შევარჩიოთ სწორი სათამაშო

გააზიარე:

თამაში ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის ისევე აუცილებელია, როგორც კვება, სუფთა ჰაერი და ჰიგიენა.
ნათქვამი გადაჭარბებად არ მოგეჩვენებათ, თუ გაიხსენებთ, რომ სწორედ თამაშით ეცნობა და 
სწავლობს პატარა ადამიანი სამყაროს, თამაშით ივითარებს ინტელექტს, ფანტაზიას, წარმოსახვას, თამაშის მეშვეობით იქმნის წარმოდგენებს გარესამყაროს შესახებ და სათამაშოებთან ატარებს დროის უმეტეს ნაწილს სიცოცხლის პირველ წლებში.
ფსიქოლოგების  მოსაზრებით, თამაში ფსიქიკისთვის ერთგვარი ვიტამინია.
ბავშვი თამაშით ცდილობს გაითავისოს და გადაამუშაოს გარემომცველი სამყაროდან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია. ეს გამოცდილება ფასდაუდებელია მისი სწორი და ჰარმონიული განვითარებისთვის.
მკვლევართა და მეცნიერთა მტკიცებით, თამაშში ჩართულ ბავშვზე დაკვირვებით შესაძლებელია მისი ცალკეული თვისებებისა და ხასიათის შტრიხების ამოცნობა, საჭიროების შემთხვევაში კი თამაშითვე კორექციაც, ამიტომ უფროსები დიდი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ამ, ერთი შეხედვით, გასართობ და “მსუბუქ“ საქმიანობას.
ადამიანის სიცოცხლის პირველი შვიდი წლის განმავლობაში თამაში ბუნებრივი  და გარდაუვალი, სოციალურად მნიშვნელოვანი და აღმზრდელობითი დატვირთვის მქონე ქმედებაა. ვეცდებით მიმოვიხილოთ სწორედ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი თავისებურებები და განვსაზღვროთ, რომელ ეტაპზე რომელი თამაში თუ სათამაშოა მიზანშეწონილი ბავშვისთვის.
პირველ შვიდწლედში სათამაშო ფაზა პირობითად სამ ეტაპად დავყოთ.
პირველი ეტაპი უდავოდ მიბაძვის (სპონტანური თამაშის) ფაზაა. სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებს ბავშვი სამ წლამდე სწორედ მიბაძვით, უფროსებზე დაკვირვებით და მათი ქმედების გამეორებით იძენს. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი ყველას და ყველაფერს ბაძავს – წაბაძვით ცდილობს სიარულს, ლაპარაკს, ჭამას, ცდილობს გაიმეოროს უფროსების ყოველი ქმედება, ამიტომ ბავშვისთვის თანაბრად საინტერესოა ყველაფერი, რასაც თავის ირგვლივ ხედავს, დაწყებული საგანგებოდ მისთვის შეძენილი სათამაშოებით, დამთავრებული საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო ნივთებით (ეს უკანასკნელი, უფროსების გასაკვირად, ხშირად ფერად და ჭყეტელა სათამაშოებზე უფრო მიმზიდველია პატარასთვის)
1.5-2 თვიდან ჩვილი უკვე იწყებს გარემომცველი სამყაროს აღქმას, შეცნობას და შესწავლას. იწყებს საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობებისა და ძალების მოსინჯვასაც. ამ უმნიშვნელოვანესი საქმიანობისთვის საჭირო “ინსტრუმენტები“ ბავშვს “თან მოაქვს“: პატარა ხელები და ფეხები, რომელთაც მოძრაობა და ბევრი საინტერესო რამის შესრულება ძალუძთ, პირი, საიდანაც ამოუცნობი ბგერები მოედინება. ბავშვი ცდილობს, წაეპოტინოს და მოეჭიდოს საგანს, მას უკვე შეუძლია მისთვის საინტერესო ნივთზე მზერის ფოკუსირება. ამ ასაკიდან უკვე შესაძლებელია  ინტელექტუალურ და ემოციურ განვითარებაზე ზრუნვაც.
ორ თვემდე ასაკის ბავშვისთვის იდეალურია გარემო, რომელსაც იგი მიჩვეულია მუცლადყოფნიდან, ანუ სიმშვიდე. ზოგ მშობელს ჰგონია, რომ ჭრელი, კაშკაშა, მუსიკალური და ჩხრიალა სათამაშოები, რომლებიც, უდავოდ, მიიქცევს ბავშვის ყურადღებას, ართობს და ახარებს მას. ვფიქრობთ, ამ ასაკის ბავშვისთვის სრულიად ზედმეტია ხმაურიანი, მჭახე, მუსიკალური და ჭყეტელა ფერის ნივთები. სჯობს, მათ ნაცვლად უყიდოთ რბილი, ბუნებრივი ფერისა და მასალის  სათამაშოები, რომელთაც გამოიყენებთ მისი ყურადღების მისაქცევად, დააკვირდებით, აყოლებს თუ არა თვალს საგანს, მისცემთ საშუალებას, ხელში  დაიჭიროს და პირისკენ წაიღოს.
ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური, ვიზუალური (თვალებით) და აკუსტიკური (ხმოვანი)  კონტაქტი ბავშვთან. დედის გაღიმებული და მშვიდი სახე, მის სახესა და თმაზე შეხება, მისი ლაპარაკისა და სიმღერის მოსმენა წარუშლელი შთაბეჭდილებაა პატარასთვის. 
წლამდე ასაკის ბავშვს  საგნის საგანზე ზემოქმედება უფრო აინტერესებს, ვიდრე მისი
გარეგნობა და ფუნქცია, ამიტომ იგი ერთმანეთს ურტყამს ნივთებს, აკაკუნებს, აგორებს, აკვირდება მათ ხმოვანებას, აგდებს იატაკზე, შლის ნაწილებად...
ზრდასთან ერთად იცვლება ბავშვის შესაძლებლობები და მოთხოვნილებებიც. მათ ყურადღებას იპყრობს პრაქტიკულად ყველა საგანი, რომელიც მათი თვალთახედვის არეში მოხვდება. სასურველი ნივთის ხელში ჩაგდებისთანავე ბავშვს იგი პირისკენ მიაქვს და გემოს უსინჯავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სათამაშო უსაფრთხო და არატოქსიკური მასალისგან იყოს დამზადებული. ამ ეტაპზე ბავშვი ვერ ხვდება ამა თუ იმ საგნის ფუნქციას და საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობს გართობას. ხოხვისას უკვე  რაც შეიძლება მეტი ნივთის მონადირება  და “დამუშავება” სურს, ამიტომ ყველა საშიში და მტვრევადი ნივთი კარგად უნდა გადაინახოთ, პატარა მკვლევარს კი დააცადოთ, დაუღალავად აწარმოოს “დაკვირვებები” და “ექსპერიმენტები”.
 უფროსებს ხშირად უკვირთ, რომ უამრავი ფერადი და თვალისმომჭრელი სათამაშოს პატრონებს აინტერესებთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო საგნები – ისინი, რომლებსაც მშობლები და ოჯახის წევრები ყოველდღიურად იყენებენ.
ნუ დაუშლით პატარას სამზარეულო ინვენტარით (ცხადია, გამოირიცხება ბასრი და მჭრელი საგნები) გართობას. ქვაბით, ხის კოვზებით, ტაფებით, საწურითა და სხვა ნივთებით ის მშვენივრად შეიქცევს თავს, სანამ თქვენ სამზარეულოში საქმიანობთ.
სამ წელს მიღწეული ბავშვებისთვის ფუნქციური ტიპის სათამაშოები უკვე ნაკლებად საინტერესოა. ისინი ყველაფერს მაინც თავიანთ ყაიდაზე მოირგებენ. მეტიც – მიიჩნევა, რომ მზამზარეული ფორმები და შინაარსი (მაგალითად, მუდმივად გაღიმებული თოჯინა) ბავშვს ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარებაში ხელს უშლის. სათამაშო, რომელიც უფროსის თვალს ახარებს უამრავი გარდამავალი ფერითა და ფორმით, ბავშვისთვის უინტერესო და არაფრისმომცემია. თოჯინა, რომელიც გაუთავებლად იღიმება ან, უფრო უარესი, გაუგებარ ემოციას გამოხატავს, საშუალებას არ აძლევს ბავშვს, მიუსადაგოს მას კონკრეტული სიტუაციისთვის საჭირო განწყობა. იქნებ თოჯინას “ეშინია“ ან “შია”, იქნებ “გაბრაზდა“ ან “გაჯიუტდა“? ამ შემთხვევაში მისი ბედნიერი სახე სიურეალისტური ნახატივით არის, ანუ ფორმა არ შეესაბამება შინაარსს და პირიქით. ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალია რბილი შიგთავსით ამოვსებული ნაჭრის თოჯინა, რომელსაც მხოლოდ თვალების “აღმნიშვნელები” ექნება. ყველა სხვა ნაკვთს, ემოციას, გარეგნობის სხვა მახასიათებლებს ბავშვი თავად მიუსადაგებს საკუთარი ფანტაზიის დახმარებით.
განსაკუთრებით ღირებული იქნება ასეთი სათამაშო, თუკი მას საკუთარი ხელით შეუკერავთ პატარას. ეს არც ისე ძნელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ განუსაზღვრელი რაოდენობისა და სხვადასხვა ტიპის ერთად დახვავებული სათამაშო, ნაცვლად იმისა, რომ უკეთ ავითარებდეს ბავშვის უნარებს, ხელს უშლის მის აქტიურობას, ყურადღებას უფანტავს და თამაშის ინტერესს უკარგავს. თამაში უწესრიგო და არაფრისმომცემი ხდება.
ამ ეტაპზე გაცილებით უკეთესია სათამაშოები, რომლებიც საშუალებას მისცემს ბავშვს, თავი “პირველაღმომჩენად“ იგრძნოს.
ნებისმიერმა მშობელმა იცის, რომ ყველაზე ძვირადღირებული სათამაშოც კი ვერ უძლებს ჩვეულებრივი და ამოჩემებული საოჯახო ნივთის კონკურენციას. ბავშვებს, უბრალოდ,  მოსწონთ იმავე საგნების გამოყენება, რომლებსაც უფროსები იყენებენ. ამიტომ ან სათამაშოები შეურჩიეთ შესაფერისი (მაგალითად, ისეთი, რომელთა შექმნასაც თავად შეძლებენ ორი ან სამი დეტალის შეერთებით, ანდა ისეთი, რომელიც ფანტაზიას მზამზარეული ხატებით კი არ დათრგუნავს, არამედ აამუშავებს და გაააქტიურებს), ან ნება დართეთ, საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს საინტერესო საგანი, საოჯახო ინვენტარი იქნება ეს თუ ავეჯი, მაგალითად, სუფრაგადაფარებული მაგიდა შესანიშნავი სამალავი ან კარავია, დივანი – რომელიმე სატრანსპორტო საშუალება და ა.შ.

მეორე ეტაპი, 3-დან 5 წლამდე, სიუჟეტური და ფუნქციური თამაშების ფაზაა. განვითარების ამ საფეხურზე ბავშვი სიუჟეტური და ფუნქციური თამაშებით ინტერესდება. იგი აიღებს ერთ რომელიმე სიუჟეტს საკუთარი ყოველდღიურობიდან და გადაათამაშებს მას. თავდაპირველად ეს ჯერ კიდევ არ არის როლური და დაგეგმილი თამაში; ბავშვი სჯერდება ერთ კონკრეტულ სცენას – ან აჭმევს და არწევს თოჯინას, ან “ტვირთავს და ცლის” სატვირთო მანქანას. ასეთი შემთხვევებისთვის მას დასჭირდება ისევ და ისევ რბილი და სასიამოვნო ფაქტურის თოჯინა, მისთვის საჭირო “პირველადი მოხმარების ნივთები“: ეტლი, პატარა მაგიდა, ჭურჭელი, ასევე – მანქანა, კუბები და ა.შ. შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სათამაშოს ხარისხს. ცუდი და მალფუჭებადი სათამაშოს ყიდვას სჯობია საერთოდ არაფერი იყიდოთ. ჩვენს პირობებშიც კი შესაძლებელია ნორმალური ხარისხის, ხისა და სხვა ნატურალური მასალისგან დამზადებული სათამაშოების ყიდვა. ეს მნიშვნელოვანია, რადგან იაფფასიანი სათამაშოების უმეტესობა პირდაპირ საფრთხეს შეიცავს ბავშვის ჯანმრთელობისთვის (ამაზე უფრო ვრცლად კიდევ გვექნება საუბარი).
ამავე ასაკიდან ბავშვები ინტერესდებიან ცხოველებითაც. უმეტესობას უკვე შეუძლია, ამოიცნოს ესა თუ ის ცხოველი, მულტფილმის ან ზღაპრის გმირი. როგორც წესი, ამ ასაკისთვის შესაფერისი სათამაშო ცხოველები “გაადამიანურებულია“. შემთხვევითი არ არის, რომ თაგუნებს, სპილოებს, ნიანგებსა თუ ჰიპოპოტამებს ახურავთ ქუდები, უკეთიათ წინსაფრები, თათებში აქვთ გაჩრილი კალათები... მნიშვნელოვანია, რომ უფროსმა ბავშვთან თამაშის დროს არ გამოხატოს ძლიერი შიში ან აგრესია სათამაშოს მიმართ.  განწყობა ბავშვზე ადვილად გადადის და იგი უმალვე გადაიღებს უფროსის დამოკიდებულებას სათამაშოსა და ცხოველისადმი.
რბილი სათამაშოები, სასურველია, არ იყოს მაღალბეწვიანი და ლითონის დეტალებით გაწყობილი. სხეულის ნაწილები კი დრეკადი და დამყოლი უნდა ჰქონდეს (საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ნებას რომ დაჰყვეს). ზომიერება აქაც მნიშვნელოვანია – მთელი ოთახის საგამოფენო დარბაზად ქცევა სრულიად ზედმეტია, რადგან ბავშვები ერთგულებით გამოირჩევიან: ამოიჩემებენ ხოლმე ერთ სათამაშოს და დანარჩენებს თითქოს ვერც კი ამჩნევენ.
აქვე აუცილებელია ბავშვის მომარაგება სხვადასხვა “სამშენებლო მასალით“, სხვადასხვა ზომისა და კონსტრუქციის კუბები იქნება ეს თუ გეომეტრიული ფიგურებისგან შედგენილი კომპლექტები. ბავშვთან ერთად თამაშის ამ ეტაპზე უფროსს მოეთხოვება თამაშის იმგვარად ორგანიზება, რომ ინიციატორი მასთან ერთად იყოს პატარა პარტნიორიც. შესაძლოა, თამაშის დაწყება და წარმართვა საკუთარ თავზე აიღოთ, მაგრამ ბავშვს უნდა ჰქონდეს თავისუფალი მოქმედების საშუალება.

მესამე ეტაპზე, 5-დან 7 წლამდე, თამაშში უფროსის ჩარევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, როცა სიტუაცია კონფლიქტური ან აგრესიული ხდება. ყველას გინახავთ სკვერებსა თუ პარკებში მშობელი, რომელიც პირდაპირ კარნახობს ბავშვს, რა და როგორ გააკეთოს. ასეთ დროს ბავშვის ნებელობა დათრგუნულია და იგი გვიან და არასრულფასოვნად სწავლობს დამოუკიდებელ ცხოვრებას.
ამ პერიოდიდან უკვე  შეგიძლიათ მიაჩვიოთ ბავშვი წიგნთან ურთიერთობას. თანამედროვე საბავშვო წიგნები იმდენად მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ არჩევანის გაკეთება ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. სხვადასხვა ტიპისა და სტრუქტურის – მუსიკალური, პანორამული, ტაქტილური (შეხებით “წასაკითხი“) – წიგნები აუცილებლად გამოიწვევს პატარას ინტერესს, თქვენ კი საშუალება მოგეცემათ, ბავშვი კითხვის კულტურას აზიაროთ და წიგნის გაფრთხილება ასწავლოთ.
ეს ეტაპი დაგეგმილი და როლური თამაშების ფაზაა. ცნობილმა შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა და ფილოსოფოსმა ჟან პიაჟემ  ამგვარ თამაშებს სიმბოლური უწოდა. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ბავშვები წინასწარი შეთანხმებით ინაწილებენ როლებს, გეგმავენ თამაშს და მეტ-ნაკლები სიზუსტით მიჰყვებიან წინასწარ დასახულ მონახაზს. სწორედ ამ ეტაპზე იკვეთება ბავშვების ტემპერამენტი და  მათი ფსიქოლოგიური თავისებურებები. ისინი ითავისებენ სასიცოცხლოდ აუცილებელ უნარებსა და ჩვევებს, იმდიდრებენ სოციალურ წარმოდგენებს და ეცნობიან რთული და პრობლემური სიტუაციებიდან თავის დაღწევის გზებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ბავშვების მომარაგება სხვადასხვა ტიპის ( ინტელექტუალური, აზარტული, მათემატიკური...) სამაგიდო თამაშებით, ფაზლებით, წვრილი და მსხვილი მოტორიკის მასტიმულირებელი თამაშობებით.
ახლა უკვე მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან  სათამაშოები სქესობრივი ნიშნით. თუკი პირველ და მეორე ეტაპზე გოგონაც და ბიჭიც თანაბარი ინტერესით ურთიერთობდნენ სხვადასხვა სათამაშოსთან, მესამე ფაზაში  ბიჭები, სავარაუდოდ, აღარც კი გაეკარებიან რბილ სათამაშოებსა და თოჯინებს, გოგონები კი ნაკლებად დაინტერესდებიან კონსტრუქტორებითა და მანქანებით.
აუცილებლად უნდა წახალისდეს წიგნთან ურთიერთობაც.
რა როლი უნდა შეასრულოს უფროსმა ამ ეტაპზე?
პირველ რიგში, მას ევალება იყოს დამკვირვებელი და ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია დელიკატური ჩარევით მოაგვაროს.
აუცილებელია, ჰქონდეს “პარტნიორული“ ურთიერთობა ბავშვებთან.
სასურველია, იყოს ინიციატორი და ორგანიზატორი, მხოლოდ – საწყის ეტაპზე. ამ ასაკიდან ბავშვი თანდათან უნდა მიეჩვიოს მისთვის შესაფერისი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას.

დასასრულ, ორიოდე სიტყვას სათამაშოების ხარისხსა და უსაფრთხოებაზეც ვიტყვით.
დღესდღეობით სათამაშოების ბაზარი სავსეა უხარისხო და იაფფასიანი პროდუქციით. ხარისხის პირველი მაჩვენებელი, ცხადია, ფასია. თუკი სათამაშოს წარმოუდგენლად დაბალი ფასი აქვს (1, 2, 3 ლარი...), იგი ერთმნიშვნელოვნად უხარისხო, მეტიც, სახიფათოა. ასეთი სათამაშოების უმეტესობა კუსტარულად მზადდება ჩინეთში და არ გააჩნია ხარისხისადმი შესაბამისობის სერტიფიკატი (რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოებისას მისი შემოწმება ქიმიურ შემადგენლებზე, ტოქსიკურობაზე, სხვა მაჩვენებლებზე არ მომხდარა).
სათამაშო უნდა იყოს დამზადებული მაღალხარისხოვანი, ნატურალური, უსაფრთხო მასალისგან, არ უნდა იწვევდეს ალერგიას და ინტოქსიკაციას. მძაფრი სუნი და თვალისმომჭრელი “ქიმიური“ ფერი ერთმნიშვნელოვნად იმაზე მიუთითებს, რომ ეს უმნიშვნელოვანესი წესი დარღვეულია და სათამაშო შეიცავს ჯანმრთელობისთვის მავნე ქიმიურ ნივთიერებებს – კადმიუმსა და ტყვიას, რომლებიც ბავშვის ორგანიზმში მოხვედრისას ვერ გამოიდევნება და იწვევს სხვადასხვა სახის პათოლოგიას (ავთვისებიანი სიმსივნის ჩათვლით).
უხარისხო მასალა ერთი შეხებითაც ადვილი შესამჩნევია: რბილი და უსიამოვნო ფაქტურის პლასტიკატს (პოლივინიქლორიდს) ძირითადად თოჯინებისა და პლასტმასის კუბების დამზადებისას იყენებენ. ამ მასალისგან დამზადებული სათამაშოების საკუთარ ბაზარზე შეტანა აკრძალეს ევროკავშირის ქვეყნებმა და ამერიკამ, თუმცა ამ მასალით სათამაშოების წარმოება არ შეწყვეტილა ჩინეთსა და სამხრეთ აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებში. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ჩვენი ბაზარი გაჯერებულია ამ მავნე და მომწამვლელი პროდუქციით.
მაღალი ფასი, განვითარებული ქვეყნის წარმოება და ხარისხისადმი შესაბამისობის სერტიფიკატი ნამდვილად არის იმის გარანტია, რომ სათამაშო ხარისხიანი და ბავშვისთვის უსაფრთხოა. პრობლემა ამ შემთხვევაში ფასია, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ თუ ორიენტირებული ვიქნებით არა რაოდენობაზე, არამედ ხარისხზე (მით უმეტეს, როცა დადასტურებულია, რომ მცირე რაოდენობის სწორად შერჩეული სათამაშო სავსებით საკმარისია სწორი და ჰარმონიული განვითრებისთვის), ვფიქრობთ, მეტ-ნაკლები პერიოდულობით შევძლებთ პატარების გახარებას მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო სათამაშოებით.
კარგი ალტერნატივაა ხელნაკეთი სათამაშოები. შესანიშნავი იქნება, თუ სათამაშოს კეთების პროცესში პატარაც ჩაერთვება – შექმნის პროცესი მისთვის შემეცნებითი და განმავითარებელი იქნება.

გააზიარე: