თუთია – ეფექტური დამხმარე გამონაყარის დროს

გააზიარე:

აკნე კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომლის მკურნალობაც ხშირად ხანგრძლივ და კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. მასთან საბრძოლველად არსებობს უამრავი პრეპარატი, რომელთაგან ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი თუთიის შემცველი მალამოებია. მოდი, გავიგოთ, რამდენად გამართლებულია მათი გამოყენება აკნეს დროს, როგორ მოქმედებს თუთია კანზე და ნამდვილად შეუძლია თუ არა ანთების შემცირება და კანის გაჯანსაღება.

თუთია და კანის ჯანმრთელობა

თუთია (Zn) ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც რეგულარულად უნდა მივიღოთ საკვებიდან დეფიციტის თავიდან ასაცილებლად. ის ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ბიოქიმიურ პროცესში მონაწილეობს, მათ შორის ისეთებშიც, რომლებიც პირდაპირ კავშირშია კანის ჯანმრთელობასთან. მაგალითად:

* თუთია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. ის მოქმედებს როგორც ანთების საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალება და ხელს უწყობს ანთებითი რეაქციების შემცირებას.

* მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციობაში – აძლიერებს იმუნურ პასუხს და ეხმარება ორგანიზმს ბაქტერიებსა და სხვა პათოგენებთან ბრძოლაში.

* არეგულირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას და ამცირებს ცხიმის ჭარბ გამომუშავებას, რაც ფორების დახშობისა და აკნეს განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, ახასიათებს ანტიბაქტერიული მოქმედებაც, რისი წყალობითაც აბრკოლებს ბაქტერიების გამრავლებას ცხიმოვან ჯირკვლებში და ამცირებს ანთებითი გამონაყარის წარმოქმნის რისკს.

* აუცილებელი კომპონენტია კოლაგენის სინთეზისთვის. კოლაგენი კანისა და შემაერთებელი ქსოვილების ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია, რომელიც ქსოვილის ელასტიკურობასა და სიმტკიცეს უზრუნველყოფს.

* ხელს უწყობს ჭრილობებისა და მიკროდაზიანებების სწრაფ შეხორცებას, ამცირებს კანის გაღიზიანებას და აჩქარებს რეგენერაციის პროცესს, ამიტომ ფართოდ გამოიყენება როგორც მალამოების, ისე სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში.

* მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, იცავს კანის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, რითაც ხელს უშლის მის ნაადრევ დაბერებას.

კანისთვის სასარგებლოა თუთიის როგორც გარეგანი გამოყენება (მალამოებისა და მოვლის საშუალებების სახით), ისე საკვების მეშვეობით მიღება.

რომელ საკვებშია თუთია ყველაზე მეტი?

თუთია გვხვდება როგორც ცხოველურ, ისე მცენარეულ პროდუქტებში, თუმცა ცხოველური წარმოშობის საკვებიდან უკეთ აითვისება. მისი მაღალი შემცველობით გამოირჩევა:

  • თევზეული და ზღვის პროდუქტები, განსაკუთრებით – ხამანწკები;
  • ხორცი, განსაკუთრებით – წითელი ხორცი და ღვიძლი, ასევე – ქათამი და ინდაური;
  • კვერცხი;
  • რძის ნაწარმი – ყველი, იოგურტი;
  • თესლეული და თხილეული – გოგრის თესლი, სელის თესლი, მზესუმზირა, ნუში, კეშიუ, არაქისი, ნიგოზი, ბრაზილიური თხილი;
  • მთლიანი მარცვლეული – შვრია, ჭვავი, ქერი, სიმინდი, წიწიბურა, ბრინჯი;
  • პარკოსნები – სოია, ოსპი, ლობიო, მუხუდო, ბარდა.

თუთიის შეწოვას ხელს უშლის მცენარეულ საკვებში შემავალი ნივთიერებები – ფიტატები. ბიოშეღწევადობის გასაუმჯობესებლად სასურველია პარკოსნებისა და მარცვლეულის წინასწარ ჩალბობა.

როგორ მოქმედებს თუთიის ოქსიდი გამონაყარზე?

სპეციალისტები თუთიის შემცველ ნაწარმს აკნეს სამკურნალო ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ.

ბაზარზე შეგხვდებათ თუთიის მალამო, კრემი, პასტა, ზეთი. მათ სხვადასხვა კონსისტენცია და შემადგენლობა აქვთ. გამონაყართან საბრძოლველად რეკომენდებულია მხოლოდ მალამოს ან პასტის გამოყენება.

ყველა მათგანის მთავარი მოქმედი ნივთიერება თუთიის ოქსიდია, მოთეთრო ფხვნილი, რომელიც თუთიისა და ჟანგბადის რეაქციის შედეგად წარმოიქმნება.

თუთიის ოქსიდი:

* აფერხებს Cutibacterium acnes-ის, აკნეს ძირითადი გამომწვევის, გამრავლებას, ამცირებს ანთებას, ამშვიდებს კანის გაღიზიანებულ უბნებს და ხელს უშლის ახალი გამონაყარის გაჩენას;

* ამცირებს ანთებითი ციტოკინების (მესენჯერი ნივთიერებების) წარმოქმნას, რის შედეგადაც იკლებს სიწითლე, შეშუპება და ტკივილი;

* იკავშირებს წყალს და აშრობს ზედმეტ სითხესა და ჩირქს, ამცირებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს ქსოვილის აღდგენას, ამიტომ ხშირად იყენებენ საბავშვო დერმატოლოგიურ მალამოებშიც, მაგალითად, საფენით გამოწვეული გამონაყარის მოსაშუშებლად;

* აჩქარებს დაზიანებული უბნების შეხორცებას და ამცირებს ნაწიბურების ჩამოყალიბების რისკს.

უნდა ითქვას, რომ თუთიის მალამო არ არის შესაფერისი ყველა ტიპის კანისა და აკნესთვის. ის ყოველთვის ვერ აღმოფხვრის აკნეს, მაგრამ სიმტომებს ამსუბუქებს. განსაკუთრებით ეფექტურია მცირე მასშტაბის მწვავე გამონაყარის დროს, აკნეს უფრო მძიმე ფორმების სამკურნალოდ კი შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა აქტიურ ინგრედიენტებთან მისი კომბინირება.

მცირე გამონაყარის შემთხვევაში თუთიის მალამოს გამოყენებისას უკეთესობა, წეისსამებრ, 24-72 საათში ხდება შესამჩნევი (გააჩნია გამონაყარის სიმძიმეს, კანის ტიპს და მალამოს გამოყენების სიხშირეს).

აკნეს საწინააღმდეგო თუთიის მალამოს გამოყენებამდე, სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ დერმატოლოგთან.

გამოყენების წესები

არ დაგავიწყდეთ, რომ თუთიის მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ნაწარმს, რომლის შემადგენლობაშიც არ შედის გამაღიზიანებელი კომპონენტები (პარაბენები, სურნელოვანი ნივთიერებები) – შესაძლოა, მათ უფრო მეტად გაამწვაონ აკნე. დასაბან საშუალებებს სასურველია ჰქონდეს საშუალო PH (PH 5,5).

ნაბიჯი 1: საფუძვლიანად გაიწმინდეთ კანის დაზიანებული უბანი.

ნაბიჯი 2: გადაისვით მალამოს თხელი ფენა.

ნაბიჯი 3: გაიმეორეთეს პროცედურა დღეში 1-3-მჯერ. ბოლო ულუფა უმჯობესია წაისვათ საღამოს. ღამით მალამო უკეთესად იმოქმედებს.

გახსოვდეთ: მალამოს ხანგრძლივი ან დიდ უბანზე გამოყენებისას შესაძლოა მის ქვეშ ტენი დაგროვდეს და უფრო მეტად გაამწვაოს აკნე.

ახშობს თუ არა თუთია ფორებს?

თუთიის მალამო მხოლოდ დაზიანებულ უბანზე უნდა წაისვათ. სწორად გამოყენების შემთხვევაში ის არ ახშობს ფორებს, პირიქით, ხელს უწყობს ცხიმის სეკრეციის რეგულირებას და თავიდან გვაცილებს ფორების დაბინძურებას.

შეიძლება თუ არა თუთიის მალამოს გამოყენება პროფილაქტიკისთვის?

შეიძლება. თუ სახის ერთ ან რამდენიმე უბანზე იგრძნობთ ქაჩვას, დაჭიმულობას ან ზეწოლას, შესაძლოა, ეს იმის სიგნალი იყოს, რომ გამონაყარი იწყებს ფორმირებას. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ, პრობლემურ უბანზე თუთიის კრემი წაისვათ და მთელი ღამით დაიტოვოთ.

ეფექტურია თუ არა თუთია კანქვეშა გამონაყარის დროს?

თუთიის მალამო აშრობს კანქვეშა გამონაყარს, რითააც ხელს უშლის ბაქტერიების გამრავლებას.

შეიძლება თუ არა თუთიის მალამოს ინტიმურ ზონაში გამოყენება?

შეიძლება. საფენის გამონაყარის დროს ჩვილებს სწორედ თუთიის მალამოს უსვამენ, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს.

თუთიის მალამოს გამოყენება შეიძლება ანუსის გარშემოც, მაგალითად, ბუასილის დროს. მისი ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი თვისებები ხელს უწყობს დისკომფორტის შემსუბუქებას და იცავს კანს.

მოარიდეთ მალამო ლორწოვან გარსებს, ნუ გამოიყენებთ მას სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების სამკურნალოდ.

კანის კიდევ რომელ დაავადებებს უხდება თუთიის მალამო?

თუთიის ოქსიდი კანის არაინფექციური, ტენიანობით გამოწვეული გაღიზიანების დროსაც დაგეხმარებათ. ამ ნივთიერებით მკურნალობას ექვემდებარება:

* საფენისმიერი დერმატიტი ბავშვებში;

* მსუბუქი ეგზემა;

* წვრილი ჭრილობები, ნაკაწრები, ნაკბენები, მცირე დამწვრობა, მაგალითად, მზით;

* ნაწოლები ადრეულ სტადიაზე.

ნუ გამოიყენებთ თუთიის მალამოს თუ:

* გაქვთ ღრმა ან ინფიცირებული ჭრილობა;

* კანი გამომშრალი ან აქერცლილია – ამ შემთხვევაში უმჯობესია, წაისვათ წყლის ფუძეზე დამზადებული დამატენიანებელი კრემი;

* გაქვთ ატოპიური დერმატიტი – გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაციის გავლა დერმატოლოგთან.

იწვევს თუ არა თუთიის მალამო თანმხლებ ეფექტებს?

თუთიის მალამო კანისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო პრეპარატად მიიჩნევა, მაგრამ მასაც, ისევე როგორც ყველა სხვა ადგილობრივ საშუალებას, შეუძლია, გვერდითი ეფექტებიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით – არასწორი გამოყენების და მგრძნობიარე კანზე. მაგალითად:

* შესაძლოა, შეზელისთანავე იგრძნოთ მსუბუქი წვა ან ჩხვლეტა. ეს რეაქცია უმეტესად დროებითია, მაგრამ თუ ტკივილი ან წვა ძლიერდება, მალამოს გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.

* იშვიათად შესაძლოა განვითარდეს სიწითლე, ქავილი, გამონაყარი ან შეშუპება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია კანის დამამშვიდებელი საშუალებების (პანთენოლის, ალოე ვერას) გამოყენება.

* თუთიის მალამოს ჭარბმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის სიმშრალე, გაღიზიანება ან აქერცვლა.

* ზოგ შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტიც, განსაკუთრებით მაშინ, როცა თუ მალამო სხვა ნივთიერებებსაც შეიცავს, მაგალითად, ლანოლინს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს.

* მალამოს გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ გაქვთ ალერგია თუთიის ოქსიდზე ან პრეპერატის შემადგენლობაში შემავალ რომელიმე სხვა ნივთიერებაზე.

ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, გაეცანით თანმხლებ მოვლენებსა და გამოყენების წესებს. ისევე როგორც სხვა მედიკამენტები, თუთიის მალამოც ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას უნდა ინახებოდეს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: