სამსონ თოფურია – ქუთაისის პირველი საავადმყოფოს დამაარსებელი

გააზიარე:

აკაკი წერეთლის ნაკვესების მოყვარულებს გაგონილი ექნებათ ასეთი ამბავი: ერთხელ ექიმმა აკაკის გულის გაგანიერების დიაგნოზი დაუსვა, მგოსანმა კი თავისებურად, კვიმატად უპასუხა: “მერჩივნა, ჯიბის გაგანიერება მქონოდაო”.

ეს ექიმი სამსონ თოფურია გახლდათ – ადამიანი, რომელმაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში სახალხო მკურნალის სახელი დაიმსახურა. სწორედ მან გახსნა 1890 წელს ქუთაისში პირველი უფასო სამედიცინო დაწესებულება, სადაც მკურნალობდა კიდეც დიდი პოეტი.

ობლის კვერი

სამსონ თოფურია 1854 წლის 12 ივნისს აბაშის რაიონის სოფელ სეფიეთში დაიბადა. მამამისი ბესარიონი წვრილი აზნაური იყო, მაგრამ მისი შრომისმოყვარეობის წყალობით მრავალრიცხოვან ოჯახს არაფერი აკლდა. საოჯახო მეურნეობასთან ერთად ბესარიონი საზოგადო საქმეებსაც უძღვებოდა. პირველი სწორედ ის გამოეხმაურა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოწოდებას სოფლად განათლების გავრცელების შესახებ. მისი ინიციატივით, აბაშაში დაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა. როცა სოფელში მალარია გავრცელდა, ბესარიონი თავად წავიდა სოხუმში, შეიძინა ქინაქინა და სამკურნალო მცენარეები, თანასოფლელებს დაურიგა და მოხმარების წესი აუხსნა. იმავე ხანებში მისი დახმარებით სეფიეთში მოსახლეობამ ჭაობების ამოშრობა დაიწყო, რამაც საგრძნობლად შეამცირა დაავადების გავრცელება მიმდებარე სოფლებში. დიდი წვლილი შეიტანა ძველ აბაშაში მეაბრეშუმეობის განვითარებაშიც.

ბესარიონს ოთხი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. სამსონი დედმამიშვილებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. 7-8 თვისა იქნებოდა, როდესაც ავადმყოფობამ მამა წაართვა. მადლიერი თანასოფლელები, რითაც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ ოჯახს, მაგრამ მარჩენალის გარეშე დარჩენილი თოფურიები მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ ბესარიონის უფროსი ვაჟების აღზრდა ნათესავებმა იტვირთეს. ორი წლისა იყო სამსონი, როდესაც დედაც გარდაეცვალა. დები, პელაგო და ნინო, მახლობელ სოფლებში გათხოვდნენ, პატარა სამსონი კი ნათესავმა მელიტონ ნადარეიშვილმა წაიყვანა აღსაზრდელად.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ექვსი წლის ქერა ბიჭუნა, თავისი გამზრდელისა და მეზობლების საქონელს რომ მწყემსავდა, მომავალში სახელმოხვეჭილი მკურნალი გახდებოდა. სამსონს პატარაობიდანვე სწავლის დაუცხრომელი სურვილი აღმოაჩნდა, ამიტომ მამისავე აშენებულ სოფლის ორკლასიან სასწავლებელში მიაბარეს. ერთი წლის შემდეგ ბესარიონის ბიძაშვილი, ედუკი თოფურია-მაჭავარიანი, ქუთაისიდან აბაშაში ჩავიდა, ნათესავები მოინახულა, მელიტონ ნადარეიშვილსაც ესტუმრა და პატარა სამსონი სწავლის გასაგრძელებლად ქუთაისში წაიყვანა. მისმა მეუღლემ ივანე მაჭავარიანმა ბიჭი ღვიძლი შვილივით მიიღო, კერძო მასწავლებლები დაუქირავა, მერე კი ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარა. ნიჭიერი, ბეჯითი და თავაზიანი მოსწავლე ქების სიგელებით გადადიოდა კლასიდან კლასში. მასწავლებლები აღმზრდელებს მის უმაღლეს სასწავლებელში გაგზავნას ურჩევდნენ. მართლაც, ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის წარჩინებით დასრულების შემდეგ სამსონი უმაღლესი განათლების მისაღებად ოდესაში გაემგზავრა.

სტუდენტობის წლები

იმ დროს მრავალი ქართველი ახალგაზრდა ცოდნის მისაღებად სწორედ ოდესისკენ მიისწრაფოდა – იქაური უნივერსიტეტი განთქმული გახლდათ, თანაც ოდესა შედარებით ახლოს იყო საქართველოსთან. სამსონ თოფურია გამზრდელს სწერდა: "კარგად მიმიღეს, ბინაზეც მოვეწყვე, ჩავირიცხე... საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე, ნუ იჯავრებთ, თქვენს იმედს გავამართლებ".

სამსონი ჩვეული სიბეჯითით შეუდგა სწავლას. საათობით იჯდა მიკროსკოპთან, ლაბორატორიიდან ბიბლიოთეკაში მიდიოდა და თავისუფალ დროს კითხვაში ატარებდა. მეოთხე კურსზე პირველი სამეცნიერო რეფერატი – "ხერხემლიან ცხოველთა ფიზიოლოგია" – მოამზადა და პროფესორების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სამსონი ხელმოკლედ ცხოვრობდა. მისი მეგობრები იხსენებდნენ, რომ უნივერსიტეტის მსმენელთა სათვისტომოში სტუდენტები ხშირად უმართავდნენ ხელს ერთმანეთს, მაგრამ სამსონ თოფურიას არასდროს არავისთვის უთხოვია დახმარება. ერთხანს მოსწავლეებს ამზადებდა, ზოგჯერ მტვირთავადაც მუშაობდა ნავსადგურში. მძიმე შრომამ ნაადრევად შეურყია ჯანმრთელობა, მაგრამ ცოდნის წყურვილი ყოველგვარი დაბრკოლების გადალახვაში ეხმარებოდა.

ბოლო კურსზე კიდევ ერთი საინტერესო თემა – "პარაზიტული ჭიები ცხოველთა შორის" – დაამუშავა და ფაკულტეტის კათედრას წარუდგინა. მოხსენებაში ყურადღებას ამახვილებდა საქონლის სწორად მოვლაზე როგორც ადამიანთა ინვაზიის პრევენციის მნიშვნელოვან ფაქტორზე.

საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სამსონი ხარკოვში გაემგზავრა, იქაური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა და მოკლე ხანში სტუდენტთა და პროფესორთა შორის დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა.

სამსონ თოფურიას პიროვნებით დაინტერესდა ხერსონის გუბერნიაში მცხოვრები (იმხანად საქართველოდან გადასახლებული) ქველმოქმედი – თავადი დადეშქელიანი, რომელმაც ნიჭიერ სტუდენტს სწავლის დამთავრებამდე სტიპენდია დაუნიშნა. მომავალი ექიმის მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და მანაც მთელი ძალისხმევა სამეცნიერო და პრაქტიკულ მუშაობაზე გადაიტანა. ხშირად სავადმყოფოში რიგგარეშედ მორიგეობდა, პაციენტის სასთუმალთან ღამეს ათევდა და მიღებულ თეორიულ ცოდნას ამოწმებდა. მეექვსე კურსზე, პროფესორის ნებართვით, ორდინატორის მოვალეობას ასრულებდა. იმ პერიოდში საინტერესო მასალა შეაგროვა ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოთა დაავადებების ეტიოპათოგენეზის, მიმდინარეობისა და დიფერენციალური დიაგნოსტიკის შესახებ.

1885 წელს ხარკოვის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კლინიკური მედიცინის სიღრმისეულად შესწავლის სურვილმა სამსონ თოფურიას გერმანიაში, პროფესორ ვირხოვის კლინიკაში ამოაყოფინა თავი. ქართველი ექიმის ენერგიულობამ და ფართო თეორიულმა ცოდნამ აღტაცებაში მოიყვანა დიდი მეცნიერი. სამსონი ისეთი სიზუსტით ასრულებდა ლაბორატორიულ კვლევებს, რომ პროფესორი საპასუხისმგებლო დავალებას მხოლოდ მას ანდობდა.

სამსონ თოფურიამ წელიწადი და სამი თვე დაყო ბერლინში, სადაც სხვა კლინიკების მუშაობასაც გაეცნო და თეორიულ ცოდნასთან ერთად დიდი კლინიკური გამოცდილება შეიძინა. გამოთხოვებისას ვირხოვმა პირობა ჩამოართვა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგაც არ გაწყვეტდა მასთან კავშირს.

გერმანიიდან ქართველმა ექიმმა შვეიცარიისკენ აიღო გეზი, სადაც იმ ეპოქის კლინიკური მედიცინის უახლეს მიღწევებს – რენტგენს და მკურნალობის ფიზიოთერაპიულ მეთოდებს – გაეცნო. დიდი გულისყურით აკვირდებოდა ჰიდრავლიკური სამკურნალო პროცედურების კლინიკურ შედეგებს, რამაც ფიზიოთერაპიის ეფექტურობაში დაარწმუნა. საქართველოში კეთილმოწყობილი სამკურნალო დაწესებულების გახსნის სურვილი, რომელიც ჯერ კიდევ გერმანიაში ყოფნის დროს გაუჩნდა, ჟენევის კლინიკაში მუშაობისას უფრო მეტად გაუმძაფრდა. სამშობლოში დაბრუნებამდე ამ კლინიკის შენობის გეგმაც კი შეისყიდა.

სამშობლოში დაბრუნება

XIX საუკუნის დასასრულს ქუთაისის გუბერნიაში მოსახლეობის სამედიცინო დახმარება ძირითადად ექიმბაშების ხელში იყო. მათი შიშით ავადმყოფები ექიმთან არ მიდიოდნენ, ან ფარულად მიმართავდნენ მკურნალს, რომ ექიმბაშები არ გაენაწყენებინათ.

1887 წელს ქუთაისში დაბრუნებულმა სამსონ თოფურიამ უპირველესად ახლომახლო სოფლები მოიარა. ყველგან ერთი და იგივე სურათი დახვდა: ანტისანიტარია, საექიმო კადრების დეფიციტი, მაღალი სიკვდილიანობა. სამსონმა ქუთაისში სტაციონარული სამკურნალოს გახსნა მოითხოვა და, ექიმბაშების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქის თვითმმართველობისგან თანხმობა მიიღო. მიწის ნაკვეთის შერჩევა თავად სამსონს მიანდეს. საჭირო სახსრების მოძიების შემდეგ მან რიონის პირას მიწის ნაკვეთი შეიძინა, თბილისიდან არქიტექტორი და მშენებელი ინჟინერი მოიწვია... 1890 წლის პირველ მაისს გაიხსნა სამოცდახუთმეტსაწოლიანი საავადმყოფო, რომელსაც "სამსონ თოფურიას სამკურნალო" ეწოდა. ილია ჭავჭავაძემ ეს ფაქტი "ივერიის" ფურცლებიდან მილოცვით ამცნო ქართველ ხალხს. სამსონმა საავადმყოფო გერმანიიდან და შვეიცარიიდან ჩამოტანილი სამედიცინო ინსტრუმენტებით აღჭურვა. კლინიკას ჰქონდა საკუთარი წყალსადენი ბერკფელდის ფილტრით, ადგილობრივი ელექტროგანათება, ხოლო ქვედა სართულზე სააბაზანო და რენტგენის კაბინეტი იყო მოწყობილი. იქვე ფუნქციონირებდა ელექტრო– და ფიზიოთერაპიული სამკურნალო კაბინეტი. საავადმყოფოში იყო აფთიაქიც. დიდი თერაპევტი სპირიდონ ვირსალაძე ამ სიტყვებით გამოეხმაურა სიახლეს: "სამსონ თოფურიას მსგავსი საავადმყოფო რუსეთის სატახტო ქალაქებსაც კი შეენატრებათ და შეეხარბებათ, მისი ღირებულება ნახევარი მილიონი მანეთით განისაზღვრება".

ახალგაზრდა კლინიცისტმა განსაკუთრებული ყურადღებით შეარჩია მედპერსონალი: მოიწვია ოდესის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის წამყვანი ქირურგი სერგეი ვოინო, ხარკოველი ქირურგი ბორის პრჟევალსკი, კურსკიდან – ძმები გერარტები, ცნობილი მეან-გინეკოლოგი მარია კოგანი; თვალის სნეულებათა მკურნალობა ოდესელ სერგეი გოლოვინს ჩააბარა, შინაგან სნეულებათა განყოფილებას კი თავად ხელმძღვანელობდა ექიმ სერგო ტეტეროვთან ერთად.

საავადმყოფოში მკურნალობა ფასიანი იყო, მაგრამ შემოსავალი ხარჯებს ვერ ფარავდა. საჭირო იყო სხვა გზის გამონახვა. სამსონ თოფურიამ ქუთაისში სტუმრად მყოფი შეძლებული მეწარმე, პრინცი ალექსანდრ ოლდენბურგელი, საავადმყოფოს დასათვალიერებლად მიიწვია, პერსონალი გააცნო, დაწესებულების გაფართოების გეგმაზე ესაუბრა... ნანახით აღტაცებულმა პრინცმა სამსონს ყოველწლიური ფინანსური დახმარება აღუთქვა.

სამსონ თოფურიამ სოფლებიდან ჩამოსული ავადმყოფებისთვის პარასკევობით ამბულატორიული მიღება დააწესა, რომელიც ხელმოკლე ოჯახებისთვის უფასო იყო.

დრო გადიოდა, თოფურიას სამკურნალო უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, მაგრამ სამსონი მიღწეულს არ სჯერდებოდა, ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ და მედიცინის უახლეს მიღწევებს ეცნობოდა, რომლებსაც შემდეგ თავის სტაციონარში ნერგავდა.

პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა კლინიკის ხარჯიც. შემორჩენილია ცნობები იმ ცნობილ საგვარეულოთა შესახებ, რომლებიც კლინიკას ფინანსურ დახმარებას უწევდნენ: სოხუმიდან – შარვაშიძეები, ზუგდიდიდან – დადიანები, სვანეთიდან – დადეშქელიანები.

ნიკო ნიკოლაძე, საზოგადო მოღვაწე და სამსონის უახლოესი მეგობარი, იგონებდა: "სამკურნალოს სამაგალითოდ მოწყობის შემდეგ [სამსონს] დიდი აზრი და ოცნება იტაცებდა: სურდა, ოდესმე თავისი ქსენონი ქართულ სამკურნალო აუდიტორიად და პაწია აკადემიად გადაექცია. სიკვდილს რომ ეცლია, მართლაც მოახერხებდა სამედიცინო კადრების მომზადებას, რადგან ამ ფოლადივით მტკიცე და უდრეკი მოღვაწისთვის შეუძლებელი არაფერი იყო".

საქმით გატაცებული სამსონი საკუთარი თავისთვისაც ვერ იცლიდა. როდესაც ჰკითხავდნენ, ოჯახს როდისღა უნდა მოეკიდო, შვილი და მომავალი ხომ გინდაო, – ღიმილით უპასუხებდა: ჩემი ოჯახი და მომავალი ჩემი სამკურნალოაო.

თავდაუზოგავმა შრომამ ადრე გატეხა ექიმი. მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 1904 წლის 23 ივლისს, 50 წლის სამსონ თოფურია გარდაიცვალა. მისი ანდერძის თანახმად, სამკურნალო უსასყიდლოდ გადაეცა ქალაქს. თავდაპირველად სამსონ თოფურია ქუთაისის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, 2001 წლის 18 ივნისს კი მისი ნეშტი მწვანეყვავილას პანთეონში გადაასვენეს, სადაც მის საფლავს იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ბიუსტი ამშვენებს.

მარი მარღანია

გააზიარე: