გურამ ქარაზანაშვილი: მთელი ჩემი ცხოვრება რობოტული ქირურგიისთვის სამზადისი იყო
გააზიარე:
ქართულ მედიცინას ჰყავს მსოფლიო მასშტაბის ფიგურები, მაგრამ მათ შორის არც ისე ბევრია ისეთი, ვინც საქართველოში დარჩა და აქ ცდილობს თავისი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას. ერთი მათგანია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ონკოუროლოგი გურამ ქარაზანაშვილი – ადამიანი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვა.
ბატონი გურამი საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი და მსოფლიოს უროლოგიური ონკოლოგიის ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. მისი წოდებების, ჯილდოებისა და სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი ვრცელია. მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის არაერთგზის მფლობელია.
– პროფესიაში საერთაშორისო მასშტაბზე გასასვლელად რუტინული შრომა არ არის საკმარისი – წარმატებისთვის საჭიროა, მთელი შენი ცხოვრება, ყოველი ნაბიჯი ერთ მიზანს ემსახურებოდეს, – მითხრა ბატონმა გურამმა, – მე არ მქონია არც ბავშვობა, არც ახალგაზრდობა, არც შუა ხანი. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნება ჩემს პროფესიას და სრულყოფისკენ მუდმივ სწრაფვას. ეს არის ჩემი ხასიათი და შინაარსი, რა მოსაწყენიც არ უნდა იყოსო.
ბატონი გურამი მედიცინაში წარმატების საკუთარ ფორმულაზე, საქართველოში რობოტულ ქირურგიასა და მაღალი ტექნოლოგიების მნიშვნელობაზე გვესაუბრა.
წარმატების ისტორია
გურამ ქარაზანაშვილის წარმატების ისტორია სკოლის მერხიდან დაიწყო. კომაროვის სახელობის სკოლა წარჩინებით დაამთავრა. სამედიცინო ინსტიტუტშიც გამორჩეული სტუდენტი იყო – ვლ. ჟღენტის სახელობის სტიპენდიანტმა, სტუდენტობის პერიოდშივე გამოაქვეყნა პირველი პუბლიკაციები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
– საბჭოთა პერიოდში მოსკოვი გახლდათ ადგილი, სადაც საუკეთესო განათლებისა და გამოცდილების მიღება შეიძლებოდა. კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა უროლოგიაში სწორედ იქ, ექიმთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის უროლოგიის კათედრაზე გავიარე. ხუთი წელიწადი მოსკოვის წამყვან კლინიკებში ვიმუშავე. შემეძლო დარჩენა, მაგრამ დავბრუნდი და სამოქალაქო ომის პერიოდში ჰოსპიტლად გადაკეთებულ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა. ეს ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი პერიოდი იყო.
გურამ ქარაზანაშვილი ყველა გზას ეძებდა თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების დასაუფლებლად. უკავშირდებოდა სამეცნიერო ფონდებსა და სამედიცინო განათლების პროგრამების კურატორებს, რომელთა ხელშეწყობით შესაძლებლობა მიეცა, ევროპის წამყვან კლინიკებში სამუშაო გამოცდილება მიეღო. ასე მოხვდა ნაიმეგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, მაინის ოფენბახის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, ბონის, მალმოსა და ვენის საუნივერსიტეტო კლინიკებში. ამერიკისა და ევროპის უროლოგთა ასოციაციებს შორის აკადემიური გაცვლის პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მეიოს კლინიკაში, დუკის, ჩიკაგოსა და ვანდერბილდტის უნივერსიტეტებში:
– ლაპაროსკოპიული უროლოგიის კურსი ბერლინის კლინიკებში გავიარე. ევროპის უროლოგთა ასოციაციის დაფინანსებით, მომეცა ჰოლანდიაში მუშაობის საშუალება. მრავალთვიანი სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა უზრუნველყო ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სტიპენდიამ. მედიცინაში ეს სტიპენდია მსოფლიოში მხოლოდ ორმოცამდე ადამიანს გვაქვს მიღებული.
არაერთი შესაძლებლობა მქონდა, უცხოეთში დავრჩენილიყავი: გერმანიაში პრაქტიკული საქმიანობის ლიცენზია მაქვს, ევროპის უროლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის მოწვევით შესანიშნავი წინადადება მივიღე შვედეთიდანაც, მაგრამ ყოველ ჯერზე საქართველოში ყოფნას ვარჩევდი. მინდოდა, აქ დამენერგა ის, რაც დასავლეთში ვნახე და ვისწავლე. მიმაჩნდა, რომ აქ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემი შესაძლებლობების რეალიზება, ვიდრე, მაგალითად, გერმანიაში, სადაც ისედაც ბევრი კარგი კლინიკა და სპეციალისტია.
რობოტული ქირურგია
– ამიერკავკასიის რეგიონში პირველი რობოტული ქირურგიული ჩარევა 2024 წლის 27 მარტს განვახორციელეთ და მთელი ჩემი ცხოვრება ამისთვის სამზადისი იყო. არ დავტოვე არცერთი სუსტი წერტილი ჩემს პროფესიონალიზმში, ყოველგვარი სირთულის ქირურგიული მანიპულაცია და ტექნოლოგია შევისწავლე – ლაპაროსკოპია, ენდოსკოპია, ღია ოპერაციები... ამას წლები დასჭირდა. ეს იყო მოსამზადებელი პერიოდი რობოტული ქირურგიის დასანერგად, რადგან რობოტული ქირურგია ყოველივე ამის მწვერვალია. ოპერაცია ტარდება ადამიანის ხელისა და თვალის მსგავსად შექმნილი მინიატურული ინსტრუმენტებით, რომლებიც გათვლილია ფაქიზ სამუშაოზე, ურთულეს მანიპულაციებზე, ხელით მიუდგომელ ადგილებზე. პროცესს მთლიანად ქირურგი მართავს.
– ამ პროცესში ხელოვნური ინტელექტი მონაწილეობს?
– მიმდინარეობს მუშაობა, რომ, პერსპექტივაში, განსაზღვრული მანიპულაციები ექიმის მითითებით ტექნოლოგიებმა განახორციელონ, მაგრამ ეს მომავლის საქმეა. ქირურგიის რობოტიზაცია გაციელებით რთულია, რადგან ქირურგი არასოდეს არის სტანდარტული.
ჩვენს ქვეყანაში რობოტული ქირურგიის დანერგვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ საერთაშორისო ნდობა და, გაუზვიადებლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნდობა მაქვს. ვიცნობ თითქმის ყველა წარმატებულ პროფესიონალს ამ დარგში, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვნენ საქართველოში რობოტული ქირურგიის დანერგვის გადაწყვეტილებით. ვიცოდი, რომ თუ საჭირო იქნებოდა, გვერდითაც დამიდგებოდნენ. პირველი სამი ქირურგიული მანიპულაცია ჩემი ევროპელი მეგობრების ზედამხედველობით ჩავატარე, რომ მოულოდნელობებისგან დაზღვეული ვყოფილიყავით. შემდგომშიც არაერთი კოლეგა მეწვია გერმანიიდან, უნგრეთიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან... ეს მუდმივი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო პაციენტების ნდობა. რობოტული ქირურგიის დაწყებამდე მე და ჩემმა გუნდმა დავნერგეთ პროსტატის რობოტული ფოკალური თერაპია – მეთოდი, რომელიც ჯირკვლის შენარჩუნებით პროსტატის სიმსივნის განადგურების შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმენით საქართველოში სკრინინგცენტრების ქსელი, სადაც პროსტატის კიბოს სკრინინგი მიკროსკოპული ულტრაბგერის (29MHზ) გამოყენებით ტარდება. ესეც ნოუ-ჰაუა, რომლის ანალოგი ჯერჯერობით მხოლოდ ამერიკაში არსებობს, მრავალ ევროპულ ქვეყანაში კი ახლა ინერგება. პაციენტები გვენდობიან და ამ ნდობის მოპოვებას წლები დასჭირდა.
არასრულ ორ წელიწადში სამასამდე რობოტული ქირურგიული ოპერაცია ჩავატარეთ, რაც, ვფიქრობ, შესანიშნავი შედეგია. პაციენტები მეზობელი ქვეყნებიდან, ჰოლანდიიდან და ამერიკიდანაც კი ჩამოდიან.
– რობოტული ქირურგიის მიმართულებით კადრებს თუ ამზადებთ? რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში?
– ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რეზიდენტურის ბაზას წარმოადგენს. წლებია, ვზრდით სპეციალისტებს, რომლებსაც ყველა ტიპის ქირურგიული ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ.
თეთრი ხალათის გარეშე
– მთელი ჩემი ცხოვრება პროფესიას უკავშირდება. ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ჩემი მთავარი შიშიც კი მასთან არის გადაჯაჭვული – ყველა ქირურგიული ჩარევა უდიდესი პასუხისმგებლობაა და მინდა, რომ შედეგი ყოველთვის საუკეთესო იყოს.
პატარ-პატარა სიხარულებიც მაქვს – თავისუფალ დროს კარგ მუსიკას ვუსმენ, ვცურავ... თუმცა ყველაზე უკეთ მაშინ ვისვენებ, როცა ვმუშაობ. შარშან მომხსენებელი ვიყავი მსოფლიო დონის სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე მადრიდში, სტრასბურგში, ლონდონში, ედინბურგში, ამიერკავკასიის ქვეყნებში. სამი სიმპოზიუმის ორგანიზებაც შევძელით საქართველოში. ვისვენებ ოპერაციის დროს... ჩემთვის ჩემი საქმე სიამოვნებაა.
მიხარია, რომ ჩემი უფროსი შვილები ექიმები არიან და, ამასთან, ცდილობენ, მამის ჩრდილქვეშ არ მოექცნენ. ერთი მათგანი გერმანიაში მუშაობს. როდესაც ჩემი კოლეგები მათ შესახებ მიყვებიან, სიამაყე მეუფლება.
თამარ ციბალაშვილი










