ბარბარე ყიფიანი - პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი

გააზიარე:

ბარბარე ყიფიანი XX საუკუნის პირველი ნახევრის ევროპული სამეცნიერო საზოგადოების მნიშვნელოვანი წარმომადგენელი და ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართველი მკვლევარი იყო. ბავშვთა ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის დარგში შექმნილმა ნაშრომებმა მას საერთაშორისო აღიარება და საფრანგეთის სამედიცინო აკადემიის წევრობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი მეცნიერის პროფესიული გზა უმთავრესად ბელგიასა და საფრანგეთს უკავშირდება, ბარბარე ყიფიანის მემკვიდრეობა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართული მედიცინისა და ემიგრაციის ისტორიაში.

ოჯახი

ბარბარე ყიფიანი 1879 წლის 4 თებერვალს ქუთაისში, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟის, საზოგადო მოღვაწის, ქველმოქმედის, ბრიუსელისა და ლიეჟის უნივერსიტეტების პროფესორის ნიკოლოზ ყიფიანის ოჯახში დაიბადა. ბარბარეს დედა, ანასტასია ერისთავი, ქეთევან წამებულის შთამომავალი იყო. ბავშვები ქვიშხეთში, პაპისეულ სახლში იზრდებოდნენ. მშობლების განქორწინების შემდეგ ბარბარეს დედა რუსეთში გადასახლდა და უფროსი ვაჟიც თან წაიყვანა, ბარბარე და მისი დები, ელისაბედი (ვეტა) და ნინო (ნუცა), კი მამასა და ბაბუასთან დარჩნენ ბათუმში, სადაც ნიკოლოზი 1883-1890 წლებში სასამართლო უწყებაში მსახურობდა.

1887 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში, თავის სახლში მოკლეს. ამ ტრაგედიამ მის შვილს ჯანმრთელობა შეურყია. ნიკო 1890 წელს ევროპაში გაემგზავრა სამკურნალოდ და უკან აღარ დაბრუნებულა.

თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ბარბარე ერთხანს ხონის წმ. მარიამის სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა, მერე კი სწავლის გასაგრძელებლად მამასთან, ბელგიაში გაემგზავრა და ბრიუსელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

უცხოეთში გადახვეწილ ოჯახს მატერიალურად ძალიან გაუჭირდა, მამის ჯანმრთელობაც უკიდურესად დამძიმდა, ამიტომ მესამე კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ბარბარეს დროებით სწავლისთვის თავის დანებება მოუხდა. მწერალმა ეკატერინე გაბაშვილმა მისი დახმარება სთხოვა სათავადაზნაურო ბანკს, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც ბარბარეს ბაბუა იყო, მაგრამ ბანკმა უცნობი მიზეზით უარი შემოუთვალა.

ემიგრაციაში

1904 წლის აგვისტოში ბრიუსელში გაიმართა ფიზიოლოგთა მეექვსე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ორმა ქართველმა - ბარბარე ყიფიანმა და ივანე თარხნიშვილმა. მათი გამოსვლით აღტაცებული პუბლიცისტი რევაზ გაბაშვილი გაზეთ „ცნობის ფურცელში“ წერდა: „ბარბარე ყიფიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის პოლონელ ქალბატონს, პროფესორ იოზეფა იოტეიკოს, რომელმაც ბარბარე ყიფიანი თავის ლაბორატორიაში მიიწვია სამუშაოდ და მისი სწავლის ფული გადაიხადა, მაშინ როცა საფასურის გადაუხდელობის გამო ქართველ სტუდენტს უნივერსიტეტიდან გარიცხვას უპირებდნენ. მგონია, ჩვენმა საზოგადოებამ საჭიროა იცოდეს, რომ სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებლის, დიმიტრი ყიფიანის, შვილიშვილს უცხოელნი პატრონობენ და თავადაზნაურობამ კი უარი უთხრა სტიპენდიაზე“.

სამშობლოდან შორს მყოფი ბარბარე სიტყვით თუ საქმით მუდამ ეხმიანებოდა საქართველოში არსებულ პრობლემებს. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ ბრიუსელში მან მრავალათასიანი მიტინგი გამართა და გააპროტესტა მეფის ხელისუფლების დაუნდობლობა ქართველი ხალხის, განსაკუთრებით კი ქალების მიმართ.

ბარბარე ყიფიანს წერილითაც მიუმართავს ბრიუსელის ქალთა საზოგადოებისთვის: „ქართველ ქალთა სახელით მივმართავ კაცობრიობის ერთ ნაწილს - უსუსტესს, რომელსაც მბრძანებლობის უფლება არა აქვს, მაგრამ აქვს უფლებაც და მოვალეობაც, მოითხოვოს, რომ მოეღოს ბოლო ამ აღმაშფოთებელ ბარბაროსობას. თვალზე ცრემლით მივმართავ ყველა ქვეყნის დედებს, ცოლებსა და დებს, რომელთაც ყველაზე უკეთ შეუძლიათ იგრძნონ, თუ რა არის ქალისათვის ასე ურცხვად იმის გრძნობების შელახვა და ვევედრებით მათ, გამოგვესარჩლონ ქართველ ქალებს“.

ქართველი მეცნიერი ბრიუსელის უნივერსიტეტში წლების განმავლობაში იკვლევდა ადამიანის მეხსიერების სახეობათა განსაზღვრის ხერხებს, აღზრდის ფსიქოლოგიურ საფუძვლებს, ტროპიზმს, ამბიდექსტრიას (ორივე ხელის თანაბრად კარგად გამოყენება) მოსწავლეთა შორის და სხვა საკითხებს. მისი ნაშრომები საერთაშორისო გამოცემებში იბეჭდებოდა. 1908 წელს ბარბარე ყიფიანი ბრიუსელის უნივერსიტეტის ჟურნალ „Revue Psycholigique-ის“ სწავლული მდივანი გახდა. ასწავლიდა პარიზისა და ჟენევის უნივერსიტეტებში, ბრიუსელის უნივერსიტეტში უძღვებოდა ფსიქოფიზიოლოგიის სასწავლო კურსს და, იმავდროულად, ქართული სიტყვიერების ლექციებსაც ატარებდა.

ბარბარე ყიფიანის თაოსნობით ბრიუსელის საერთაშორისო მუზეუმში საფუძველი ჩაეყარა მსოფლიოს ხალხთა ისტორიისა და ეთნოგრაფიის ქართულ სექციას. 1912 წელს გაზეთი „თემი“ წერდა: „ბრიუსელიდან გვწერენ, რომ იქ ამერიკელ მილიარდერ კარნეგის შემოწირულობის წყალობით გაიხსნა ღირსშესანიშნავი და ყურადღების ღირსი დაწესებულება - ეროვნული მუზეუმი... ამ მოკლე ხანში, როგორც ხმა დადის, გაიხსნება მუზეუმის ქართული სექცია. ამ სექციის პრეზიდენტად ასახელებენ ჩვენს თანამემამულეს - ნიკოლოზ ყიფიანის ქალს ბარბალეს, დაუვიწყარ დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილს. სწორედ სასიხარულოა, რომ ეს საქმე ჩაჰბარდება პირველ ქართველ ქალს - მეცნიერს, რომლის რამდენიმე მეცნიერულმა თხზულებამ უკვე მიიქცია საზღვარგარეთ ყურადღება სწავლულთა და საზოგადოებისა“.

საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ბარბარე ყიფიანის მიერ ფრანგულ და ქართულ ენებზე შედგენილი მიმართვა, რომელშიც ავტორი ქართულ საზოგადოებას მოუწოდებს, მონაწილეობა მიიღოს სამუზეუმო ექსპოზიციის შექმნაში: „ეს პირველადაა, რომ საქართველოს შემთხვევა ეძლევა, ევროპას დაანახვოს თავისი გონებრივი და ტეხნიკის წარმატების რეზულტატი და ამ მხრით ცხადყოს, რომ ის საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს... აი, ამ წერილით მივმართავ ყველას, ვისაც კი გული შესტკივა ქართველი ერის წინსვლისა და მის წარმატებისათვის. ვთხოვთ, დაგვეხმარონ, მოგვაწოდონ ანგარიშები, სასტატისტიკო ცნობები, წიგნები, ქართები, გრაფიკები, სურათები და სხვა ნივთები. იმედი გვაქვს, ჩვენი საზოგადოება ზნეობრივსა და მატერიალურს დახმარებას აღმოგვიჩენს, რაიც რომ ასე საჭიროა ამ ახალ დაწესებულების ასაღორძინებლად“.

1912 წელს, დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების 25-ე წლისთავზე, ბარბარემ ბრიუსელიდან თბილისში შემდეგი შინაარსის დეპეშა გამოგზავნა: “მუხლმოდრეკით ვამკობ დიდებული პაპაჩემის საფლავს 25 წლის განმავლობაში ნაგრძნობ მწუხარებისაგან დაწნულ თაიგულით”.

1918 წელს ბარბარე ყიფიანი სამშობლოში დაბრუნდა და დასთან, ნუცასთან (პირველი იურისტი ქალი რუსეთის იმპერიაში) ერთად დემოკრატიული რესპუბლიკის აღმშენებლობაში აქტიურად ჩაება. არქივში იძებნება ცნობა, რომ ის სიტყვითაც გამოვიდა ეროვნული უნივერსიტეტის გახსნის დღეს, თუმცა თავად ეს სიტყვა, სავარაუდოდ, დაკარგულია.

თბილისში ბარბარე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, ასწავლიდა ფრანგულ ენას, იყო აკაკი შანიძის თანაშემწე, ხელოვანთა კავშირისა და სამხედრო კავშირის წევრი. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ახალი ხელისუფლებისაგან უკიდურესად შევიწროებული მეცნიერი იძულებული გახდა, ბრიუსელში დაბრუნებულიყო.

საზოგადო ღვაწლი

ბარბარე ყიფიანის სახელს უკავშირდება ევროპაში გაბნეული ქართული ხელოვნების ნიმუშების თავმოყრა. ბარბარემ, როგორც სალომე დადიანისა და მიურატების ქონების მეურვემ, წინადადებით მიმართა მიუნხენში მოღვაწე მეცნიერს, ქართველოლოგს, ქართული დამწერლობისა და კულტურის ძეგლების მკვლევარ-ბიბლიოგრაფს მიხეილ თარხნიშვილს და ქართული კულტურის გაბნეული ძეგლების თავმოყრის მიზნით შესთავაზა, მემკვიდრეობით დატოვებული თანხებით რომში ქართული კათოლიკური მონასტერი დაეარსებინა. საერთაშორისო შეთანხმებით, იტალიის დედაქალაქი ომისგან დაცული უნდა ყოფილიყო. თარხნიშვილმა ბარბარე ყიფიანის წინადადება სიხარულით მიიღო და რომში, ალექსანდრე ბროსეს ქუჩაზე, მონასტრისთვის შეიძინა შენობა, სადაც ბარბარესგან მიღებული ნივთები და დოკუმენტები დააბინავა. იქვე მოათავსა კონსტანტინოპოლის ქართული კათოლიკური მონასტრიდან წამოღებული ექსპონატებიც, შექმნა ქართული არქივი და დააარსა ქართული კათოლიკური სასულიერო სემინარიაც, რომელსაც თავადვე ჩაუდგა სათავეში.

ბარბარე ყიფიანი თავდაუზოგავად ცდილობდა ევროპაში ქართული კულტურისადმი ინტერესის ამაღლებას. მისი დამსახურებაა ისიც, რომ იმ დროის არაერთმა ქართველმა ახალგაზრდამ უმაღლესი განათლება ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტში მიიღო. ქართველი მეცნიერი მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას არ აკლებდა თანამემამულეებს და უცხოეთში გზის გაკვლევაში ეხმარებოდა. საქმით გატაცებული ბარბარე საკუთარი თავისთვისაც ვერ იცლიდა. როდესაც ჰკითხავდნენ, ოჯახი როდისღა უნდა შექმნა, შვილი და მომავალი ხომ გინდაო, ღიმილით უპასუხებდა: ჩემი ოჯახი და მომავალი ჩემი ქვეყნის დახმარებააო.

ბარბარე ყიფიანი 1965 წელს, 85 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია ბრიუსელში.

დიდი მეცნიერის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ეროვნულ არქივს, სადაც დაცულია ბარბარე ყიფიანის ხელნაწერები და საოჯახო ალბომი.

მარი მარღანია

გააზიარე: