ეგზისტენციური ფიქრები კოვიდზე

გააზიარე:

აპრილის დასაწყისია. ვორდის დოკუმენტს ვხსნი და ვხურავ. არ ვიცი, რა ვთქვა. ბოლო დროს სულ ქადაგად ვარ დავარდნილი, რაც მაწუხებს. არ მინდა, ამ სტატიაშიც იგივე გავიმეორო.

რაღაცნაირი აპრილია... გაუგებარი, დაუდგენელი. დღეს გავიგეთ, რომ ქალაქები ათი დღით იკეტება. ერთი თვეა, ჩემს უბანს არ გავცდენივარ და თავად აზრიც, რომ არსებობენ ქალაქიდან ქალაქში წამსვლელი ადამიანები, უცნაური მეჩვენება. ვიცი, ნამდვილად არსებობენ. ვიცნობ. მაგრამ თავად სხვა რეალობაში ვარ.

სამყაროში კრიზისია. ყველა შიში ერთდროულად ამოტივტივდა: ავადმყოფობის, სიკვდილის, მარტოობის, არარეალიზებულობის. ზოგს იმდენი საქმე აქვს, თავს ვეღარ ართმევს. თან შვილები უშლიან ხელს. ზოგი – პირიქით: ადრე სახლის განმგებელი იყო, ახლა კი ყველა ოჯახის წევრი ერთად შეიჭრა მის სივრცეში და მის აწყობილ სისტემას ანადგურებს. ზოგმა არ იცის, რა დარჩება მისგან, თუ ყოველ დილით სამსახურში არ იარა, როგორ გაჩერდეს შინ უსაქმოდ, როგორ იყოს პაუზაზე.

ყოველი კუთხიდან კითხვები ისმის, თუმცა ჯერჯეროობით ყველა რჩევა ზედაპირულია. მეც ერთი მათგანი ვარ, ვინც უსასრულოდ გასცემს რეკომენდაციებს. ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ, მათ ახლობლებს არაფერი მოუვიდეთ, ვპასუხობ: შეიმუშავეთ რუტინა, დარგეთ ყვავილი, გამოაცხვეთ პური... არადა, მთავარი არც ყოველდღიური გეგმის ჩამოწერაა და არც ძილის წინ პოზიტიური სცენარის წარმოდგენა. მთავარია, თვალი გავუსწოროთ ჩვენს შიშებს და ცხოვრების საზრისის ძიება მოვახერხოთ. დიახ, თუნდაც გლობალური კრიზისის დროს. ან პირიქით – სწორედ გლობალური კრიზისის დროს.

ეგზისტენციური შიშები

ცნობილი ეგზისტენციური თერაპევტი, ირვინ იალომი, ამბობს, რომ ყოველგვარი შიში საბოლოოდ ოთხ ეგზისტენციურ შიშამდე დაიყვანება. ეს ოთხია სიკვდილის, იზოლაციის, თავისუფლების დაკარგვის და საზრისის დაკარგვის შიში. ეგზისტენციურ ფსიქოლოგებს სჯერათ, რომ სწორად ეს განცდები ასახავს ბაზისურ საჭიროებებს. დღეს ოთხივემ ერთად  იჩინა თავი.

სიკვდილი

იალომს მიაჩნია, რომ თუმცაღა სიკვდილი გარდაუვალია და ეს თითქოსდა ვიცით, ჩვენ მაინც გვაქვს სიკვდილის ღრმა, ინსტინქტური შიში, რომელიც ასაკთან ერთად ძალას იკრებს.

სიკვდილში კი ყველაზე მეტად გაქრობა, ჩვენი იდენტობის აორთქლება გვაშინებს. ხომ გახსოვთ: "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი". სიკვდილი, რომელიც არ უდრის გაქრობას, ნაკლებად საშიში გვგონია.

იალომის მიხედვით, სწორედ ეს შიში გვიბიძგებს, შევქმნათ ხელოვნების უკვდავი ნამუშევრები, დავტოვოთ ჩვენ შემდეგ ლექსი, ნახატი, შენობა ან შვილი, რომელშიც ჩვენი გენეტიკა გაგრძელდება.

სიკვდილი კონტროლის დაკარგვის განცდითაც გვაშინებს. მასთან გასამკლავებლად ვეძებთ მწყემსს, წინამძღოლს, გურუს, რომელიც გვპირდება, რომ ასე და ასე თუ მოვიქცევით, კონტროლს დავიბრუნებთ და თავად გადავწყვეტთ, რა მოგვივა სიკვდილის შემდეგ.

და მაშინ, როდესაც სიკვდილის შიში ისედაც ჩვენი წამყვანი შიშია, ვიგებთ, რომ შინიდან გასვლა შესაძლოა ჩვენი ან ჩვენი ახლობლის გარდაცვალების მიზეზად იქცეს.

ჩემი კლიენტები ყვებიან, რომ დაკარგეს უსაფრთხოების განცდა, რომ შფოთავენ, რომ წარმოიდგენენ ყველაზე უარეს სცენარის. როგორ ხდებიან ავად თვითონ. როგორ ხდებიან ავად მათი ახლობლები. აქვთ პანიკური შეტევები. უჭირთ ღამით დაძინება.

ან კონტროლის მოპოვებას ცდილობენ. ყვებიან, რომ უსასრულოდ ხეხავენ ლიფტის ღილაკებს. ხელებს საპნით იბანენ და შემდეგ სადეზინფექციო ხსნარით იწმენდენ. ისმენენ და კითხულობენ ყველა ახალ ამბავს. უწყვეტად აგროვებენ ინფორმაციას.

როგორ მოვიქცეთ, თუ იპოქონდრია და სიკვდილის შიში, რომელიც კორონამდეც ტვირთად გვაწვა, ახლა გაასმაგდა?

იალომი ამბობს, რომ რაც უფრო არარეალიზებულია ადამიანი, რაც უფრო არ მოსწონს საკუთარი ცხოვრება, მით უფრო ეშინია სიკვდილის. ხსნა სწორედ აქაა: იმის გაცნობიერებაში, რომ ყველა დავიხოცებით. თანაც, როგორც ბულგაკოვის ვოლანდი ამბობდა, ადამიანი მხოლოდ კი არ კვდება, არამედ უეცრად კვდება. დაფიქრდით, რისი გეშინიათ ყველაზე მეტად, რა მოხდება, თუ მოკვდებით? რამდენად საშიშია ეს სინამდვილეში?

ყველა უეცრად კვდება, ამიტომ დასაფასებელია სიცოცხლის დრო. სიკვდილის შიში მხოლოდ პარალიზებას კი არ იწვევს, არამედ მოტივაციასაც გვაძლევს. და სწორედ იმიტომ, რომ დავიხოცებით – არ გვაქვს უფლება, სანამ ცოცხლები ვართ, არაფერი ვაკეთოთ.

მოიხადეთ ბოდიში. გადაიხადეთ მადლობა. იზრუნეთ ვინმეზე. დააფასეთ გარშემო მყოფები, ახლობლები. შექმენით რამე, თუნდაც პატარა. წერეთ, ძერწეთ, ხატეთ, დარგეთ – არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო. უბრალოდ, მოსინჯეთ საკუთარი თავი შემოქმედებაში. რა მნიშვნელობა აქვს, რა გამოგივათ. არ დაკარგოთ ეს დრო, რადგან არავინ ვიცით, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ეს ფაქტია, რომელსაც მხოლოდ კრიზისების დროს ვაცნობიერებთ.

იზოლაცია

ჩვენ გვჭირდება, მივეკუთვნებოდეთ რომელიმე ჯგუფს. მუდამ ვუერთდებით სხვებს და ვიყოფთ მათ იდენტობას. მეტიც – ჩვენ აქტიურად ვეძებთ ჩვენი ჯგუფის წევრებისგან აღიარებას, მოწონებას. ჩვენ ვცვლით ჩვენს დამოუკიდებლობას სხვებთან ერთიანობაზე. ეს ბუნებრივი და ნორმალური პროცესია. ეგზისტენციური კრიზისი კი დგება მაშინ, როდესაც ადამიანი ვერ იტანს ჯგუფისგან განცალკევებას, თუნდაც ცოტა ხნით. ეს არის იზოლაციის შიში.

იზოლაციამ შესაძლოა შეგვახსენოს, როგორი მოწყვლადები ვართ. იზოლაციის შიში ახლოსაა სიკვდილის შიშთან. ყველა მარტო კვდება, მაგრამ როცა გვერდით ახლობლები გვყავს, მარტოობის განცდა არ არის ისეთი მძაფრი. სხვების გარეშე დარჩენის შიში მარტოობას უკავშირდება, თუმცა უამრავი ადამიანი დროის მარტო გატარებას ამჯობინებს. ის, რასაც იალომი გულისხმობს, მარტოობა კი არა, მარტოსულობაა.

გასაკვირი არ არის, რომ კარანტინში თავამოყოფილებს იზოლაციის შიში ღუმელთან დადგმული ცომივით გაგვიფუვდა. გამოგიტყდებით, ჩემი მთავარი შიში მარტოსულობის შიშია. ხანგრძლივი ფიზიკური მარტოობა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოცდაა. მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, მთელი თვეა ვუძლებ ამ კარანტინს.

როგორ? უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ, მიუხედავად შიშისა, სიკვდილის და საზრისის დაკარგვის შიში ჩემთვის უცხოა და გონებით ერთგვარ ბარტერს ვაკეთებ – დიახ, ცოცხალ რეჟიმში ვეღარ ვურთიერთობ ხალხთან, მაგრამ როცა სამუშაო მაქვს, იზოლაციაზე აღარ მეფიქრება, და მეორე – მგონია, რომ შინ დარჩენით კარგ საქმეს ვაკეთებ, რაც პირდაპირ პასუხობს სიცოცხლის საზრისის ნაწილს. ამრიგად, იზოლაცია ჩემთვის სასჯელი კი არ არის, არჩევანია, რომელიც მეხმარება ვიზრუნო საკუთარ თავზეც და სამყაროზეც. ეს მამშვიდებს და მეხმარება, რომ მარტოსულობას გავუძლო.

ასე რომ, თუ იზოლაცია თქვენთვის ძნელი ასატანია, გაიხსენეთ, რომ შინ ყოფნით იცავთ სწორედ მათ, ვინც გენატრებათ.

და ჩაიხედეთ გულში: რატომ გეშინიათ მარტო დარჩენის? რა ტარაკნები ჩნდება სიჩუმეში? რა ფარული აზრები გიტევთ, როდესაც სხვების ხმა მათ აღარ ფარავს? ყური მიუგდეთ ამ აზრებს – ეს პირველი ნაბიჯია მათი მოშორების გზაზე.

თავისუფლება

იზოლაციის შიშის საპირისპირო პოლუსზე თავისუფლებისა და ინდივიდუალური არჩევანის საკითხი დგას. როდესაც სხვებს ვშორდებით, ვდისტანცირდებით, კონტროლის აღქმა ძლიერდება. ჩვენი ინდივიდუალური, განცალკევებული საზრისის არჩევა თუ შემუშავება შეგვიძლია. შეგვიძლია, ავირჩიოთ ჩვენთვის ყველაზე უსაფრთხო გზა, რომელიც შესაძლოა სხვებისას საერთოდ არ ემთხვეოდეს.

სრულ თავისუფლებაზე, როგორც წესი, უარს ვამბობთ: ვხდებით ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის ნაწილი, თავს ვარიდებთ იზოლაციას და ვამცირებთ სიკვდილის რისკს. ამავე დროს, არსებობს ჯგუფური საზრისიც, რომელსაც ვუერთდებით, მაგრამ ამ დროს ვთმობთ თავისუფალ ნებას, რაც შინაგან კრიზისს იწვევს.

რა ხდება დღეს? პანდემიამ ჩვენი თავისუფლება შეკვეცა. ჩვენ ვეღარ ვირჩევთ, სად წავიდეთ, რით წავიდეთ ან როდის; ვეღარ ვირჩევთ, სად ვიყიდოთ სურსათი, რით გავერთოთ, ვინ ვნახოთ და ვინ – არა; ვერ ვირჩევთ, ვიყოთ ჩვენთვის და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ ჩვენ გვეხება, რადგან გვიწევს ოჯახის წევრებთან თანაცხოვრება. კარანტინი სერიოზული გამოწვევაა მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად თავისუფლების დაკარგვა აშინებს.

სწორედ ამ დროს იწყება ოჯახური უთანხმოებები, პარტნიროებს შორის გაუგებრობა, პირადი სივრცისა და კონტროლისთვის ეგოების ჭიდილი. სწორედ ამის გამო გაიზარდა ვუჰანში განქორწინებათა რიცხვი.

დაფიქრდით, რატომ გაწუხებთ კომპრომისი ასე ძალიან? რატომ მიგაჩნიათ, რომ პირველი ნაბიჯის გადგმა სისუსტეა? დაფიქრდით, როგორ შეიძლება ისე დაიცვათ თქვენი პირადი სივრცის საზღვრები, რომ ოჯახის წევრმა თავი უარყოფილად არ იგრძნოს. და ეცადეთ, გქონდეთ სივრცეები, სადაც არავინ იჭრება, თქვენი თავისუფლების საიდუმლო კუნძულები.

სიცოცხლის საზრისი

ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიცოცხლის საზრისის ძებნაა. ყველას გვსურს, ვიპოვოთ ეს საზრისი, გავამართლოთ ჩვენი ყოველდღიური ქმედებები, არჩევანი, პროფესია, სოციალური როლი...

ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. შინ დარჩენილი ადამიანები იმიტომ კი არ არიან იზოლაციაში, რომ ფანტაზია არ ჰყოფნით და არ იციან, რით გაერთონ – ისინი ადგილს ვერ პოულობენ, რადგან მათი სიცოცხლის საზრისი მიბმულია სხვადასხვა ქმედებაზე, რომლებსაც ვეღარ ასრულებენ. მაგალითად, ბუღალტერი, რომელიც დიდ ორგანიზაციაში მუშაობდა, რომელიც საჭიროდ გრძნობდა თავს, რომლის გარეშეც არც ხელფასები გაიცემოდა და არც ინვენტარს ყიდულობდნენ, იღვიძებს დილით და ვერ ხვდება, ახლა რაღაა მისი დანიშნულება. მოხუცი ბაბუ, რომელიც ყოველდღე მეზობლებს ნარდს ეთამაშებოდა ეზოში, ზოგისთვის მეგობარი იყო, ზოგისთვის – მრჩეველი, ზოგისთვის კი – ძნელად შესაგუებელი ხისტი ადამიანი, უცბად კარგავს თავისი ყოველდღიური ცხოვრების მთავარ მამოძრავებელ ძალას, თავის სოციალურ ქსელს.

მაგრამ ყველა კრიზისი ხომ რაღაცის საწყისი, რაღაცის პირველი საფეხურია. დაფიქრდით, იქნებ დადგა დრო, გადახედოთ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს? თუ მხოლოდ სამსახური იყო ჩვენი მოტივაციის წყარო, იქნებ ჯობია, ჩვენს იდენტობაში მეტი მრავალფეროვნება შემოვიტანოთ? იქნებ, ზემოხსენებული ფსიქოლოგების არ იყოს, დავრგოთ ყვავილი და გამოვაცხოთ პური, არა იმიტომ, რომ პატარ-პატარა საქმეები და ახალი ჰობი გვიხსნის და გონებას გაგვინათებს, არამედ იმისთვის, რომ მოვსინჯოთ საკუთარი თავი ახალ როლში – იქნებ მოგვეწონოს.. 

ორიოდე სიტყვა ვიქტორ ფრანკლზე

“გვირჩიეთ, რა წავიკითხოთ კრიზისის დროს”, – მთხოვენ კლიენტები. ჩემთვის საკითხავი ფსიქოლოგიური ლიტერატურა ახლა ერთადერთ ავტორამდე დადის – ეს არის ფსიქიატრი და ეგზისტენციური ფსიქოლოგი ვიქტორ ფრანკლი. 1946 წელს მან გამორჩეული წიგნი დაწერა: “ადამიანის მიერ საზრისის ძიება” (“Mან’ს შეარცჰ ფორ Mეანინგ”). ამ წიგნში ფრანკლი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში მიღებულ გამოცდილებას აღწერს. მისი დაკვირვებით, იღუპებოდნენ არა ფიზიკურად ყველაზე სუსტი ტყვეები, არამედ ისინი, რომლებსაც არ ჰქონდათ სიცოცხლის საზრისი, რომლებმაც არ იცოდნენ, რისთვის ღირდა სიცოცხლე. მათ კი, ვინც გადარჩა, საზრისი სამ რამეში იპოვეს: მიზანმიმართულ შრომაში, სიყვარულსა და სიმამაცეში.

წიგნის მეორე ნახევარი ეთმობა ფრანკლის ხედას, რომელსაც მან ლოგოთერაპია უწოდა. ლოგოთერაპია გვეუბნება, რომ კრიზისისთვის თავის გართმევაში მხოლოდ ცხოვრების საზრისის პოვნა დაგვეხმარება. ფრანკლი წერს: “ადამიანმა კი არ უნდა იკითხოს, რაში მდგომარეობს ცხოვრების საზრისი, არამედ მიხვდეს, რომ მას თავად უსვამენ ამ კითხვას. ცხოვრება თითოეულ ჩვენგანს უსვამს ამ კითხვას და პასუხის გაცემა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ცხოვრებას მხოლოდ პასუხისმგებლობით თუ უპასუხებ. ლოგოთერაპია პასუხისმგებლობას ადამიანის არსებობის მთავარ მთავარ შემადგენლად განიხილავს. იცხოვრე ისე, თითქოს მეორედ ცხოვრობ, თითქოს პირველად უკვე დაუშვი შეცდომა, რომლის დაშვებასაც ახლა აპირებ”.

და კიდევ:

“უნდა შევცვალოთ ცხოვრებისადმი მიდგომის საფუძვლები. არა აქვს მნიშვნელობა, რას მოველით ცხოვრებისაგან; მთავარია, რას მოელის ცხოვრება ჩვენგან. უნდა შევწყვიტოთ კითხვების დასმა ცხოვრების საზრისის შესახებ. ნაცვლად ამისა, დავინახოთ, რომ ცხოვრება გვისვამს კითხვებს – ყოველდღე, ყოველ წუთს. ჩვენი პასუხი ფიქრი და საუბარი კი არ უნდა იყოს, არამედ სწორი ქცევა. ცხოვრება ნიშნავს – ვიკისროთ პასუხისმგებლობა, ვიპოვოთ სწორი პასუხი და გადავჭრათ ამოცანები, რომლებსაც ცხოვრება განუწყვეტლივ უსახავს ყოველ ინდივიდს”.

იქნებ სწორედ ამის დროა ახლა – თვალი გავუსწოროთ ჩვენს ეგზისტენციურ შიშს და დავიწყოთ სიცოცხლის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა: ვინ ვართ? რისთვის ვართ? რა კვალის დატოვება გვინდა? როგორც ფრნაკლი ამბობს, რას მოელის ჩვენგან ცხოვრება? აი, ამ დროს, ამ ვითარებაში? როგორ შეიძლება, ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებში ავსახოთ ის სამი საყრდენი, რომლებიც საკონცენტრაციო ბანაკში დაეხმარა ფრანკლსაც და სხვებსაც – მიზანმიმართული შრომა, სიყვარული და სიმამაცე? და თუ ეს არ გამოგვდის, რაც საერთოდ არ არის გასაკვირი, რა გვიშლის ხელს? რომელი ეგზისტენციური შიში გვიბორკავს ხელ-ფეხს?

“ესეც გაივლის” – ეწერა მეფე სოლომონის ბეჭედზე. ესეც გაივლის. ჩვენ კი... ჩვენ გვაკსრია უდიდესი პასუხისმგებლობა, გავარკვიოთ ჩვენი ადგილი ამ ახალ, შეცვლილ სამყაროში.

ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: