი, საქართველოს სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, აკადემიური დოქტორი მედიცინაში

– განათლების სამინისტროს ინიციატივა ნამდვილად მისასალმებელია. თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ვერც კვირაში ორსაათიანი დატვირთვისთვის ვხედავ დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობას. მეტიც – როცა ბავშვი თავად ირჩევს სპორტის  სახეობას, მოსალოდნელია, რომ უფრო მეტი ხალისით ივარჯიშებს და აქტივობაც უშუალოდ მისი ჯანმრთელობისთვის შესაფერისი შეირჩევა. ამიტომაც მშობლებს ვურჩევდი, არჩევანი ყურადღებით გააკეთონ, თუ შესაძლებელია, უბნის პედიატრთან ან ოჯახის ექიმთან ერთად. ადეკვატური ფიზიკური დატვირთვა ჯანმრთელობის საწინდარია და ადამიანი ბავშობიდანვე უნდა მიეჩვიოს. სტატისტიკის თანახმად, ამ შემთხვევაში საგრძნობლად მცირდება ჭარბი წონისა და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების ალბათობა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, უკანასკნელი სამი დეკადის განმავლობაში ჭარბწონიანი და მსუქანი ბავშვბისა და მოზარდების რაოდენობა გასამმაგდა: 8-10 წლის ბავშვებში 6.5%-დან 17%-მდე გაიზარდა, თინეიჯერებში კი 5-დან 17,6%-მდე.
ფიზიკური კულტურის აღზრდაში სკოლას მართლაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ სკოლა ამ ამოცანას, რა თქმა უნდა, ვერ გადაჭრის. თუ ბავშვი მხოლოდ გაკვეთილზე, თანაც იძულებით ვარჯიშობს, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. სპეციალისტების გამოთვლით, ბავშვს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში თითო საათი მაინც სჭირდება ფიზიკური აქტიურობა. ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ სპორტი საუკეთესო ვარიანტია, განსაკუთრებით კი მცირე ასაკში. მაგალითად, ამერიკის პედიატრთა აკადემიის სპორტული მედიცინისა და ფიტნესის საბჭოს ხელმძღვანელი ჩივის, რომ დღეს გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა სპორტს და ნაკლები – მოძრაობას. მისი აზრით, გაცილებით უკეთესია, ფიტნესი სახალისო გავხადოთ, ვაქციოთ გართობად, ვასწავლოთ ბავშვებს ველოსიპედის ტარება, ვეთამაშოთ დაჭერობანა, დამალობანა, გაშეშობანა. რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ადვილია, ბავშვი სპორტულ სექციაში მივიყვანოთ და სანამ ვარჯიშობს, ყავის სმითა და მეგობრებთან მუსაიფით შევიქციოთ თავი, მაგრამ როგორც ბავშვის, ასევე მშობლის ჯანმრთელობისთვის პირადი მაგალითის მიცემა ბევრად სჯობს.
ამერიკელები ასევე არ გვირჩევენ ბავშვის სპორტში ნაადრევად ჩაბმას. თუ ორგანიზებულ სპორტში ადრე ჩავაბით და თანატოლებზე ნაკლებად კოორდინირებული აღმოჩნდა, დიდია შანსი, მალე მობეზრდეს, გამორჩეული ნიჭის მქონემ კი, პირიქით, ზომიერება ვერ დაიცვას და გადაიწვას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ შემთხვევაში გადატვირთვით გამოწვეული ტრავმების ალბათობა იმატებს. გაცილებით უკეთესია, პატარა ბავშვებს საკუთარ ნებაზე თამაში ვაცალოთ. აი, მოზრდილ ასაკში კი სპორტი ბავშვებს ნამდვილად აიძულებს მოძრაობას, თუმცა, ამერიკელი სპეციალისტების აზრით, სჯობს, ვარჯიში 9-10 წლიდან დაიწყონ და მაშინაც სპორტის სხვადასხვა სახეობა მოსინჯონ. რა თქმა უნდა, სპორტის სახეობასაც გააჩნია. ვთქვათ, ცურვაზე ან ციგურაობაზე ბავშვის მიყვანა ოთხი წლიდანვე გამართლებული და სასურველია.
სხვათა შორის, ამერიკის ზოგიერთმა სკოლამ ფიზიკური განათლების კლასები ჯანმრთელობის კლუბის მსგავს გარემოდ აქცია: ბავშვებს სხვადასხვაგვარ ფიზიკური აქტივობას სთავაზობს, მაგრამ შეჯიბრება უკანა პლანზეა გადაწეული. ასეთი მიდგომა სპორტის მოძულე ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასურველია: თუ მას დავეხმარებით, თამაშსა და მოძრაობის სიხარულზე, უნარის ათვისებაზე იფიქროს და არა მოგება-წაგებაზე, უფრო ადვილად მოვახერხებთ, ვარჯიში ისეთ ჩვევად ექცეს, მთელი სიცოცხლე რომ გაჰყვება.
სხვა საკითხია სპორტში აქტიურად ჩაბმული ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დღეს, როდესაც აშენდა ასეულობით სპორტული მოედანი, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სპორტული ინფრასტრუქტურა, ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ – არასწორად დაგეგმილმა სპორტულმა აქტივობამ მოზარდებში შესაძლოა ტრავმატიზმისა და არასწორი განვითარების მასობრივი მატება გამოიწვიოს. ერთი უკიდურესობიდან მეორეში რომ არ გადავცვივდეთ, ყურადღება უნდა მივაქციოთ მოზარდთა სპორტული და ფიზიკური მონაცემების ზუსტ შეფასებას და ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგს. ბავშვისთვის სპორტული დატვირთვა მხოლოდ მაშინ არის უსაფრთხო, როცა მას აქტურად აკვირდებიან ექიმი რეაბილიტოლოგი ან ფიზიკური თერაპევტი, თანაც აუცილებლად ცენტრში, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. მხოლოდ ასე შეიძლება ორგანიზმის განვითარების მიხედვით ინდივიდუალური სპორტული აქტივობის გეგმის შედგენა.

სამიანი და ჯანმრთელობა?!
ჩვენში კვლავაც მეფობს ტრადიციული შეხედულება, რომ ფრიადოსნებს წიგნიდან თავს ვერ ააღებინებ და ბურთი თვალის დასანახავად ეჯავრებათ, ამერიკელებს კი ამაში ეჭვი შეეპარათ და ყოველწლიურად სპეციალურ გამოკვლევასაც კი ატარებენ თემაზე “ახალგაზრდობის სარისკო ქცევის ეროვნული მიმოხილვა”. დასკვნა ყოველ წელს ერთნაირი გამოდის: რაც უფრო უკეთესად სწავლობს ბავშვი, მით უფრო ნაკლებია ალბათობა, ჯანმრთელობისთვის სახიფათო რამ ჩაიდინოს, ამიტომაც ავად გაცილებით იშვიათად ხდება. იარაღის ტარებასთან, მოწევასთან, სპირტიანი სასმელის სმასა და სქესობრივ ცხოვრებასთან ერთად სარისკო ქცევებს ტელევიზორომანიასა და უმოძრაობასაც მიაკუთვნებენ. ტელევიზორომანად ითვლება ბავშვი, რომელიც სასწავლო დღეებში ცისფერ ეკრანს სამი საათი მაინც არის მიჩერებული (ამას ფეისბუქსა და კომპიუტერულ თამაშებზე დახარჯული დროც უნდა მივათვალოთ), უმოძრაობაზე კი მაშინ ლაპარაკობენ, თუ მოზარდი კვირაში ხუთი დღე და დღეში, სულ მცირე, 60 წუთი ფიზიკურად არ დაიტვირთა. ფიზიკურ დატვირთვად შეიძლება ჩაითვალოს ყველაფერი, რაც გულისცემას და სუნთქვას ოდნავ მაინც გაახშირებს. აი შედეგებიც: ოროსნებს შორის ასეთი უმოძრაო 76% მოგროვდა, ფრიადოსნებს შორის კი სულ 56%. განსხვავება ხელწამოსაკრავი არ გახლავთ. ქართული სტატისტიკის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, ჩვენშიც სამიანი კი არა, ხუთიანია ჯანმრთელობა.

გააზიარე: