სურდოს მრავალი მიზეზი
გააზიარე:
როდესაც ცხვირიდან გამონადენი ჩნდება, პირველი ფიქრი ასეთია: "ალბათ გავცივდი" ან "ისევ ალერგია დამეწყო". სურდოს უმეტესად მართლაც ვირუსი ან ალერგია იწვევს, მაგრამ მას არაერთი სხვა მიზეზიც აქვს.
ალერგიული რინიტი
ალერგიული რინიტი, რომელსაც თივის ცხელებასაც უწოდებენ (მიუხედავად იმისა, რომ ის არც თივის ბრალია და არც ტემპერატურის მომატება ახასიათებს), არის ორგანიზმის გადაჭარბებული რეაქცია ჰაერში არსებულ ალერგენებზე.
რა ხდება ჩვენს ორგანიზმში
სუნთქვისას ცხვირში მოხვედრილ ალერგენს იმუნური სისტემა მტრად აღიქვამს და მის მოსაგერიებლად სპეციალურ ნივთიერებას — ჰისტამინს გამოყოფს. სწორედ ჰისტამინი იწვევს ლორწოვანი გარსის შეშუპებას, ქავილს და სურდოს — ორგანიზმი ყველანაირად ცდილობს, გარეთ გამოაძევოს დაუპატიჟებელი სტუმარი.
რომელი ალერგენები ტრიალებს ჰაერში?
* ხეების, ბალახების, სარეველების ყვავილის მტვერი (იწვევს პოლინოზს);
* ობის სოკოს სპორები (განსაკუთრებით — ნესტიან გარემოში);
* სახლის მტვრის ტკიპები;
* შინაური ცხოველების კანისა და გამონაყოფების ნაწილაკები.
რას იწვევს
ცხვირის გაჭედვასა და ცემინებასთან ერთად ალერგიულ რინიტს ახასიათებს:
* თვალების ქავილი, სიწითლე, ცრემლდენა;
* ყელის, ცხვირისა და სასის ქავილი;
* სიმძიმის შეგრძნება სინუსებში (შუბლისა და ზედა ყბის არეში);
* მუქი რგოლები თვალების ქვეშ;
* საერთო სისუსტე, დაღლილობა.
თუ სურდოს თან ახლავს თვალების ქავილი და ცრემლდენა, ეს თითქმის ყოველთვის ალერგიაა, მაგრამ თუ ცრემლი მხოლოდ ძლიერ ქარში ან მძაფრ სუნზე მოგდით, ეს თქვენი ლორწოვანის მგრძნობელობაზე (ვაზომოტორულ რეაქციაზე) მიუთითებს.
თუ იცით, რაზე გაქვთ რეაქცია, ერიდეთ ამ ნივთიერებასთან კონტაქტს. ალერგიის ნიშნების გაჩენისას შეგიძლიათ, ინსტრუქციის დაცვით მიიღოთ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.
***
ვირუსული რინიტი
ვირუსული რინიტი, რომელსაც ჩვენ უბრალოდ გაციებას ვუწოდებთ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინფექციური დაავადებაა. საინტერესოა, რომ საშუალოსტატისტიკური ადამიანი წელიწადში 1-3-ჯერ ცივდება.
გაციების გამოწვევა 200-ზე მეტ ვირუსს შეუძლია. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
* რინოვირუსები. ამ სახეობის ვირუსებით არის გამოწვეული გაციების შემთხვევების 40%-ზე მეტი. განსაკუთრებით აქტიურდება ადრეულ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
* კორონავირუსები, ადენოვირუსები და ღშV — უმთავრესად ზამთარში გვხვდება. მათი სიმპტომები შესაძლოა უფრო მძიმეც იყოს.
როგორ ამოვიცნოთ
ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია სიმპტომების განსაზღვრული ჯგუფი:
1. ყელის ტკივილი;
2. ცხვირის გაჭედვა და ცემინება (გამონადენი თავდაპირველად თხელი და გამჭვირვალეა, მოგვიანებით შესაძლოა გასქელდეს);
3. ხმის ჩახლეჩა;
4. ხველა.
ხველა ხშირად ყველაზე მეტხანს გრძელდება, და ზოგჯერ — რამდენიმე კვირაც კი.
მაღალი ტემპერატურა გაციების დროს იშვიათია. მაღალი სიცხე უფრო გრიპზე ან სხვა გართულებაზე მიანიშნებს.
***
მწვავე სინუსიტი
მწვავე სინუსიტი ხშირად უბრალო გაციებაში ერევათ, რადგან სიმპტომებით ჰგავს, მაგრამ, ჩვეულებრივი სურდოსგან განსხვავებით, რომელიც მხოლოდ ცხვირის ღრუს მოიცავს, სინუსიტი დანამატი წიაღების (ჰაერით სავსე ღრუების) ანთებაა. წიაღები ამოფენილია თხელი ლორწოვანი გარსით, რომელიც გამუდმებით გამოიმუშავებს ლორწოვან სითხეს მტვრისა და ბაქტერიებისგან სასუნთქი სისტემის დასაცავად. როდესაც ალერგიის ან ვირუსის გამო ცხვირის ქსოვილები შუპდება, წიაღებიდან სითხის დენას ხელი ეშლება, დაგროვილი ლორწო კი იდეალური გარემოა ბაქტერიების გამრავლებისთვის.
შესაძლოა, საქმე სინუსიტთან გქონდეთ, თუ სურდოს თან ახლავს შემდეგი ნიშნები:
- ტკივილი და მგრძნობელობის მომატება სინუსების მიდამოში (თვალების ქვემოთ ან ცხვირის ფუძესთან);
- სქელი, ხშირად მომწვანო-მოყვითალო ფერის გამონადენი;
- კბილების ტკივილის მსგავსი შეგრძნება ზედა ყბაში;
- უსიამოვნო სუნი პირიდან;
- დაღლილობა;
- ხველა;
- სიცხე.
ვირუსული რინიტისგან განსხვავებით, ბაქტერიული სინუსიტი ხშირად ანტიბიოტიკებით მკურნალობას მოითხოვს.
მკურნალობის გარეშე ინფექცია შესაძლოა მეზობელ ორგანოებზეც, მაგალითად, ტვინზე, გავრცელდეს. ეს სიცოცხლისთვის სახიფათოა, ამიტომ გახანგრძლივებული სურდოს დროს აუცილებლად მიმართეთ კონსულტაციისთვის სპეციალისტს (ალერგოლოგს ან ოტოლარინგოლოგს).
***
გარემო ფაქტორები
თუ თქვენი ცხვირი რეაგირებს ყველაფერზე, რაც ჰაერშია, მაგრამ ანალიზები ალერგიას არ ადასტურებს, სავარაუდოდ, საქმე გაქვთ არაალერგიულ (ვაზომოტორულ) რინიტთან. ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვები ზედმეტად მგრძნობიარეა გარემო ფაქტორების მიმართ.
ალერგიისგან განსხვავებით, აქ პროცესში იმუნური სისტემა არ მონაწილეობს. ზოგიერთი გამღიზიანებლის ზემოქმედების პასუხად ცხვირის შიგნითა გარსი უბრალოდ შუპდება და ზედმეტი ლორწოს გამოყოფას იწყებს.
ესენია:
* ჰაერის დამაბინძურებლები — მტვერი, სმოგი და თამბაქოს კვამლი; ასევე – მძაფრი სუნები: სუნამოები, საყოფაცხოვრებო ქიმია, სამუშაო გარემოში არსებული ორთქლი;
* ამინდის ცვლილება – ტემპერატურის ან ტენიანობის მკვეთრი ცვლილება (მაგალითად, თბილი ოთახიდან ცივ ჰაერზე გასვლა) მყისიერად იწვევს ცხვირის გაჭედვას;
* კონდიცირება — კონდიციონერისგან გამომშრალი ჰაერი ხშირად იქცევა ოფისებში ქრონიკული სურდოს მიზეზად;
* საკვები და სასმელი – იქნებ შეგიმჩნევიათ, რომ ცხელი ან ცხარე კერძის შეჭმის შემდეგ სურდო გეწყებათ. ალკოჰოლიან სასმელებსაც შეუძლია, ცხვირის ქსოვილების შეშუპება გამოიწვიოს;
* ფიზიკური დატვირთვა — ზოგჯერ ინტენსიური ვარჯიშის დროს ცხვირიდან გამონადენი იმატებს;
* ემოციური სტრესი — ძლიერმა ემოციამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ნერვულ სისტემაზე, რომელიც აკონტროლებს ცხვირის სისხლძარღვებს.
ამ ტიპის რინიტის დროს ეფექტურია ცხვირის გამორეცხვა ზღვის მარილის ხსნარით — ლორწოვანი გამღიზიანებლებისგან გათავისუფლდება.
***
მედიკამენტური რინიტი
ზოგჯერ სურდოს მედიკამენტებიც იწვევს, უმეტესად — დეკონგესტანტების, ცხვირის სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებების, ჭარბი გამოყენება. როცა სპრეის ან წვეთებს 3-5 დღეზე მეტხანს ვიყენებთ, ცხვირის ლორწოვანი გარსი ეჩვევა მათ, წამლის მოქმედების დასრულებისთანავე სისხლძარღვები უფრო მეტად ფართოვდება, ვიდრე მანამდე იყო და სურდოც გრძელდება.
სურდო და ცხვირის გაჭედვა შესაძლოა გამოიწვიოს სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებმაც:
* ტკივილგამაყუჩებლებმა (ასპირინი, იბუპროფენი);
* წნევის წამლებმა, მაგალითად, ბეტა-ბლოკერებმა;
* ფსიქოტროპულმა საშუალებებმა — სედაციურმა (დამამშვიდებელმა) პრეპარატებმა და ანტიდეპრესანტებმა;
* ჰორმონულმა პრეპარატებმა (ჩასახვის საწინააღმდეგო აბებმა);
* ერექციული დისფუნქციის სამკურნალო საშუალებებმა.
***
ჰორმონული ცვლილებები
ჰორმონების დონის მერყეობა (განსაკუთრებით — ესტროგენის მატება) პირდაპირ გავლენას ახდენს ცხვირის ლორწოვან გარსზე. ის იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და ლორწოს ჭარბ გამოყოფას. ამის მაგალითია ორსულთა რინიტი, რომელიც ხშირია ორსულობის მეორე-მესამე ტრიმესტრში და მშობიარობიდან რამდენიმე კვირის შემდეგ თავისთავად გაივლის.
ბევრი ქალი უჩივის სურდოს და ცხვირის გაჭედვას ოვულაციის პერიოდში (ესტროგენების პიკის გამო) და მენსტრუაციის დაწყებამდე (რაც სხეულში სითხის შეკავების ბრალია). მსგავსი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს ესტროგენის შემცველი კონტრაცეპტივების მიღებამაც.
ჰორმონული სურდო შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მხოლოდ სასქესო ჰორმონების მატებით, არამედ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებითაც (ჰიპოთირეოზით). მიუხედავად იმისა, რომ მათი განვითარების მექანიზმები სხვადასხვანაირია, შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება და სუნთქვის გაძნელება.
***
მექანიკური მიზეზები
ზოგჯერ სურდო არც ვირუსის ბრალია და არც ალერგიის – მისი მიზეზი ცხვირის ღრუს ანატომიური აგებულება ან მასში არსებული პათოლოგიური წარმონაქმნებია.
* ცხვირის ძგიდის გამრუდებისას ჰაერის ნაკადი ნესტოებში არათანაბრად ნაწილდება, რაც იწვევს ლორწოვანის მუდმივ გაღიზიანებას, ცალმხრივ გაჭედვას და ქრონიკულ გამონადენს. როცა გამრუდება საგრძნობლად აფერხებს სუნთქვას და იწვევს ქრონიკულ სურდოს, გამოსავალია სეპტოპლასტიკა (ძგიდის ქირურგიული კორექცია).
* პოლიპები – ცხვირის ღრუში ან წიაღებში არსებული რბილი, უმტკივნეულო, კეთილთვისებიანი წარმონაქმნები – ბლოკავს ლორწოს ბუნებრივ დრენაჟს, რაც იწვევს მუდმივ სურდოს, ყნოსვის დაქვეითებას და ხშირ სინუსიტს. მცირე ზომის პოლიპების დროს ხშირად ინიშნება ადგილობრივი სტეროიდული სპრეი, რომელიც მათ აპატარავებს. თუ პოლიპები დიდია და ხელს უშლის სუნთქვას, მათ ენდოსკოპიური ჩარევით აცილებენ.
* უცხო სხეული ცხვირში განსაკუთრებით საყურადღებოა. თუ ბავშვს აქვს ცალმხრივი სურდო ჩირქოვანი, უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენით, დიდია ალბათობა, ცხვირში სათამაშოს დეტალი, მძივი ან საკვების ნატეხი ჰქონდეს გაჭედილი. ნუ ეცდებით უცხო სხეულის თვითნებურად ამოღებას — შესაძლოა, უფრო ღრმად გადააგდოთ სასუნთქ გზებში. სასწრაფოდ მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს.
***
იშვიათი დაავადებები
არის შემთხვევები, როდესაც სურდო სისხლძარღვების ანთებით (ვასკულიტით) მიმდინარე იშვიათი რთული დაავადების სიმპტომია:
* ჩარგ-სტრაუსის სინდრომი (ეოზინოფილური გრანულომატოზი პოლიანგიიტით) ხშირად სამ ეტაპად ვითარდება. სურდო პირველ ეტაპზე იჩენს თავს. თუ ადამიანს, რომელსაც მანამდე არ ჰქონია ასთმა, ზრდასრულ ასაკში აწუხებს ასთმური შეტევები და ამას თან ახლავს ქრონიკული, მკურნალობისადმი რეზისტენტული სურდო, ეს საყურადღებო ნიშანია.
* ვეგენერის გრანულომატოზი (პოლიანგიიტით გამოწვეული გრანულომატოზი) აფერხებს სისხლის მიმოქცევას სასუნთქ გზებში, თირკმელებსა და სხვა ორგანოებში. ჩნდება ანთებითი კერები — გრანულომები. ცხვირიდან დის ჩირქოვანი და სისხლიანი სითხე, ხშირია სისხლდენა. ცხვირის შიგნითა გარსზე ჩნდება მტკივნეული ფუფხი (ქერქი). მკურნალობის გარეშე ამ დაავადებამ შესაძლოა ცხვირის ძგიდის დაზიანება და ცხვირის ფორმის შეცვლაც კი (ე.წ. უნაგირა ცხვირი) გამოიწვიოს.
როდის მივმართოთ ექიმს
სურდო ყოველთვის არ არის უწყინარი. მიმართეთ ექიმს, თუ:
- სიმპტომები 10 დღეზე მეტია გრძელდება;
- გაქვთ მაღალი სიცხე, რომელიც არ იკლებს;
- ცხვირიდან გამონადენი ყვითელი ან მწვანეა, თან ახლავს სახის ძვლების ტკივილი ან სიცხე;
- გამონადენი შეიცავს სისხლს;
- სურდო ან ცხვირიდან სითხის დენა დაიწყო თავის ტრავმის შემდეგ;
- ორ თვემდე ასაკის ბავშვს სურდოსთან ერთად აქვს სიცხეც;
- ცხვირის გაჭედვის გამო ჩვილს უჭირს ძუძუს წოვა და სუნთქვა.
ექიმთან მისვლამდე სიმპტომების შესამსუბუქებლად სვით ბევრი წყალი, გამოივლეთ ცხვირში მარილწყალი (ფიზიოლოგიური ხსნარი), მოერიდეთ თამბაქოს კვამლს.
მარი აშუღაშვილი











