როდესაც ყველაფერი ერთდროულად ხდება
გააზიარე:
ცხოვრებაში არის პერიოდები, როდესაც ერთდროულად გვატყდება თავს ბრაზი, სევდა, სიხარული, იმედი, სასოწარკვეთილება. შფოთვას იმედი ცვლის, რომელსაც გადაღლა მოჰყვება. ახალგაღვიძებული, შესაძლოა, მზად ვიყოთ მთების დასაძრავად, ორი საათის შემდეგ კი დაღლილობა გვიტევდეს. ეს გასაკვირი არ არის. გაურკვევლობის პერიოდში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენს გარემოცვაში ბევრი რამ იცვლება, ჩვენი ემოციური მდგომარეობა შესაძლოა ქაოსურიც კი მოგვეჩვენოს.
იმის გაგება, რატომ ხდება ეს, ამ მდგომარეობის მშვიდად გავლისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
რატომ აძლიერებს გაურკვევლობა ჩვენს ემოციებს
ადამიანს ბუნებრივად სჭირდება სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. როდესაც გარემოებები იცვლება, ჩვენი ტვინი საფრთხის მდგომარეობაში გადადის. ამ დროს გარემოს გულდასმით შესწავლას ვიწყებთ და ვცდილობთ გავარკვიოთ, სად არის საფრთხე, სად არის რესურსი და რა მნიშვნელობა აქვს მიმდინარე მოვლენებს.
ამ გაძლიერებულ ყურადღებას ხშირად ერთდროულად მოჰყვება რამდენიმე ემოცია:
- შიში, რადგან მომავალი ბუნდოვანია;
- აღფრთოვანება, რადგან ცვლილებას შესაძლებლობაც მოაქვს;
- დარდი იმაზე, რაც მთავრდება ან იცვლება;
- იმედი იმისა, რაც შეიძლება მომავალში გაჩნდეს.
ეს ემოციები ურთიერთწინააღმდეგობრივი არ არის. გარდამავალ პერიოდში ისინი ხშირად თანაარსებობენ. სირთულე მაშინ წარმოიშობა, როცა ამ ემოციურ მრავალფეროვნებას პრობლემად აღვიქვამთ. სინამდვილეში რამდენიმე ემოციის ერთდროულად განცდა ხშირად ნიშნავს, რომ ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება და ადაპტაციის მიზნით ხან ერთ ემოციას მოვირგებთ, ხან – მეორეს.
სეზონური ცვლილებების გავლენა
წელიწადის დროების ცვლა ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე უფრო ძლიერ გავლენას ახდენს, ვიდრე გვგონია. გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად:
- დღის სინათლე იმატებს;
- იცვლება ძილის რიტმი;
- იცვლება ჰორმონული ბალანსი;
- იმატებს სოციალური აქტივობის მოლოდინიც.
ზამთარი უფრო დინჯი, შინაგანი პროცესების დროა, გაზაფხული კი აქტიურობასთან, ზრდასთან, განახლებასთან ასოცირდება. როდესაც ამ გარეგანი ტემპისთვის ემოციურად მზად არ ვართ, შესაძლოა, შინაგანი დაძაბულობა ვიგრძნოთ.
პიროვნული თვისებები და ემოციური მგრძნობელობა
ზოგიერთი პიროვნული თვისება განსაზღვრავს, რამდენად ძლიერად განვიცდით ემოციურ ცვლილებებს.
ადამიანები, რომლებიც ბუნებრივად უფრო რეფლექსიურები, ემპათიურები ან გარემოს მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან, ხშირად ერთდროულად უფრო დიდ ემოციურ ინფორმაციას ამუშავებენ. ასეთ ადამიანებს ახასიათებთ:
- განწყობისა და ენერგიის თუნდაც უმნიშვნელო ცვლილებების სწრაფად შემჩნევა;
- სხვადასხვა შესაძლებლობასა და შედეგზე სიღრმისეული ფიქრი;
- როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციების ინტენსიური განცდა;
- გარემოს სტრესის საკუთარ თავზე გადმოტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მგრძნობელობა ზოგჯერ დამღლელია, მას ძალაც ახლავს. ემოციური სიფხიზლე ხშირად უკავშირდება კრეატიულობას, ინტუიციას და ადამიანებსა და გარემოსთან ღრმა კავშირის უნარს. ამიტომ ჩვენი მიზანი ემოციური სიღრმის გაქრობა კი არ უნდა იყოს, არამედ მისი მართვის სწავლა – ისე, რომ მასში არ დავიკარგოთ.
როდესაც ყველაფერი მეტისმეტად ბევრია
ემოციური გადატვირთვა პატარ-პატარა ნიშნებით იწყება, ამიტომ კარგი იქნება, დავაკვირდეთ, ხომ არ ვგრძნობთ:
- კონცენტრაციის დაქვეითებას;
- მოუსვენრობას და ფიქრების მუდმივ ნაკადს;
- დაღლილობას, მიუხედავად საკმარისი ძილისა;
- მოტივაციის მოულოდნელ მატებას და შემდეგ სწრაფ დაცემას;
- მცირე გადაწყვეტილებებზეც კი ზედმეტ ფიქრს;
- ყველაფრის მიტოვებისა და გაქცევის სურვილს.
ეს რეაქციები სისუსტის ნიშანი არ არის. ეს ჩვენი ნერვული სისტემის გზავნილია, რომ მას ცოტაოდენი სივრცე და რეგულირება სჭირდება.
როდესაც მეტისმეტად ბევრი ემოცია ერთდროულად ითხოვს ყურადღებას, ჩვენს გონებას უბრალოდ დახმარება სჭირდება, რომ ყველაფერი "თავ-თავის ადგილას დაალაგოს".
რა გვეხმარება ემოციური გადატვირთვის დროს
როდესაც ემოციები ერთმანეთში ირევა, მთავარი მიზანი მათი დაუყოვნებლივ მოთვინიერება კი არ არის, არამედ მცირე სიცხადისა და სიმშვიდის მომენტების შექმნა. ეს გაცილებით სასარგებლოა.
1. დაარქვით სახელი იმას, რასაც გრძნობთ
კვლევები აჩვენებს, რომ ემოციისთვის სახელის დარქმევა მის ინტენსივობას ამცირებს. სცადეთ, რაც შეიძლება ზუსტად ჩამოაყალიბოთ: "მომავალი გაურკვეველია და ეს მაშფოთებს"; "ბევრს ვფიქრობ და ამან დამღალა". ხშირად ის, რასაც გადატვირთულობად მოვიხსენიებთ, სინამდვილეში რამდენიმე ემოციის ერთობლიობაა.
2. შეამცირეთ საკუთარ თავზე ზეწოლა
გაურკვევლობა გვიბიძგებს, ყველაფერზე სასწრაფოდ ვეძებოთ პასუხები, მაგრამ როდესაც ვჩქარობთ, სიცხადე ქრება.
არ არის აუცილებელი მთელი მომავლის დღესვე დალაგება. ეცადეთ, მარტივ, ადვილად გადასაწყვეტ ამოცანებზე კონცენტრირდეთ.
3. გამოიყენეთ მოძრაობა დასამშვიდებლად
ემოციები მხოლოდ გონებაში არ არსებობს – ისინი, უპირველეს ყოვლისა, სხეულში იგრძნობა. ემოციებს სხეულით დავატარებთ. შესაბამისად, მოძრაობა, მაგალითად, სეირნობა, ხშირად ამცირებს დაგროვილ დაძაბულობას.
4. შეამცირეთ ინფორმაციის ნაკადი
ინფორმაციით გადატვირთული ადამიანი ხშირად უფრო მეტ ინფორმაციას ეძებს – სტატიებს, რჩევებს, სხვა ადამიანების მოსაზრებებს, მაგრამ ზოგჯერ გონებას სწორედ სიმშვიდე სჭირდება. სოციალური ქსელებისა და ინფორმაციის უწყვეტი ნაკადისგან მცირე ხნით შესვენება შესაძლოა შფოთვის დაცხრობის საუკეთესო გზა აღმოჩნდეს.
5. დანერგეთ ყოველდღიური რიტუალები
გაურკვევლობის პერიოდში რუტინა უსაფრთხოების განცდას ქმნის. ერთი შეხედვით უმნიშვნელო განმეორებადი მოქმედებები: დილის ყავა, დღიურის წერა, ხანმოკლე სეირნობა, საღამოობით კითხვა, – სტაბილურობის განცდაში გვეხმარება. ეს ყველა პრობლემას ვერ აგვარებს, მაგრამ ნერვულ სისტემას აძლევს სიგნალს, რომ რაღაც მაინც სტაბილურია.
შუალედური ეტაპის მიღება
გარდამავალი პერიოდები იშვიათად არის ნათელი და პირდაპირი. ხშირად ისინი გაურკვეველ შუალედებს ჰგვანან: ძველი თავი მთავრდება, მაგრამ ახალი ჯერ ბოლომდე არ ჩამოყალიბებულა.
ეს მდგომარეობა არასასიამოვნოა, რადგან მასში ჩვენი იდენტობა და აქტიურობის მიმართულება ჯერ ბუნდოვანია, მაგრამ სწორედ ამ სივრცეში ვიზრდებით.
გაზაფხულიც ასე შემოდის: სანამ კვირტები ბოლომდე გაიფურჩქნება, კვირების განმავლობაში ცვალებადი ამინდია. ბუნება არ აჩქარებს ამ პროცესს და ნურც ჩვენ ავაჩქარებთ საკუთარ თავს.
ემოციური ცნობიერების ძალად ქცევა
ძლიერი განცდები ზოგჯერ ტვირთად გვაწვება, განსაკუთრებით – გაურკვევლობის პერიოდში, მაგრამ ემოციური ცნობიერება, იმავდროულად, ძლიერი შინაგანი კომპასიც არის. ის იმის შემჩნევაში გვეხმარება, რა არის მნიშვნელოვანი, რას სჭირდება ჩვენი ყურადღება და რა გვაგრძნობინებს საკუთარ მნიშვნელობას.
ყველა ემოცია დაუყოვნებლივ მოქმედებას არ მოითხოვს. ზოგჯერ უბრალოდ მათი აღიარებაა საჭირო.
წინსვლა საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობით
გაურკვევლობა, სეზონური ცვლილებები და შინაგანი რეფლექსია ბუნებრივად იწვევს ბევრ ემოციას. მიზანი მათი სრული კონტროლი არ არის – უფრო მნიშვნელოვანია მათთან მშვიდი ურთიერთობის სწავლა.
გადადგით პატარ-პატარა ნაბიჯები, ზრდასთან ერთად მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალებაც. დაელოდეთ, ვიდრე სიცხადე თავისთავად გამოჩნდება, ნაცვლად იმისა, რომ ძალით შექმნათ.
რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე











