სხეული და ფსიქიკა - გაწყვეტილი კავშირის აღსადგენად

გააზიარე:

თანამედროვე ადამიანმა კარგად იცის, რა სჭირდება სხეულს: ფიზიკური აქტიურობა, დაბალანსებული კვება, კარგი ძილი. ადამიანი ასრულებს თავის მოვლის მრავალსაფეხურიან რუტინას, ცდილობს, ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებოდეს, მაგრამ არის რაღაც, რაც შესაძლოა გამოგვეპაროს ― შინაგანი კავშირი საკუთარ ორგანიზმთან. ხშირად ვერ აღვიქვამთ, რას გვეუბნება სხეული თავისი იმპულსებით, შეგრძნებებითა და სიმპტომებით.

სხეულისა და ფსიქიკის მჭიდრო კავშირზე გვესაუბრება ფსიქოთერაპიისა და პიროვნული ზრდის ცენტრ “სტიმულის” დამფუძნებელი, ექიმი ფსიქოთერაპევტი და ბიოსინთეზის სპეციალისტი დიანა ნიკოლაიშვილი:

― სხეული და გონება ერთიანი სისტემის ნაწილებია. როდესაც ადამიანს ფიზიკური ტკივილი აწუხებს, მისი ფიქრები მთლიანად ამ პრობლემით არის მოცული. ტკივილი პირდაპირ აისახება ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე და პირიქით ― მძიმე ემოციური ფონი მომენტალურად ცვლის ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობას: პოზას, სუნთქვის რიტმს, კუნთების დაძაბულობის ხარისხს. ამ ერთიანობის, სტიმულზე ორგანიზმის მყისიერი რეაგირების კარგი მაგალითია პავლოვის ცდები. ძაღლებს, რომლებსაც არ აქვთ ადამიანის მსგავსი ცნობიერი, საკვებს მხოლოდ კონკრეტული სიგნალის შემდეგ აჩვენებდნენ. დროთა განმავლობაში ამ სიგნალის გაგონებისთანავე ძაღლის სხეულში იწყებოდა საჭმლის მონელებისთვის დამახასიათებელი ფიზიკური ცვლილებები. ეს ნიშნავს, რომ სხეული უფრო სწრაფად ამუშავებს ინფორმაციას, ვიდრე ჩვენ ამ ინფორმაციას ვაცნობიერებთ.

სხეული სენსორული სისტემაა, რომელიც პირველი აღიქვამს გარემოდან შემოსულ ყველა იმპულსს: ვიზუალურს, სმენითს, ტემპერატურულსა თუ ტაქტილურს. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იმპულსის გააზრება და მასზე ემოციური თუ ფიზიკური რეაგირება. შესაბამისად, სხეულის მოსმენა ჩვენი ბაზისური ფუნქციაა, რომელიც გვეხმარება გადარჩენაში, ადაპტაციასა და სამყაროში ჯანსაღად ფუნქციობაში.

_ რატომ ვერ ვუსმენთ საკუთარ სხეულს?

_ ამ კითხვაზე პასუხის ძიება ბავშვობიდან უნდა დავიწყოთ. თუ პატარებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ისინი მთლიანად საკუთარ სენსორულ სისტემაზე არიან ორიენტირებული. ბავშვები რეაქციებს შეგრძნებებით გამოხატავენ: მათ არ შეუძლიათ, გონების დონეზე ახსნან, რატომ არ მოსწონთ ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ ამას სხეულით გრძნობენ და შესაბამისად რეაგირებენ.

როგორ იქცევიან ამ დროს მშობლები? სოციალური ნორმებიდან გამომდინარე, აიძულებენ ბავშვს, უგულებელყოს ეს შეგრძნებები. მაგალითად, როდესაც პატარას უცხო ადამიანის ეშინია, დედა კი ეუბნება: “ჩაეხუტე, ეს შენი ბიძიაა”, ― ბავშვი იძულებულია, დაემორჩილოს ავტორიტეტს და გვერდზე გადადოს იმპულსი, რომელიც სხეულმა უკარნახა.

რაც უფრო ვითარდება ბავშვის სოციალური შრე, მით უფრო “ყრუვდება” სხეული. სინამდვილეში სხეული აგრძელებს გარემოს აღქმას, მაგრამ ჩვენ მის სიგნალებს აღარ ვშიფრავთ. ადამიანი მხოლოდ გარემოზე ხდება ორიენტირებული: “რას იტყვის დედა?”, “როგორ მოიქცევა მასწავლებელი?”

სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს სკოლებში დამკვიდრებული იყო ასეთი პრაქტიკა: “თუ საპირფარეშოში გინდა, ზარამდე უნდა მოითმინო”. ამ მიდგომით ბავშვი სწავლობს, რომ იმპულსი, რომელიც მის სხეულში ჩნდება, არაფერს ნიშნავს. ის ეჩვევა სხვების მოსმენას და საკუთარი სხეულის იგნორირებას.

სხეულის შვიდი სარტყელი

_ ფსიქოთერაპიის საწყისებთან უმთავრეს ფიგურად ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევა. მან ადამიანის შინაგანი სამყარო, მისი ემოციები და ფიქრები დამოუკიდებელ სამეცნიერო სფეროდ გამოყო, თუმცა ფსიქიკას სხეულისგან განცალკევებით განიხილავდა და თავის თერაპიულ სეანსებზე აქცენტს გონებრივ პროცესებზე სვამდა.

ფროიდის ერთ-ერთმა მოსწავლემ, ვილჰელმ რაიხმა, შეამჩნია, რომ ემოციური პრობლემები მხოლოდ გონებაში კი არ “იჭედება”, არამედ სხეულზეც აისახება. მან აღმოაჩინა, რომ პაციენტის სუნთქვა, მოძრაობის მანერა და კუნთების ქრონიკული დაძაბულობა პირდაპირ კავშირშია მის ფსიქოლოგიურ ტრავმებთან.

რაიხმა დაასკვნა, რომ სხეული ქმნის ერთგვარ კუნთოვან ჯავშანს, რათა ფსიქიკა აუტანელი ემოციებისგან დაიცვას. მან გამოყო სხეულის შვიდი სარტყელი, რომელთაგანაც შედგება ეს ჯავშანი და რომლებიც კონკრეტულ ფსიქოლოგიურ ბლოკებს შეესაბამება. ფროიდმა მისი თეორია არ გაიზიარა. სწორედ ამ იდეოლოგიური დაპირისპირების შემდეგ შეიმუშავა რაიხმა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია. დღეს ეს მიმართულება რამდენიმე დიდ შტოს მოიცავს. მათ შორისაა ბიოსინთეზი, რომელიც საქართველოშიც აქტიურად ვითარდება.

სხეულის შვიდი სარტყელი ის ზონებია, სადაც ემოციური ბლოკები კუნთოვანი დაძაბულობის სახით გროვდება. სხეული ბლოკებს აღიქვამს როგორც ენერგეტიკულ საცობებს, რაც შემდეგი ნიშნებით ვლინდება:

* გაშეშება და სიმძიმე ― ბლოკის ზონაში კუნთი მუდამ ტონუსშია. ადამიანი ამას აღიქვამს როგორც დაჟეჟილობას, გაქვავებას ან სიმძიმეს, რომელიც დასვენების შემდეგაც არ ქრება.

* მგრძნობელობის დაკარგვა ― ხშირად ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს სხეულის გარკვეულ ნაწილს. მაგალითად, სანამ თერაპევტი არ შეეხება, შესაძლოა, ვერც კი შეამჩნიოს, რომ მენჯის არე ან მუცელი სრულიად უგრძნობი აქვს. ამას სხეულებრივ ამნეზიას უწოდებენ.

* ტემპერატურული ცვლილებები ― ბლოკირებულ ადგილებში სისხლის მიმოქცევა დარღვეულია, ამიტომ ასეთი ზონები (მაგალითად, ხელები ან ფეხები) ხშირად უფრო ცივია, ვიდრე დანარჩენი სხეული.

თითოეული სარტყელი: თვალების, პირის, ყელის, გულმკერდის, დიაფრაგმის (მზის წნულის), მუცლისა და მენჯის, ― შესაძლოა გარკვეულ აკრძალვას, შიშს ან გამოუხატავ ემოციას ინახავდეს.

1. თვალების ბლოკი ― ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს უკრძალავს მტკივნეული რეალობის დანახვას. მაგალითად, ბავშვი, რომელიც მშობლების ჩხუბს შეესწრო, იძულებულია, "თვალები მოჭუტოს" და ილუზიაში ცხოვრება გააგრძელოს, რათა მისი იდეალური სამყარო არ დაიმსხვრეს. ზრდასრულობაში ეს ქცევა გაუცნობიერებელ პატერნად იქცევა ― ადამიანი თვალს ხუჭავს პრობლემებზე, რომლებიც გადაჭრას ითხოვს.

ფიზიკური ნიშნები: გაყინული, უსიცოცხლო ან პირიქით, ზედმეტად ცეცხლოვანი მზერა; მუდმივად დაჭიმული შუბლი, ქრონიკული სიმძიმე კეფის არეში, თვალების წვა და სინათლის მიმართ ჭარბი მგრძნობელობა.

2. ყბის ბლოკი ― ამის ნათელი მაგალითია ძილში კბილების კრაჭუნი (ბრუქსიზმი). როდესაც ბავშვს არ აქვს ბრაზის ჯანსაღად გამოხატვის უფლება, ის იძულებულია, ემოცია ჩაიხშოს, "კბილები არ გამოაჩინოს".

ფიზიკური ნიშნები: მჭიდროდ მოკუმული პირი, გამოკვეთილი და დაჭიმული ყბის კუნთები, ტკივილი საფეთქლებთან და შეგრძნება, რომ პირი ბოლომდე არ იღება.

3. ყელის ბლოკი ― აქ მბგერი იოგები იგულისხმება. როდესაც ბავშვს მუდმივად აჩუმებენ, მასში ორი ურთიერთსაპირისპირო იმპულსი იბადება: რაღაცის თქმის სურვილი და სასჯელის შიში. სწორედ ამ ძალთა შეჯახება აჩენს ყელში ბურთის გაჩრის ― ფიზიკური მოხრჩობის შეგრძნებას.

ფიზიკური ნიშნები: ხმა ხშირად წყდება ან მონოტონურია. დამახასიათებელია ყელის ხშირი წმენდა (ჩახველება) საუბრის დაწყებამდე და სიმშრალის შეგრძნება, რომელსაც წყალი ვერ აქრობს.

4. გულმკერდის ბლოკი ― სიყვარულის გაცემისა და მიღების ბლოკირება. ადამიანი თითქოს “პატარავდება”. ეს არის მცდელობა, არ მისცე გულმკერდს გაფართოების საშუალება, რათა შინაგანი სიცარიელე კიდევ უფრო არ გაღრმავდეს.

ფიზიკური ნიშნები: ზედაპირული სუნთქვა, სიმძიმე და ტკივილი გულის არეში (რაც ხშირად კარდიოლოგიურ პრობლემაში ერევათ), ჩავარდნილი მკერდის ძვალი და წინ წამოწეული მხრები.

5. მზის წნულის (დიაფრაგმის) ბლოკი ― აქ გროვდება სოციალურ სტატუსთან, თვითშეფასებასა და აღიარებასთან დაკავშირებული იმპულსები. უარყოფა ან ბულინგი ამ ზონას ძაბავს.

ფიზიკური ნიშნები: მოხრილი სიარული, შფოთვისას მუცელში "პეპლების" გაჩენა, სპაზმები კუჭის არეში და შეგრძნება, თითქოს მუცელი ლოდივით არის გაქვავებული.

6. მუცლის ბლოკი ― დაკავშირებულია შიშსა და თვითგადარჩენის ინსტინქტთან. თუ ბავშვს ბუნებრივი იმპულსების გამოხატვას უკრძალავენ აიძულებენ ("გაჩუმდი", "ნუ ყვირი", "ნუ ხტუნაობ"), ის ინსტინქტურად ძაბავს მუცლის კუნთებს, რათა ეს ენერგია შიგნით დააკავოს.

ფიზიკური ნიშნები: მუცელი სუნთქვაში არ მონაწილეობს. ადამიანი ამ ზონას საერთოდ ვერ აღიქვამს თავისი სხეულის ნაწილად. შეხებისას მუცელი ხშირად ცივია.

7. მენჯის ბლოკი ― დაკავშირებულია სექსუალობასთან, ბუნებრივ სიამოვნებასა და ფეხზე მყარად დგომის განცდასთან. ყალიბდება ადრეულ ასაკში, მაგალითად, ქოთნის შეჩვევისას მიღებული სტრესის შედეგად. ზრდასრულ ასაკში ამან შესაძლოა ფრიგიდულობა ან სხვა ფსიქოსომატური სირთულეები გამოიწვიოს.

ფიზიკური ნიშნები: სიარულის არაბუნებრივი მანერა, სიმძიმე წელის არეში, მუდმივი დაძაბულობა დუნდულა კუნთებში, ფეხებში საყრდენის ნაკლებობის შეგრძნება (“ბამბის ფეხები”).

განგაშის რეჟიმი

― ხშირად გვიკვირს, რატომ ვრეაგირებთ ასე მძაფრად ჩვეულებრივ გასაუბრებაზე ან გამოცდაზე. თუ ადამიანს წარსულში ხშირად ამცირებდნენ ან უსამართლოდ აფასებდნენ, ნებისმიერ სიტუაციაში, რომელშიც ის შეიძლება შეფასების ობიექტი გახდეს, სხეული მომენტალურად რთავს განგაშის სიგნალს. ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რეალური შეფასება მოხდება, მზის წნულის არეში ჩნდება შეკუმშვის, ფრიალის ან სიმძიმის უსიამოვნო შეგრძნება. ამას შესაძლოა მოჰყვეს ძლიერი სომატური გამოვლინებები: გულისრევა (ორგანიზმი ცდილობს, “ამოაგდოს” ის, რაც მისთვის მიუღებელია), კანკალი და ტაქიკარდია (სხეული ემზადება რეაქციისთვის "გაიქეცი ან იბრძოლე").

სინამდვილეში ეს სიმპტომები თავის გადარჩენის არქაული მექანიზმია. სხეული ცდილობს, ადამიანი გაიყვანოს იმ გარემოდან, სადაც არსებობს ნეგატიური შეფასების (და, შესაბამისად, ემოციური ტკივილის) რისკი. გონება ამბობს, რომ ეს უბრალოდ გასაუბრებაა, მაგრამ მზის წნული ამას აღიქვამს სასიკვდილო საფრთხედ თვითშეფასებისთვის. ამიტომ სანამ ადამიანი არ გააცნობიერებს, რა ტრავმას უკავშირდება ეს რეაქცია, დამამშვიდებელი პრეპარატები პრობლემას ვერ მოაგვარებს ― მხოლოდ სიმპტომს შენიღბავს.

ხასიათის სტრუქტურები

― ადამიანის ფსიქიკა და სხეული პარალელურად ვითარდება. განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ყალიბდება გარემოზე რეაგირების საკუთარი, სპეციფიკური უნარები. ფსიქოთერაპიაში ამას ხასიათის სტრუქტურებს ვუწოდებთ. იდეალურ შემთხვევაში, ადამიანს ყველა ეს სტრუქტურა დაბალანსებულად უნდა ჰქონდეს განვითარებული, რათა მოქნილად მოერგოს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. თუ განვითარების რომელიმე საფეხურზე ბავშვმა მიიღო ტრავმული გამოცდილება მშობლების სიმკაცრის (სიხისტის), ემოციური სიცივის, უგულებელყოფის გამო, კონკრეტული სტრუქტურა დომინირებას იწყებს.

ეს დომინანტური მახასიათებელი მხოლოდ ხასიათში კი არ ვლინდება, არამედ პირდაპირ აისახება ადამიანის ფიზიკურ კონსტიტუციასა და გარეგნულ იერზეც. სხეული იღებს იმ ფორმას, რომელიც მას ტრავმის დაძლევასა და გადარჩენაში დაეხმარა. ესეც სხეულისა და ფსიქიკის ერთიანობის დასტურია.

მაგალითად, როდესაც ადამიანს აწვება ზედმეტი პასუხისმგებლობის ტვირთი, სხეული პროტესტს მხრებისა და კისრის დაჭიმვითა და გაქვავებით გამოხატავს. როცა ადამიანი გარკვეულ ვითარებაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს და მყარი საყრდენი აკლია, ფეხებში ჩნდება სისუსტის შეგრძნება.

შიზოიდური სტრუქტურა: სხეული სამყაროს განცდას მუცლად ყოფნის პერიოდშივე იწყებს. თუ საშვილოსნოში მეგობრული გარემოა, ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მაგრამ თუ დედას აქვს ხშირი ჰიპერტონუსი ან შვილი არ უნდოდა, ბავშვი ქვეცნობიერად გრძნობს, რომ სამყარო არ არის სანდო. ასეთი ადამიანი საკუთარ თავში იკეტება. მისთვის დამახასიათებელია ვიწრო და ასიმეტრიული სხეული, კუნთების ზედმეტი დაჭიმულობა სახსრების გარშემო და არაფოკუსირებული მზერა.

ორალური სტრუქტურა: ორალურ პერიოდში ბავშვი არა მხოლოდ რძით, არამედ სიყვარულითა და მზრუნველობითაც საზრდოობს. თუ დედას აქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია ან ბავშვი ინკუბატორშია, წყდება მშობელსა და შვილს შორის მზერითი და ფიზიკური კონტაქტი, თავს იჩენს ემოციური შიმშილი. ზრდასრულ ასაკში ასეთი ადამიანები ხშირად ხდებიან ზემზრუნველები, რათა სხვებზე ზრუნვით შეივსონ საკუთარი დეფიციტი. მათ აქვთ “მშიერი თვალები”, სუსტი კუნთოვანი ტონუსი და ფეხებში სიმყარის ნაკლებობა.

ფსიქოპათიური სტრუქტურა: 2-3 წლის ასაკში ბავშვს საკუთარი ძალის გამოკვლევა სჭირდება. როცა მშობელი თრგუნავს ამ იმპულსს (“არ გამოგივა”, “მე უკეთ ვიცი, რა გინდა”), ყალიბდება პიროვნება, რომლისთვისაც კონტროლი უმთავრესია. ეს შესაძლოა გამოვლინდეს ორი გზით: ან ღია დომინაციითა და პერფექციონიზმით, ან ფარული მანიპულაციით, სადაც ადამიანი პასიურობას სხვებზე გავლენის მოსაპოვებლად იყენებს. ასეთ ადამიანებს აქვთ ზედმეტად ფართო, მასიური გულმკერდი, თითქოს ცდილობენ, ფიზიკურადაც იმაზე ძლიერები გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.

მაზოხისტური სტრუქტურა: ეს ეტაპი ფიზიოლოგიურ კონტროლს უკავშირდება, როდესაც ბავშვს ქოთანს აჩვევენ, სჯიან ან არცხვენენ ბუნებრივი მოთხოვნილებების შეუკავებლობის გამო, მას უჩნდება შიში, რომ რამის (ემოციის, ნივთის, ურთიერთობის) “გაშვებისთვის” დაისჯება. აქედან მოდის ტანჯვისა და დიდი ძალისხმევის ფასად სიკეთის მიღების პატერნი. ასეთ ადამიანებს მუდმივად დაჭიმული აქვთ მენჯის არე და ზედმეტად თავშეკავებული, შებოჭილი მანერები.

რიგიდული (ისტერიული) სტრუქტურა: 4-5 წლის ასაკში ბავშვი აცნობიერებს ოჯახურ იერარქიას. როცა მშობლები არ აწესებენ ჯანსაღ საზღვრებს ან სიყვარულით “ვაჭრობენ” (“თუ გინდა, გარეთ გაგიშვა, მაკოცე”), ბავშვი სწავლობს, რომ გრძნობები მხოლოდ ინსტრუმენტია სასურველის მისაღწევად. ზრდასრულ ასაკში ასეთი ადამიანები ხშირად ორიენტირებულნი არიან გარეგნულ ბრწყინვალებაზე, კარიერულ მიღწევებსა და სტატუსზე. ქვეცნობიერად ისინი ყოველთვის ეძებენ ძლიერ, ავტორიტეტულ ფიგურებს (მაგალითად, უფროსს ან პარტნიორს), რომელთა მოხიბვლასაც ცდილობენ, თუმცა შინაგანად სიცარიელეს გრძნობენ. მათ აქვთ ხისტი, ზედმეტად გამართული ხერხემალი და ამაყი, შეუვალი პოზა, რომელიც შინაგან მოწყვლადობას მალავს.

ფსიქოსომატური დაავადებები

_ ადამიანის ჯანსაღი ფუნქციობისთვის აუცილებელია უწყვეტი ჯაჭვის არსებობა: იმპულსის აღქმა -> გაცნობიერება -> კუნთებით რეაგირება (მოქმედება). თუ ეს ჯაჭვი რომელიმე ეტაპზე გაწყდა (მაგალითად, თუ ბრაზის გამოხატვა აკრძალულია), ემოციური ენერგია სხეულში იჭედება, მუდმივი კუნთოვანი დაძაბულობა კი ადრე თუ გვიან ორგანულ ცვლილებებს იწვევს. მაგალითად, გამოუთქმელი სიტყვები და ემოციები შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციურ დარღვევებში ან ავტოიმუნურ თირეოიდიტში გადაიზარდოს, დათრგუნული ბრაზი ხშირად იქცევა კუჭის წყლულის ან არაბაქტერიული ცისტიტის მიზეზად.

ქრონიკული სტრესის დროს ადრენალინისა და კორტიზოლის მუდმივმა გამოყოფამ შესაძლოა დააზიანოს გულ-სისხლძარღვთა სისტემა და იშემიამდე ან ინფარქტამდეც კი მიგვიყვანოს.

კანის ფსიქოგენური დაავადებები (ნეიროდერმიტი, ფსორიაზი) ხშირად საკუთარი საზღვრების დაცვის უუნარობაზე მიუთითებს. როცა ადამიანი ვერ ამბობს “არას”, მისი კანი სქელდება, რათა გარემოსგან თავის დასაცავად ფიზიკური ბარიერი შექმნას. ასეთ დროს მედიკამენტური მკურნალობა მხოლოდ დროებით ეფექტს იძლევა და ასე გაგრძელდება, სანამ ადამიანი საკუთარი საზღვრების დაცვას არ ისწავლის.

ვუსმინოთ სხეულს

_ როგორ აღვადგინოთ კონტაქტი საკუთარ სხეულთან?

_ თუ გრძნობთ, რომ სხეულთან კავშირი გაწყვეტილი გაქვთ, ჰარმონიის აღდგენაში რამდენიმე მეთოდი დაგეხმარებათ:

1. ნუ გააუფასურებთ სხეულის იმპულსებს. პირიქით, ისწავლეთ სხეულის მოსმენა. ჩვენი შეგრძნებები ხშირად მეტაფორულია. მაგალითად, შესაძლოა, გვციოდეს არა იმიტომ, რომ ჰაერის ტემპერატურაა დაბალი, არამედ იმიტომ, რომ ურთიერთობაში ვგრძნობთ სიცივეს ან ვჭამდეთ არა შიმშილის მოსაკლავად, არამედ ემოციური დეფიციტის შესავსებად.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მშობელმა არ გააუფასუროს ბავშვის შეგრძნებები. როდესაც ბავშვი ამბობს, რომ სცხელა, პასუხი: “რა სისულელეა, სულაც არ ცხელა!” ― მას იმ აზრს უნერგავს, რომ მისი იმპულსები მცდარია.

2. დააკვირდით სუნთქვას. ის ჩვენი სხეულის მდგომარეობის მთავარი ინდიკატორია. დაძაბულ სხეულში სუნთქვა ვერ იქნება დაბალანსებული. ჯანსაღი სუნთქვის დროს ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა თანაბრად ღრმა და რიტმული უნდა იყოს, დიაფრაგმა უნდა ეშვებოდეს და მუცელი ოდნავ იბერებოდეს.

ზედაპირული სუნთქვის ან სუნთქვის რიტმის დარღვევის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ტექნიკა "სუნთქვის კვადრატი". ეს მეთოდი გვეხმარება რიტმის მექანიკურად დარეგულირებაში და საუკეთესოა შფოთვისა თუ პანიკის დროს:

• 4 თვლა ― ჩასუნთქვა;

• 4 თვლა ― პაუზა (სუნთქვის შეკავება ჩასუნთქვის შემდეგ);

• 4 თვლა ― ამოსუნთქვა;

• 4 თვლა ― პაუზა (სუნთქვის შეკავება ამოსუნთქვის შემდეგ).

3. იპოვეთ ბალანსი “მინდასა“ და "უნდას" შორის. ჩვენ ყველას უამრავი ვალდებულება გვაქვს. ის, ვინც მომთხოვნ გარემოში გაიზარდა, საკუთარი თავის მიმართ უფრო მომთხოვნია. ბევრ მშობელს შვილი ნაირ-ნაირ წრეზე დაჰყავს, რომ ბავშვი ყველაფერში წარმატებული იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა უნდა თავად ბავშვს. სასარგებლო და სასურველი აქტივობების დაბალანსების შემთხვევაში მას აღარ ექნება ხისტ ჩარჩოებში მოქცევის განცდა.

ხშირად ჰკითხეთ საკუთარ თავს: "სინამდვილეში რა მინდა?" “მინდასა” და “უნდას” ("საჭიროას") შორის ბალანსს შინაგანი ჰარმონიისკენ მივყავართ, ეს უკნანაკნელი კი გვიცავს იმ დაავადებებისგან, რომელთა მკურნალობაც მომავალში გაცილებით მეტ რესურსს წაიღებს, ვიდრე საკუთარი თავის მოსმენა დღეს.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: