განსხვავებული ადამიანები ერთ ჭერქვეშ

გააზიარე:

საინტერესო პარადოქსია – ერთ სახლში ორი ბავშვი იზრდება. ერთსა და იმავე საკვებს მიირთმევენ, ერთსა და იმავე წესებს ისმენენ, ერთსა და იმავე სკოლაში დადიან, მაგრამ საბოლოოდ სრულიად სხვადასხვანაირ ადამიანებად ყალიბდებიან.

ერთი ბავშვი ფაქიზად ალაგებს სათამაშოებს და შეგახსენებთ, რომ ძილის დროა, მეორე კი სახლში მიმოფანტული ნივთების ბილიკს ტოვებს და ძილის დრო მოახლოვდება თუ არა, პატარა იურისტივით მოლაპარაკებებს იწყებს. ერთი მშვიდი და ჩაკეტილია, განმარტოებით კითხვა ან ხატვა უყვარს, ხოლო მეორე, სადაც არ უნდა მივიდეს, ყველას თვალის დახამხამებაში გაიცნობს ხოლმე და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია.

რატომ ხდება ეს?

დედმამიშვილებს შორის ასეთი განსხვავება ძალიან ხშირია. მეტიც, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ეს ნორმა უფროა, ვიდრე გამონაკლისი.

პირველი და უმნიშვნელოვანესი მიზეზი ის არის, რომ ბავშვები უკვე საკუთარი ტემპერამენტით იბადებიან. ტემპერამენტი ნიშნავს, ბუნებრივად როგორ რეაგირებს ბავშვი გარემოზე. განსხვავებები ძალიან ადრე ჩნდება. ზოგი ჩვილი ასაკიდანვე მშვიდი და ფრთხილია. ზოგი კი ენერგიული, ემოციური და ცნობისმოყვარე.

ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ერთნაირ გარემოში იზრდებიან, ისინი ამ გარემოს სრულიად განსხვავებული შინაგანი სისტემით პასუხობენ.

მნიშვნელოვანია დაბადების რიგიც. პირველი შვილი ხშირად შედარებით მშვიდ გარემოში იზრდება და მშობლების ყურადღება მთლიანად მისკენაა მიპყრობილი. ასეთ ბავშვებს ბუნებრივად უყალიბდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა, წესრიგი და სიფრთხილე, რადგან ადრეულ წლებში უმთავრესად უფროსებთან ურთიერთობენ.

უმცროსი შვილები კი უკვე სხვა დინამიკაში იზრდებიან. სახლში მეტი ხმაური და ფუსფუსია, უმცროსებს უწევთ უფროს და-ძმასთან მუდმივი პაექრობა მშობლების ყურადღებისთვის... ასეთი ბავშვები ხშირად უფრო გახსნილ და კომუნიკაბელურ ადამიანებად ყალიბდებიან.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა უფროსი შვილი ინტროვერტია და ყველა უმცროსი – ექსტრავერტი, მაგრამ დაბადების რიგი ძალიან ხშირად ახდენს გავლენას მათ ხასიათზე.

ოჯახის ცვალებადი დინამიკა

გარედან ყველაფერი ერთნაირი ჩანს, მაგრამ ბავშვების გამოცდილება იდენტური არ არის. თითოეული ბავშვი ოჯახის ოდნავ განსხვავებულ ვერსიას განიცდის. დროთა განმავლობაში მშობლები თავადაც იცვლებიან: პირველ შვილთან ხშირად უფრო ფრთხილები არიან, ხოლო მეორესა და მესამესთან – უფრო მშვიდები და თავდაჯერებულები.

ბავშვები ოჯახში საკუთარ როლს პოულობენ

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც და-ძმები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ის არის, რომ ბავშვები ოჯახში საკუთარი ადგილის პოვნას ცდილობენ. ერთი თუ "მოწესრიგებულის" როლს ირგებს, მეორე შესაძლოა შემოქმედებითი და ცოტა ქაოსური გახდეს. ერთი თუ ენერგიული, კომუნიკაბელური და ცნობისმოყვარეა, მეორე მარტოობის მოყვარული, მშვიდი და გაწონასწორებული ხდება.

ბავშვები საოცრად კარგად გრძნობენ ოჯახის დინამიკას და ხშირად საკუთარ იდენტობას სწორედ და-ძმებთან განსხვავებით აყალიბებენ.

მეგობრები და სოციალური გარემოს გავლენა

ზრდის კვალდაკვალ მეგობრები და თანაკლასელები ბავშვის პიროვნებაზე ისეთივე გავლენას ახდენენ, როგორსაც ოჯახი. მაშინაც კი, როცა და-ძმები ასაკით ახლოს არიან ერთმანეთთან, მათი სოციალური გამოცდილება იშვიათად არის ზუსტად ერთნაირი. შესაძლოა, განსხვავებული მეგობრები ჰყავდეთ ან სრულიად სხვადასხვა ინტერესები ჰქონდეთ. ერთი ბავშვი სპორტში ან სცენაზე პოულობს თავდაჯერებას, მეორე კი შესაძლოა წიგნებში, ხელოვნებაში ან მეგობრების მცირე წრეში გრძნობდეს თავს კომფორტულად. დროთა განმავლობაში ამ გამოცდილებებს მათი პიროვნება კიდევ უფრო განსხვავებული გზებით მიჰყავს.

როდის აშფოთებთ განსხვავებები მშობლებს

მოწესრიგებული ბავშვის გვერდით მოუსვენარი და ან ძმა შესაძლოა მეტისმეტად მშფოთვარე ჩანდეს, ხოლო მშვიდი ბავშვი კომუნიკაბელურის გვერდით – შემაშფოთებლად ჩაკეტილი. ეს განსხვავებები უმეტესად არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ პიროვნული მრავალფეროვნების გამოხატულებაა. გახსოვდეთ, არ არის აუცილებელი, ბავშვები ერთმანეთს ჰგავდნენ, რათა ჯანმრთელ და ბედნიერ ადამიანებად გაიზარდონ.

რჩევები მშობლებს

1. ერიდეთ შედარებებს

ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წესია.

როდესაც ბავშვს მუდმივად ესმის: "რატომ არ შეგიძლია, შენს დასავით/ძმასავით მოწესრიგებული იყო?“ ან "შენი და/ძმა ყველას ელაპარაკება, შენ რატომ ხარ ასეთი ჩაკეტილი?“ – შესაძლოა, გაუჩნდეთ განცდა, რომ მისი ხასიათი არასწორია. უმჯობესია, თითოეული ბავშვის ძლიერი მხარე დაინახოთ და ამას გაუსვათ ხაზი.

2. გაითვალისწინეთ მათი განსხვავებული საჭიროებები

ექსტრავერტი ბავშვები ენერგიას ხშირად კომუნიკაციიდან და ხალხთან ურთიერთობიდან იღებენ, ინტროვერტებს კი სიმშვიდე და მარტო ყოფნა სჭირდებათ. ორივე საჭიროება სავსებით ნორმალურია.

ეცადეთ, პატივი სცეთ მათ განსხვავებულ ენერგიასა და კომფორტის ზონას.

3. ნუ მიაწებებთ ბავშვს იარლიყს

ბავშვების კატეგორიებად დაყოფა ძალიან ადვილია: "ეს ძალიან მშვიდია", "ეს კი მოსიარულე კატასტროფაა". გახსოვდეთ, რომ ბავშვები მუდმივად იცვლებიან და იზრდებიან. იარლიყებმა ისინი შესაძლოა ისეთ როლში გამოკეტოს, რომელსაც მოგვიანებით თავად ვეღარ მოერგებიან. აუცილებლად დაუტოვეთ სივრცე განვითარებისთვის.

4. გამოუყავით დრო თითოეულ მათგანს

ხშირად მშობელთან მარტო დარჩენილი ბავშვები სულ სხვანაირად იქცევიან, ვიდრე მაშინ, როცა და-ძმებთან ერთად ყურადღებისთვის იბრძვიან. ცოტაოდენი პირადი დრო, რომელსაც მშობელთან ერთად გაატარებს, თითოეულ ბავშვს აგრძნობინებს, რომ ის მნიშვნელოვანია, პიროვნებაა.

განსხვავებათა სილამაზე

მიუხედავად იმისა, რომ და-ძმებს შორის განსხვავება ზოგჯერ კამათსაც იწვევს, ოჯახურ ცხოვრებას ის განსაკუთრებულ ელფერს სძენს. ბავშვები ძალიან ადრე სწავლობენ, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად ფიქრობენ, გრძნობენ და რეაგირებენ. ისინი სწავლობენ მოლაპარაკებას, თანაგრძნობასა და მოთმინებას.

ხშირად და-ძმები ერთმანეთის დაბალანსებასაც ახერხებენ. შესაძლოა, მშვიდი ბავშვი უფრო აქტიურ დას/ძმას დამშვიდებასა და დაფიქრებაში დაეხმაროს, სოციალურმა ბავშვმა კი ნელ-ნელა გამოაცოცხლოს ჩაკეტილი დედმამიშვილი და ახალი გამოცდილების მიღებაში დაეხმაროს.

დროთა განმავლობაში ეს განსხვავებები ოჯახის უნიკალური რიტმის ნაწილი ხდება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: